18. 03. 2021
მარიამ გერსამია

მიეცით ხალხს პური და ... სერიალი

პანდემიისას სერიალებს ჩავუჯექი. მანამდე სერიალებისთვის უბრალოდ, არ მეცალა. დავიწყე „სამეფო კარის თამაშებით“ და პროფესიული ინტერესის გამო, ისევ Netflix-ის „შავ სარკესთან“ მივედი, სადაც მედიის და ტექნოლოგიების გამაოგნებელი ზეგავლენაა მხატვრულად გაცოცხლებული. რამდენიმე სერიის ყურებისას ეჭვიც კი გამიჩნდა, რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ეპიზოდები სულაც არაა მოგონილი ისტორიები, არამედ კავშირშია ჩვენს ყოველდღიურობასთან და „შავი სარკეში“ ჩვენი აწმყო თუ არა, მომავალი ნამდვილად ჩანს.

რამდენიმე სერიალის ყურებამ ღამე გამათენებინა. ეს სწორედ ისაა, რაზეც კურტ ლევინი „ველის თეორიაში“ საუბრობს. თურმე, შეუსრულებელ და დაუსრულებელ მოქმედებას ადამიანის გონებაში აქვს თავისი დაძაბულობის მუხტი, და სანამ ის არ შესრულდება (ანუ, სანამ ამბავი/ეპიზოდი არ დასრულდება), იგი ჩვენში კოგნიტურ დისონანსსაც კი იწვევს. სწორედ დისკომფორტის შეგრძნება და ჰარმონიის მოთხოვნილება გვაიძულებს, ყოველ ჯერზე დავუბრუნდეთ კომპიუტერულ თამაშს ან სერიალს. თუ სერიალის ეპიზოდი საინტერესო ადგილას წყდება, ეს კიდევ უფრო გვიბიძგებს მივეჯაჭვოთ ეკრანს.

თანდათან აღმოვაჩინე, რომ სერიალების ყურება სასარგებლოა. ის არა მარტო გვართობს და გვეხმარება დროის გაყვანაში, არამედ ჩვენს ემოციებთან გვაკავშირებს და ჩვენს „ჩრდილებთან“ გვალაპარაკებს. სერიალი არაა ფრაგმენტული კონტაქტი პერსონაჟთან და, რადგანაც ეს ურთიერთობა დიდხანს (ხანდახან წლობითაც) გრძელდება, ემოციური კონტაქტის ფენომენიც განსხვავებულია. პანდემიის პერიოდში სერიალის სცენარისტებმა ყველაზე მეტად პერსონაჟებთან ჩემი დამოკიდებულების კონტრასტით გამაოცეს: ერთ სერიაში  გმირის ჯერ შეყვარება და მერე, გადაყვარება მოვასწარი. ბოლოს მივხვდი, რომ სერიალებში, ყოველ ჯერზე ახლობელ პერსონაჟებს ვეძებდი და ვპოულობდი კიდეც. სერიალები მიტოვებდა ემოციებს, რომლებიც შეუძლებელი იყო ტელევიზორის გამორთვისთანავე გამქრალიყო…

სელებრითები ეკრანზე, სელებრითები ქუჩაში

იცოდით, რომ სერიალ „ექიმი ჰაუსის“ პერსონაჟის როლის შემსრულებელს, ჰიუ ლორის წლების მანძილზე მისდიოდა თაყვანისმცემლების წერილები, სამედიცინო ისტორიების ასლებთან ერთად. სერიალის თაყვანისმცემლები გენიალური ექიმის როლის შემსრულებელს სამედიცინო დიაგნოზის გადამოწმებას და რეცეპტების გამოწერას სთხოვდნენ. მოგვიანებით დაასკვნეს, რომ ამ სერიალმა (სამედიცინო თემატიკის სხვა საპნის ოპერებთან ერთად) ძალიან დიდი როლი შეასრულა რეალურ ცხოვრებაში ჯანდაცვის  სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

წერილების ადრესატის პოპულარობაში სანტა-კლაუსს ვერავინ აჯობებს. მილიონობით ბავშვისთვის ის რეალური ადამიანია. თუმცა სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე, როცა ზრდასრული ადამიანი (რომელსაც ფანტაზიის და რეალობის გარჩევის უნარი აქვს) გამოგონილი პერსონაჟის თვისებებს რეალურ ადამიანს, მსახიობს მიაწერს და მასთან ურთიერთობისას წინასწარ ჩამოყალიბებული მოლოდინებიც აქვს.  თურმე ამაში უცნაური არაფერია. ჯაილსის განმარტებით, ეს ფენომენი პარა-სოციალური ინტერაქციაა და ჩნდება მაშინ, როცა ჩვენ მედიაში გამოგონილ პერსონაჟებზე ჩვენდაუნებურად ვრეაგირებთ ისე, თითქოს ისინი რეალური პიროვნებები იყვნენ. კაუჰი ამ ფენომენს  „წარმოსახვით სოციალურ ურთიერთობებს“ ეძახის, რომელიც, მისი განმარტებით,  ჯერ სურვილს აჩენს და მერე მცდელობებს  – რეალურ ცხოვრებაში შეხვდე პერსონაჟებს.

ტვინის არჩევანი

ნეგატიური გმირის თამაში ან არასწორად მოქცევა სერიალში მსახიობისთვის ერთი შარია. მახსენდება ათასობით კომენტარები ფეისბუქის გვერდზე “ჩემი ცოლის დაქალებში” (მაგალითად ზაზას და ქეთის ოჯახში ღალატის ეპიზოდზე), როცა მსახიობები ადასტურებდნენ, რომ ქუჩაშიც და სოცქსელებშიც ადამიანები კიცხავდნენ ან აქებდნენ არა მათ პერსონაჟებს, არამედ მსახიობებს, რომლებსაც პერსონაჟის თვისებებს და ცხოვრებას მიაწერდნენ.

სინამდვილეში, რაც უფრო მეტად გვაგონებს სერიალების გმირების ცხოვრება ჩვენსას, მით უფრო  ძლიერდება სურვილი,  რეალურ სამყაროში პერსონაჟებს გამოველაპარაკოთ. ჩვენ ვეძებთ „ნაცნობ“ პერსონაჟებს. წარმოიდგინეთ, რა ემართება თქვენს ტვინს, როცა გამოგონილ პერსონაჟს (ამ შემთხვევაში მსახიობს) ქუჩაში ხვდება. როგორ უნდა აღიქვას იგი? რა თვისებები უნდა მიაწეროს? ვინ არის ადამიანი, რომელსაც ხედავს: პერსონაჟი, რომელსაც კარგად იცნობს, თუ მსახიობი, რომლის ხასიათსაც შეიძლება არაფერი ჰქონდეს საერთო ნაცნობ პერსონაჟთან? გაგიკვირდებათ და, ტვინი არჩევანს მისთვის ნაცნობ პატერნზე აკეთებს და ცდილობს, ინტერაქცია საყვარელ ან საძულველ მედიაპერსონაჟთან წარმართოს.  რომელიმე სერიალის ან ფილმის პერსონაჟთან მოულოდნელი შეხვედრის შემდეგ, თქვენ შეიძლება თამამად გამოელაპარაკოთ მსახიობს და ნებისმიერი მცდელობა მსახიობის მხრიდან შეგახსენოთ, რომ ის, უბრალოდ, არ აგებს პასუხს თავისი პერსონაჟის ქცევაზე, ხასიათზე ან ეპიზოდზე  – თქვენი ტვინის მიერ უკუგდებული იქნება.

რა სარგებლობა მოაქვს პარა-სოციალურ ურთიერთობებს?

სერიალების გმირები და მსახიობები – ჩვენი წარმოსახვითი „მეგობრები“ ხდებიან. მათ შესახებ ჭორებსაც დიდი ენთუზიაზმით ვეცნობით: ვიცით მათი პირადი ცხოვრების დეტალები, ვიცნობთ მათ ოჯახის წევრებს, ბიოგრაფიას, სამომავლო გეგმებს. მაგრამ როგორც კი ამ ადამიანებს ქუჩაში ვხედავთ, ჩვენ გვგონია, რომ მათაც ყველაფერი იციან ჩვენზე და ახლა,  როგორც თავისი მეგობრები – ისე უნდა მიგვიღონ. მათაც უნდა მოიკითხონ ჩვენი შვილები, ოჯახი… ტვინს უჩნდება წარმოსახვითი ურთიერთობის ილუზია, სადაც სელებრითიც გვიცნობს, ახლობლად მიგვიჩნევს და იცის ჩვენი ემოციების შესახებ. ეს აჩენს ემპათიას და მოთხოვნილებას, რომ შედგეს ძალიან ახლობლური საუბარი და ურთიერთობა, რომელიც თაყვანისმცემლისთვის ბუნებრივი მოცემულობაა.

იგივე ფენომენს ვხედავთ, როცა საქმე თინეიჯერებს ეხებათ. თუ თქვენ გვერდით მოზარდია და ის რომელიმე პერსონაჟის გულმხურვალე თაყვანისმცემლად გადაიქცა, თუ ის უახლოეს მეგობრად მიიჩნევს მას, ვინც რეალურ ცხოვრებაში არასოდეს უნახავს, იცოდეთ, რომ ეს მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის დადებითი ეფექტის მომტანიც შეიძლება იყოს. ამ დროს, მასში შეიძლება განვითარდეს ემპათია და გაჩნდეს მშობლიური განცდები იმ კუმირის მიმართ, რომელმაც შეიძლება ბუნებრივად ჩაანაცვლა „მშობლების ავტორიტეტული“ ხატ-სახეები. მშობლებთან სეპარაცია და ემოციური დეფიციტი შეიძლება დროებით სწორედ პარა-სოციალური ურთიერთობებით შეივსოს და ამის გაკეთება გამოგონილი პერსონაჟებით ან კუმირებით უფრო იოლია.

და ბოლოს, გართობა ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებად რჩება და  მედიას ჩვენ გამოვიყენებთ მანამ, სანამ არ დავიკმაყოფილებთ ჩვენს ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს. „მიეცით ხალხს პური და სანახაობა “ – ამბობდა რომის პირველი იმპერტორი ოქტავიანე ავგუსტუსი. ახლა, შეგიძლიათ უბრალოდ სერიალებს ჩაუჯდეთ იმიტომ, რომ უკვე პურიც (წარმოსახვითი საბაზისო საკვებიც) აქაა, ემპათიაც, კათარზისიც, საკუთარი თავის შეცნობაც და რაც მთავარია – დაუსრულებელი სანახაობაც, რომელიც ყველაზე შოკისმომგვრელად მაინც Netflix-ის „შავი სარკიდან“ გვიყურებს. და გვიყურებს, ჩვენივე თვალებით.