29. 06. 2020
ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკის მუშაკები და სხვა სურათები ნაკორონალი საქართველოდან (ნაწილი პირველი)

„შეუძლებელია პოლიტიკური პარტია იყოს ყველაფერი ყველასათვის. პარტია უნდა განასახიერებდეს კონკრეტულ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელთა კომპრომისი დაუშვებელია პოლიტიკური მიზანშეწონილობის ან მომხრეთა რაოდენობის გაზრდის საბაბით“.

რონალდ რეიგანი

 

აივაზოვსკი

უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პანდემიას - ყოველ შემთხვევაში, ერთ ცნობილ ექიმ-აპოკალიპტოლოგს თუ დავუჯერებთ, მის პირველ ტალღას - რაღაც მანქანებით გადავურჩით. როგორც ჩანს, წილხვდომილობის დაკანონებამ მაინც თავისი ქნა, მიუხედავად სკეპტიკოსების ირონიული ჟრიამულისა.

თუმცა გადავურჩით მხოლოდ ჯერჯერობით: მეორე და შემდგომი ტალღების მოლოდინი არ გვადუნებს. უცნობია, რა ფასი დაგვიჯდება პანდემიის მოწამლული სარტყლიდან გამოსვლა და რა მოგველის უახლოეს მომავალში: რამდენი ვერ დაიბრუნებს დაკარგულ სამსახურს (რადგან მისი სამუშაო ადგილი, უბრალოდ, აღარ იარსებებს), რამდენი დაკარგავს სამშობლოში ღირსეული არსებობის იმედს და გადაწყვეტს „გრინ კარტის“ ლატარიის შევსებას ან სხვა გზებით უცხოეთში საშოვარზე გადახვეწას, რამდენი კურსდამთავრებული ვერ დასაქმდება და დაკარგავს საკუთარი თავისა თუ ქვეყნის რწმენას, რამდენის ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა შეირყევა სტრესითა და გაჭირვებით...

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბოლო თვეებში ხეირიც ბევრმა ნახა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ შემომწირველებმა და ხელისუფლებასთან დაახლოებულმა (თუ ხელისუფლების წევრებისვე) ბიზნესებმა. უცნაური ტიპის პოპულიზმის მოწმენიც გავხდით, როცა ძალაუფლების მპყრობელი „ღარიბს ართმევს, მდიდარს აძლევს“, რისი საუკეთესო მაგალითიც იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების დაპირებაა.

ზოგმა მხარი აუბა შავ, სამთავრობო იუმორს და საზეიმოდ გვაუწყა, რომ პანდემიისას თავადაც გვარიანად გამდიდრდა. უბრალოდ, როგორც აღმოჩნდა, გამდიდრების პროცესი სრულიად უსიმპტომო ყოფილა...

მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ რეალურად არავინ არაფერი იცის - ყველაზე ნაკლებად სწორედ იმათ, ვინც რაიმეს ხანგრძლივად და გადაჭრით გვიმტკიცებს, ვიდრე რამდენიმე კვირაში ან, სულაც, დღეში, პოზიციას შეიცვლის და საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებს არანაკლები დაჟინებით.

უიმედოდ დისკრედიტირებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ერთს ამბობს, განვითარებული ქვეყნების მთავრობები - მეორეს. ეს უკანასკნელნი ერთმანეთშიც ვერ თანხმდებიან. რადიკალები რადიკალურად განსხვავებულ და, როგორც წესი, იდეოლოგიურად მოტივირებულ მოთხოვნებს აყენებენ. ამასთან, ყველა ერთნაირად დარწმუნებულია საკუთარი პოზიციის სისწორეში - ოღონდ არა ცოდნისა და ემპირიის, არამედ სწორხაზოვანი რწმენების გამო, რომელიც გამოსავლად მზა, იდეოლოგიზებულ ფორმულებს გვთავაზობს და არა დაკვირვებას, მოქნილობასა და ადაპტაციას.

ვაქცინა ჯერ ისევ არ არსებობს. ვირუსის შეკავების არსებული მეთოდი - სახლებში ჩაკეტვა და ეკონომიკის გაჩერება - დროებითი და, ხშირ შემთხვევებში, კონტრპროდუქტიულია.

ამასობაში, დაწესებული შეზღუდვების ნაწილი ეტაპობრივად უქმდება. მოჭერილი ფეხსაცმლის პრინციპით, რომლის თანახმად ასეთი ფეხსაცმლის გახდა შვებასა და კმაყოფილებას იწვევს (მაშინ როცა კომფორტული ფეხსაცმლის ტარება არანაირი ემოციის მომგვრელი არაა), კომენდანტის საათის გაუქმება ბევრმა ფოიერვერკით აღნიშნა დასტურად იმისა, რომ ადამიანის მოკლე ემოციურ მეხსიერებაში მთავარი უახლოესი ფონი და ის მოლოდინებია, რომელსაც ხელისუფალი საკუთარი თავის მიმართ ქმნის, და არა ობიექტური სურათი ან აბსოლუტური კონტექსტი.

2012 წლის შემდეგ, დაპირებისამებრ „გაძლიერებულმა“ პარლამენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებების ნაწილი ნებაყოფლობით მთავრობას გადასცა (მართლაც, რა საჭიროა ორგან დარეკვა, როცა ერთი ზარით შეგიძლია მართო ქვეყანა?).

რუსეთმა და ჩინეთმა თავი წამოყვეს და დასავლეთისთვის ჭკუის სწავლება დაიწყეს - რაც ყველაზე ცინიკურია, სახელმწიფო მოწყობისა და ადამიანის უფლებათა დარგში. აკი ამ ქვეყნებს დემოკრატიის თანმდევი ბანალური სირთულეები არ აფერხებთ და შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაგვცინონ - განსაკუთრებით მაშინ, როცა დასავლური ოჯახი დაქსაქსულია და რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივს შინაურ აკადემიაშიც ბევრი გულანთებული მიმდევარი ჰყავს.

ამასობაში, ამერიკა მართლაც წაბარბაცდა. არა იმდენად კორონავირუსით, - მიუხედავად 120 ათასზე (!) მეტი მსხვერპლისა, - არამედ ჯორჯ ფლოიდის ძალადობრივი სიკვდილით გამოწვეული ტრაგიკული კატაკლიზმებით. კონკრეტული ფაქტის გამო დაწყებული ლეგიტიმური პროტესტი მალევე გადაიზარდა კარგად ორგანიზებულ და იდეოლოგიურად მომზადებულ ოხლოკრატიულ ამბოხში, რომელიც არა მხოლოდ ამერიკულ დემოკრატიას ებრძვის (იმას, ალექსის დე ტოკვილი სანიმუშოდ რომ უხატავდა ევროპელებს), არამედ ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ისტორიულ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ გამოიარა და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის შექმნით დასრულდა, - გზას, რომელმაც თავად ეს ამბოხი შესაძლებელი გახადა.

კოლუმბის, ვაშინგტონისა და ჯეფერსონის მონუმენტების ჩამოგდება ღია შეტევაა დასავლეთის პოლიტიკურ და კულტურულ საძირკველზე, რაც ნათელყოფს: ამბოხის რეალური მიზანი არა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თავისუფალ ქვეყანაში „სისტემური რასიზმის“ დამარცხება, არამედ მთელი დასავლური ცივილიზაციის დელეგიტიმაცია და მისი „ბრძოლისუნარიანი“ ნაწილის დემორალიზაციაა. ამას კი, მაღალი ალბათობით, კონკრეტული უცხოელი ავტორები და ხელფასიანი აგიტატორები ჰყავს, რომლებიც ბრბოს რისხვას მართავენ. თუ ეს შეტევა წარმატებით დასრულდა, ამით არა ჩაგრული ადამიანები ან დაუნდობელი იდეალისტები, არამედ ავტორიტარული, ანტიდასავლური ძალები იხეირებენ, რომლებიც პირველს სწორედ ამ მიამიტ იდეალისტებს გაუშვებენ გულაგებსა თუ სახრჩობელებზე.

მოკლედ, დასავლური სამყარო ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის გზაჯვარედინზეა. თუ რამე არსებითად არ შეიცვალა, - და ცვლილებების აუცილებლობაზე (ოღონდ არა მათ შინაარსზე) ორივე მხარე თანხმდება, - ტექტონიკური რყევების დამანგრეველ, ცივილიზაციური მასშტაბის შედეგებს ახლო მომავალში ვნახავთ.

გაგიკვირდებათ, - ან უკვე აღარც, - რომ ამერიკის წაბარბაცება ბევრს გაუხარდა. გაუხარდათ არა ჩვენი ღირებულებათა სისტემის დეკლარირებულ მტრებს, არამედ ჩვენი ცივილიზაციური სივრცის ორგანულ ნაწილს - მათ, ვისი უდარდელი არსებობა და ცეცხლოვანი შეუვალობის ფუფუნება ისევ ამერიკის სიძლიერესა და კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული.

მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს „პატარა სოფელს“. ამ რამდენიმე თვეში საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, თითქოს უმნიშვნელოცა და შედარებით მნიშვნელოვანიც:

სკუტერები, რომელთა რაოდენობა ამ პერიოდში გეომეტრიული სისწრაფით გაიზარდა, მყარად გადავიდა საყოფაცხოვრებო მეინსტრიმში, რამაც ქართულ სატრანსპორტო ქაოსს კიდევ ერთი ჯოჯოხეთური განზომილება შეჰმატა. ლარის გაუფასურებამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ 2012 წლამდელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ხელისუფლების მიერ აღებული ვალებით იყო განპირობებული და, შესაბამისად, არაფერ საამაყოს არ წარმოადგენდა, მხოლოდ წელს(!) 8 მილიარდ(!) ლარამდე შიდა და გარე ვალს იღებენ, რათა მიმდინარე ბიუროკრატიული ხარჯები დაფარონ და ისედაც სავალალო ეკონომიკური მაჩვენებელები შეინარჩუნონ.

ხელისუფლებამ მალევე გააცნობიერა, თუ რა მძლავრი იარაღი ჩაუვარდა ხელში არაფრისგან, ცარიელ ადგილზე, კოვიდ19-ის სახით. პანდემიამდე დაწყებული ეკონომიკური კრიზისი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება და სამუშაო ადგილების რაოდენობის კლება, ბითუმად, კორონავირუსის ფაქტორს დაბრალდა. პანდემიით გადაიფარა მანამდე აქტუალური სხვა თემებიც, მაგალითად, ანაკლიის პორტის პროექტის ორკესტრირებული ჩაშლა, რაც რუსული დაკვეთის ყველა ნიშანს ატარებდა (სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, თუ რა ისტორიულ-გეოპოლიტიკურ გზავნილს შეიცავდა პორტის თავდაპირველი სახელი „ლაზიკა“ - გზავნილს, რომელიც ბევრად სცდება თანამედროვე რეგიონალურ კონტექსტს).

26 მაისის ფორმალური და შინაარსობრივი დევალვაცია გაგრძელდა. სამხედრო აღლუმის გაუქმებასა და ამ თარიღის „ნაკლებ პომპეზურად“ აღნიშვნას უკვე შეჩვეულები ვიყავით, მაგრამ წელს უკვე სახელმწიფო დროშებიც აღარ გამოგვიფენია დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად (რაც, საბოლოო ჯამში, ალბათ, მაინც კარგია - რუსეთი მორიგ ჯერზე „არ გავაღიზიანეთ“ და ალიბიც იდეალური გვქონდა).

პრემიერის გამოსვლა პარლამენტში კატასტროფულად სუსტი იყო. ამ ფონზე, ორმაგად თვალშისაცემი იყო ოპოზიციის იდეური და საკადრო უმწეობა, რომლის გამოისობითაც ხელისუფლების მიმართ დაგროვილი უკმაყოფილება ოპოზიციის აქტივად არ ითარგმნება, თან უკვე მერამდენედ.

კარანტინის პირობებში, ოპოზიცია ან არ არსებობდა ან თვითმიზნური და, ხშირად, კომიკური რიტორიკით გვამახსოვრებდა თავს. ახლაც, როცა საპარლამენტო ცხოვრება და გადაკოცნის ინსტიტუტი ერთდროულად აღდგა, პოლიტიკური პროცესები მინავლებულია და შიდაპოლიტიკურ ვაჭრობამდეა დასული. ლეიბორისტების ოფისში შეკრებილი ეკლექტური თაიგული საარჩევნო სიებში ადგილებისა და მომავალი თანამდებობების განაწილებითაა მოცული, რაც რიგით მოქალაქეებში კიდევ უფრო აღვივებს პოლიტიკოსების, როგორც კერძო ინტერესებით მოტივირებული ავანტიურისტების, მიმართ ფუნდამენტურ უნდობლობას.

ბუნებრივია, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება დუნე პოლიტიკური რიტმის გახანგრძლივებას - რუტინა ხომ მისი (და ნებისმიერი მოცემულობის) შენარჩუნების მთავარი მოკავშირეა. ეს ყველაფერი კი არა იმდენად პოლიტიკურ კრიზისზე, არამედ პოლიტიკური კლასის კრიზისზე მეტყველებს.

მოკლედ, პირველი მსოფლიო ომისა არ იყოს, რომლის დაწყებითაც ყველა დიდი სახელმწიფო იყო დაინტერესებული, ბევრი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ პანდემიით გამოწვეული რამდენიმეთვიანი პაუზა ქართული პოლიტიკური სპექტრის თითქმის ყველა სუბიექტს ხელს აძლევდა, ყველას - თავისი მომცრო მოტივით. მაგრამ პირველ მსოფლიო ომზე სხვა დროს. ახლა კი ისევ ჩვენს ბედკრულ საქართველოს დავუბრუნდეთ...

 

პოლიტიკის მუშაკები

რა უსამართლოდ მივივიწყეთ ეს სიტყვა - „მუშაკი“!

არადა, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, საბჭოთა კავშირის დროს - და მერეც, კარგა ხანს - არსებობდნენ „კულტურის მუშაკები“, „მედიცინის მუშაკები“, „განათლებისა“ თუ „მეცნიერ-მუშაკები“... პრინციპში, ახლაც არსებობენ, მაგრამ ტერმინი დაიკარგა. არადა, სულ ტყუილად - დარგი ხომ ისევ ცოცხალია? - დარგი მუშაკობისა!

„მუშაკი“ სულაც არ აღნიშნავდა მაინცდამაინც ხელოვანს, მეცნიერს ან ექიმს. ბოჰემის მსახურებისთვის „მუშაკობა“ არ იყო საჭირო (წარმოიდგინეთ, ცისფერყანწელებს რომ ეთქვათ, კულტურის მუშაკები თეთრ ხიდზე ვიკრიბებით ან ლუდვიგ მეორე ბავარიელს დაეწუწუნა, ახლა კულტურის ერთ მუშაკს ვხვდები, რაღაც ახალი საფესტივალო თეატრის პროექტი აქვს შემოტანილი დაფინანსებაზე და უნდა განვიხილოო).

„მუშაკობას“ მხოლოდ ფორმალური კავშირი ჰქონდა ამა თუ იმ სფეროში საქმიანობასთან. სინამდვილეში, ეს ტიტული ნიშნავდა, რომ ადამიანი შესაბამის სოციალურ-პოლიტიკურ ნიშაში (კულტურა, მედიცინა, სპორტი) კონიუნქტურული „მოღვაწეობით“ ირჩენდა თავს, მოღვაწეობის არსი კი, როგორც წესი, არსებული მანკიერი წეს-წყობილების შენარჩუნება იყო:

კულტურის მუშაკი წერდა და უძღვნიდა ლექსებს, დგამდა პიესებს, ხმას აძლევდა „კომუნისტებისა და უპარტიოების ურღვევ ბლოკს“. იყო ლოიალურად კრიტიკული ხელისუფლების მიმართ და პრინციპულად დაუნდობელი „ხალხის მტრებისადმი“, მოგვიანებით კი ყველასადმი, ვინც ვერ ეგუებოდა „საბჭოურ მშვიდობას“.

დამოუკიდებელ საქართველოში - განსაკუთრებით, ბოლო წლებში - ტერმინმა „მუშაკი“ ახალი მეწყვილე შეიძინა. კულტურისა თუ მედიცინის მუშაკებს, ბედის ირონიითა თუ დუხჭირი ცხოვრების გამოისობით, დაემატნენ „პოლიტიკის მუშაკები“, ანუ პოლიტიკაში დასაქმებული და „მოღვაწე“ ადამიანების კლასტერი. დიახ, კლასიც კი არა - ოდენ კლასტერი. ერთი ხის ერთი ტოტის ერთი მტევანი. ხალხი, ვინც პურს პოლიტიკით ჭამს, ვისთვისაც პოლიტიკა საარსებო წყარო და თავის რჩენის გზაა. სამსახური, რომელშიც დადიან და, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მათზე დაკისრებულ ფუნქციებს - მაგალითად, ერთგული მინისტრის ან დაუძინებელი ოპოზიციონერის როლს - ასრულებენ. ხალხი, ვისთვისაც „პოლიტიკაში ყოფნა“ არა ამბიციური და კეთილშობილური ხედვის განხორციელების საშუალება, არამედ თავისთავადი მიზანია - მუდმივი რუტინა და არა მატჩი, რომელიც უნდა მოიგო (ხოლო თუ წააგებ, „გავარდე“).

ერთეულ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით (რომლებსაც კონიუნქტურა შეგნებულად არ სწყალობს) ამ ადამიანების მოტივაცია მარტივია, ხანდახან - უსაშველოდ პროზაულიც: ნებისმიერ ფასად სამიტინგე თუ სატელევიზიო მიკროფონამდე მიღწევა, გამსვლელ საპარლამენტო სიაში მოხვედრა, დეპუტატის ხელფასის, სამისდღემშიო პენსიისა და პრივილეგიების მოპოვება, კონკრეტული ბიზნესინტერესების „დაკრიშვა“ (რკინიგზა, წიაღისეული, გადაზიდვები, კულტურის დაფინანსება)...

პოლიტიკის მუშაკები, თავისი არსებობითა და „მოღვაწეობით“ - როგორც მინიმუმ თავისდაუნებურად, უფრო ხშირად კი, სრულიად გაცნობიერებულად - ეწინააღმდეგებიან სტატუს კვოს თვისებრივ შეცვლას.

თითქმის 30 წელია, დამოუკიდებელ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. იცვლება დრო, განწყობები და გამოწვევები. იცვლება მოთხოვნები და მოლოდინები. იზრდებიან თაობები... პოლიტიკის მუშაკები კი, დიდწილად, იგივე გვყავს - იმავე შინაარსით, იმავე ფორმით, იმავე რიტორიკითა და ესთეტიკით, იმავე დაღლილი და დამღლელი, ხშირად - თვითმიზნური ეპატაჟით.

ვინც ძველი არაა, ძველთა მიერაა გამოძერწილი „ხატად და მსგავსად თავისა“. რა თქმა უნდა, გამონაკლისები აქაც არის, მაგრამ გამონაკლისი ხომ წესს ადასტურებს?

პარტიებსა თუ პლატფორმებს შორის ხტომა, დიდი ხანია, აღარავის აკვირვებს. გუშინდელი მემარჯვენე დღეს მემარცხენედ გვევლინება. ანარქისტები ბანკირებს იცავენ. კომუნისტები, ტრადიციონალისტები და მონარქისტები ერთ ბლოკში ასპარეზობენ. ბუნუელი საფლავში ბრუნავს, პოლიტიკური ინტელიგენცია კი ოლიგარქიის სადარაჯოზე დგას და სახალხო რისხვის ისრებს „უსამართლო კაპიტალიზმისა“ და რასობრივი ჩაგვრისკენ ამისამართებს...

ამ დროს, ყველანი, უბრალოდ, საშოვარზე გამოსული პოლიტიკის მუშაკები არიან. ბედის უკუღმართობამ თუ საკუთარმა არჩევანმა მათ უკან დასაბრუნებელი გზა მოუჭრა და ისინიც წლიდან წლამდე, ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე, დამფინანსებლიდან დამფინანსებლამდე იცვლიან აზრს, პოზიციასა და დეკლარირებულ პრინციპებს... საბოლოო ჯამში, მიზანი კონკრეტული ადამიანების ამბიციების დაკმაყოფილება და კონკრეტული ოჯახების კეთილდღეობაა. არაფრით ამაზე მეტი.

ბოლო დროს ამ ყველაფერს პოლიტიკის მუშაკთა შვილების ორგანიზებული პიარიც დაემატა. ცხადია, შვილებს არავინ ერჩის. დამოუკიდებლად ყველა კარგია და, ზოგი მშობლისგან განსხვავებით, წესიერიც. მაგრამ შვილობის ნიშნით ვინმეს გამორჩევა იმთავითვე არასწორი საჯარო გზავნილია და „პიარის მამების“ ფასეულობებზე მიუთითებს. ამასთანავე, თუ ამ ახალგაზრდებმა ძლიერი ნება არ გამოავლინეს და დათვურ კონიუნქტურას არ დაუპირისპირდნენ, მალე ისინიც შესაძლოა მანკიერი სისტემის ნაწილად იქცნენ.

მოკლედ, როგორც ერთმა ცნობილმა მწერალმა და მეღვინემ აღნიშნა, ეს პოლიტიკური კლასი იმ საჭმელს მაგონებს, ერთხელ რომ გააკეთებ და ათჯერ გააცხელებ...

ვაღიაროთ - დღეს საქართველოში არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც პოლიტიკის კრიზისია. იტყვით, არა მხოლოდ საქართველოშია ასეო და მართლებიც იქნებით, მაგრამ ჩვენი საზრუნავი ხომ საქართველოა? ამიტომ, დავუბრუნდეთ ჩვენს ადგილობრივ ტკივილებს.

პირველი ნაწილის დასასრული

რადიო "თავისუფლება"
29.06.2020