ქართული პარტიები შიდაპარტიული დემოკრატიის ძიებაში

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ქართულ სახელმწიფოს მრავალ გამოწვევასთან უწევდა გამკლავება. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა იყო პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იცვლებოდნენ და ვითარდებოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების ფორმირებასთან თუ გარდაქმნასთან ერთად.

თანამედროვე ქართული პოლიტიკური პარტიების ისტორია ოცდაათ წელიწადზე ოდნავ მეტს ითვლის. მოქალაქეთა თვალწინ ხდებოდა მათი დაარსება, საარჩევნო პერიპეტიებში მონაწილეობა, გამარჯვება ან დამარცხება და პოლიტიკური ველიდან გაქრობა.

სწორად სტრუქტურირებული და ეფექტურად ფუნქციონირებადი პოლიტიკური პარტია არის დემოკრატიული სისტემის საბაზისო ინსტიტუტი და სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების საწინდარი. პარტიების გარეშე ვერ დაკმაყოფილდება დემოკრატიის ფუნდამენტური მოთხოვნა - კონკურენტული არჩევნების ჩატარება.

შესაბამისად, სახელმწიფოში დემოკრატიის არსებობისთვის და განვითარებისათვის აუცილებელია, რომ პოლიტიკური პარტიები ოპერირებდნენ დემოკრატიული პრინციპებით. ეს გულისხმობს, რომ პარტიებს შიგნით მიმდინარე პროცესები არის ტრანსპარანტული, პარტიის წევრები აქტიურად არიან ჩართული პარტიულ ცხოვრებაში, პარტიის შიგნით ძალაუფლება დეცენტრალიზებულია და ვალდებულებები თანაბრადაა გადანაწილებული ლიდერშიფს, შუა რგოლსა და რიგით წევრებს შორის, პარტიული პოლიტიკა ამომრჩევლის პრეფერენციებზეა ორიენტირებული, ხოლო პარტიის წევრები მუდმივ კონტაქტში არიან ამომრჩეველთან.

მაღალი ხარისხის შიდა დემოკრატია პარტიის ეფექტიანი მუშაობის ფუნდამენტია. პარტიის შიგნით დემოკრატიულად შერჩეული კანდიდატები სამომავლოდ ხდებიან სახელმწიფოში სხვა ინსტიტუტების დემოკრატიულად ფუნქციონირების წყარო. ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად დაბალანსებული პოლიტიკური პარტია, განვითარებული შიდაპარტიული დემოკრატიული ინსტრუმენტებითა და მოქმედი შიდა დემოკრატიით წარმატებით უმკლავდება მის ძირითად მოვალეობას - გამოხატავს ამომრჩეველთა კონკრეტული სეგმენტის ინტერესებს და, ასევე, ეფექტიანად ასრულებს დამაკავშირებელი ხიდის როლს ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის.

პოლიტიკის მეცნიერება იცნობს შიდაპარტიული დემოკრატიის სამ მოდელს:

პირველი ფოკუსირებულია კანდიდატების შერჩევაზე, რომელიც პარტიული სიების შესადგენად იყენებს კანდიდატების შერჩევის კონკრეტულ, ინკლუზიურ და კონკურენტულ მექანიზმს (მაგ., პრაიმერიზს). ამ მოდელის პრობლემა ისაა, რომ არ ითვალისწინებს პარტიის წევრთა ჩართულობას პოლიტიკის განსაზღვრისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში.

მეორე მოდელი ფოკუსირებულია პარტიის წევრთა პირდაპირ მონაწილეობაზე. ამ მოდელის პირობებში პარტიის წევრს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს როგორც პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე კანდიდატთა შერჩევის მიმართულებით. პარტიის წევრებს აზრს ეკითხებიან წინასწარ დადგენილ საკითხებზე ან შერჩეულ კანდიდატებზე. ზოგიერთი უცხოური პარტია იყენებს როტაციულ სქემებს კანდიდატების შერჩევისას, რათა თავიდან აიცილოს რიგით ამომრჩევლებთან დისტანცირება.

ორივე ზემოხსენებული მოდელი ქმნის პარტიული ელიტებისთვის ხელსაყრელ გარემოს, მართონ პარტია საკუთარი შეხედულებებისამებრ. ელიტა წყვეტს, რა გადაწყვეტილება მიიღოს პროგრამის ფორმირებისას ან რომელი სტრატეგია აირჩიოს არჩევნებში გამარჯვების მისაღწევად. ამავდროულად, ორივე მოდელი ამომრჩეველთან კომუნიკაციისას იყენებს პრეფერენციების აგრეგირების მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც ხდება სასურველი კანდიდატის დადგენა და ამომრჩევლისათვის პრეფერენციების თავმოყრა. აგრეგირების მიზანია, პოლიტიკური ელიტამ შეძლოს არჩევნების საბოლოო შედეგის დიდი ალბათობით პროგნოზირება.

შიდაპარტიული დემოკრატიის მესამე მოდელი გვთავაზობს დელიბერაციის ანუ განსჯის მექანიზმს ამომრჩევლის შეჯერებული მოთხოვნების დასადგენად. დელიბერაციის პროცესში პარტიის წევრებთან და ამომრჩეველთან დისკუსიის მიმდინარეობისას ხდება პრეფერენციების გაფილტვრა და მოქალაქეთათვის იმის შეთავაზება, რაც მაქსიმალურად ბევრი ამომრჩევლისათვის იქნება მისაღები. ფაქტობრივად, დელიბერაციის პროცესში ამომრჩევლები პრეფერენციებზე მსჯელობისას ახერხებენ კოლექტიური ქმედების დილემის გადალახვას და კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებას.

დელიბერაციის მოდელის წამყვანი იდეა ისაა, რომ ხედვის ფორმირება ხდება დისკუსიაში მონაწილეობით. რაც უფრო დიდია დისკუსიის მონაწილეთა რიცხვი, მით უფრო სრულყოფილია დელიბერაციის შედეგი.

ხაზგასასმელია, რომ პარტიის შიგნით დელიბერაცია მიმდინარეობს რამდენიმე დონეზე: პარტიულ ელიტასა და შუა რგოლს შორის (ესენი არიან პარტიის ის წევრები, რომლებიც ჩართულნი არიან პარტიის ყოველდღიურ ცხოვრებაში და წარმართავენ "პოლიტიკის კეთების" პროცესებს სხვადასხვა მიმართულებით); შუა რგოლსა და რიგით წევრებს შორის; დაბოლოს, რიგით წევრებსა და ამომრჩეველს შორის. ამგვარად, იქმნება დელიბერაციის რამდენიმე საკომუნიკაციო დონე. უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პარტიის წევრი უშუალოდაა კავშირში ამომრჩეველთან და პირველწყაროდან იღებს ინფორმაციას მისი პრობლემების შესახებ. გაჟღერებული საკითხები რიგითი წევრების მიერ მიტანილია შუა რგოლთან. ახლა ის იწყებს დელიბერაციის პროცესს ორივე ქვედა დონესთან. ბოლოს, დელიბერაციის შედეგი გაზიარებულია პოლიტიკურ ელიტასთან. ესაა პრეფერენციების ქვემოდან ზემოთ მოძრაობის პროცესი, რომელშიც ფიგურირებს მოქალაქის პირდაპირი ჩართულობა პარტიის პროგრამის ფორმირებაში. ანალოგიურად მიმდინარეობს მოსაზრებების გაზიარება ზემოდან ქვემოთ.

დელიბერაციის პროცესი ზრდის არამხოლოდ დემოკრატიის ხარისხს, არამედ ხელს უწყობს მსჯელობის პროცესში მოქალაქეების პოლიტიკური

ცოდნის შექმნას და განვითარებას. შესაბამისად, რთულდება მოქალაქის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა და მისით მანიპულირება წინასაარჩევნო პროცესში, რაც, თავის მხრივ, ზრდის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლისადმი.

ქართული პოლიტიკური პარტიების შიდაპარტიული დემოკრატიის კვლევისას იკვეთება რამდენიმე პრობლემა, რომელიც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია პარტიების თავზე და ხელს უშლის დემოკრატიულ ინსტიტუტად მათ ჩამოყალიბებას:

პირველი ეს არის ცენტრალიზებული, ვერტიკალურად კონტროლირებადი პარტიული სტრუქტურა. პარტიული ელიტა ყველა საკითხთან დაკავშირებით ავტონომიურად იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის, კანდიდატების შერჩევისას. მეორე - ქართულ პოლიტიკურ პარტიებში პოლიტიკის წარმართვის პროცესი საერთოდ არ დაიკვირვება არჩევნებს შორის. იდეოლოგიის შერჩევა ხდებოდა ფორმალურად და, ძალიან იშვიათ შემთხვევაშიც კი, პარტიები გამოკვეთილი იდეოლოგიით, წინასაარჩევნო პერიოდში იცვლიან იდეოლოგიურ პრინციპებს მხარდამჭერების რაოდენობის ზრდის მიზნით.

ქართული პარტიები ძირითადად არის ლიდერზე ორიენტირებული, შესაბამისად, არიან მყიფე და ერთ ადამიანზე დამოკიდებული. ამგვარი კონსტრუირების გამო, არჩევნებში წარუმატებლობისას, ხშირ შემთხვევაში ხდებოდა პარტიის გაქრობა ქართული პოლიტიკური ველიდან. პარტიის გრძელვადიანი არსებობისათვის ამომრჩევლისათვის ქმედითი პროგრამის შეთავაზებაა საჭირო. პროგრამაზე ორიენტირებული პარტია სტრუქტურულად მყარი და სტაბილურია. თუმცა ხაზგასასმელია, რომ მხოლოდ პროგრამა პარტიის წარმატების გარანტორი ვერ იქნება. ლიდერი და გამოწვევაზე ფოკუსირებული პროგრამა პოლიტიკური პარტიის წარმატების თანაწონადი კომპონენტებია.

დაკვირვება აჩვენებს, რომ ცვლილებების მიუღებლობის ერთ-ერთი წყარო თავად ამომრჩეველია: მას ურჩევნია აირჩიონ სახელი და არა პარტია. მოქალაქენი თვლიან, რომ ძლიერი ლიდერი პარტიის გამარჯვების უპირობო საწინდარია. მოქალაქეთა პარტიებისადმი ამგვარი დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი სამოქალაქო განათლების ნაკლებობაა. სწორედ პოლიტიკური ცოდნის სიმწირე აძლევს საშუალებას ქართულ პოლიტიკურ ელიტას პარტიის რიგით წევრებთან დისკუსიის გარეშე მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება. მოქალაქეებს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ პარტია არის არხი, რომლითაც ისინი უნდა ესაუბრებოდნენ ხელისუფლებას საკუთარ ინტერესებზე, პრეფერენციებსა და პრობლემებზე. პოსტ-საბჭოთა ამომრჩეველმა არ იცის, რომ პარტია მისთვის არის ქმედითი ინსტრუმენტი გავლენა მოახდინოს ხელისუფლებაზე.

არც საქართველოში მოქმედი საარჩევნო სისტემაა შიდაპარტიული დემოკრატიის ხელშემწყობი. შესაბამისად, პოლიტიკური პარტიები არ არიან მოტივირებულები, შექმნან დემოკრატიული შიდაპარტიული სტრუქტურები. რეალურად, პარტია აქტიურდება არჩევნების წინა პერიოდში, რათა გადალახოს დაწესებული ბარიერი და მიიღოს საბიუჯეტო დაფინანსება.

უმნიშვნელოვანესია პარტიების ფუნქციონირება დადგენილი ფორმალური პროცედურების შესაბამისად. მაგალითად, წინასაარჩევნოდ ფორმალური პრაქტიკაა კანდიდატების შერჩევა და მათგან გამორჩეული ლიდერის გამოყოფა. არჩევნებს შორის პერიოდში აქტიურად უნდა კეთდებოდეს პოლისები და ხდებოდეს მათი წარდგენა პარტიის წევრებისთვის. პარტიის ბიუჯეტი უნდა იყოს კარგად გათვლილი ფინანსური დოკუმენტი, რომელშიც გამჭვირვალედაა ასახული დანახარჯი ყოველი ჩასატარებელი ღონისძიებისათვის; ამასთან ის ხელმისაწვდომია პარტიის ნებისმიერი წევრისათვის. სწორად შედგენილი გაზიარებული ფინანსური დოკუმენტი ზრდის ბიუჯეტის ლეგიტიმურობის ხარისხს პარტიის წევრების თვალში.

ბოლო რამდენიმე არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა პარტიის ამომრჩეველთან გრძელვადიანი, ყოველდღიური ურთიერთობაა. დელიბერაციის მოდელის მიხედვით, აუცილებელია, პარტიის პოლიტიკურ ელიტას ჰქონდეს დისკუსიები პარტიის შუა რგოლთან და რიგით წევრებთან, მისაღებია სხვადასხვა ფორმატის შეკრება - ასამბლეა, დიდი თუ პატარა პარტიული შეხვედრები, ყრილობები ეროვნულ თუ რეგიონულ დონეზე, საჯარო შეხვედრები თუ შეხვედრები კარდაკარ. ციფრული ტექნოლოგიებმა დელიბერაციის ახალი ინსტრუმენტები შექმნა. შესაძლებელია მათი აქტიური გამოიყენება პარტიების მიერ ინფორმაციის გავრცელებისა და პარტიული საქმიანობის გამჭვირვალეობის ხარისხის გაზრდისათვის. სოციალური ქსელები პარტიის რიგით წევრებს უადვილებს კომუნიკაციას შუა რგოლთან და საჭიროების შემთხვევაში პარტიის ელიტასთან. რიგითი ამომრჩევლისთვისაც ინტერნეტი ქმნის პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის ხელსაყრელ გარემოს.

პარტია დინამიკური ორგანიზმია. მისი ფუნქციონირება არ უნდა წყდებოდეს არჩევნებს შორის პერიოდში. სწორედ არჩევნებს შორის დროს წინა პლანზე გამოდის პარტიის შუა რგოლში მოღვაწე წევრების საქმიანობის მნიშვნელობა. ისინი რუტინულად ურთიერთობენ როგორც პარტიის ელიტასთან, ისე რიგით წევრებთან. რიგითი წევრების მეშვეობით, შუა რგოლს ურთიერთობა აქვს ამომრჩეველთან პრობლემების იდენტიფიცირებისათვის და ადგენს მოქალაქეთა პრეფერენციებს, შეიმუშავებს ინიციატივებს. ფაქტობრივად, შუა რგოლი პარტიის ბიუროკრატიაა, რომელიც ადგენს პარტიის განვითარების ორიენტირებს მომხრეთა ინტერესების შესაბამისად. სწორედ შუა რგოლი ალაგებს პრეფერენციებს სირთულის, დროში განგრძობადობისა და მოგვარებისათვის აუცილებელი პრიორიტეტების მიხედვით. წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის წინაშე წარდგენილი პროგრამა სწორედ შუა რგოლის მიერ შემუშავებული პოლისებია.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, საქართველო კვლავ დემოკრატიული განვითარების შემაფერხებელი გამოწვევების წინაშე დგას. პოლიტიკური პარტიების შიდა ინსტიტუტების დემოკრატიული პრინციპებით ფუნქციონირება, ძალაუფლების დეცენტრალიზაცია პარტიულ ელიტას, შუა რგოლსა და პარტიის რიგით წევრებს შორის - პარტიების სტაბილურობისა და მთლიანად სისტემის დემოკრატიულობის საწინდარია. შემდეგ კი შიდაპარტიული დემოკრატიით მართული პარტიული სისტემა თავად ხდება მასთან დაკავშირებული სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულობის ხელშემწყობი და გარანტორი.

ავტორი: ნინო ფავლენიშვილი

https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98/31629900.html