ბაიდენის ინფრასტრუქტურული გეგმა – დემოკრატიული პარტიის პირველი შიდაპოლიტიკური გამარჯვება

6 ნოემბერს, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კენჭი ეყარა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ გეგმას, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის (1.2 ტრილიონი აშშ დოლარი) ფინანსების დახარჯვას ითვალისწინებს. კანონმდებელთა უმრავლესობამ (228 ხმით 206-ის წინააღმდეგ) შემოთავაზებულ გეგმას მხარი დაუჭირა, რომელიც ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა. კონგრესში რამდენიმეთვიანი ინტენსიური განხილვის შემდეგ კანონპროექტმა  ორპარტიული მხარდაჭერა მიიღო. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გეგმას მხარი არ დაუჭირა ექვსმა დემოკრატმა კონგრესმენმა, თუმცა, ინიციატივის მხარდამჭერებმა ცამეტი რესპუბლიკელი კანონმდებელი გადმოიბირეს, რაც წარმომადგენელთა პალატაში კანონის მისაღებად საჭირო უმრავლესობის (218 მანდატი) უზრუნველსაყოფად  საკმარისი აღმოჩნდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, დემოკრატიული პარტიისთვის, საჭირო იყო მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური გამარჯვების მოპოვება, რომელიც ნაწილობრივ მაინც შეუწყობდა ხელს ამომრჩევლის თვალში პარტიის რეაბილიტაციას. „დღეს, ამერიკელმა ხალხმა წინ უდიდესი ნაბიჯი გადადგა. მომავალი თაობები წარსულზე საუბრისას გაიხსენებენ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 21-ე საუკუნის გლობალური ეკონომიკური შეჯიბრი სწორედ ამ დღეს მოიგო“ – ასე შეაფასა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა მისი ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურული პროექტი. რას გულისხმობს ინიციატივა? რა ფაქტორები უშლის ხელს გეგმის განხორციელებას? როგორი იქნება დემოკრატიული პარტიის სამომავლო დღის წესრიგი? მოცემულ სტატიაში შევეცდები ამ კითხვებზე პასუხის გაცემას.

კანონპროექტის შინაარსი – გეგმა მომავალი 5 წლის მანძილზე ყოვლისმომცველი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას (ხიდების, გზების, აეროპორტების, პორტების აშენება და რეაბილიტაცია, ენერგო და წყალმომარაგების სისტემების მოდერნიზაცია, ინტერნეტზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდა და ა.შ.) ითვალისწინებს, რომლებზეც ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 1.2 ტრილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება.

  1. გზებისა და ხიდების აშენება/რეაბილიტაცია – კანონპროექტის მიხედვით, გზებისა და ხიდების აგებასა და რეაბილიტირებაზე 110 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება (ბაიდენის პირველადი გეგმა – American Jobs Plan ამ მიმართულებით 160 მილიარდის დახარჯვას ითვალისწინებდა, თუმცა, პირველადი ვერსია წარმომადგენელთა პალატაში ჩავარდა). თეთრი სახლის მონაცემებით, ქვეყნის საერთო ავტოსამაგისტრალო ქსელის 20% და დაახლოებით 45 000 ხიდი მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფო რეკონსტრუქციას საჭიროებს. გარდა ამისა, დამატებით 11 მილიარდი აშშ დოლარია გამოყოფილი გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, რამაც ავტოკატასტროფების რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს;
  2. სატრანზიტო სისტემებისა და რკინიგზის მოდერნიზაცია – გეგმა ითვალისწინებს ქვეყანაში მოქმედი სატრანზიტო სისტემებისა და სარკინიგზო ქსელის სრულ მოდერნიზაციას, რაზეც ჯამში 105 მილიარდი აშშ დოლარია გამოყოფილი. 66 მილიარდი დოლარი დაიხარჯება AMTRAK-ის (ეროვნული სარკინიგზო კორპორაციის) მეგაპროექტებზე: ჩრდილო-აღმოსავლეთის კორიდორსა და შუა-ატლანტიკის სარკინიგზო გზაზე. დამატებით 12 მილიარდის ინვესტიცია ჩაიდება ზესწრაფი მატარებლების განვითარებაზე;
  3. ინტერნეტის საყოველთაო ხელმისაწვდომობა – გეგმის მიხედვით, 65 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება ინტერნეტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. პროექტის მიზანია შეამციროს ინტერნეტის ხარჯები თითოეული ოჯახისთვის, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეიქმნება სპეციალური ფედერალური სამთავრობო პროგრამა, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებს ინტერნეტსერვისის მიწოდებას მაქსიმალურად გაუიაფებს;
  4. აეროპორტებისა და პორტების რეაბილიტაცია/მშენებლობა – ძველი აეროპორტების რეაბილიტაციისა და ახლების მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. პორტებსა და წყალმომარაგების სისტემებზე 17 მილიარდი დაიხარჯება. ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტი ეკომეგობრული ინფრასტრუქტურის განვითარებაა, რომელმაც აეროპორტების, პორტებისა და წყალმომარაგების სისტემების სიახლოვეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი საგრძნობლად უნდა შეამციროს;
  5. ელექტრომობილების წარმოების ხელშეწყობა – კარბონის დიოქსიდის (CO2) ნულოვანი ემისიის მისაღწევად ბიუჯეტიდან 7.5 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა ძველი სასკოლო ავტობუსების განახლებაზე, რომელიც ელექტრული იქნება და მისი მუშაობა არა ტრადიციული საწვავის მოხმარებაზე, არამედ  განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებაზე იქნება დამოკიდებული;
  6. ელექტრო და წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება – ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხის გასაუმჯობესებლად და განახლებადი ენერგიის წყაროების პოპულარიზაციისთვის ფედერალური ბიუჯეტიდან 65 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემებს, ამ მიმართულებით ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტი მოსახლეობისთვის ხარისხიანი სასმელი წყლის ხელმისაწვდომობაა, რისთვისაც ის დამატებით 55 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს;

კანონპროექტის ფინანსური გართულებები – კანონმდებელთა ნაწილი, რომელიც ბაიდენის ინფრასტრუქტურულ გეგმას ეწინააღმდეგებოდა, ყურადღებას გეგმის ფინანსურ გამოწვევებზე ამახვილებდა. დემოკრატი კონგრესმენების უმრავლესობის მტკიცებით, კანონპროექტის მიერ მოტანილი ფინანსური სარგებელი დანახარჯების ამოსაღებად საკმარისი იქნება. ისინი მიიჩნევენ, რომ ფედერალურ ბიუჯეტში კანონპროექტის დასაფინანსებლად საკმარისი ფინანსური რესურსი არსებობს. მაგალითად, სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ხელუხლებელი ფინანსები (პანდემიისგან დაზარალებულთა, განათლების სტაბილიზაციისა და უმუშევართა შემწეობის ფონდის ფული, რომელიც დანიშნულებისამებრ არ გაიხარჯა).  კანონპროექტისადმი სკეპტიკურად განწყობილ კანონმდებელთა შეფასებით, ეს ფული არასაკმარისია და ბაიდენის გეგმა აშშ-ის ფედერალურ დეფიციტს მომავალი წლების მანძილზე ასობით მილიარდი აშშ დოლარით გაზრდის. რესპუბლიკელ კონგრესმენთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ინიციატივის განსახორციელებლად საჭირო თანხის მობილიზებას ხელისუფლება გადასახადების გაზრდით აპირებს. ბაიდენის განცხადებით, გადასახადები არ გაიზრდება იმ ადამიანებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი 400 000 აშშ დოლარზე ნაკლებია. მოქმედი პრეზიდენტის თავდაპირველი გეგმა დიდი კორპორაციების უფრო მკაცრად (28%-მდე) დაბეგვრას ითვალისწინებდა, თუმცა, რესპუბლიკელთა წინააღმდეგობის გამო ეს რეფორმა არ განხორციელდა.

ინფრასტრუქტურული კანონპროექტის მნიშვნელობა დემოკრატიული პარტიის დღის წესრიგისთვის – დემოკრატიული პარტიის პროგრესული ფრთის წარმომადგენლები ცდილობდნენ ინფრასტრუქტურული გეგმა ეფექტურად მიებათ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტისთვის, რომელიც რადიკალური მემარცხენე ინიციატივების გამო კონგრესსა და სენატში მწვავე განხილვის საგანი გახდა. როგორც წესი, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, დიდი თანხების დახარჯვაზე ორივე პარტიის წარმომადგენლები თანხმდებიან, თუმცა, ეკონომიკისა და სოციალური საკითხების მიმართულებით მათ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული დღის წესრიგი აქვთ. დემოკრატიული პარტია ეკონომიკაში სახელმწიფოს ინტერვენციასა და სახელმწიფოს მიერ ფართო სოციალური ვალდებულებების აღებას ემხრობა, ხოლო რესპუბლიკური პარტია ფისკალური კონსერვატიზმის მიმდევარია, რომლის ძირითად პოსტულატებს მცირე სახელმწიფო, დაბალი გადასახადები და მთავრობის მინიმალური ხარჯები წარმოადგენს. ამ ფუნდამენტური განსხვავებების გამო, ბაიდენის მიერ შემოთავაზებულ ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს რესპუბლიკელთა სრულმა შემადგენლობამ (ისევე როგორც დემოკრატების გარკვეულმა ნაწილმა) ბოიკოტი გამოუცხადა, ამიტომ დემოკრატიული პარტიის პროგრესულმა ფრთამ მათი დაყოლიება ინფრასტრუქტურული პროექტის ჩავარდნის საშიშროების შექმნით სცადა, თუმცა, რესპუბლიკელების მტკიცე წინააღმდეგობის გამო, პროგრესული ფრთა დათმობაზე წავიდა და ეს ორი პროექტი ერთმანეთისგან განაცალკევა. 1.9 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე მოლაპარაკებები ორ კვირაში განახლდება, თუმცა, სავარაუდოა, რომ ის კანონად გარდაქმნას კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებს.

ინფრასტრუქტურული გეგმის მიღება ბაიდენის ადმინისტრაციისთვის პირველი მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური გამარჯვებაა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ამომრჩევლის თვალში ნაწილობრივი რეაბილიტაციის შანსს იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაშიც და სენატშიც უმრავლესობას აკონტროლებენ, ეს უმრავლესობა მყიფეა და თითოეული კანონპროექტის გატანისთვის პარტიას კონგრესში მძიმე ბრძოლების გადატანა უწევს. დემოკრატიული პარტიის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფრაქცია მოახერხებს პარტიის შიგნით გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას: პროგრესული ფრთის წარმომადგენლები, რომელთაც რადიკალური მემარცხენე დღის წესრიგი აქვთ თუ ზომიერი, ცენტრისტი დემოკრატები, რომლებიც სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას რედისტრიბუციის სისტემის შემოღებით ცდილობენ? აშშ-ის პოლიტიკური სისტემა ისეა ჩამოყალიბებული, რომ მაქსიმალურად შეუშალოს ხელი ცენტრისგან დაშორებული პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებას, ამიტომ სავარაუდოა, რომ დემოკრატიული პარტიის პროგრესულ ფრთას საკუთარი გეგმების განხორციელება უკიდურესად გაუჭირდება. მომავალ წელს აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება, რომლის შედეგებსაც დიდწილად განსაზღვრავს ის, თუ რამდენად მოახერხებს ბაიდენის ადმინისტრაცია დაკარგული რეიტინგის აღდგენასა და ამომრჩევლის თვალში რეაბილიტაციას.