22. 03. 2022
გიორგი ხარებავა

როგორ მუშაობს შიდაპარტიული დემოკრატია

დასავლურ დემოკრატიებში არჩევნების წაგების შემდეგ დამარცხებული პარტიის ლიდერების მიერ პასუხისმგებლობის აღება და დაკავებული პარტიული თანამდებობის დატოვება ჩვეულებრივ მოვლენას და შეიძლება ითქვას, აუცილებლობასაც კი წარმოადგენს. ასევე მიღებული პრაქტიკაა გამარჯვებული ლიდერების გადადგომაც, თუ მათ მიმართ საზოგადოების ნდობა მცირდება. ამის უკანასკნელი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ტონი ბლერია. ბლერის ლიდერობით ლეიბორისტულმა პარტიამ 1997 წელს კონსერვატიული პარტიის 18 წლიანი მმართველობის დასრულება შეძლო და 179 მანდატიანი უპირატესობით ქვეყნის საარჩევნო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგი დააფიქსირა. არანაკლებ წარმატებული გამოდგა მეორე არჩევნებიც, სადაც ლეიბორისტულმა პარტიამ ამჯერად 167 მანდატიანი უპირატესობა მიიღო. ტონი ბლერმა გაიმარჯვა მესამე არჩევნებშიც, მაგრამ მის მიმართ ბრიტანული საზოგადოების ნდობა და მხარდაჭერა უკვე საგრძნობლად იყო მორყეული. პრემიერ მინისტრის პოპულარობა როგორც ამომრჩეველში, ისევე თავად ლეიბორისტულ პარტიაშიც მცირდებოდა. 2005 წელს თემთა პალატაში ბლერს პარლამენტის 49 ლეიბორისტი წევრი აუმხედრდა და მისი ანტი-ტერორისტული კანონმდებლობა ჩააგდო. აშკარა იყო, რომ ლეიბორისტული პარტიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ლიდერის მიმართ გაცემული ნდობის მანდატი იწურებოდა. საბოლოოდ ბლერი 2007 წლის 27 ივნისს იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

ეს შემთხვევა ცხადად აჩვენებს იმას, თუ როგორ რეაგირებს ჭეშმარიტი და დემოკრატიული პოლიტიკური პარტია ამომრჩევლის განწყობებზე დასავლურ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ტონი ბლერი მისი პერიოდის ლეიბორისტული პარტიის წარმატებების მთავარი შემოქმედი იყო, პოპულარობის კლებასთან ერთად ლეიბორისტებში მის პოზიციებსაც შეუდგა წყალი. ამომრჩევლის განწყობებმა პარტიაზე იქონია გავლენა, რამაც საბოლოოდ ბლერის 10 წლიანი მმართველობა დაასრულა.

დემოკრატიული ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საკუთარი ამომრჩევლების, მხარდამჭერებისა და რიგითი წევრების აზრის გათვალისწინებას არ არიან დაჩვეული. პირიქით, ქართულ პარტიებზე დაკვირვება იმის თქმის საშუალებასაც იძლევა, რომ პარტიულ პოლიტიკაში რიგითი წევრების და მხარდამჭერების მონაწილეობა მინიმალურია და ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ერთი ლიდერის ან ლიდერთა ვიწრო წრის მიერ მიიღება.

ქართულ პოლიტიკურ ველზე არც სახელისუფლებო პარტია და არც ოპოზიციური პარტიები არ იღებენ მხედველობაში ამომრჩევლისა და მათი მხარდამჭერების შეხედულებებს. პარტიათა ლიდერები საკუთარი მხარდამჭერების მიმართ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობენ და შესაბამისად, არც წარუმატებლობების შემდეგ სურთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. სწორედ ამის გამოა, რომ ქართული პოლიტიკა ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობისთვის მიუღებელი ლიდერებითა და პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული.

პოლიტიკური პარტიების მთავარი დანიშნულება წარმომადგენლობითობის უზრუნველყოფაა. პარტიებმა საკუთარი მხარდამჭერებისა და წევრების პოზიციები უმაღლეს დონეზე უნდა წარმოადგინონ და მათი ინტერესების გატარებას შეუწყონ ხელი. წარმომადგენლობითობის პრინციპის ჯეროვნად უზრუნველყოფას კი დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების გარდა თავად პარტიებშიც სჭირდება თავისუფალი და კონკურენტული გარემო. თუ რიგით წევრებსა და მხარდამჭერებს იმის საშუალება არ აქვთ, რომ საკუთარი პოზიციები და შეხედულებები პარტიის მაღალ ეშელონებამდე მიიტანონ, პოლიტიკური პარტია საკუთარი მხარდამჭერების ინტერესთა გამოხატვას ვერ შეძლებს. მაშასადამე, შიდაპარტიული დემოკრატიის გარეშე წარმომადგენლობითობის პრინციპს მნიშვნელოვანი ჩრდილი ადგება.

სხვა სიტყვებით, პოლიტიკური პარტიები ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის თითქმის უსარგებლოები არიან,  თუ:

1. პარტიის რიგით წევრებსა და მხარდამჭერებს ლიდერების შერჩევის პროცესში სიტყვა არ ეთქმით,

2. საარჩევნო სიების შედგენისა და სხვადასხვა დონის არჩევნებისთვის კანდიდატთა შერჩევის პროცესში რიგითი წევრების აზრი არ არის გათვალისწინებული,

3. პარტიების რეგიონალურ ორგანიზაციებს არ აქვთ ავტონომიის მაღალი ხარისხი და ცენტრისგან დამოუკიდებელი ბიუჯეტი,

4. პარტიის წევრებს არ აქვთ კონკრეტული მექანიზმები პარტიის ბიუჯეტის გასაკონტროლებლად,

5. პარტიის წევრებს არ აქვთ კონკრეტული მექანიზმები საკუთარი პოზიცების თავისუფლად და ღიად გამოსახატად,

6. პარტიიის წევრებსა და მხარდამჭერებს არ აქვთ კონკრეტული მექანიზმები არსებული ლიდერების მიმართ უნდობლობის გამოსაცხადებლად და ლიდერის ახალი რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად,

7. ლიდერის არჩევნები არ ტარდება თავისუფალ, ღია და კონკურენტულ გარემოში.

აღნიშნული 7 პუნქტის დაკმაყოფილების გარეშე პოლიტიკური პარტიები საკუთარი მთავარი დანიშნულების - წარმომადგენლობითობის პრინციპის უზრუნველყოფას ვერ ახერხებენ. დასავლურ დემოკრატიებში, პარტიებს ზემოთ აღნიშნული ყველა მექანიზმი აქვთ, ეს კი პარტიას საშულებას აძლევს, რომ როგორც საკუთარი რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების, ისევე ზოგადად ამომრჩევლის განწყობები გაიგოს და აღნიშნული განწყობების შესაბამისად იმოქმედოს. ისევე როგორც ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი ტონი ბლერი მოიქცა 2007 წელს.

შიდაპარტიული დემოკრატიის მუშაობის შედეგები ასეთია, 1. პოლიტიკური პარტიებიდან არაპოპულარული ლიდერები მიდიან, მათ ადგილს კი ახალი პოლიტიკოსები იკავებენ და 2. პარტიების არაპოპულარულ პოლიტიკას მხარდამჭერებისა და ამომრჩევლისთვის უფრო მისაღები პოლიტიკა ანაცვლებს. შესაბამისად, მაქსიმალურად უზრუნველყოფილია წარმომადგენლობითობის პრინციპი, რაც არჩევნებზე წარმატების მიღწევის შანსებსაც ზრდის.

საქართველოს პარტიულ პოლიტიკას სასწრაფოდ სჭირდება გახსნა და პოლიტიკურ პარტიებში მეტი დემოკრატიულობის შეტანა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფენ, რომ მოქალაქეებსა და პარტიებს შორის გაუცხოების მზარდი ტენდენცია შეინიშნება, რისი მთავარი მიზეზიც ქართული პოლიტიკური პარტიების ექსკლუზიურობა და ჩაკეტილობაა. ამომრჩეველის უმრავლესობას რომელიმე პარტიის მიმართ ძლიერი კუთვნილების გრძნობა არ აქვს, რადგან რიგითი მხარდამჭერისთვის პარტიულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ბერკეტები არ არსებობს.

პოლიტიკის მეცნიერებებში დიდი ხნის განმავლობაში დომინირებდა აზრი, რომ დემოკრატიის უზრუნველსაყოფად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვაც საკმარისი იყო, თუმცა, დასავლეთის ქვეყნებზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ თანამედროვე დემოკრატიას უფრო მაღალი სტანდარტები აქვს. არჩევნები იდეალურადაც რომ ტარდებოდეს, თუ პარტიებში შიდაპარტიული დემოკრატია არ არსებობს, წარმომადგენლობითობის პრინციპი ირღვევა, რაც თავის მხრივ ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულობაზე ახდენს უარყოფით გავლენას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე კონსოლიდირებული დემოკრატია შიდაპარტიული დემოკრატიის გარეშე არ არსებობს და საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მართლა თუ უნდათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ვანდოთ, დაე, პირველ რიგში საკუთარი პარტიები მოაწყონ დასავლური დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად.