We are the superheroes, we can save the world!

We are the superheroes, we can save the world!

ნაწყვეტი ვიკი გაბორის სიმღერიდან ,,სუპერგმირი.“ ეძღვნება ბავშვებს, რომლებსაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ.

 

წარმოიდგინეთ, რომ პლაკატებით სავსე ოთახში სხედხართ. უმეტესობა თქვენ თვითონ ამოჭერით გაზეთებიდან, რომელებიც სწორედ ამ პლაკატების გამო იყიდეთ. გაცვიათ მკვეთრი ფერის პერანგი, დიდი ყვავილებით, შავი მზის სათვალეები, ,,შლაქსები“ და უცნაური ვარცხნილობა გაქვთ. მაგიდაზე პოლაროიდი გიდევთ, საყვარელ სერიალს უყურებთ, რომლის ახალ სერიას სამოცდათხუთმეტი საათი ელოდებოდით. თაროზე ,,კასეტები“ გაქვთ დახვავებული, რომლებიც უკვე დაიზეპირეთ. ახლა კი გაიღვიძეთ... რადგან ამ ამბიდან უკვე წლები გავიდა. თქვენ Gen Z თაობის წარმომადგენელი ხართ და უსაზღვრო შესაძლებლობების სამყაროში ცხოვრობთ. არც ლოდინი გჭირდებათ საყვარელი სერიალისთვის, არც ფილმების კასეტებზე ყურება, რადგან თქვენს წინ უმარავი მოწყობილობაა, რომლებიც თქვენგან მხოლოდ ლაკონურ ბრძანებას ელოდება და მთელს სამყაროს გადაშლის. და მაინც ვინ არიან Gen Z თაობის წარმომადგენლები და რატომ გამოირჩევიან ისინი სხვა თაობებისგან?

ჯერ განვმარტოთ...

Gen Z თაობა 90-იანების შუა წლების შემდეგ დაბადებულ ბავშვებს ეწოდებათ. ეს თაობა პირველია, რომელმაც ტექნოლოგიურ გარდატეხას გაუგო გემო. მათ შორის ვარ მეც. J ჩვენ ტექნოლოგიების სამყაროში დავიბადეთ და სწორედ ეს დიდი ფაქტი გამოგვარჩევს სხვა თაობებისგან. პარალელურად, აღმოჩნდა რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი თაობა ვართ, თითქმის 2 მილიარდი. ცხადია, უზარმაზარი მასშტაბით მოვედეთ დედამიწას.  ჩვენ ერთმანეთს მარტივი კომუნიკაციების საშუალებები, მთელი ციფრული სამყარო გვაკავშირებს და სოციალურ მედიას ვიყენებთ.

მაინც რატომ გამოვირჩევით?..

დასაწყისში მოგიყვანეთ რიგითი მილენიალის ცხოვრება. უფრო მეტი კონკრეტიკისთვის, მოდი შევადაროთ. მილენიალს ტექნოლოგიების სიმწირე ჰქონდა, Z თაობის წარმომადგენელს აქვს სმარტფონი, კომპიუტერი, ტელევიზორი, ტაბლეტი და მრავალი სხვა. თუ მილენიალი ტექსტებით საუბრობს, Z თაობა კომუნიკაციას ფოტოებით ამყარებს. თუ მილენიალი აზიარებს რამეს, Z თაობა მას ქმნის. მილენიალი ოპტიმისტია Z თაობის წარმომადგენელი კი რეალისტი. ფაქტია 11 სექტემბრის ტრაგედიამ, რომელმაც მთელი მსოფლიო შეცვალა, გავლენა ბავშვებზეც მოახდინა. ახლა ბავშვები უფრო მარტივად აღიქვამენ რეალობას.

რეალურად როგორები ვართ?..

ჩვენ, როგორც მომავალი თაობის წარმომადგენლები, ხშირად ვიღებთ კრიტიკას (ხანდახან ლანძღვასაც) უფროსი თაობებისგან, რომ ვართ გაჯეტებზე მიჯაჭვულები, გვაქვს უცნაური გარეგნობა, ვჭამთ ცუდ საჭმელს, კარგს არაფერს ვაკეთებთ და არ ვცემთ ჩვენს ქვეყანას  პატივს. რაც შეეხება მიჯაჭვულობას, ფაქტია, ეს არის პრობლემა, თუმცა ცხადია, რომ თანდათანობით ჩვენ ვსწავლობთ ტექნოლოგიების სწორად გამოყენებას. კრონავირუსის პანდემია ამის ნათელი მაგალითია. რა მოხდებოდა ახლა, რომ არ გვქონდეს ეს ტექნოლოგიები? ან გვქონდეს და გამოყენება არ ვიცოდეთ. ახლა ტექნოლოგიები არა მარტო ვირუსის მართვაში გვეხმარება, არამედ სტარტაპ ბიზნესისთვის სანდო დასაყრდენს წარმოადგენს. ის ეხმარება Z თაობას დამოუკიდებლად, სახლიდან გაუსვლელად იშოვოს თანხა, გაუკეთოს რეკლამა ბიზნესს, გააცნოს საკუთარი თავი და იდეები მსოფლიოს. მაგალითად, ცნობილი ,,იუთუბერი“ და ,,ტიკ-ტოკერი“ დეივიდ დობრიკი 23 წლის ასაკში 7 მილიონ დოლარს ფლობს. მან კარიერა 6-წუთიანი ვიდეოებით დაიწყო და აქტიური მუშაობით მიაღწია წარმატებას. რაც შეეხება გარეგნობას, ბუნებრიობას ისე არასდროს აფასებენ, როგორც ამ საუკუნეში. 2018 წელს  რიანას მიერ შექმნილი თეთრეულის ბრენდი Savage x Fenty ყველა ზომის, ფორმის, რასის ადამიანისთვის იქმნება. რამაც მოდის დაჭაობებულ სტანდარტებს ცივი წყალი გადაასხა. რას ჭამენ Z თაობის ბავშვები? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ზუსტად ისეთივე გემოვნება გვაქვს, როგორიც სხვა თაობების წარმომადგნლებს. ფაქტია, დროის მოგება გვჭირდება, მაგრამ შინ მიტანის სერვისები ჯანსაღად კვების საშუალებასაც იძლევა. რაც შეეხება იმას, რაიმეს თუ ვაკეთებთ ქვეყნისა და მსოფლიოსთვის: ახლა მიმდინარე გეოპოლიტიკურ  პროცესებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მსოფლიოში მიმდინარე ყველა დემონსტრაციის უმეტესობა თაობა Z-ის წარმომადგენლების წამოწყებულია. ისინი იბრძვიან ქვეყანაში დადებითი ცვილებებისთვის და არც მსოფლიო ხდება გამონაკლისი. ჩვენი თაობის წარმომადგენლები თავიანთი პატარა თუ დიდი წვლილით ცდილობენ, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. 2013 წელს 16 წლის კანადელმა საშუალო სკოლის მოსწავლემ, Ann Makosinski-მ შექმნა ფანარი, რომელიც სხეულის სითბოს სინათლედ აქცევს ყოველგვარი ბატარეებისა და ენერგიის გარეშე. ინსპირაცია მაშინ მიიღო, როდესაც შეიტყო, რომ  მეგობარს  პრობლემები ჰქონდა სკოლაში: ღამით შუქი არ ენთო, ერთადერთი დრო, როდესაც მას შეეძლო დავალების შესრულება, დღის სინათლე იყო. ენმა თავისი გამოგონებისთვის საჭირო რესურსზე მხოლოდ 26 დოლარი დახარჯა და ის მიზნად ისახავს, ხალხს უფასოდ მიაწოდოს თავისი გაჯეტი. უკვე ჩამოყალიბებული ლიდერია მალალა იუსაფზაი, ნობელის პრემიის პრიზიორი, ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი დაიბადა პაკისტანში. იგი ცხოვრობდა პატარა ქალაქში, რომელსაც თალიბანი მართავდა, რაც გოგონებს უკრძალავდა რაიმე სახის განათლების მიღებას ან სკოლაში სწავლას. 11 წლის ასაკში იგი წერდა ბლოგს BBC- ის ადგილობრივი სადგურისთვის, გამოხატავდა გოგონებისთვის სწავლის გაგრძელების სურვილს. როდესაც იგი 15 წლის გახდა, მალალას  შეიარაღებულმა პირმა თავში ესროლა, როდესაც  სკოლაში ავტობუსით მიდიოდა. იგი გადაურჩა სიკვდილს და გაგზავნეს ბირმინგემის საავადმყოფოში, დიდი ბრიტანეთში, სადაც ახლა ცხოვრობს და მართავს არაერთ საგანმანათლებლო პროექტს.

ჩვენს თაობას შესაძლებლობები იმაზე უფრო მეტი გააჩნია, ვიდრე დანარჩენ სხვა თაობებს ერთად აღებულს. ჩვენ სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია გავხდეთ სამოქალაქოდ აქტიურები, შევცვალოთ დედამიწა უკეთესობისკენ.  ყველა თაობა გამორჩეულია, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის გაგება და პატივისცემა.

ამრიგად, მე ვცადე თქვენთვის Gen Z თაობის წარმომადგენლები პოზიტური კუთხით დამენახვებინა. ჩვენ გამორჩეულები ვართ არა მხოლოდ იმიტომ, რომ დაბადების მოწმობაში 1996 წლის შემდგომი თარიღი გვიწერია, არამედ იმიტომ, რომ უსაზღვრო შესაძლებლობების სამყაროში დავიბადეთ და ვალდებულები ვართ, მაქსილაურად ბევრი გავაკეთოთ სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად.

 გამოყენებული მასალა:

https://www.youtube.com/watch?v=Kvg4Bl9Ae9I

https://flashbak.com/1980s-teenagers-bedroom-walls-392269/

https://en.wikipedia.org/wiki/Generation_Z

https://mccrindle.com.au/insights/blogarchive/gen-z-and-gen-alpha-infographic-update/

https://www.mckinsey.com/industries/consumer-packaged-goods/our-insights/true-gen-generation-z-and-its-implications-for-companies#

https://www.slideshare.net/WishpondTechnologiesLtd/10-communication-strategies-youre-still-not-getting-right/32-Familiarity_LiftAffinity_LiftPurchase_Intent_LiftContent

https://www.businessinsider.com/david-dobrik-net-worth-youtube-career-vine-liza-koshy-2019-9#david-dobrik-was-born-in-kosice-slovakia-on-july-23-1996-he-has-three-siblings-named-ester-sarah-and-toby-1

https://www.youtube.com/watch?v=wz3LVfecNLg

https://on.ge/story/65721-savage-x-fenty-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1

https://brightside.me/wonder-people/10-kids-that-changed-the-world-392510/

https://www.forbes.com/profile/ann-makosinski/?sh=5dc711da6fca

https://www.biography.com/activist/malala-yousafzai