„ქართული ოცნება“ თავიდანვე იყო რუსეთი!
ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე იყო „რუსული პროექტი“!
მას შემდეგ, რაც საქართველომ თავი დააღწია 90-იანი წლების სიბნელეს, ქაოსსა და ჭაობს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაიწყო ქვეყნის სვლა დასავლეთისკენ. იყო „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, იყო ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი, 1999 წელს სტამბოლის სამიტზე გადაწყდა რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოდან. იმავე წელს საქართველო გახდა „ევროსაბჭოს“ წევრი და იქვე ითქვა ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვები: „I am Georgian and therefore I am European!”
შემდეგ იყო 2003 წელი და „ვარდების რევოლუცია“. ქვეყნის მოდერნიზაცია და ევროპეიზაცია, ბრძოლა კორუფციასთან, ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან, რეფორმები და ინსფრასტრუქტურული აღმშენებლობა. საქართველომ ღიად განაცხადა რომ სურს „ნატოსა“ და ევროკავშირის წევრი გახდეს. ყველა გამოკითხვით, ასეთი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობაც.
და ჰოპ! აქ რუსეთში დაინახეს, რომ საქართველო რეალურად ხელიდან ეცლებათ! ის საქართველო, რომელსაც თავისად მოაზრებენ და რომელიც მათთვის მთელი კავკასიის (და შუა აზიის) გასაღებია! ის საქართველო, რომელსაც არერთხელ გადაუარეს, ტერიტორიები წაართვეს და „ესენგეში“ შეათრიეს...
ჯერ 2006 წლის ენერგეტიკული და ეკონომიკური ბლოკადა, შემდეგ კი 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთს დასჭირდა სწორედ იმისთვის, რომ შეეჩერებინა საქართველოს სვლა დასავლეთისკენ! საქართველომ გმირულად იბრძოლა, დამარცხდა მაგრამ არ გატყდა! შეფერხდა, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით მაინც განაგრძო არჩეულ გზაზე სვლა.
ცხადია, რუსეთს საქართველოს „მხოლოდ“ შეფერხება არ აკმაყოფილებდა, მას ყოველთვის ჰქონდა გეგმა „ბ“... და ჩართო საქმეში თავის წიაღში გამდიდრებული ოლიგარქები, ჯერ პატარკაციშვილი და შემდეგ ივანიშვილი. კი, ორივე ეს მილიარდერი თავიდანვე იყო რუსეთის ინტერესების გამტარებელი აგენტი საქართველოში. თავიდანვე დაიწყო საქართველოს დასავლური კურსისა და ამ კურსის გამტარებელი ხელისუფლების დემონიზაციის და ხალხისთვის შეძულების პროცესი.
დიდი შეცდომა იქნება, ითქვას, რომ „ვარდების რევოლუციის“ გზით მოსულ ხელისუფლებას ხალხისთვის არ მიუცია უკმაყოფილების საბაბი. ცხადია, საბაბი იყო უამრავი! სააკაშვილს და მის გუნდს მალევე დაახვია თავბრუ წარმატებებმა. გამოიკვეთა ხელისუფლების ავტორიტარული ტენდენციები – სახეზე იყო მოწინააღმდეგეთა დევნის, საპროტესტო აქციების დარბევის, მაღალჩინოსანთა თავგასულობის, ბიზნესის შევიწროების, ძალოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულებისა და მათზე ხელის დაფარების ფაქტები, მძიმე ვითარება იყო ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ასე რომ, მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება და გულისწყრომა იყო დამსახურებული და ლეგიტიმური.
რუსეთმა და მისმა აგენტურამ კი ამ, მათთვის სასარგებლო პროცესებს მიაშველა მანამდე არნახული პროპაგანდისტური ნიაღვარი, ხშირად გებელსის მეთოდიკით (10% სიმართლე, 90% ტყუილი) ხშირად კი მთლიანად მოგონილი ამბებით. ამ პროპაგანდის მიზანი იყო არსებული ხელისუფლების არა მხოლოდ მოშორება, არამედ სრული დემონიზაცია და „ვარდების რევოლუციის“ მიღწევების ისტორიიდან წაშლა, რაც წარმატებით დაგვირგვინდა და ეს შემდგომში დიდად გამოადგა ჩვენი ქვეყნის მტრულ ძალებს.
ამ პროპაგანდაში ჩართული იყო ტეელევიზიები, ჟურნალ-გაზეთები (კლასიკური მაგალითი „ასავალ-დასავალი“) და ინტერნეტ სივრცე – სხვადასხვა სააგენტო, ვებ-გვერდები და ფორუმები. ინტერნეტისთვის შეიქმნა დაფინანსებული ტროლების არმია. ისინი, ფსევდო-პატრიოტულ და ფსევდო-რელიგიურ რიტორიკას ამოფარებულნი, მუშაობდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე ქვეყნის დასავლელი მეგობრებისა და ზოგადად, დასავლური კურსის წინააღმდეგ. ეს არმია დღემდე წარმატებით ურეცხავს ტვინს მოსახლეობის ნაწილს.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ პროპაგანდაში აქტიურად იყო ჩართული საპატრიარქოს მესვეურთა დიდი ნაწილი, რომლებიც საქართველოს ევროპეიზაციაში საკუთარი პრივილეგიებისა და ქონებრივი შემოსავალის დაკარგვის საფრთხეს ხედავდა, ზოგი მათგანი, საერთოდაც, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან.
სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მოახერხა ერთთან, პატარკაციშვილთან პოლიტიკურად გამკლავება, ხოლო მეორე ოლიგარქთან ურთიერთობის „დალაგება“, ის მათი „თხოვნით“ აფინანსებდა სხვადასხვა პროექტებს და დრომდე იყო მშვიდად. „ნაცმოძრაობის“ მესვეურებს გულუბრყვილოდ ეგონათ, რომ მას იყენებდნენ („წველიდნენ“ – ჟარგონის ენაზე). თუ ვინ იყო გულუბრყვილო, გამოჩნდა მალე…
რუსეთში კრიმინალური მილიარდების მშოვნელი ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო „ქველმოქმედება“ - აშენებდა საავადმყოფოებს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაუხურა სახლები, გარკვეული პერიოდი იხდიდა მათ კომუნალურ გადასახადებსაც, დააფინანსა ბევრი კულტურული ღონისძიება და, რაც მთავარია, ეკლესიების მშენებლობა! მან პირდაპირ იყიდა ბევრი „ოფინიონ მეიქერი“ – განსაკუთრებით ე.წ. „შემოქმედებითი ინტელიგენციის“ რიგებიდან – მსახიობები, რეჟისორები, მომღერლები და ასე შემდეგ, უხდიდა რა მათ ყოველთვიურად გარკვეულ თანხას.
მალე ივანიშვილს სახელი გაუვარდა, როგორც უანგარო ქველმოქმედს. ყველაფერი მზად იყო იმ დიდი სპეცოპერაციის ჩასატარებლად, რომელიც რუსეთმა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის დაგეგმა! გავიხსენოთ ვლადიმერ პუტინის ნათქვამი ქართველი ჟურნალიტისადმი, როდასაც საქართველო-რუსეთის ომისშემდგომ გაფუჭებულ ურთიერთობებზე ჰკითხა: „Всё изменится. когда у вас выборы!?“ და კიდევ რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგის, დუგინის ნათქვამი: „რაც ვერ გააკეთეს რუსულმა ტანკებმა, იმას იზამს ქართველი ხალხი.“
მოსახლეობის დიდი ნაწილის სამართლიანი უკმაყოფილება კარგად იქნა გამოყენებული, მათ მხსნელად მოუვლინეს „ქველმოქმედი“, „ეკლესიების მაშენებელი“ მილიარდერი. 2011 წლის შემოდგომაზე ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოდიოდა, მალევე დაფუძნდა მისი პარტია „ქართული ოცნება“. ამ პარტიაში ივანიშვილმა თავი მოუყარა თითქმის ყველა მაშინდელ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას და ფიგურას, წინა პლანზე კი, თვალის ასახვევად, ის ოპოზიციონერები დააყენა, რომლებიც პროდასავლელებად და პროგრესულებად მიიჩნეოდნენ. ამათ გარდა სხვა დანარჩენები იყო სრული ჭაობი – რეგტროგრადები, პუტჩისტები, შევარდნაძის ან უფრო ადრე, კომუნისტების დროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკები და ახალგამოწვრთნილი ნეო-ბოლშევიკები.
„ქართულ ოცნებას“, ასევე, თითქმის სრული მხარდაჭერა ჰქონდა ქურდული სამყაროსგან და საპატრიარქოსგან. ეს ორი კი საქართველოს მოსახლეობაზე ზემოქმედების რა ძალას ფლობს, ყველამ კარგად ვიცით.
გაიცემოდა საოცარი და აბსურდული დაპირებები, რომლებიც ხალხს მიწიერ სამოთხეს ჰპირდებოდნენ, ბანკის ვალების გასტუმრებიდან დაწყებული „უფასო ფულით“ დამთავრებული. ადამიანებს მატერიალურ სურვილებს აწერინებდნენ ფურცლებზე და ამ ფურცლებს სადღაც აგროვებდნენ მათი ასრულების დაპირებით, თითო სოფელს ხუთი მილიონის გამოყოფას ჰპირდებოდნენ და ა.შ. ივანიშვილი აცხადებდა, რომ სულ მალე „საოცარ დემოკრატიას“ ააშენებდა რომლითაც „ევროპასაც კი გააკვირვებდა“.
დაიდგა ე.წ. „ციხის კადრები“, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მძიმე მდგომარეობა რომ იყო, ვახსენე, მაგრამ ეს კონკრეტული კადრები (ერთის გარდა) იყო დაფინანსებული, სპეციალურად დადგმული და დრომდე შენახული „საჭირო მომენტში“ გამოსაქვეყნებლად. აღარფერს ვამბობ 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ამბავზე, რომელიც „ვიღაცამ“ ქვევრში ჩაახრჩო, შემდეგ ამ ქვევრს სახურავი დააფარა, ეს ფაქტი კი საყოველთაო ანტისახელისუფლებო ისტერიის საბაბად იქნა გამოყენებული არჩევნების წინა ღამეს!
ბევრმა იწამა მაშინ ივანიშვილი მხსნელად. და მოიგო „ქართულმა ოცნებამ“ ის არჩევნები და დათმო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება (სხვათა შორის, პირველად საქართველოს ისტორიაში მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება). რუსული სპეცოპერაცია წარმატებით დაგვირგვინდა!
ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქი მოქმედებდა ნელა და მეთოდურად. აძლიერებდა რა თავის სახელისუფლებო ვერტიკალს, თან ცდილობდა, მაქსიმალურად ჩრდილში დარჩენილიყო. 3-4 წელი დასჭირდა იმას, რომ ყველა პროდასავლელი პოლიტიკოსი ჩამოშორებოდა „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციაში აღმოჩენილიყო.
ქვეყანა უკანასკნელი ნაძირალების ხელში აღმოჩნდა!
ამის პარალელურად ხდებოდა სიტუაციის „დალაგება“ ძალოვან სტრუქტურებში. სასურველი კადრების წამოწევა, ხელფასებისა და პრემიების მატება, პროპაგანდისტული მუშაობა და ინდოქტრინაცია.
„შუა უნდა გაიკრიფოსო“, ამბობდა ივანიშვილი და ასეც ხდებოდა, ერთი მხრივ, ტელევიზიები და მეორე მხრივ, ტროლების არმია ინტერნეტში ყველას, ვინც „ოცნების“ წინააღმდეგი იყო, ყველას ვინც თავისუფლებისა და ლიბერალიზმის მომხრე იყო, აცხადებდნენ „ნაცად“, „პიდარასტად“, „ეკლესიის მტრად“ და ა.შ. მოსახლეობის ერთ ნაწილს მიზანმიმართულად აძულებდნენ მეორე ნაწილს! საერთოდ „ოცნების“ პროპაგანდა ყოველთვის აპელირებდა ადამიანთა ყველაზე ბნელ ქვენაგრძნობებზე, აუცილებელი სექსუალური კომპონენტით, რაც პირდაპირ ადამიანის ქვეცნობიერს ურტყამს.
პარალელურად, ივანიშვილი მეთოდურად ასრულებდა რუსეთის დავალებებს:
2012 წელსვე დახურეს სატელევიზიო არხი „პირველი კავკასიური“ (пик), ეს იყო არხი რომელიც მაუწყებლობდა რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე და იყო ქართული სახელმწიფოს ხმა ამ ენებზე და შესაბამის რეგიონებში (მათ შორის ჩრილოეთ კავკასიაში). როგორც ჩანს, ეს იყო რუსების ერთ-ერთი პირველი მოთხოვნა.
„ოცნების" ერთ-ერთი პირველი მთავარი პოლიტიკური აქტი იყო ციხეებიდან რუსეთის ჯაშუშებისა და რუსი ტერორისტების პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გამოშვება. მათ ნაცვლად კი ქართველი სპეცრაზმელები ჩასვეს. ვისაც ნაკლებად გაუმართლა – მოკლეს, ზოგი – პირდაპირ რუსებს ჩააბარეს საწამებლად.
„ოცნების“ ხელისუფლებამ რუსებს გადასცა ინფორმაცია ქართული არმიის (პირადი შემდგენლობის, შეიარაღების თუ ინფრასტრუქტურის) შესახებ. ამით, რბილად რომ ვთქვათ, მკვეთრად შეასუსტა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.
„ოცნების“ ხელისუფლებამ რუსებს გადასცა საქართველოს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სრული მონაცემები, რითაც ჩააგდო ქართული რეზიდენტურის წლობით ნაშენები სისტემა.
„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაიწყო კოდორი 2007-ის სპეცრაზმელების ლიკვიდაცია, ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების, რომლებმაც 2007 წელს კოდორში რუსულ-აფხაზური დივერსია აღკვეთეს. 7 სპეცრაზმელი მოკლეს, ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილს ქვეყნიდან გაქცევა მოუხდა.
„ოცნებამ“ ჩააგდო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტი, რომელსაც ჰქონდა საქართველოს უსაფრთხოების გარემოსა და ეკონომიკის გაზრდის უდიდესი პოტენციალი. თუმცა, იმის გამო, რომ პროექტის განხორციელება არ შედიოდა კრემლის ინტერესებში, ხელისუფლებამ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ჩააგდო.
„ოცნებამ“ ჩააგდო, ასევე, რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომელიც დასავლური პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი თანამედროვე თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვას ითვალისწინებდა.
2012 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს ენერგოდამოკიდებულების მასშტაბი რუსეთის ფედერაციაზე. სწორედ „ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაფორმდა სამარცხვინო ხელშეკრულება „გაზპრომთან“, რომლის მიხედვითაც რუსეთს მოეხსნა ვალდებულება სომხეთზე გამავალი გაზის 10% საქართველოსთვის დაეტოვებინა და კრემლს მიეცა უფლება, საქართველოსთვის საფასური ნაღდი ფულის სახით გადაეხადა.
ზოგადად, 2012 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. დღევანდელი მონაცემებით, მაგალითად, საქართველოს ხორბლის იმპორტის 95% რუსეთზე მოდის.
„ოცნებამ“ აღადგინა ფრენები რუსეთთან (იმ სახელმწიფოსთან, რომელთანაც ფორმალურად ისევ ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით), ასევე რუსეთის მოქალაქეებს გაუხანგრძლივეს საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა 90 დღიდან – 1 წლამდე, მაშინ როცა ევროპის სახელმწიფოების მოქალაქეთათვის ეს შეღავათი არ გაუკეთებიათ. ამის პარალელურად, დევნიდნენ საქართველოში მყოფ პუტინის მოწინააღმდეგე რუსეთის მოქალაქეებს.
არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობა აქტიურად ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. ფაქტი კი ისაა, რომ „ოცნებამ“ აშკარად ანტიუკრაინული პოზიცია დაიჭირა და ფაქტობრივად ჩვენი მოძმე ქვეყნის ლანძღვითაა დაკავებული. აღარფერს ვამბობ ოკუპანტების მიერ საზღვრების გადმოწევაზე და ამაზე დუმილზე; ოთხოზორიაზე, ტატუნაშვილზე, გინტურზე; „გავრილოვის ღამეზე“ ბოლოს და ბოლოს...
ასე მოვედით „რუსულ კანონამდე“ და დღევანდელ დღემდე, როდესაც რუსეთმა საბოლოოდ გადაწყვიტა „საქართველოს საკითხის“ მოგვარება, როდესაც ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა საბოლოოდ მოიხსნა ნიღაბი და, როგორც იქნა, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ თავიდანვე იყო რუსეთი, თავიდანვე იყო რუსული პროექტი!
14.05.2024