2008 წლის ომის ცეცხლის შეწყვეტიდან მე-13 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ჭავჭავაძის ცენტრისა და საქართველოს უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, 12-13 აგვისტოს თბილისში ჩატარდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ცეცხლის შეწყვეტიდან მე-13 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის ჩამოსულმა, ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა და საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა.

12 აგვისტოს ღონისძიება გახსნეს ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა, კონსტანტინე თოფურიამ. მონაწილეებს მიმართა საბაუნის პროფესორმა, არინა თავაქარაშვილმა. ნაშუადღევს გაიმართა დოკუმენტური ფილმის, "ცხინვალი 1920"-ის ჩვენება, რომელსაც მოჰყვა დისკუსია ზაზა ბიბილაშვილისა და ცენტრის უფროსი მკვლევარის გია ჯაფარიძის მოდერირებით. 

დღის ბოლოს მონაწილეებისთვის მოეწყო სოლოლაკის ტური.

13 აგვისტოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი მუმლაძემ ჩაატარა ლექცია თემაზე "მოქალაქის როლი თავისუფლების და დემოკრატიის დაცვაში". ლექციის შემდგომ, გაიმართა დისკუსია ზაზა ბიბილაშვილისა და ცენტრის დირექტორის, ნინო კალანდაძის მოდერირებით. 

ღონისძიების დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებმა მოინახულეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და ისტორიის მუზეუმის „ოქროს ფონდი“.