26. 05. 2021
იულონ გაგოშიძე

ზვიად გამსახურდია და საქართველოს ეთნიკურად ოსი მოქალაქეები

ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდება, რომელსაც საქართველოს ვაი-კეთილისმყოფელნი უყენებდნენ საქართველოს პირველ პრეზიდენტს, არის ნაციონალიზმი და ქვეყანაში ეთნოკონფლიქტების გაღვივება, როგორც შედეგი ამ ნაციონალიზმისა. ვეცდები გიჩვენოთ, რომ ეს ცილისწამებაა, შეთხზული და შემოგდებული იმავე ძალების მიერ, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს ეთნოკონფლიქტები საქართველოში.

ამჟამად შევეხები მხოლოდ ოსების საკითხს და მოგახსენებთ მარტოდენ ფაქტებს, რომელთაც პირადად შევესწარი, და ვისაუბრებ მოვლენებზე, რომელთა მონაწილე გავხდი.

ჩემი, როგორც არქეოლოგის, სამეცნიერო ინტერესები უკავშირდება, ძირითადად, შიდა ქართლს და, შესაბამისად, ცხინვალის რეგიონსაც. 1960 წლიდან მოყოლებული, როცა პირველად ავედი ახალგორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე წელი არ ჩამიგდია, რომ ერთხელ მაინც იქაურობა არ მომენახულებინა. ქსნის, ლიახვის და ფრონის ხეობების სოფლები ფეხით მაქვს დავლილი და მე ერთადერთი ქართველი არქეოლოგი ვარ, რომელმაც იქ არქეოლოგიური სამუშაოები განახორციელა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ცხადია, კონტაქტი მქონდა როგორც კოლეგებთან, ისე მცხოვრებლებთან, ეთნიკურ ოსებთან. 

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა და ქართულ-ოსური კონფლიქტი რეალურად დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ზვიად გამსახურდია მოვიდოდა ხელისუფლებაში. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ჩრდილოეთ ოსეთთან, ე.ი. რუსეთთან, შეერთების შესახებ პირველი საჯარო განცხადება გახმოვანდა ოსური სახალხო ფრონტის, „ადამონ ნიხასის“, პირველივე მიტინგზე, რომელსაც მეც დავესწარი ცხინვალის სტადიონზე. მალე სისხლიც დაიღვარა.

მცხეთის რაიონი უშუალოდ ესაზღვრებოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიას და აქ ეთნიკური ქართველების გვერდით ოსებიც ცხოვრობენ, მათ შორის კომპაქტურადაც. ამდენად, მოსალოდნელი იყო, რომ აქ ისეთივე ანტიოსური ისტერია ატეხილიყო, როგორიც ატყდა, მაგალითად, ქარელის რაიონში, სადაც ოსებით დასახლებული სოფლები თითქმის მთლიანად დაცარიელდა. მაგრამ ასე არ მოხდა მცხეთაში და არ მოხდა იმიტომ, რომ ძალადობის არც ერთი ფაქტი არ დარჩენილა მყისიერი რეაგირების გარეშე. დესტრუქციული ძალები მცხეთის რაიონში ისევე აქტიურად მუშაობდნენ, როგორც სხვაგან, მაგრამ მცხეთის პრეფექტს მათთან გამკლავების საშუალება მქონდა იმიტომ, რომ მხარში მედგა პირადად ზვიად გამსახურდია, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი.

1991 წლის თებერვლის დასაწყისში საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ (ზვიად გამსახურდია ჯერ პრეზიდენტად არ იყო არჩეული) დამიბარა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი და, ჩემდა გასაოცრად, შემომთავაზა მცხეთის პრეფექტობა. ზვიად გამსახურდიამ დამარწმუნა, რომ ეს საჭირო იყო საქართველოსათვის და მეც დავთანხმდი, მხოლოდ ერთი პირობით – ვთხოვე, რომ ჩვენ შორის არასდროს ჩამდგარიყო მესამე პირი. ეს შეთანხმება არც ერთხელ არ დარღვეულა. 

პრეფექტად დავინიშნე 1991 წლის 22 თებერვალს, ასე რომ, რეფერენდუმის ჩატარება მცხეთის რაიონში მე მომიხდა. ოსებით დასახლებულ სოფლებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მოსახლეობის თითქმის ასმა პროცენტმა მისცა ხმა და ოსებზე ძალადობის პირველი ფაქტიც ამ დღეს მოხდა. ღამის 11 საათზე შემატყობინეს, რომ ოსებით დასახლებულ პატარა სოფელ შანკევანში ასულა რამდენიმე გვარდიელი, მანქანები წაურთმევიათ სოფლელებისთვის და უთქვამთ, რომ ორშაბათს ამოვიდოდნენ და სოფელი დაცლილი უნდა დახვედროდათ.  მე დაუყოვნებლივ შევატყობინე ეს ამბავი ზვიად გამსახურდიას. ზვიად გამსახურდიამ დაიბარა თენგიზ კიტოვანი და უბრძანა, მეორე დილასვე დაებრუნებინათ გატაცებული მანქანები სოფლელებისთვის და ბოდიში მოეხადათ მათთვის. კიტოვანი შემდგომში მსაყვედურობდა, მანქანები წამართვიო. 

ინცინდენტები გამწვავდა და გახშირდა აპრილიდან. აპრილში სახალხო ფრონტის გასამხედროებული ორგანიზაციის - "იმედის" ორი წევრი, მცხეთის რაიონის სოფელ მუხათგვერდის მკვიდრი, მიადგა ავჭალაში მცხოვრებ ხანში შესულ ცოლ-ქმარს, ეთნიკურ ოსებს და ბინის დაუყონებლივ დაცლა მოსთხოვა. ცოლ-ქმარმა პრეფექტურაში მომაკითხა და შემომჩივლა. ეს ამბავი შევატყობინე ნოდარ ნათაძესაც, მაგრამ მაინც პოლიციის ჩარევა დაგვჭირდა და მოხუცები თავიანთ ბინაში დარჩნენ. 

იმავე პერიოდში საშინელი შემთხვევა მოხდა დიღომში – რამდენიმე კრიმინალი შეიჭრა სოფლის ერთადერთ ოსურ ოჯახში, ოჯახის უფროსი შეკრეს და მის თვალწინ ცოლი და ქალიშვილი გააუპატიურეს. დამნაშავეები, რომელთა ვინაობა მთელმა სოფელმა იცოდა, მოგვიანებით დააპატიმრეს.

პოლიციის დახმარებით, მოვახერხეთ მცხეთის რაიონში ყველაზე მასშტაბური კონფლიქტის აცილება – მუხრანში შეიკრიბა შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც აპირებდა ოსებით დასახლებული სოფლის, გოროვნის, აწიოკებას. გოროვნელებსაც შეატყობინეს ეს ამბავი და ისინიც შეიარაღებულები ელოდნენ მომხვდურებს.

მაისში, როდესაც ვემზადებოდით საპრეზიდენტო არჩევნებისათვის, ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა ქალი და დახმარება მთხოვა. მისი ქმარი მეგობართან ერთად დილას ჩასულა გზისპირა რესტორანში. ცოტა ხანში იქ რამდენიმე მამაკაცი შევიდა, რომლებიც ოსურად ლაპარაკობდნენ და ეს ორი ბიჭიც აიყოლიეს ხელისუფლების გინებაში. შემდეგ მომჩივანი ქალის ქმარი დააკავეს, მეორე კი გაუშვეს იმ პირობით, რომ მეორე დღეს 5000 დოლარი უნდა მიეტანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებულის მოკვლით დაემუქრნენ. 

დაუყოვნებლივ ვაცნობე ეს ამბავი ზვიად გამსახურდიას. მისი დავალებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახორციელა სპეცოპერაცია და ფულის გადაცემის მომენტში დააკავა ხუთივე დამნაშავე. დამნაშავეები აღმოჩნდნენ ზნაურის რაიონიდან დევნილი ქართველები. მცხეთაში იმ დროს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან დევნილი სამასზე მეტი პირი იყო. მათ დემონსტრაცია მოაწყვეს პრეფექტურასთან და მოითხოვდნენ დაპატიმრებულების დაუყოვნებლივ განთავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების ჩაშლით იმუქრებოდნენ. მე შევხვდი ბრალდებულებს წინასწარი დაკავების საკანში და ვესაუბრე. ნანობდნენ დანაშაულს, მაგრამ პირად საუბარში ისიც მითხრეს, რომ ეს "მაჩაბლის საზოგადოების" დავალებით გააკეთეს და აღებული ფულით იარაღი უნდა შეეძინათ. საუბრიდან გავიგე, რომ ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაასახელებდნენ გამომძიებლებთან იმათ სახელებს, ვისგანაც დავალება მიიღეს. 

საპროტესტო აქციები მცხეთაში გრძელდებოდა და სულ უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებდა. ავედი ზვიად გამსახურდიასთან. ავუხსენი, რომ ეს ბიჭები სხვის დავალებას ასრულებდნენ, მაგრამ დამკვეთების სახელებს არ დაასახელებდნენ და ვთხოვე მათი განთავისუფლება. უარი მივიღე. უზენაეს საბჭოში ახლად გამკაცრებული იყო კანონი გამტაცებლების წინააღმდეგ და მითხრა, რომ დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დასჯილიყვნენ.

ქართულ-ოსურ კონფლიქტთან შეხება ქარელის რაიონშიც მქონდა, სადაც პრეფექტად ჩემი ახლობელი იყო. მიუხედავად ამისა, ვერ შევძელით დაგვეცვა, მაგალითად, ჩემი ახალგაზრდა კოლეგისა და უმცროსი მეგობრის, სოსო მარგიშვილის, ოჯახი, რომელიც იძულებული გახდა, ქარელიდან სოჭში გადასახლებულიყო. ოსებით დასახლებული სოფლები კი თითქმის მთლიანად დაიცალა.

1991 წლის მარტში ზვიად გამსახურდიამ დამნიშნა გვარებისა და ეროვნების საპასპორტო ჩანაწერის შეცვლის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარედ. კომისია მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში და ჩემი მოადგილე იყო ნინო მასხულია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე. ზვიად გამსახურდიას მიაჩნდა, რომ ეთნიკური კუთვნილება პასპორტში არ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი, მხოლოდ მოქალაქეობა. მაგრამ 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგაც კი, საბჭოთა კავშირის კანონები და პასპორტი მოქმედებდა. ეროვნების ჩანაწერის შეცვლა კი საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში მკაცრად იკრძალებოდა. ეთნიკური პროცესები გვიჩვენებს, რომ ეთნიკური კუთვნილება არც ისეთი მყარი ერთეულია და მარტო გენეტიკასთან არ არის დაკავშირებული. 

შერეული ქორწინებები და ხანგრძლივი თანაცხოვრება, ინტეგრაციული პროცესები, იწვევს ეთნიკური კუთვნილების ცვლილებას. საქართველოში უამრავი ისეთი პირი ცხოვრობდა, რომლებიც თავიანთ თავს პასპორტში ჩანაწერისაგან განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის კუთვნილად მიიჩნევდნენ. ასე იყო ოსებს შორისაც. ლიახვის ხეობის სოფლებში ბევრი ისეთი კაცი ცხოვრობდა, რომლებსაც პასპორტში ოსი ეწერათ, რეალურად კი ქართველები იყვნენ. ასეთი პირები ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების დროს ფრიად უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. კომისიას ევალებოდა ამგვარ პირთა საქმეების განხილვა და ჩვენი დადებითი დასკვნის შემდეგ შეიძლებოდა პასპორტში ჩანაწერის შეცვლა.

აპრილის დასაწყისში ზვიად გამსახურდიამ დამიბარა და მთხოვა, დროებით შემეჩერებინა იმათი საქმეები, რომელთაც პასპორტში ოსი ეწერათ და ისიც მთხოვა, რომ ეს საუბარი ჩვენ შორის დარჩენილიყო. მითხრა, რომ მაისში აპირებდა პლებისციტის ჩატარებას საქართველოში მცხოვრებ ოსებს შორის: უნდოდათ თუ არა მათ საქართველოს დამოუკიდებლობა. პლებისციტში მონაწილეობას მიიღებდა ის, ვისაც პასპორტში ჰქონდა ჩანაწერი - ოსი. პლებისციტში ზვიად გამსახურდიას გამარჯვება უზრუნველყოფილი ექნებოდა. საქართველოში სულ ცხოვრობდა 160 000 ოსი (ე.ი. ის, ვასაც პასპორტში ეწერა ოსი). სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სულ 60 000 კაცი ცხოვრობდა, დანარჩენ საქართველოში კი - 100 000. 

კომისიაში იმ დროს, როგორც მახსოვს, 16 ათასამდე ოსის განცხადება იდო განსახილველად. მათი ჩანაწერები რომ გადაგვეკეთებინა, ეს რიცხვი მოაკლდებოდა საქართველოს თავისუფლების მომხრე ოსების რაოდენობას. 

ზვიად გამსახურდიას ამ დავალების შესახებ მე არავისთვის მითქვამს, მაგრამ ცნობამ საიდანღაც მაინც გაჟონა და მთელ საქართველოში თითქმის ერთდროულად დაიწყო ოსების დაწიოკება. კრიმინალები შეძლებულ ოჯახებს შეესივნენ. აქტიურობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების სახელითაც. მაგალითად, მცხეთასა და ქარელში ასეთი იყო "სახალხო ფრონტი", "მაჩაბლის საზოგადოება" და "ჰელსინკის კავშირიც" კი: საბჭოთა უშიშროება თავისი წარმომადგენლის გარეშე არ ტოვებდა არც ერთ ასეთ ორგანიზაციას (1992 წლის 6 იანვარს ჩემი – პრეფექტის სავარძელი ავტომატის ჯერით დაცხრილა დიღმელმა მიჭელაშვილმა, რომელიც არჩევნების დროს ზვიად გამსახურდიას ნდობით აღჭურვილი პირი იყო და თბილისის ომის დროს თავისუფლად შემოდიოდა უზენაესი საბჭოს ალყაშემორტყმულ შენობაში). 

მაისში შავი საქმე დასრულებული იყო. პლებისციტი ვეღარ ჩატარდა. 

1991 წლის დეკემბერში დამირეკა ჩრდილოეთ ოსეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ჩრდილოეთ ოსეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ცაბოლოვმა, პროფესიით ისტორიკოსმა, რომლისთვისაც ჩემი ნომერი მიუცია მოსკოველ არქეოლოგ ვერა კოვალევსკაიას. ცაბოლოვი მთხოვდა შეხვედრას ქართულ-ოსური კონფლიქტის თაობაზე. პრეზიდენტისგან ავიღე ნებართვა და ცაბოლოვს შევთავაზე შეხვედრა ყაზბეგში. 10 დეკემბერს ავედი სტეფანწმინდაში პრეფექტ მირიან წიკლაურთან. ცაბოლოვმა მთხოვა, გადავსულიყავი ლარსში, რაზედაც, ცხადია, დავთანხმდი. შევხვდით ლარსში, ერთ-ერთი ქართველის ოჯახში. ჩვენი შეხვედრის დროს სამხედრო გზა ლარსის ორივე მხრიდან რუსული ჯარის ნაწილებით იყო გადაკეტილი. 

ცაბოლოვი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობდა სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. ის გარანტიას იძლეოდა, რომ მოუვლიდა იმ ათიოდე ყელამდე სისხლში გასვრილ ბოევიკს, რომლებიც დარჩნენ ცხინვალში, თუკი საქართველოს ხელისუფლება, თავის მხრივ, გაუმკლავდებოდა საკუთარ ოპოზიციას და აღადგენდა სამხრეთ ოსეთში სტატუს ქუო-ს ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს (იხმარა გამოთქმა “спустить на тормозах”). 

12 დეკემბერს შეხვედრის წერილობითი ანგარიში გადავეცი პრეზიდენტს. ზვიად გამსახურდიამ მითხრა: “სამწუხაროდ, ძალიან გვიანაა, ახლა ისეთი რამ დაიწყება აქ...”. 

22 დეკემბერს მართლაც დაიწყო სისხლიანი პუტჩი.

იულონ გაგოშიძე
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი