ლიდერებისა და კანდიდატების შერჩევა ქართულ პარტიებში: ის, რაზეც არავინ საუბრობს

პოლიტიკის მეცნიერებაში პარტიათა დემოკრატიულობის ყველაზე ფართოდ გავრცელებული საზომი ლიდერებისა და კანდიდატების შერჩევის წესია. ვინ და როგორ ირჩევს პარტიის ლიდერს და კანდიდატებს? რამდენად არიან პარტიის რიგითი წევრები პროცესში ჩართული? აქვთ თუ არა პარტიის წევრებს საკუთარი კანდიდატურის დაყენებისა და არსებულ ლიდერებთან თავისუფალ კონკურენციაში შესვლის შესაძლებლობა? როგორია დემოკრატიულ ქვეყნებში კანდიდატების შერჩევის პრაქტიკა? - ამ კითხვებზე პასუხები გარკვეულ შთაბეჭდილებას გვიქმნის იმაზე, თუ რა ხარისხითაა განვითარებული პარტიებში შიდა დემოკრატია.  

საქართველოში შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტს მნიშვნელოვანწილად სწორედ ლიდერის/კანდიდატების შერჩევის ექსკლუზიური წესი განაპირობებს. ქართულ პარტიებში ეს პროცესი კონკრეტული ლიდერის ან მცირე, დახურული ჯგუფების მიერ კონტროლდება, ხოლო რიგით წევრებს არჩევანის გაკეთება პარტიული ელიტების მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს შორის უწევს. ინკლუზიურობის ხარისხის გასაზრდელად საჭიროა პარტიებმა დაამკვიდრონ პრაიმერისის სისტემა და ძალაუფლება რეგიონულ ორგანიზაციებს გაუნაწილონ. ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ ქართულ პარტიებში ლიდერის/კანდიდატების შერჩევის პროცესის ნაკლოვანებებსა და მისი აღმოფხვრის გზებს.

შიდაპარტიულ დემოკრატიას სამი ძირითადი მახასიათებელი გააჩნია. ესენია: დეცენტრალიზაცია, ინსტიტუციონალიზაცია და ინკლუზიურობა.[1] ამ უკანასკნელს თითოეული პარტიის დემოკრატიული განვითარებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის პარტიული პოლიტიკის შემუშავებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პარტიის რიგითი წევრების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. პარტიის ინკლუზიურობის ხარისხს ყველაზე უკეთ ლიდერისა და კანდიდატების შერჩევის პროცესი განსაზღვრავს. მკვლევარები[2] პარტიათა ექვს ტიპს გამოყოფენ, რომელთა გრადაცია უკიდურესი ექსკლუზიურობიდან აბსოლუტურ ინკლუზიურობამდე მერყეობს. ექსკლუზიურად ითვლება ნებისმიერი პარტია, რომელშიც ლიდერს ან კანდიდატებს ერთი კონკრეტული ინდივიდი ან პარტიის მცირერიცხოვანი ელიტა ირჩევს. დაბალი ან შუალედური ინკლუზიურობის მქონე პარტიებში ლიდერის/კანდიდატის შერჩევის უფლებამოსილება საპარლამენტო ჯგუფს ან დელეგატების საკმაოდ შეზღუდულ რაოდენობას (როგორც წესი, რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ ინდივიდამდე), ე.წ. „სელექტორატს“ აქვს, ხოლო ინკლუზიურად მხოლოდ ის პარტიები მიიჩნევა, რომლებშიც ლიდერისა და კანდიდატების შერჩევა პარტიის რიგითი წევრების ფართო ჩართულობით, იშვიათ შემთხვევებში კი საარჩევნო უფლების მქონე ყველა ინდივიდის მონაწილეობით ხდება.

ქართულ პარტიებში ლიდერის/კანდიდატების შერჩევის პრაქტიკა, ძირითადად,  უკიდურესად ექსკლუზიურია. პარტიათა უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო ყრილობაა, რომელიც, როგორც წესი, 4 წელიწადში ერთხელ იკრიბება. ფორმალურად, ყრილობაზე ლიდერს პარტიის რამდენიმე ასეული წევრი ირჩევს, რაც ინკლუზიურობის არცთუ მაღალ სტანდარტს წარმოადგენს დიდი პარტიებისთვის. ევროპული პარტიების საკმაოდ დიდ ნაწილში პარტიის რიგითი წევრები მათ მიერვე არჩეულ დელეგატებს ანდობენ პარტიის ლიდერის შერჩევას, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში საკუთრივ დელეგატების შერჩევაც არ ხდება.

პარტიული სიების დაკომპლექტებისა და საარჩევნო კანდიდატების შერჩევის პროცესი კიდევ უფრო ექსკლუზიურია. როგორც წესი, ზემოხსენებულ პროცესზე გავლენა ერთ კონკრეტულ ინდივიდს, ან პარტიის პოლიტიკურ საბჭოს აქვს, რომლის წევრთა რაოდენობა, ძირითადად, რამდენიმე ათეულ ინდივიდს შეადგენს. შესაბამისად, ქართული პოლიტიკური პარტიები ლიდერების/კანდიდატების შესარჩევად საუკეთესო შემთხვევაში დელეგატების სისტემას ეყრდნობა, რომელიც ჩანასახშივე არაინკლუზიურია. ასეთ რეალობაში პარტიის რიგითი წევრები არათუ არ არიან ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში, მათ ხშირად ისიც არ იციან, ვის მიერ და რა კრიტერიუმით შეირჩევიან საარჩევნო კანდიდატები.

ქართულ პარტიებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად და პარტიათა დემოკრატიზაციისთვის ლიდერისა და საარჩევნო კანდიდატების შერჩევის პროცესი სრულად უნდა რეფორმირდეს. ქვემოთ გამოვყოფ რამდენიმე ძირითად ნაბიჯს, რომელიც პარტიულ პროცესებში რიგითი წევრების მონაწილეობას  მნიშვნელოვნად გაზრდიდა:

1.  1.  პრაიმერისის სისტემის ფართოდ დამკვიდრება - საქართველოში არსებული პარტიების უმეტესობა არ იყენებს პრაიმერისის სისტემას, რომელიც მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოშია დამკვიდრებული და გულისხმობს პარტიის თითოეული წევრის შესაძლებლობას, ლიდერი/კანდიდატი ფარული კენჭისყრის გზით აირჩიოს. დემოკრატიულ პარტიებში კანდიდატურის დაყენება ყველა იმ ინდივიდს შეუძლია, რომელიც პარტიის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. პრაიმერისის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის 50-დან 46 შტატში პრაიმერისი  რეგულარულად ტარდება.  აშშ-ის დანარჩენ 4 შტატში კოკუსების სისტემა მოქმედებს. ესაა ღია ყრილობა, რომელზეც პარტიის წევრები საკუთარ არჩევანს საჯაროდ აფიქსირებენ. ქართულ რეალობაში, კოკუსის სისტემა პარტიული ელიტის ბერკეტებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის, რადგან მათ შესაძლებლობა მიეცემათ პარტიულ საქმიანობას ჩამოაშორონ ის ინდივიდები, რომლებმაც მათ ღიად მხარი არ დაუჭირეს. ამ შემთხვევაში პრაიმერისის კლასიკური სისტემა, რომელიც საყოველთაო ფარულ კენჭისყრას გულისხმობს, ლიდერთა გავლენას მნიშვნელოვნად შეზღუდავდა, რამდენადაც მათ არ ეცოდინებოდათ ვინ არ დაუჭირა მხარი.

პრაიმერისის ეფექტურ ფუნქციონირებას საქართველოში ხელს რამდენიმე ფაქტორი უშლის. უპირველესი გამოწვევა სისტემის ჩაკეტილობაა. პარტიული ელიტები მხარს მხოლოდ მათდამი ლოიალურად განწყობილ პოლიტიკოსებს უჭერენ, რომლებიც პარტიაზე მათ გავლენას კიდევ უფრო ზრდიან. ასეთ პარტიებში,  პრაიმერისის სისტემა ფასადურია, რადგან მასში მონაწილეობის უფლება დეკლარირებულად ყველა წევრს აქვს, თუმცა, არჩევანის გაკეთება მხოლოდ პარტიული ელიტის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს შორისაა შესაძლებელი. ინკლუზიურობის ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია შიდაპარტიული კონკურენციის გარეშე. პარტიის რიგით წევრებს პასიური საარჩევნო უფლებით რეალურად სარგებლობა უნდა შეეძლოთ.

გარდა ამისა, პარტიის ლიდერისა და კანდიდატების არჩევნებში მნიშვნელოვან პრობლემებს პარტიის წევრების იდენტიფიკაცია (ელექტრონული არჩევნებისას ყალბი ანგარიშები) და ხმების არათანაბარი წონა წარმოადგენს. მაგალითად, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2020 წელს პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად სოციალურ ქსელ Facebook-ზე ელექტრონული არჩევნები ჩაატარა, რომელშიც, ენმ-ის ცნობით, მონაწილეობა პარტიის 20 000-ზე მეტმა წევრმა მიიღო. თუმცა, ამ მონაცემების რეალურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.  ელექტრონული არჩევნების  მოდელი მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს, რადგან ასეთ შემთხვევაში რთულდება პარტიის წევრების იდენტიფიკაცია და მათი ყალბი ანგარიშებისგან გამორჩევა. დამკვირვებელთა შეფასებით, არჩევნებში ხმა მისცეს არამხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, არამედ სხვა პარტიის წევრებმა და მხარდამჭერებმაც, ასევე ფეიკ პროფილებმა.

პარტიული სიის შესადგენად პრაიმერისის მეთოდი 2020 წელს „გირჩმა“ გამოიყენა. პრაიმერისში საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციის დაფიქსირება პარტიის თითოეულ მხარდამჭერს შეეძლო, თუმცა, მასში დარღვეული იყო ხმათა წონასწორობის პრინციპი. გირჩის პრაიმერისში პარტიული სია კომპლექტდებოდა გირჩის ციფრული ვალუტის, ე.წ. „ჯედების“ რაოდენობის მიხედვით. პარტიის წევრებს შეეძლოთ საკუთარი ჯედები სასურველი კანდიდატისთვის გადაეცათ, თუმცა, საარჩევნო პროცესზე მათი გავლენა არათანაბარი იყო, რადგან პარტიის წევრთა ჯედების რაოდენობა ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ამგვარი სისტემა არჩევნების  „ერთი წევრი, ერთი ხმა“ ფუნდამენტურ პრინციპს არღვევს;

2.  დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა - პრაიმერისის სისტემა ეფექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში ფუნქციონირებს, თუ პარტიის შიგნით ძალაუფლება დელეგირებულია რეგიონულ ორგანიზაციებზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარტიებში პრაიმერისი რეგულარულად ტარდება, არ არსებობს იმის გარანტია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართოდ იქნებიან ჩართულნი პარტიის მხარდამჭერები ქვეყნის სხვადასხვა გეოგრაფიული წერტილიდან. ქართული პარტიები უკიდურესად ცენტრალიზებულია, მნიშვნელოვან საკითხებს პარტიის ცენტრალური აპარატი წყვეტს, პარტიების უმეტესობას არ აქვთ ადგილობრივი ორგანიზაციები და, თუ აქვთ, მათი დამოუკიდებლობა ფასადურია. იმისათვის, რათა ლიდერის/კანდიდატის შერჩევის პროცესში პარტიის რიგითი წევრების ჩართულობა გაიზარდოს, საჭიროა, პრაიმერისი პარტიის თითოეულმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ დამოუკიდებლად ჩაატაროს. პარტიის ცენტრალურმა აპარატმა რეგიონულ ორგანიზაციებს კანდიდატების წარდგენის ნაწილში საკუთარი, დამოუკიდებელი მოთხოვნების ფორმულირების უფლება უნდა მისცეს. სწორედ ადგილობრივმა ორგანიზაციებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ აქვს უფლება, კენჭი იყაროს კონკრეტულ რეგიონში კონკრეტულ თანამდებობაზე. დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა დადებით გავლენას ახდენს ინკლუზიურობის ხარისხზეც, რამდენადაც ის ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს პარტიული პოლიტიკის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩართვის მეტ სტიმულს აძლევს. შესაბამისად, პრაიმერისს, რომელიც არ ითვალისწინებს დამოუკიდებელი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას თითოეულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე, ცენტრალიზაციის მნიშვნელოვანი პრობლემა ახასიათებს;

3. პარტიის წევრთა ერთიანი ბაზის შექმნა - პარტიის პოლიტიკურ ცხოვრებაში რიგითი წევრების ფართო მონაწილეობას ხელს უშლის პარტიებში წევრთა ერთიანი, სრულყოფილი ბაზების არარსებობა. შესაბამისად, პარტიებმა არ იციან, ზუსტად რამდენი წევრი ჰყავთ და როგორია მათი დემოგრაფიული და გეოგრაფიული განაწილება. ასეთ პირობებში, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაშიც, ეფექტური და სამართლიანი პრაიმერისების ჩატარება თითქმის შეუძლებელი ხდება.

შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ლიდერის/კანდიდატის შერჩევა შიდაპარტიული დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სამწუხაროდ, საქართველოში არსებული პარტიები ექსკლუზიურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც ხელს უშლის რიგითი წევრების აქტიურ ჩართულობას პარტიულ პოლიტიკაში. პარტიათა ინკლუზიურობის ხარისხის გასაზრდელად, საჭიროა რიგითმა წევრებმა მოითხოვონ პარტიის შიგნით დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრება და სამართლიან კონკურენციაში შესვლის უფლება. პარტიათა ინკლუზიურობას ხელს შეუწყობდა პრაიმერისის სისტემის შემოღება, პარტიის წევრთა  იდენტიფიცირების გამარტივება და ძალაუფლების დელეგირება რეგიონული ორგანიზაციებისთვის. ზემოხსენებული რეფორმები, მაღალი ალბათობით, წაახალისებდა შიდაპარტიულ კონკურენციას, რიგით წევრებს საკუთარი უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემდა და წაადგებოდა პოლიტიკური ელიტისა და პროცესების ბუნებრივ გაჯანსაღებას.  



[1] Scarrow – “Political Parties and Democracy in Theoretical and Practical Perspectives”, 2005, გვ. 5.

[2] Hazan & Rahat – “Candidate Selection Methods: An Analytical Framework”, 2001, გვ. 301;