30. 06. 2020
ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკის მუშაკები და სხვა სურათები ნაკორონალი საქართველოდან (ნაწილი მეორე)

ყვარყვარეს აჩრდილი, ანუ მეექვსე გრძნობა

 

„ყვარყვარე თუთაბერი“ არ წამიკითხავს, მაგრამ ბავშვობაში ფილმისთვის მიყურებია. ვიცი, მეტყვით, წიგნი სჯობიაო და თავს უფლებას არ მივცემ, არ დაგიჯეროთ. მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ ფილმიც მომეწონა. განსაკუთრებით ერთი ეპიზოდი დამამახსოვრდა:

დემობილიზებული ჯარი ფრონტის ხაზიდან სახლში ბრუნდება. ქვეითები მწყობრად მიალაჯებენ შინისკენ. თავიანთი საქმე კარგად იციან - საით წავიდნენ, სად გადაუხვიონ... ჩვენი ავანტიურისტი გმირი კი ცდილობს ავტომობილით კოლონას დაეწიოს და თავში მოექცეს, რათა ისე გამოჩნდეს, თითქოს ჯარს ის მიუძღვება.

მსგავსი ვითარებაა დღეს ივერიის ღვთივკურთხეულ მიწაზე. ყველა ავტორიტეტული კვლევითა თუ გამოკითხვით, მოსახლეობის დიდ ნაწილს აღარ სურს არსებული ოლიგარქიული მმართველობა. ამ „ჯარმა“ იცის, რა უნდა. ეს „ჯარი“ ამ გზით მიდის, პოლიტიკის მუშაკები კი „ჯარის“ წინ მოქცევას ლამობენ. თუმცა - გამოვუტყდეთ ერთმანეთს - ყვარყვარეს შემთხვევისა არ იყოს, ხალხსა და პოლიტიკის მუშაკებს შორის არანაირი „ქიმია“ არაა. სრული გაუცხოება. მიუღებლობაც. წყალი და ზეთი.

სწორედ ამის შედეგია ქუჩაში დაბალი აქტივობა და არა იმისა, რომ „ხალხში მუხტი არ არის“. მუხტი ჭარბადაა. უბრალოდ, პოლიტიკის და მედიის მუშაკთა კლასტერი, რომელიც „ჯარის“ წინ ხელოვნურად ჩადგომას ლამობს, როგორც მინიმუმ უნებლიეთ ამ მუხტს ახშობს (მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს).

არსებობენ ისეთი ოპოზიციონერებიც, ვინც ყველა კრიტიკულ მომენტში მაშველ რგოლს უგდებს ხელისუფლებას, რათა, პირწმინდად წაგებული ბრძოლის ფონზე, საზოგადოების ყურადღება მისთვის მომგებიან თემაზე გადაატანინოს. ასე იყო 2018 წლის ბოლოს, როცა, ყველასათვის მოულოდნელად, ერთერთი პოლიტმუშაკის მიერ დაანონსდა ინაუგურაციის ჩაშლა, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლებას მშვიდობიანი პროტესტის დელეგიტიმაცია მოეხდინა. მსგავსი სცენარი გათამაშდა 2019 წლის 20 ივნისსაც, როცა მეორე პოლიტმუშაკმა უარგუმენტოდ დარჩენილ გავრილოვის მოკავშირე ხელისუფლებას ლანგრით მიართვა კაზუს ბელი. მართლაც, მეორე დილიდან თემად არა ხელისუფლების პრორუსულობა, არამედ „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა“ და „არეულობის მოსურნე ოპოზიცია“ იქცა. იდიოტიზმი? ნამეტანი ბევრი გვიცხოვრია ამქვეყნად, რომ უანგარო იდიოტიზმისა გვჯეროდეს. მით უმეტეს, როცა პოლიტიკის გამოცდილ მუშაკებთან გვაქვს საქმე.

...უკვე მოგახსენეთ, რომ „ყვარყვარე თუთაბერი“ არ წამიკითხავს. სამაგიეროდ, ძალიან მიყვარს „კვაჭი კვაჭანტირაძე“, რომელიც საუცხოოდ განასახიერებს „ურთიერთობებში“ გამობრძმედილ, უპრინციპო, ვირეშმაკა ქართველს. ხშირად მეცნობა ხოლმე კვაჭი - შეხვედრებზე, აქციებსა თუ ტელეეთერებში... ცხადია, არამხოლოდ მე. შეიძლება ამის არტიკულირებას ვერ ვახდენდეთ, მაგრამ ბევრი „ზურგის ტვინით“ გრძნობს ამასვე და ამ გრძნობას „უმუხტობით“ გამოხატავს, როცა სახლიდან არ გამოდის და პოლიტიკის მუშაკების მიერ დადგმული მორიგი ფარსისთვის არ ირჯება.

 

რაციონალიზმისა და კონფორმიზმის შესახებ

ქართული ხასიათის აქილევსის ქუსლი მუდამ მისი ინფანტილური ირაციონალიზმი იყო. გადაიკითხეთ საქართველოს ისტორია ამ თვალით და გაოცდებით, რაოდენ ხშირად გავმხდარვართ „ემოციურ-სოლიდარული გაუგებრობის“, გაუგონარი სისულელის ან დაუჯერებელი უგუნურების მსხვერპლი.

ისტორიულად, მტერი ყველაზე უკეთ ჩვენს ირაციონალიზმს იყენებდა. ახლაც ასეა. სწორედ ამიტომ, ილია ჭავჭავაძიდან მოყოლებული, საღი აზრი და მოქალაქეობრივი რაციონალიზმი ჩვენი გრძელვადიანი და ჯერჯერობით მიუღწეველი მიზანია - მაშინაც კი, როცა მსოფლიო პოლიტიკა სრულიად საპირისპირო ტენდენციას ამჟღავნებს (იმედია, დროებით).

მაგრამ ერთი წუთით შევჩერდეთ და დავფიქრდეთ ამ პარადოქსზე - რა არის უფრო რაციონალური, ვიდრე კონფორმიზმი?

„არ მინდა ჩემი შეხედულებების გამო ვიჩაგრებოდე“.

„არ მინდა ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის გამო სამსახურიდან გამიშვან“.

„არ მინდა პატრიოტული საქციელისთვის მიჭერდნენ“.

„არ მინდა ბიზნესი გამიკოტრონ, თუ „არასწორ“ პოლიტიკოსს დავეხმარები“.

„არ მინდა ყველაფერი დავკარგო, თუ აშკარა სიმართლეს ხმამაღლა ვიტყვი“.

დიახ, კონფორმიზმი რაციონალურია, რაც აკნინებს რაციონალიზმის, როგორც მიზნის, ხიბლს. მაგრამ ვიდრე საკუთარი კონფორმიზმის მოულოდნელი გაკეთილშობილებით გავიხარებთ და რაციონალიზმზე უარს ვიტყვით, დავაზუსტოთ:

მოქალაქის რაციონალური ქცევა მიზანი მხოლოდ დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება იყოს. დიქტატურაში, ავტორიტარულ ან ოლიგარქიულ წყობაში ყველაზე რაციონალური მიზანი თვითგადარჩენაა, ხოლო სადაც გადარჩენა ამოსავალი წერტილი ხდება, იქ კონფორმიზმი ძნელი დასაძრახია.

გვიცხოვრია კი ოდესმე რეალურ დემოკრატიაში? ალბათ, მხოლოდ 1918-1921 წლებში. ახლა კი... როგორ შეიძლება დემოკრატია იყოს იქ, სადაც „დემოკრატიული არჩევნები“ სათამაშო მინდვრიდან ხელოვნურად გაძევებული ყველაზე მძიმეწონოსანი პოლიტიკური ფიგურების გარეშე ტარდება? მეორე მხრივ, როგორ უნდა გავხდეთ დემოკრატიული საზოგადოება, როცა კონფორმიზმი ცხოვრების წესია?

 

მეხსიერება, როგორც იარაღი

ამბობენ, ცხოვრებაში ყველაფერი ორმხრივიაო. ხოლო თუ ეს მართლაც ასეა, ორი მხარე უნდა ჰქონდეს პოლიტიკის უხრწნელი გვამების მარადიულ სიცოცხლესაც.

ხშირად გვიკვირს, რომ ჩვენში პოლიტიკოსების ქმედებას ადეკვატური შეფასება არ მოსდევს: შევარდნაძის დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის დროსაც გამოსასყიდის მიზნით ადამიანების გატაცება ბიზნესის დარგი იყო - ერთგვარი PPP, ანუ public private partnership ძალოვანებსა და კრიმინალურ სამყაროს შორის - ხოლო დაკავებულებს პანტაპუნტით ყრიდნენ შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორის ფანჯრებიდან, ადამიანის უფლებებზე გვმოძღვრავს, გაურკვეველი წარმოშობის მილიარდების პატრონი გარკვეული წყაროებიდან ნაშოვნი მილიონების პატრონს ფულის გათეთრებას აბრალებს, ГРУ-ს სპეცრაზმის მომლოდინენი და რუსი ჯაშუშების პოლიტპატიმრად შემრაცხავნი ჩვენი სიტუაციური მოკავშირეები არიან.

...მაგრამ როგორ უნდა მოჰყვეს შეფასება და რეაქცია იმას, რაც არ გვახსოვს? ან იმას, რის დავიწყებასაც შეგნებულად ვირჩევთ, რადგან „თბილისი არის ურთიერთობა“, ხოლო „ურთიერთობას“ სიმართლისა და ფაქტების დისკომფორტი არ უყვარს? „ურთიერთობა“ კომპრომისია. გნებავთ „გვერდზე გახედვა“, როცა ამას სოციალური კონტექსტი მოითხოვს. „ურთიერთობაა“, როცა, როგორც პრემიერმა გახარიამ პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან კორუფციის გამართლებისას ბრძანა, „ვიღაცამ ვიღაცას ქართულ, ჯიგრულ პონტში რაღაც“.

გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, ადამიანი, თავისი ბუნებით, ახლომხედველი არსებაა. მის მსოფლაღქმას არა ცოდნა ან აზროვნება, არამედ მისივე, დროში უაღრესად შეზღუდული, ხედვის არეალი განსაზღვრავს. ადამიანის ემოციური მეხსიერება დროის უმცირესი მონაკვეთით შემოიფარგლება და, როგორც წესი, მოკლებულია სუბიექტურად განცდილიდან თუ ცოტა ხნის წინ მიღებული შთაბეჭდილებებიდან „გასვლის“ უნარს.

ამის ნათელი დასტურია, რომ საკმარისია ვინმე ოდიოზურმა ერთი „საჩვენო“ სიტყვა თქვას, უმალ „ჩვენიანი“ ხდება. მაშინვე ვივიწყებთ მის წარსულს, რომელიც, ამასთანავე, კრიტიკულ სიტუაციებში მისი მომავალი საქციელისა და სანდოობის უტყუარი ინდიკატორია.

საქართველოს მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილის მეხსიერების მაქსიმალური არეალი 2-3 წელია, ხოლო განსაკუთრებით გონიერი და მოაზროვნე ადამიანებისა - 20-30 წელი. 7-8 წლის წინანდელი მოვლენები უმეტესობისთვის უკვე შორეული ისტორიაა, ხოლო რაც 1991 წელს მოხდა, ფაქტობრივად, არც არსებულა. მათთვის ის დრო და მოვლენები ისეთივე ირეალური და არააქტუალურია, როგორც რომელიმე მითი ან ზღაპარი.

დიახ, ქართველი გულმავიწყი არსებაა. არადა, კარგი მეხსიერება საქმის ნახევარია. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკაში ასეა.

ჭკვიანი მტერი ყოველთვის ცდილობს მეხსიერება დაგვიბინდოს, გმირები და იდეალები მიითვისოს ან მათ იდეურ მემკვიდრეობაზე ექსკლუზივი მოიპოვოს და მენტალურად გაგვრყვნას. ასე იქცა რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია „მიერთებად“, წითელი რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია კი - „გასაბჭოებად“. ასე დაკარგეს აზრი სიტყვებმა „იმედი“, „ღირსება“, „სამართლიანობა“ და „ოცნება“.

ოცნების ხსენებამ მოიტანა და, მოდით, დავსვათ 2020 წლის შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნების საკვანძო კითხვა:

 

რა უნდა ივანიშვილს?

ოპონენტი რომ პოლიტიკურ ან დიპლომატიურ ბრძოლაში დავამარცხოთ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ მისი მიზანი, ანუ რა უნდა მას. სხვანაირად, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ის, რაც ერთი შეხედვით დავის საგანს წარმოადგენს, მოწინააღმდეგისთვის მეორეხარისხოვანი ყოფილა და ის მაშინაც გამარჯვებული გამოვიდეს ორთაბრძოლიდან, როცა თავი წარმატებული გვგონია.

მოწინააღმდეგის მიზნების ცოდნა ორმაგად რელევანტურია იქ, სადაც ბიზნესსა და პოლიტიკაში ოლიგარქიული თამაშის წესები მოქმედებს. პოსტსაბჭოთა ოლიგარქიის თავისებურებებზე ბევრი თქმულა, მაგრამ ვიტყვი იმას, რასაც ბევრი გრძნობს, თუმცა არავინ (ან ვერავინ) ამბობს... მაგალითით დავიწყებ:

წლების წინ, როგორც ადვოკატს, ერთ ოლიგარქთან მომიწია მოლაპარაკებების წარმოება. ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო კორპორაციას წარმოვადგენდი და მოლაპარაკებებს ამ კორპორაციის ბრიტანელ ხელმძღვანელთან ერთად ვაწარმოებდი. მოწინააღმდეგე მხარე გვთავაზობდა, ჩემი კომპანია თქვენს ინტერესებსაც გაატარებსო. როცა განცვიფრება შეგვატყო, გაეღიმა: ნუ ღელავთ, რუსეთში ეს აპრობირებული პრაქტიკაა, მე შემიძლია ერთდროულად ვაკონტროლებდე კონკურენტი ავტო- ან თამბაქოს მწარმოებლების დისტრიბუტორებს და ეს კომპანიები ერთმანეთთან ჩვეულებრივ კომერციულ კონკურენციაში იყვნენ. უბრალოდ, სისტემის სათავეში მე ვარ, ჭეშმარიტი კონკურენცია კი ისევ ჩემს ინტერესშია, რადგან ჩემი მოგება არ იცვლებაო.

ის ოლიგარქი დღეს ცოცხალი აღარ არის. სამაგიეროდ, გვყავს სხვა, რომელიც იმავე თამაშის წესებით ასპარეზობს, ოღონდ პოლიტიკაში. ის ცდილობს კონტროლი მოიპოვოს დაპირისპირებულ პოლიტიკის მუშაკებსა თუ ინტერესჯგუფებზე და თავისუფალ კონკურენციაში გაუშვას ისინი. ცდილობს და, ხშირად, ახერხებს კიდეც. როგორც ხელისუფლების ერთ-ერთმა იდეოლოგმა ამას წინათ განაცხადა, ივანიშვილი ყველგან და ყველაფერშია. ვინ იტყვის, რომ ის არ არის ოპოზიციაშიც? მით უმეტეს, ოლიგარქიული თამაშის წესების პირობებში. ამის შემხედვარე, ერთი პატრიოტი ცოტა ხნის წინ წერდა: „ჩვენ შორის, ტელეეკრანებთან, არის ერთი ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსების მონოლოგებს, პოლემიკას თუ საქციელს ერთი შეხედვით უცნაური ფოკუსით და, დაახლოებით, ამგვარი შინაგანი ხმით აკვირდება: ვითომ რა ღირს ახლა ეს და რამდენად აფასებს თავს?“

...26 მაისს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, განაცხადა, რომ ივანიშვილის ერთადერთი მიზანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში არჩამოშვებაა, რომელსაც ის, ამ ეტაპზე, თავისი შეუზღუდავი ძალაუფლების ერთადერთ რეალურ საფრთხედ მოიაზრებს. თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ და მედიასპექტრს ამ მიზნის პრიზმაში შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ პოლიტიკური ფრონტის ხაზი სულ სხვაგანაა, ვიდრე გვეგონა, ხოლო ფორმულაში „ყველა ერთის წინააღმდეგ“, ის „ერთი“ სულაც არ არის ივანიშვილი (მართლაც, პოლიტიკის ან მედიის რომელი მუშაკი არ არის ოლიგარქის მოკავშირე მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ მიზანში?).

„კი მაგრამ, სააკაშვილის ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ოპოზიცია არჩევნებს მოიგებს?“ - მკითხა ერთმა დიპლომატმა რამდენიმე წლის წინ, როცა პოლიტიკურ დევნაზე საუბარი ენმ-ის ბევრ ლიდერსაც კი „ეგოიმებოდა“ და პირადი რეპუტაციისთვის დამაზიანებლად მიაჩნდა. - არა, რა თქმა უნდა, ამას არ ნიშნავს, ვუპასუხე, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ყველა პოლიტიკური ფიგურა სათამაშო დაფაზე იქნება და ამომრჩეველსაც მიეცემა თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. თქვენი მიზანი ხომ დემოკრატიული საქართველოა და არა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის გამარჯვება-მეთქი?

ივანიშვილი რაციონალური არსებაა, რასაც მისი მმართველობის 8 წელი და ცივსისხლიანი გადაწყვეტილებების მთელი კასკადი მოწმობს. მისი ყოველი ნაბიჯი კარგად არის გათვლილი. მან დაიჭირა ან ქვეყნიდან გააძევა უკლებლივ ყველა, ვინც უნდოდა. გადალახა ყველა „წითელი ხაზი“ და დაგვანახა, რომ მისთვის წითელი ხაზები არ არსებობს. შესაბამისად, თუ რომელიმე წითელი ხაზი არ გადაულახავს, ე.ი., არც სდომებია. ლანძღვის და ეპატაჟის მას არ ეშინია (მით უმეტეს, დისკრედიტირებული ან არაელექტორალური პერსონაჟებისგან). პირიქით - რაც უფრო მეტი უსაფრთხო კრიტიკოსია მოკლე საბელზე აშვებული, მით უფრო ხასხასა ფოთლებით იმოსება მითი გასაოცარი დემოკრატიის შესახებ, რომელსაც ყველა ფორმალური ატრიბუტი ადგილზე აქვს.

ივანიშვილის ნარატივისთვის საკვანძოა დემოკრატიული შლეიფი, რომელსაც მას უქმნიან არა „აჯანყებული მაჟორიტარები“ - არა, ისინი მეტისმეტად კომიკურად ასრულებენ ოპოზიციის როლს - არამედ ისინი, ვინც ხშირად ყველაზე დამაჯერებლად ქმნიან ბრძოლის ილუზიას, მაგრამ, ამასთანავე, ჰარმონიულად ეწერებიან ივანიშვილის ოლიგარქიული კონკურენციის სისტემაში. ისინი, ვინც თავისი საქმიანობით ადასტურებენ, რომ, არსებითად, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, რადგან ოპოზიციამ შეიძლება მოითხოვოს და მიიღოს დამოუკიდებელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, მოიგოს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, აიძულოს ოლიგარქი ანგარიში გაუწიოს ვიღაცის სოციალურ კაპიტალს და ა.შ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ დასავლეთს, რეალურად, ორი მოკლევადიანი მიზანი აქვს - ივანიშვილის უმტკივნეულო „ჩაჩოჩება“ ამორფული კოალიციის მიერ, რომელიც ყველას („იმ ერთის“ გარდა) სისტემის შიგნით მოუყრის თავს და ის, რომ ამ პროცესს ფორმალურად მაინც ერქვას „დემოკრატიული“ - საშემოდგომოდ პოლიტიკის მუშაკთათვის ნანატრი სასუფევლის კონტურები იკვეთება.

როგორც ჩანს, ისევ ამომრჩევლის ხარჯზე.

 

არც ეიფორია, არც - დანებება

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ გამოსავალი სადაა?

სანამ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ, ალბათ, სხვა კითხვა უნდა დავსვათ: რა უფრო კეთილსინდისიერია - ცრუ მოლოდინების შექმნა, რასაც მუდმივი იმედგაცრუება მოსდევს, თუ ადამიანებისთვის რეალობის დანახვება? კეთილშობილი მოტივით ნაკარნახევი ტყუილი, თუ მწარე სიმართლე, რომელიც ანალიზისა და გადაჯგუფების შანსს იძლევა? თუ მეორე, მაშინ გამოვუტყდეთ საკუთარ თავს (ბოდიშის მოხდით ბანალური ფორმულირებისთვის), რომ ეს გზა ტაძრამდე არ მიგვიყვანს.

პოლიტიკა ბინძური საქმეაო, გვარწმუნებენ ისინი, ვინც ამ გზით პოლიტიკის მუშაკების კოლექტიურ ინტერესს წესიერი მოქალაქეებისგან იცავს. სინამდვილეში, პოლიტიკა ისეთია, როგორიც მასში ჩართული ადამიანები - არიან ისეთები, ვინც თავს წირავს, რომ ქვეყანა გადაარჩინოს და ისეთებიც, ვინც ქვეყანას წირავს, რომ თავი გადაირჩინოს. გამოსავალი რიგითი, კანონმორჩილი მოქალაქეების როლის რადიკალური გაზრდაა, რომ ვიდრე ახალი პოლიტიკური კლასი ჩამოყალიბდება, პოლიტიკის მუშაკები ძლიერ მოქალაქეთა ნებასურვილის მძევლებად იქცნენ.

ამ მხრივ, გამოცდილება არასახარბიელო გვაქვს. ისტორია გვიჩვენებს, რომ აფექტური და ზარმაცი მოქალაქეები ვართ. სწორედ ამიტომ, ჩვენს ყველა მარცხს საფუძველი ეიფორიულ ნიადაგზე ჩაეყარა: დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, მოვდუნდით და რუსეთის მიერ ინსპირირებულ ძმათამკვლელ ომებსა და კრიმინალურ ქაოსში გადავეშვით. 12 წლის შემდეგ, რევოლუციის ტალღაზე, საქმე დასრულებულად ჩავთვალეთ და პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ერთი ძალა დავტოვეთ, რამაც მრავალ თვალსაჩინო წარმატებასთან ერთად რამდენიმე სავალალო უკუშედეგიც გამოიღო (სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ვარდების რევოლუციის აქტიური მომხრე ვიყავი, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა ვინმე ქელეხსაშვილს მივეცი. ერთადერთი მიზეზით - ახალ ხელისუფლებას შეუზღუდავი მანდატი არ მიეღო, რაც მაინც მოხდა).

რიგითი მოქალაქისთვის გაკვეთილი ისაა, რომ პოლიტიკა არასდროს სრულდება: არც დამოუკიდებლობის მოპოვებით, არც სახალხო რევოლუციის წარმატებითა და არც არჩევნებში გამარჯვებით. პოლიტიკა მუდმივი პროცესია, რომელიც ჩვენთან თავისით მოდის, რაც უნდა დავემალოთ მას. ასე რომ... არც ეიფორია, არც - დანებება. როგორც ბრბოს მიერ კვარცხლბეკებზე შებღალული უინსტონ ჩერჩილი იტყოდა:

„არც ერთი წარმატება არ არის საბოლოო და არც ერთი მარცხი არ არის ფატალური. გამოსავალი გამბედაობაშია, რომელიც ბრძოლას მუდმივად გვაგრძელებინებს“.

რადიო "თავისუფლება"
30.06.2020