გია ჯაფარიძე - კრიზისიდან კრიზისამდე

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისისკენ, შეიძლება ითქვას, რომ ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად მიდიოდა მთელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ელიტა და მოქალაქეები.

მიზეზი ბევრია, თუმცა, მათზე ფიქრი და მსჯელობა - ცოტა. არადა კრიზისიდან გამოსავალი რთული საპოვნელია, თუ კრიზისის გამომწვევი მიზეზები არ იქნა დადგენილი, ჯერ დიაგნოზი უნდა დაისვას და შემდეგ იწყება მკურნალობა.
პოლიტიკაში, როგორც მედიცინაში, მხოლოდ სიმპტომების მკურნალობას გამოჯანმრთელებამდე საქმე ვერ მიყავს, თუ მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა და დამარცხება არ მოხდა.

ქართული პოლიტიკურ სისტემა სავსეა გამოწვევებით, რომელთაც ქრონიკული სნეულების სახე აქვთ. პერიოდული პრობლემები, მათ შორის ახლანდელიც, მხოლოდ სნეულების სიმპტომების გამოაშკარავება და ავადმყოფობის ტალღებია. ჩვენთან მხოლოდ პერიოდული კრიზისების განმუხტვა ხდება, სნეულების მკურნალობა კი ყოველთვის გაურკვეველი ვადით მომავალში გადაიდება ხოლმე. ამასობაში, საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, საქართველო ჰიბრიდულ დემოკრატიად ჩამოყალიბდა, რომელიც უფრო ავტორიტარიზმისკენ არის გადახრილი, ვიდრე დემოკრატიისკენ.

რასაკვირველია, საქართველოს პოლიტიკური პრობლემების ნაწილი პოსტ-საბჭოთა სივრცის გარდამავალი დემოკრატიებისთვის ტიპიური და დამახასიათებელია, თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც შესამჩნევია, რომ პრობლემათა ნაწილი ორიგინალური ქართული წარმომავლობისაა. რასაკვირველია, უმნიშვნელოვანესია გარე ფაქტორები, მეზობელი სახელმწიფოების პოლიტიკა და საერთაშორისო ვითარება, მაგრამ პრობლემები მათ გარეშეც არსებობს.

საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული მმართველობის ფორმა - წარმომადგენლობითი დემოკრატია -ეფექტურად ვერ ფუნციონირებს, რადგან ვერ ხდება სახელმწიფოს მოწყობის ამ ფორმისთვის ფუნდამენტური და საბაზისო პრინციპის - წარმომადგენლობითობის - უზრუნველყოფა, რაც დიდწილად განპირობებულია პოლიტიკური პარტიების (თუკი ასეთი საერთოდ არსებობს საქართველოში მისი აკადემიური განმარტებით) მხრიდან პოლიტიკურ სისტემაში საკუთარი დანიშნულებისა და როლის ვერ თუ არ შესრულებით, ასევე არაეფექტური საარჩევნო სისტემით. პოლიტიკური პარტიები წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფის მთავარი ინსტრუმენტებია.

2019 წელს დაწყებული ბოლო კრიზისისას საერთაშორისო თანამეგობრობამ და ადგილობრივმა პოლიტიკურმა ელიტებმა გამოსავლად 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებაში ასახული პირობები წარმოიდგინეს. მორიგ ჯერზე დიაგნოზის დაუსმელად მკურნალობის გზა აირჩა. მოლაპარაკებები და შემდგომი შეთანხმების დოკუმენტი გულისხმობდა იმას, რომ პოლიტიკური სისტემის პრობლემების მიზეზი შერეულ საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნები იყო. სრულად პროპორციულზე შეთანხმება ვერ შედგა (სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სრულად პროპორციულის იდეაც თავდაპირველად მმართველი პარტიისგან მოდიოდა და ოპოზიციურ სპექტრში მას მხოლოდ ღრმა უმცირესობა უჭერდა მხარს), თუმცა, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ქართული პოლიტიკური პარტიები შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღები პარტია ვერ შეძლებდა საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას და შესაბამისად ერთპარტიული მთავრობის ჩამოყალიბებას.

ერთი შეხედვით, 8 მარტის შეთანხმების პირობები შესანიშნავი ჩანდა, მაგრამ წინა წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებმა ახალი კრიზისი გააჩინა, თუ უკვე არსებული გააღრმავა. საქართველოს მოქალაქეთა ერთი დიდი ნაწილის აზრით, მმართველმა პარტიამ არჩევნები გააყალბა, საერთაშორისო თანამეგობრობის დასკვნით კი არჩევნებმა ლეგიტიმურობის ზღვარზე გაიარა. მარტივად რომ ვთქვათ, არჩეული პარლამენტი საქართველოს მოქალაქეთა გამოხატულ ნებას არასწორად ასახავდა, ან ეს ასახვა ხარვეზიანი იყო. 8 მარტის შეთანხმების პირობები შესაძლოა კარგი და ეფექტური ყოფილიყო რომელიმე კონსოლიდირებული დემოკრატიისთვის ცენტრალურ ან აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ არა - საქართველოში. მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოში კრიზისი, პრობლემა, სისტემის სნეულება ქრონიკულია და 8 მარტის შეთანხმება ისევ სიმპტომების მკურნალობა აღმოჩნდა. სიმპტომები იმ მომენტში გაქრა, ან შეიქმნა ილუზია, რომ გაქრა, მაგრამ რამდენიმე თვეში კვლავ თავი იჩინა.

ახალი კრიზისი პოლიტიკურ ჩიხად იქცა, რაც არც მმართველ პარტიას და არც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს აძლევდა ხელს. ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო ბოიკოტით ჩიხური პოლიტიკური ვითარება შეიქმნა, რომელიც ქვეყანაში მზარდ ავტორიტარიზმს აშიშვლებდა - ერთპარტიული პარლამენტის მქონე სახელმწიფო დასავლეთში დემოკრატიად არ იყიდება, შედეგად, ვეღარც ქვეყნის შიგნით მოხერხდებოდა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური

ვექტორის „დასავლურად“ გასაღება. დასავლეთისთვის სასწორზე საკუთარი რეპუტაციაც იდო - დახარჯული პოლიტიკური, დიპლომატიური და ფინანსური რესურსი სასურველი შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა.

საქართველოს წარუმატებლობა არც ევროპას და არც აშშ-ს არ აწყობს - შიდაპოლიტიკური კუთხით საკუთარი მოქალაქეებისთვის რთული ასახსნელია, რატომ წავიდა მათი გადახდილი გადასახადები საქართველოს დემოკრატიზაციის წარუმატებელ პროექტში, ხოლო საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით კი საქართველოს ნებისმიერი წაბორძიკება დემოკრატიზაციის და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დასავლეთის მარცხად და მოსკოვის წარმატებად შეიძლება იყოს აღქმული. რთულია, აღიარო დაშვებული შეცდომები მით უმეტეს მაშინ, როცა ის ოპონენტს, ამ შემთხვევაში მოსკოვს და ავტორიტარულ მმართველობას, აძლიერებს.

საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავ ჩაერთო კრიზისის მოგვარებაში, საერთაშორისო პარტნიორებმა და პოლიტიკურმა ელიტებმა პრობლემის სათავე კვლავ საარჩევნო სისტემაში დაინახეს, თუმცა, ამ ჯერზე შეთანხმების დოკუმენტში საარჩევნო რეფორმასთან ერთად პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილება და მართლმსაჯულების რეფორმაც მოხვდა. იმის მიუხედავად, შესრულდება თუ არა „შარლ მიშელის შეთანხმებად“ წოდებული დოკუმენტის პირობები, საქართველოს პოლიტიკური სისტემის ფუნდამენტური პრობლემა და გამოწვევა ვერ გადაიჭრება. მმართველი პარტია ხელმოწერილ შეთანხმებას არ ასრულებს, მაგრამ მისი შესრულების შემთხვევაშიც მხოლოდ კრიზისის ამ ეტაპზე განმუხტვა შეიძლება მოხდეს, ვიდრე შემდეგ კრიზისამდე. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არც 8 მარტის და არც მიშელის შეთანხმება არ პასუხობს მთავარ პრობლემას, რაც არის წარმომადგენლობითობის პრინციპის უზრუნველყოფა - ხალხის ნების და ძალაუფლების ასახვა პოლიტიკურ ინსტიტუტებში.

პრობლემა არა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ნაკლოვანება, ან საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესია, არამედ წარმომადგენლობითობის პრინციპის დარღვევა და მმართველობის დემოკრატიული ფორმისთვის აუცილებელი პარტიული კონკურენციის დეფიციტია.

კონსოლიდირებულ დემოკრატიებში საარჩევნო სისტემები რუტინულ პროცედურას უზრუნველყოფენ, სადაც შეჯიბრებითობის და სამართლიანი კონკურენციის პირობებში პოლიტიკური ძალები მოქალაქეთა წარმომადგენლად ყოფნის უფლებას იღებენ გარკვეული შეზღუდული ვადით. ყველა სახელმწიფო თვითონ ირჩევს იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც უფრო ეფექტურად უზრუნველყოფს ხალხის ნების გამოხატვას და მის შესაბამისად ასახვას არჩევნების შედეგებში, იმ კულტურული, ისტორიული თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც ამ თუ იმ სახელმწიფოს ახასიათებს. ოღონდ კონსოლიდირებულ დემოკრატიებში პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებისა და ეფექტური დემოკრატიისთვის მხოლოდ საარჩევნო სისტემის გამართულობა საკმარისი არაა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, აგრეთვე, სამართლიანი სათამაშო ველი და, რაც მთავარია, უნდა არსებობდეს პოლიტიკურ პარტიათა შორის და მათ შიგნით კონკურენცია. პოლიტიკური პარტიები დემოკრატიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

მარტო საარჩევნო სისტემის ცვლილება და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა საქართველოში მხოლოდ დროებით მოაგვარებს პრობლემას, სინამდვილეში მისი გაღრმავება და გახანგრძლივება მოხდება, ვიდრე სისტემის ნაკლი ახალი ძალით არ იფეთქებს შემდეგი კრიზისის სახით.

მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას იყენებს რამდენიმე ათეული წარმატებული დემოკრატია, მათ შორის აშშ, გაერთიანებული სამეფო, შერეული საარჩევნო სისტემა წარმატებულად მუშაობს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და სხვა დემოკრატიებში. საქართველოში წარმომადგენლობითობის არარსებობა მაჟორიტარული სისტემის ბრალი არაა და მას ვერ მოაგვარებს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა. საფუძვლიანი ალბათობა არსებობს იმის, რომ სრულად პროპორციული სისტემა ხისტი სიებით წარმომადგენლობითობის პრობლემას უფრო გააღრმავებს.

ასეთი ეჭვის საფუძველს საქართველოს პარტიული სისტემა და პარტიული პოლიტიკა იძლევა. წარმომადგენლობითობის ვერ უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პოლიტიკურ პარტიებად რეგისტრირებული არსებული პოლიტიკური ჯგუფებია. ვერცერთი საარჩევნო სისტემა ვერ იმუშავებს ეფექტურად, პარლამენტში პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილების ვერცერთი მექანიზმი ვერ მოიტანს შედეგს, თუ პოლიტიკური პარტიები რეალურად არ წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიებს და ვერ ასრულებენ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში პარტიების როლს და დანიშნულებას, მათ შორის, უმთავრეს ფუნქციას - ფართო სოციალური ფენების წარმომადგენლობითობას, ხალხის პოლიტიკური მიზნების გამოკვეთას და დემოკრატიული დისკურსის სივრცის გაფართოებას. საქართველოს შემთხვევაში ზუსტად ამ პრობლემასთან უნდა გვქონდეს საქმე, ქართული პოლიტიკური პარტიები სინამდვილეში წარმოადგენენ ერთი ადამიანის ან ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფის გარშემო შეკრებილ სიტუაციურ პარტნიორთა ერთობას, რომელსაც არ გააჩნია გამოკვეთილი იდეოლოგია და განსაზღვრული მიზნები, დამოკიდებულია ლიდერის ფიგურაზე, რომელიც ან ქარიზმატულია, ან დიდი ფინანსური რესურსი უმაგრებს ზურგს, არ აქვთ ფუნქციონირებადი შიდაპარტიული სტრუქტურები და შიდაპარტიული დემოკრატია. პოლიტიკურ პარტიებში პარტიის შიგნით მთელი ძალაუფლება მონოპოლიზირებული აქვს ლიდერს ან ადამიანთა მცირე ჯგუფს, პარტიების დაფინანსება გაუმჭვირვალეა და ფულის განკარგვაზე გადაწყვეტილებებს გაუმჭვირვალედ იღებს ლიდერი ან ადამიანთა მცირე ჯგუფი.

საქართველოს პარტიული სისტემა უფრო ერთი დომინანტი პარტიის სისტემისკენ არის გადახრილი, დამოუკიდებლობის ოცდაათწლიანი ისტორია ცხადყოფს, რომ სისტემური ოპოზიციის შექმნა შეუძლებელ ამოცანად იქცა, ხოლო ხელისუფლებაში მყოფი პარტიები ქრებიან, როგორც კი კარგავენ ძალაუფლებას, ან ლიდერი ტოვებს პოლიტიკას.

ასეთი პოლიტიკური პარტიები ვერ ქმნიან დემოკრატიისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვან კონკურენტულ გარემოს, შიდაპარტიული დემოკრატიის მინიმალური ან ნულოვანი დონე გამორიცხავს მხარდამჭერთა და წევრთა

მონაწილეობას და წარმომადგენლობას პოლიტიკურ პროცესში, რისი ასახვაც შემდეგ ხდება ეროვნულ დონეზე საპარლამენტო არჩევნებით. პოლიტიკური სისტემის უმნიშვნელოვანესი აქტორების - პოლიტიკური პარტიების - ასეთ ჰიბრიდულ მდგომარეობაში არსებობა გამორიცხავს დემოკრატიულ რეჟიმში წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფას, მეტიც, ასეთი პოლიტიკური პარტიები ხელს უშლიან ნამდვილი წარმომადგენლობითობის შექმნას. სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა ხისტი სიებით კიდევ უფრო გააღრმავებს არსებულ პრობლემას, რადგან საარჩევნო სიების დაკომპლექტება თავიდან ბოლომდე დამოკიდებული იქნება პარტიის ლიდერზე ან იმ ადამიანებზე ლიდერთან ერთად, ვინც შავ ფულს ჩაასხამს პარტიის მიერ საარჩევნოდ შექმნილ კოორდინატორთა სტრუქტურაში.

არსებული პარტიული სისტემის და პარტიული პოლიტიკის პირობებში არ არსებობს საარჩევნო სისტემა, რომელიც მეტნაკლებად მაინც მოახერხებდა წარმომადგენლობითობის პრინციპის დაცვას, რაც მმართველობის დემოკრატიული მოდელისთვის საბაზისო ფუნდამენტს წარმოადგენს. საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევა, მათ მიერ დახარჯული რესურსები (რომელიც ახლაც უწყვეტად იხარჯება) საქართველოში შიდაპარტიული დემოკრატიის განვითარების, პარტიული მშენებლობის თუ პარტიული განვითარების კუთხით ჯერჯერობით უშედეგოა. ამ მოცემულობაში იმავე პარტნიორების მხრიდან და მათი შუამავლობით პოლიტიკური ლანდშაფტის გაუმჯობესების მიზნით მიღწეული შეთანხმებები, რომელიც ძირითადად საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ფოკუსირდება, მხოლოდ კრიზისების დროებით გადაწყვეტას ახდენს და ვერ აგვარებს მთავარ პრობლემას, ვერ კურნავს ქართული დემოკრატიის მთავარ სენს, რაც არის წარმომადგენლობითობის პრინციპის დაუცველობა.

https://www.radiotavisupleba.ge/a/31535751.html?fbclid=IwAR1N9EZO_b7J5ah-W1hOEDaxKyz5Y3SAvN6iA9L9ykC9Q_768SsVyG8MwiY