კრიტიკული აზროვნება, მართლმსაჯულება და მოქალაქეობა - 11 ფილმი, რომლებიც ყველა ახალგაზრდამ უნდა ნახოს

„ახალგაზრდები მართლმსაჯულებისთვის“ ჭავჭავაძის ცენტრის ერთ-ერთი პირველი და, ალბათ, ყველაზე პოპულარული პროექტია. 2019 წლიდან მოყოლებული, ამ პროექტით მთელი საქართველო მოვიარეთ. ათეულობით კინოჩვენება გაიმართა კერძო და საჯარო სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, მივიწყებული სოფლების კიდევ უფრო მივიწყებულ ბიბლიოთეკებში, მეგობარი და პარტნიორი ორგანიზაციების ოფისებში... ვაჩვენებდით ფილმებს, რომლებსაც ტიკ-ტოკისა და რილსების ხანაში გაზრდილი, საინფორმაციო ეპოქის შლეგური ტემპის მძევლად ქცეული ახალგაზრდების უმრავლესობა, თავისით,  ალბათ, არასდროს აირჩევდა საყურებლად:

„12 განრისხებული მამაკაცი“, „რაშომონი“, „451 გრადუსი ფარენჰაიტით“, „გამანადგურებელი ანგელოზი“, „ფიცკარალდო“, „პროცესი“, „მშვიდობით, ბავშვებო!“, „ვერდიქტი“, „პროფესია რეპორტიორი“, „ტრუმენის შოუ“, „მკვდარი პოეტების საზოგადოება“, „კაცი, რომელიც შეეშალათ“,  „კუდის ქიცინი“, „400 დარტყმა“, „კატინი“...

დროში, როცა ყველაზე დაუნდობელი კონკურენცია ადამიანის ყურადღების თუნდაც რამდენიმე წამით მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად გაჩაღებულა, როცა გარშემო ამდენი იმწუთიერი სიამე და მაცდური თავშესაქცევია, ადვილი არ არის, საინფორმაციო ნიაღვრიდან ამოყვინთო, შეჩვეული რუტინიდან თავი დაიხსნა და რამდენიმე საათი ფიქრსა და თვითშემეცნებას დაუთმო. დრო ხომ ადამიანის მთავარი რესურსია. ყველაზე დაუფასებელიც. რესურსი, რომელსაც დაუნანებლად ვფლანგავთ, სანამ ბევრი გვაქვს და რომლის მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, როცა ის ილევა...

ვსაუბრობდით ამაზეც - რისთვის ღირს დახარჯო დრო. მერე ვაჩვენებდით ფილმებს, რომლებიც მსუყე ნიადაგს ქმნიდა დროის „დასაპაუზებლად“, მიმოფანტულ-ფრაგმენტირებული ყურადღების შესაკოწიწებლად, სავალდებულოდ ქცეული თავდაცვითი ირონიისგან განსაძარცვად, ტაბუირებული კითხვების გალიიდან გამოსაშვებად, მზერით მოღლილი საგნებისთვის განსხვავებული რაკურსით შესახედად თუ, ზოგადად, სააზროვნო დიაპაზონისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად.

კინოჩვენების შემდეგ იმართებოდა ცოცხალი - ემოციებით, შთაბეჭდილებებითა და კითხვებით დახუნძლული დისკუსია მოწვეულ სტუმართან ერთად - დისკუსია, რომელიც, როგორც წესი, საათობით, დაგეგმილზე ბევრად დიდხანს გრძელდებოდა. ყველას უნდოდა აზრის გამოთქმა, თანამედროვეობასთან თუ პირად გამოცდილებასთან პარალელის გავლება, ისეთი დეტალის ან ნიუანსის აღმოჩენა, რომელიც შესაძლოა სხვებს გამორჩათ... პროექტის სახელწოდების მიუხედავად, ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ვიწრო გაგებით მართლმსაჯულებაზე საუბარი, არამედ: აზროვნების პროვოცირება, ცნობისწადილის გაღვივება, ადამიანებში ჩაბუდებული უსასრულო პოტენციალის გალღობა-შეჯანჯღარება, პოლიტიკური თუ კულტურული „ელიტების“ მიერ „მოსახლეობად“ სახელდებული და სხვების ქმედებათა პასიური ობიექტობისთვის განწირული ადამიანების თავისუფალ მოქალაქეებად ტრანსფორმირება და, ამისათვის, ადამიანებში მოქალაქეობრივი ამბიციისა და თვითრწმენის გამყარება.

პანდემიისას, როცა ქვეყანაში კომენდანტის საათი და უამრავი, ხშირად, არაგონივრული და თვითმიზნური შეზღუდვა მოქმედებდა, ყოფილა შემთხვევები, როცა დარბაზში დარაჯს შემოუხედავს და მორიდებით უთხოვია - ბავშვები სახლებში მისვლას ვეღარ მოასწრებენ და ეგებ, დაასრულოთო. და ბავშვებიც ბუზღუნით იშლებოდნენ.

ასეთი იყო ჩვენი შეხვედრების ფორმატი. თითქოს არაფრით გამორჩეული ან ორიგინალური ამ ფორმატში არ არის, მაგრამ, ეპოქისა და კონტექსტის გათვალისწინებით, ბევრისთვის ჩვენი კინოჩვენებები კვირისა თუ თვის ღირსშესანიშნავ მოვლენად ქცეულა - დღედ, რომელსაც ჩვენი წამოსვლის შემდეგაც ხშირად იხსენებენ, „უკან ახვევენ“, საუბრისას თუ კითხვების დასმისას არგუმენტად იხმობენ და რომელიც - ვიმედოვნებთ - წლების შემდეგ, ერთ-ერთ გარდამტეხ ეპიზოდად დაილექება ამ ახალგაზრდების ბიოგრაფიაში.

წარმატების საზომად საკუთარი თავისთვის უცნაური კრიტერიუმი გვქონდა დაწესებული: თუ შეხვედრაზე მოსული რამდენიმე ათეული ახალგაზრდიდან ერთს მაინც გაუჩნდებოდა კითხვა, რომელიც მანამდე არ აწუხებდა, მაშინ ის დღე წარმატებული ყოფილა. რადგან ერთი კითხვა ნიშნავს ერთ აქტიურ ინდივიდს, ერთ ანთებულ გულს, ერთ შეგნებულ მოქალაქეს, რომელიც ამიერიდან სხვებს დაეხმარება კითხვების დასმაში. ჩვენს პატარა ქვეყანაში კი რამდენიმე ათეული მოქალაქე უკვე ისტორიული ძალაა, რომელსაც ხელეწიფება მოინდომოს, შექმნას, გაიმარჯვოს.

„გმადლობთ დღევანდელი დღისთვის. დღეს მე დავსვი კითხვა, რომელსაც ადრე ალბათ არ დავსვამდი. იმიტომ კი არა, რომ არ გამიჩნდებოდა, არამედ იმიტომ, რომ მის დასმას ვერ გავბედავდი. დაბადებამდე ჩავკლავდი. დაველოდებოდი, რას მეტყოდნენ უფროსები და ისე ვიფიქრებდი მეც.“

„მართალია, ჩემს კითხვაზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ ჩვენმა საუბარმა მომანდომა პასუხი თავად მომეძებნა. ფილმმა და დისკუსიამ უამრავი საფიქრალი დაგვიტოვა. თქვენ წახვალთ, ჩვენ კი გავაგრძელებთ ფიქრსა და განხილვას.“

მსგავსი სიტყვები, როგორსაც შეხვედრების შემდეგ ხშირად ვისმენდით, სტიმულს გვმატებდა, გაგვეგრძელებინა ამ პროექტით საქართველოს გარშემო მოგზაურობა. არც ის გვწყინდა, თუ იმ ციხისძირელი მოწაფის არ იყოს, ვინმეს კითხვაზე ამომწურავი პასუხი არ გვქონდა. ჩვენ ხომ არასდროს არაფერს „ვასწავლით“.  ჩვენ არ ვქადაგებთ.  ჩვენ პასუხების „ბიზნესში“ არ ვართ. ჩვენ ვსვამთ კითხვებს და ახალგაზრდებშიც იმავე მიდგომას ვახალისებთ. ვთხოვთ, არავის მოერიდონ კითხვის დასმისას - დაუსვან კითხვები მშობლებს, მასწავლებლებს, მოძღვრებს, ავტორიტეტებს, საკუთარ თავს... რამეთუ კითხვის დასმა შემეცნების, განვითარების, ინტელექტუალური ზრდის მთავარი წინაპირობაა.

ღონისძიებების შემდეგ არაერთხელ უთქვამთ ან მოუწერიათ, რომ მნიშვნელოვანი იყო თავად ფაქტი ყურადღებამოკლებულ ადგილას ჩვენი სტუმრობისა, ცოცხალ ისტორიასთან თუ დიდ ხელოვნებასთან ახალგაზრდების გაშინაურებისა, ტაბუირებული თემების „დამიწებისა“, კითხვების პროვოცირებისა, ფიქრისა და ანალიზის, შედარებებისა და კრიტიკული აზროვნების (ანუ, უბრალოდ, აზროვნების) წახალისებისა, ჭყინტ ასაკში წარუშლელი, მაფორმირებელი შთაბეჭდილების მიღებისა, ფაქტი კამათისა და მსჯელობისა, როცა შენი აზრი ისეთივე მნიშვნელოვანი და დაფასებულია, როგორიც „უფროსებისა“, იქნება ეს ოჯახის ყოველდღიურ საზრუნავებზე მოფიქრალი, იდეალიზმისგან იძულებით დაშორებული მშობელი, საბჭოეთზე მგლოვიარე სტალინისტი ბებია-ბაბუა, მშრომელი და, როგორც წესი, დაუფასებელი მასწავლებელი თუ თავად იმ დღის სტუმარი ჭავჭავაძის ცენტრიდან...

პანდემიისას, გაჩნდა იდეა, გამოგვეცა ესეების კრებული ჩვენ მიერ ნაჩვენები ფილმების შესახებ. ტექსტების მიზანი ფილმების „გარჩევა“, ხელოვნებათმცოდნის ან კინოკრიტიკოსის სტილში „პროფესიული“ ანალიზი ან სიუჟეტების სინოფსისის გადმოცემა არ ყოფილა. ავტორებს ვთხოვეთ, ახალგაზრდა მკითხველისთვის მადის აღძვრა, ფილმის ნახვის მონდომება, სააზროვნო ჟინის გაღვიძება დაესახათ მიზნად. და მიუხედავად იმისა, რომ იდეის განხორციელებაში თავიდანვე გამორჩეულად ნათელი ადამიანები ჩაერთნენ, მაინც ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი ბაჯაღლო, ფორმითა და შინაარსით სრულიად „არაენჯეოშნიკური“ კრებული გამოგვივიდოდა.

ყველა ავტორმა თავად შეარჩია ფილმი, რომელზეც დაწერდა. ყველა ტექსტს ავტორის პირველადი „პროფესიისა“ თუ ვნების კვალი ატყვია.  ამ ტექსტებში თანამედროვე საქართველოს მაჯისცემა იგრძნობა - ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკის, მარადიული ზნეობრივი დილემებისა და ეთიკური იმპერატივების ფონზე. მართლმსაჯულება ხომ იმ საზოგადოების სახეა, რომელშიც არსებობს - იმ სამოქალაქო შეგნების ანარეკლი, რომელსაც მოქალაქეები თავიანთ თავში ატარებენ და ყოველდღიურობაში აჩვენებენ. მართლმსაჯულება აისბერგის წვერია, რომელიც ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე, მოქალაქეობრივ აზროვნებაზე, კოლექტიურ მეხსიერებაზე და სოციალურ ურთიერთობათა კომპლექსურ ქსელზეა დაშენებული. მართლმსაჯულებაზე ზრუნვა მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებით, თითოეული მოქალაქის პირადი ძალისხმევითა და კონკრეტული გამოწვევების წინაშე ლოკალური გადაწყვეტილებებით იწყება და არა განყენებული კანონებით, „რეფორმების“ დაუსრულებელი „ტალღებითა“ თუ სხვა ქვეყნებიდან გადმოღებული მზამზარეული, ხშირად, წარუმატებლობისთვის შეგნებულად განწირული მოდელებით.

მადლობა ყველას, ვინც ამ კრებულის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. იმედი მაქვს, ეს წიგნი საყვარელ საკითხავად იქცევა სკოლის მოსწავლეთათვის და სტუდენტებისთვის; გამოადგება სამოქალაქო განათლების მასწავლებლებსაც.

მომავლის ოპტიმისტურ სურათში, გავა მრავალი წელი და ციხისძირელი მოსწავლე გაიხსენებს იმ დღეს, როცა მის მრავალეროვან სოფელში სტუმრად „ჭავჭავაძის ცენტრი“ ჩავიდა. მაშინ დავსვი პირველი ნამდვილი კითხვა, მაშინ ვიშვი, როგორც მოქალაქე და ახლა ჩემი ვალია, იგივე და იმაზე ბევრად მეტი ვაკეთოო, იტყვის ის.

ეს წიგნი მას ამაში დაეხმარება.