გასული თვის ბოლოს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანმა ინტერვენციამ და ომში კრემლის მიერ გამოყენებულმა პროპაგანდისტულმა ნარატივმა მსოფლიო კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ პუტინის რეჟიმი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ისტორიის რევიზიით - რეალური მოვლენების ფაბრიკაციითა და მისი ალტერნატიული, გაყალბებული ისტორიით ჩანაცვლებით ცდილობს. ინგლისელი მწერალი, ჯორჯ ორუელი, ცნობილ რომანში „1984“ აღნიშნავდა, რომ „ის, ვინც აკონტროლებს წარსულს, აკონტროლებს მომავალსაც“. ისტორიის გადაწერა ავტორიტარულ რეჟიმებს საკუთარ მოსახლეობაში მტრის ხატის შექმნით ლეგიტიმაციის გამყარების, ხოლო საერთაშორისო პოლიტიკაში აგრესიული მოქმედებების გამართლების საშუალებას აძლევს. სწორედ ისტორიის რევიზიით ცდილობს კრემლი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას მრავალ სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში. ისტორიის გაყალბება გაცილებით მარტივია იქ, სადაც სამოქალაქო მეხსიერება სუსტია. ასეთ ქვეყნებში საზოგადოებას უჭირს კონსენსუსის მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის იმაზეც, თუ ვინ არის ქვეყნის რეალური მტერი და ვინ - მოკავშირე. შესაბამისად, მტრის პროპაგანდისტულ ნარატივებთან ბრძოლის ერთადერთი გზა რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული, გრძელვადიანი ისტორიული მეხსიერების განვითარება და, ამით, ეროვნული იდენტობის განმტკიცებაა. სწორედ იდენტობის განმტკიცებაა ის ძირითადი მიზანი, რასაც სამოქალაქო მეხსიერების განვითარება ემსახურება.
რუსეთის პრეზიდენტმა ისტორიის რევიზია ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე დაიწყო. მან ჯერ კიდევ 2005 წელს განაცხადა, რომ „საბჭოთა კავშირის დანგრევა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო“.[1] პოლიტიკის გავლენიანი მეცნიერების აზრით, აქედან მოყოლებული, პუტინის მიზანი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების კრემლის ექსკლუზიური გავლენის სფეროდ აღიარება გახდა. თუმცა, პოსტსაბჭოთა სივრცის კონსოლიდაცია მნიშვნელოვან სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვეს და მათ გარკვეულ ნაწილში, მათ შორის საქართველოში, უკრაინის დასავლეთ ნაწილსა და ბალტიის სახელმწიფოებში საზოგადოებრივი აზრი გამოკვეთილად ანტირუსული იყო.[2] პუტინს დამაჯერებელი არგუმენტები სჭირდებოდა, რომელთა მეშვეობითაც კრემლი რუსეთის „ახლო საზღვარგარეთში“ აგრესიულ მოქმედებებს გაამართლებდა. პუტინის ისტორიულ რევიზიონიზმს ორი ძირითადი მიზანი ჰქონდა: 1. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში ეროვნული იდენტობის წაშლა - რუსეთის პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმრავლესობას 1922 წლამდე სახელმწიფოებრიობა არ გააჩნდა (მაგალითად, პუტინმა რამდენჯერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ყაზახური[3] სახელმწიფოს შექმნა სსრკ-ის დამსახურებაა). ეროვნული იდენტობის წასაშლელად პუტინი პანსლავიზმის დოქტრინას იყენებს. მისი შეფასებით, უკრაინელი და ბელარუსი ერი არ არსებობს და რომ რეალურად, რუსები, უკრაინელები და ბელარუსები ერთი ხალხია, საერთო ეთნიკური წარმომავლობითა და ისტორიით.[4] პუტინის აზრით, „დიდი რუსეთი“, „მცირე რუსეთი“ (უკრაინა) და „თეთრი რუსეთი“ (ბელარუსი) ერთიანი სლავური იდენტობის ნაწილია, რომელსაც ერთი პოლიტიკური ცენტრი უნდა ჰქონდეს მოსკოვით სათავეში.[5] 2. „ისტორიული სამართლიანობის“ პრინციპის დამკვიდრება - პუტინის რეჟიმი აქტიურად ცდილობს საერთაშორისო ურთიერთობებში „ისტორიული სამართლიანობის“ პრინციპი დააბრუნოს, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე უპირატესი იქნება. სწორედ „ისტორიული სამართლიანობის“ პრინციპით გაამართლა რუსეთის პრეზიდენტმა 2014 წელს ყირიმის ანექსია, რომელიც მისი შეფასებით, „ძირძველი რუსული ტერიტორიაა და უკრაინას 1954 წელს უსამართლოდ გადაეცა“.[6] ანალოგიური პრინციპით, კრემლისთვის აგრესიული მოქმედებები გამართლებულია იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ჯერ ცარისტული რუსეთის, ხოლო შემდეგ სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდა.
პუტინის ისტორიული რევიზიონიზმის ერთ-ერთი ძირითადი სამიზნე საქართველოა. სხვადასხვა პერიოდში, პუტინს არაერთხელ გაუკეთებია ისეთი განცხადებები, რომელთა მიზანი საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაცია და ქართული იდენტობის შესუსტება იყო. უცვლელად გთავაზობთ პუტინის ერთ-ერთ ინტერვიუს, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს მისი რეჟიმის მცდელობას, გადაწეროს რეალური ისტორია. „ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუ სწორად მახსოვს 1774 წელს, მთლიანად, სამხრეთი და ჩრდილოეთი ნაწილიც, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. აფხაზეთი 1810-ში, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. არანაირი საქართველო არ ყოფილა. ეს იყო თბილისის გუბერნია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა, აფხაზეთი ჩაეყლაპა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანიის ძალების დახმარებით, 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ. უფრო სასტიკად მოქმედებდნენ ქართული ძალები ოსეთში 1919-1920 წლებში. სინამდვილეში ეს ზუსტად ისაა, რასაც გენოციდი ეწოდება. კარგი იქნება იცოდეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, არასდროს უნდა დაივიწყოს თუ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხთან ურთიერთობა დაალაგოს. ეს საქართველოც კი არ იყო. სტალინის დროს კი შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შემადგენელი ნაწილი გახდა აფხაზეთი“. გარდა ამისა, ამავე განცხადებაში, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლება 2008 წელს ოსების წინააღმდეგ ომის დაწყებაში დაადანაშაულა. „ყოველთვის ვარწმუნებდი სააკაშვილს და ვეუბნებოდი, მიხეილ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ არანაირი სამხედრო მოქმედებები აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, ამერიკელებსაც იმავეს ვეუბნებოდი. არა, არავითარ შემთხვევაშიო. და რა ქნეს? წავიდნენ იქ ომით. შედეგი დღეს ცნობილია. რუსეთი უბრალოდ იძულებული იყო, ეღიარებინა ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და დაეცვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა“.[7]
ზემოხსენებული განცხადებები კრემლის მიზანმიმართულ პროპაგანდისტულ ნარატივებს წარმოადგენს და მიზნად რეალური ისტორიული მოვლენების გაყალბებას ისახავს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
1. 1. მტკიცება, თითქოს ოსეთი („მთლიანად“) რუსეთის შემადგენლობაში 1774 წელს შევიდა - ეს ნარატივი ორ ტყუილს ეფუძნება: 1. 1774 წელს არ არსებობდა არანაირი „სამხრეთ ოსეთი“ და ის ტერიტორია, რომელსაც პუტინი ამ უკანასკნელად მოიაზრებს, ქართლ-კახეთის სამეფოს ორგანული ნაწილი იყო; 2. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ეს ტერიტორია მხოლოდ 1801 წელს შევიდა, მას შემდეგ, რაც იმპერიამ ქართ-კახეთის სამეფოს ანექსირება მოახდინა, სამეფოს სხვა ნაწილებთან ერთად;
2 მტკიცება, თითქოს აფხაზეთი რუსეთს 1810 წელს შეუერთდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო - ეს მტკიცებაც ორ ტყუილს შეიცავს. პირველი ტყუილი თარიღია. აფხაზეთის სამთავრო იყო უკანასკნელი ქართული ტერიტორია, რომლის ძალით დამორჩილება რუსეთის იმპერიამ 1864 წელს შეძლო. მეორე ტყუილი ისაა, რომ აფხაზეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლამდე დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. აფხაზეთის სამთავრომე-15 საუკუნის ბოლოდან 1810 წლამდე ოსმალეთის იმპერიის გავლენის ქვეშ იყო, თუმცა, სამთავრო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და მასზე იმერეთის სამეფოს იურისდიქცია მოქმედებდა. ხოლო, მას შემდეგ რაც რუსეთის იმპერიამ იმერეთის სამეფო გააუქმა, აფხაზებმა კიდევ ნახევარი საუკუნის მანძილზე გააგრძელეს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა;
3. მტკიცება, თითქოს 1918 წელს გერმანელების დახმარებით საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა - ამ ნარატივის მიხედვით, აფხაზეთი 1918 წელს დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და ის მეორე სახელმწიფომ, საქართველომ დაიპყრო, რაც უბრალოდ ტყუილია. რეალურად, აფხაზეთი 1918 წელს საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. რუსეთში ამ პერიოდში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა ბოლშევიკებსა და თეთრგვარდიელებს შორის და ორივე ეს ძალა აფხაზეთის დასვლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში სეპარატისტული განწყობების წახალისებას ცდილობდა. 1918 წლის აპრილში, მცირე ხნით ბოლშევიკურმა არმიამ აფხაზეთის ტერიტორია დაიკავა, ხოლო 1918 წლის მაისში ქართულმა გვარდიამ საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან, აფხაზეთიდან, ბოლშევიკური ჯარები განდევნა. აფხაზეთი რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორია იყო ამას ადასტურებს 1920 წლის 7 მაისს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის დადებული შეთანხმება,[8] რომლის მესამე მუხლის მიხედვით, ბოლშევიკური რუსეთი ცნობდა საქართველოს ტერიტორიას მის ისტორიულ საზღვრებში, მათ შორის სოხუმის ოკრუგის ფარგლებში. ეს ჩანაწერი შემდეგ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაშიც აისახა, რომელსაც შეზღუდული ავტონომიის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისად, არანაირ დამოუკიდებელ აფხაზეთს 1918 წელს არ უარსებია;
4. მტკიცება, თითქოს 1919-1920 წლებში ქართველებმა ოსების მიმართ გენოციდი განახორციელეს - ეს განცხადება ისტორიით მანიპულაციის მცდელობას წარმოადგენს. 1919-1920 წლებში შიდა ქართლის ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს სუვერენული ტერიტორია იყო, ადგილობრივი ოსი ბოლშევიკების დაჯგუფება ბოლშევიკური რუსეთის დახმარებით დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას და რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ცდილობდა. ოსი ბოლშევიკების პროვოცირებულ აჯანყებას და ქართული სახელმწიფოს დეზინტეგრაციის მდელობას, რომელსაც ზურგს ბოლშევიკური რუსეთი უმაგრებდა, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აჯანყებების ჩახშობით უპასუხა. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ლეგიტიმური მოტივით მოქმედებდა;
5. მტკიცება, თითქოს 2008 წელს ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო და რომ რუსეთი მხოლოდ აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობას იცავდა, ასევე ტყუილს წარმოადგენს. ომის აქტი რუსეთის ფედერაციამ განახორციელა, რომელმაც 2008 წლის 6 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით რუსული საჯარისო ნაწილები საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოიყვანა. კრემლის გავრცელებული ნარატივის მიხედვით, აგვისტოს ომი საქართველოს ხელისუფლებასა და ოსებს შორის სამოქალაქო დაპირისპირება იყო, რომელშიც ოფიციალური მოსკოვი მხოლოდ იმიტომ ჩაერია, რომ ეთნიკურად ოსი მოსახლეობა ქართველთა მხრიდან გენოციდისგან გადაერჩინა. თუმცა, რეალური ისტორიული ფაქტები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს. საქართველო იცავდა თავს კრემლისა და მის მიერ სრულად მართული სეპარატისტების მუდმივი თავდასხმისგან და აგვისტოს ომიც ორ სახელმწიფოს, საქართველოსა და რუსეთს შორის განვითარებული საომარი დაპირისპირება იყო. ამ ომში კრემლის მიზანს სეპარატისტების დახმარებით საქართველოს სუვერენული ტერიტორიის - ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენდა.
ზემოხსენებული ისტორიული მოვლენების ობიექტური ანალიზის შედეგად ცხადი ხდება, თუ რა მეთოდებით ცდილობს პუტინის რუსეთი ისტორიის ფაბრიკაციას და მისი ალტერნატიული, გაყალბებული ისტორიით ჩანაცვლებას. კრემლის ისტორიული რევიზიონიზმისგან თავდაცვის ერთერთი ქმედითი მექანიზმი მიუკერძოებელი, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული სამოქალაქო მეხსიერების განვითარებაა, რომელიც საზოგადოებას კონსოლიდაციაში, მტრის სტრატეგიული მიზნების, ტაქტიკური ამოცანებისა და სამოქმედო გეგმის იდენტიფიცირებაში დაეხმარება. ასეთ შემთხვევაში კი კონტრსტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება ბევრად უფრო მარტივია. გრძელვადიანი სამოქალაქო მეხსიერება ის დამცავი ფარია, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოს თვითგადარჩენაში ეხმარება, თუმცა, მისი ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოსახლეობის თითოეული სეგმენტის ფართო ჩართულობას მოითხოვს.
[1] https://www.nbcnews.com/id/wbna7632057
[2] https://www.geopolitica.info/the-post-soviet-space/
[3] https://www.rferl.org/a/kazakhstan-putin-history-reaction-nation/26565141.html
[4] https://apnews.com/article/entertainment-oliver-stone-europe-russia-ukraine-3fe3ff2299994fae97825381765b831c
[5] https://www.opendemocracy.net/en/odr/little-russia-big-dreams-0/
[6] https://www.nytimes.com/2014/03/19/world/europe/ukraine.html
[7] https://agenda.ge/en/news/2019/1860
[8] http://damoukidebloba.ge/c/news/1920_7_maisi_moskovis_khelshekruleba