შესაძლებელი და შეუძლებელი არჩევანი - იშტვან საბოს „მხარეთა აზრი“

ისტორია ზოგჯერ დრამატულად, ზოგჯერ კი დამცინავი მოულოდნელობებით რითმავს თუ ააშკარავებს ხელოვნებისა და პოლიტიკური მოვლენების საბედისწერო კავშირებს. როდესაც ცნობილი უნგრელი რეჟისორის, იშტვან საბოს ფილმის - „მხარეთა აზრი“ (Taking Sides) შესახებ სტატია ლამის დასრულებული მქონდა, დასავლურ მედიაში გაჩნდა ახალი და გამაოგნებელი ცნობები რუსი დირიჟორის, ვალერი გერგიევის შესახებ.

მითები, რომლითაც კარგა ხანია იკვებებოდა კლასიკური მუსიკის მოყვარულთა დიდი წრე დასავლეთში, ერთბაშად დაიმსხვრა: უკვე გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ პუტინის ერთგული მხარდამჭერი, 68 წლის დირიჟორი, ვალერი გერგიევი, უზარმაზარ ქონებას ფლობს იტალიაში. როგორც ირკვევა, მილანში, ვენეციასა და ფლორენციაში „წვრილმანი ოლიგარქის“ (ეს იტალიური პრესის შეფასებაა) ქონება 150 მილიონ დოლარადაა შეფასებული, რომელსაც ის ამჟამად სასწრაფოდ ყიდის...

და ეს ყველაფერი ხდება რუსეთის საომარი მოქმედების პარალელურად უკრაინაში, რომლის შესახებაც დირიჟორს ერთი საპროტესტო სიტყვაც არ დასცდენია! ამდენად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პუტინის ფავორიტ დირიჟორს სრული პერსონალური და შემოქმედებითი იზოლაცია ელის დასავლეთში, სადაც მრავალრიოცხოვანი კონცერტების პარალელურად, დიდი ქონება დააგროვა.

„წვრილმანი“ ოლიგარქ-დირიჟორის შესახებ დაგვიანებით გამოვლენილი და თითქმის კრიმინალური ამბების ფონზე, კიდევ უფრო შთამბეჭდავად და დრამატული მასშტაბით წარმოჩინდება დიდი გერმანელი დირიჟორის, ვილჰელმ ფურტვენგლერის, პერსონა, რომელსაც იშტვან საბო თავის ერთ-ერთ გამორჩეულ ფილმს უძღვნის. აღსანიშნავია, რომ „მხარეთა აზრის“ მსოფლიო პრემიერა 2001 წელს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, რამაც, ცხადია, დამატებითი ისტორიულ-გეოგრაფიული კონტექსტი შესძინა ფილმს.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული დირიჟორი და ბეთჰოვენის ბრწყინვალე ინტერპრეტატორი, ვილჰელმ ფურტვენგლერი, სწორედ 30-იან წლებში, ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლისას (და შემდეგაც), ხელმძღვანელობდა ბერლინის სიმფონიურ ორკესტრს; უკრავდა ნაცისტების საზეიმო შეკრებებზე, ხოლო ამავე ორკესტრის მიერ შესრულებული ადაჟიო ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიიდან, პირდაპირი ეთერით გადაიცა გერმანული რადიოს მიერ 1938 წელს.

„მხარეთა აზრი“ ცნობილი თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის, რონალდ ჰარვუდის, პიესაა. ფილმის სცენარიც სწორედ იმ ტექსტს ეყრდნობა, რომელიც მან გასული საუკუნის 90-იან წლებში დაწერა და რომელიც ბრიტანულ თეატრებში დაიდგა. ფილმში მოქმედება 1946 წელს, ოკუპირებული ბერლინის ამერიკულ ზონაში ხდება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოკავშირეებმა დაიწყეს  მშვიდობის აღდგენის ოპერაცია გერმანიაში და, ამავე დროს, აპირებენ ნაცისტების თანამზრახველთა პასუხისმგებლობაში მიცემას. ამერიკის ადმინისტრაცია კი ამზადებს სარჩელს ცნობილი დირიჟორისა და მესამე რაიხის ფავორიტი დირიჟორის წინააღმდეგ.

ირკვევა, რომ გებელსმა ფურტვენგლერს (ამ როლს დასავლური კინოს გამოჩენილი მსახიობი და რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის თანამოაზრე, სტელან სკარსგარდი ასრულებს) თავის დროზე კულტურის პალატის ვიცე პრეზიდენტის პოსტიც ჩააბარა... ამერიკელი მაიორი სტივ არნოლდი (ამერიკული კინოს ვარსკვლავი ჰარვი კეიტელი) რთული ამოცანის წინაშე დგას: მან უნდა დაასაბუთოს იმ მუსიკოსის დანაშაული, რომელიც წლების განმავლობაში ნაცისტებთან თანამშრომლობდა. მაგრამ დაკითხვების ვრცელი „სერიალიდან“ ისიც ირკვევა, რომ ფურტვენგლერმა ბევრი ებრაელი მუსიკოსი გადაარჩინა და შეიფარა. მან თითქმის შეუძლებელი შეძლო და დისტანცირება მაინც მოახერხა პოლიტიკისგან და, რაც მთავარია, შეინარჩუნა და გაამდიდრა ქვეყნის მუსიკალური მემკვიდრეობა.

მხარეთა აზრი, ცხადია, რადიკალურად განსახვავებულია: გერმანული ელიტისა და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ფურტვენგლერი ლამის ღმერთია, ხოლო მაიორ არნოლდისთვის ის მატყუარა ნაცისტია - თვალთმაქცი და ორსახოვანი ადამიანი.

ამერიკელი მაიორი განუწყვეტლივ ითხოვს პასუხებს დირიჟორ ფურტვენგლერისგან - რატომ არ წავიდა ის ემიგრაციაში, როცა ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ? რატომ ატარებდა კონცერტებს ჰიტლერის დაბადების დღის აღსანიშნავად და ნაცისტური პარტიის კონგრესის დროს? და ბოლოს, რატომ თანამშრომლობდა ნაცისტურ რეჟიმთან გერმანიის უდიდესი დირიჟორი?

ფურტვენგლერი ამ კითხვებს ლამის ეგზისტენციურ პასუხში უყრის თავს: „მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ხელოვნება და პოლიტიკა შეუთავსებელია. უფრო სწორად, მეგონა და მგონია, რომ ხელოვნებაა ჩემი პოლიტიკა“. ის თავს იმართლებს, რომ საჭიროდ მიიჩნია გერმანული კულტურის შენარჩუნება და ცდილობდა მუსიკისადმი სამსახურით დახმარებოდა ნაციზმის დროს გერმანელებს.

გამოძიებისას ირკვევა ფურტვენგლერის ადამიანური სისუსტეები: შემოქმედებითი ეჭვიანობა ახალგაზრდა დირიჟორის, ჰერბერტ ფონ კარაიანის, მიმართ, თაყვანისმცემელი ქალებისადმი ვნებანი და შეძლებისდაგვარად დისტანცირება პოლიტიკური მოვლენებისგან.

პარალელურად, საბჭოთა სარდლობის წარმომადგენელი გერმანიაში, პოლკოვნიკი დიმშიცი (ამ როლს ოლეგ ტაბაკოვი ასრულებს), გამალებით იცავს დირიჟორს; მიაჩნია, რომ იგი რთულ პირობებში ასრულებდა თავის მოვალეობას ქვეყნის წინაშე და არ უნდა წასულიყო ემიგრაციაში. მაგრამ საბჭოთა ოფიცერის „მხარდაჭერა“ უანგარო სულაც არ არის. ის ცდილობს, გადაიბიროს გერმანელი დირიჟორი, რომ შემდეგ ნაციზმის საწინააღმდეგო საბჭოთა პროპაგანდისთვის გამოიყენოს.

იშტვან საბო ერთგვარად უბრუნდება ჯერ კიდევ 80-იან წლებში შექმნილ  ტრილოგიას გერმანულენოვანი სივრცის გამოჩენილ ფიგურებზე ტოტალიტარიზმის პირობებში: „მეფისტო“ (ცნობილი მსახიობის თანამშომლობაზე ნაცისტურ რეჟიმთან), „პოლკოვნიკი რედლი“ (მაღალჩინოსანი სამხედრო პირის დევნა სექსუალური ორიენტაციის გამო) და „ჰანუსენი“ (ცნობილი პარაფსიქოლოგის ბიოგრაფიული დრამა, რომელმაც ჰიტლერის აღზევება და დაცემა ლამის ზუსტად იწინასწარმეტყველა). რეჟისორი განაგრძობს და ახალი ნიუანსებით ამდისდრებს უკვე ნაცნობ დისკურსს, რომელიც ამ ფილმებშია წამოჭრილი: რა გავლენა აქვს ხელოვანს ტოტალიტარულ საზოგადოებაში?  შეუძლია თუ არა ზოგადად ხელოვნებას, ამტკიცებდეს, რომ პოლიტიკაზე მაღლა დგას? როგორია ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში ხელოვანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი - უნდა დარჩეს სამშობლოში და ემსახუროს თავის ხალხს თუ ზნეობრივი მოსაზრებების მოტივით დატოვოს იგი?

ფილმის დრამატურგია და თავად რეჟისორიც ერთგვარი არჩევანის წინაშე აყენებს მაყურებელს, რადგან ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე  წარმოაჩენს ადამიანური ქცევის ორ ტიპს, თანაც უმაღლეს მორალურ პრინციპებზე დაყრდნობით. პირველი, რომელსაც მაიორი სტივ არნოლდი წარმოადგენს - ის გმობს სისხლისღვრასა და ცოდვაზე აგებულ ნაცისტურ იდეოლოგიას და, ამავე დროს, მხარს უჭერს სამხედრო გავლენას ომისშემდგომ გერმანიაზე ოკეანის გაღმიდან და მეორე - დირიჟორი ვილჰელმ ფურტვენგლერი, რომელიც ამტკიცებს, რომ მთელ ერს არ შეუძლია ემიგრაციაში წასვლა და ის, ვინც იძულებულია დარჩეს, უნდა ეცადოს საკუთარი თავისა და ქვეყნის დაცვას. მას ასევე მიაჩნია, რომ კულტურისა და კულტურული ფასეულობების შენარჩუნება უდიდესი მისიაა, რომელიც კომპრომისის საშუალებას მაინც იძლევა.

პირველი თითქოს გვერდიდან, ისტორიული დისტანციის გარეშე აფასებს მოვლენებს, ადანაშაულებს დიდ მუსიკოსს და ყველაფერს შავ-თეთრად აღიქვამს, მეორე კი თავს იცავს შინაგანი, ესთეტიკური მრწამსიდან გამომდინარე და ხელოვნებას უმაღლეს მორალურ კატეგორიად მიიჩნევს.

მაიორ არნოლდისა და დირიჟორ ფურტვენგლერის დაპირისპირება, ამავე დროს, ორი განსხვავებული სამყაროს, კულტურისა და მყარი მსოფლმხედველობის დაპირისპირებაა. მეტაფორულად რომ ვთქვათ, ესაა მსუბუქი, ოდნავ ზედაპირული, მრავალგანზომილებიანი და ენერგიული ჯაზის დაპირისპირება კლასიკური მუსიკის მძიმე, პირქუშ და ღრმად ფილოსოფიურ სამყაროსთან. შესატყვისია მსახიობთა თამაშიც: ჰარვი კეიტელი მსუბუქ, ირონიულ, მაგრამ „მიმწოლი“ თამაშის მანერას ამჯობინებს, მაშინ, როცა სტელან სკარსგარდის რეფლესიურ-მელანქოლიური სახე და შენელწებული მოძრაობები დაუვიწარ დრამატიზმს ასხივევებს. სიმართლე რომ ვთქვა, დღესაც არ მესმის, რატომ ვერ შეააფასეს სათანადოდ ბერლინის კინოფესტივალზე მსახიობთა ეს საამო და არაამაო გარჯა...

სწორედ მსახიობთა სრულიად განსხვავებული, მაგრამ ელვარე თამაში იწვევს მაყურებელთა სიმპათიას პერსონაჟების მიმართ. თუ მაყურებელი შეძლებს იდენტიფიცირებას  ჯერ ერთ გმირთან, შემდეგ მეორესთან და საბოლოოდ გააკეთებს არჩევანს (ან ვერ გააკეთებს, ესეც არჩევანია), მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან მოძებნა ერთგვარი „ჭეშმარიტების ფორმა“. ეჭვის, საკუთარი თავის ძიების, დაბნეულობისა და რეფლექსიის საშუალებით. და ეს იმიტომ, რომ ორივე მსახიობი მართლაც ბრწყინვალედ თამაშობს.

მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი: დიდი დირიჟორის ისტორია, რომელიც ნაცისტებთან თანამშრომლობდა, იშტვან საბოსათვის არ არის მხოლოდ გასული საუკუნის ისტორიულ-კოსტიუმირებული დრამა. რეჟისორი ზუსტი და თანამედროვე აქცენტებით წარმოაჩენს კონფლიქტს ამერიკელ ოფიცერსა და გერმანელ დირიჟორს შორის. ამდენად, მორალური საკითხები, რომლებიც წარმოიქმნება კონკრეტულ ისტორიულ გარემოსა და ქვეყანაში, აქტუალურია დღესაც.

ვალერი გერგიევის, დენის მაცუევის, ბორის ბერეზოვსკისა თუ სხვა რუსი მუსიკოსების სრულიად უპასუხისმგებლო, ლამის მილიტარისტული პოზიციის ფონზე, ვილჰელმ ფურტვენგლერის მასშტაბის პერსონა ნამდვილად ეპიკურად გამოიყურება. რადგან გერმანელი დირიჟორის ტრაგიკულ ისტორიას შევყავართ თვითგამართლების, დანაშაულის,  ამბიციების, შფოთვის, პოლიტიკური შიშებისა თუ დიდი მუსიკის ძიების  ბნელ ლაბირინთში. ამგვარ რეფლექსიას კი რუსი მუსიკოსების დიდი ნაწილი, რომელიც სიტყვა „ომის“ თქმასაც ჭირივით გაურბის, სრულიად მოკლებულია... 

იშტვან საბო ფილმს მაინც ვილჰელმ ფურტვენგლერი რეაბილიტაციით ამთავრებს. ცობილია, რომ სასამართლომ ის სრულად გაამართლა და ყველა ბრალდება მოუხსნა. მალევე დაბრუნდა ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, თუმცა არასოდეს ჰქონია საშუალება ამერიკის რომელიმე შტატში კონცერტზე გამოსულიყო.

„მხარეთა აზრი“ დოკუმენტური კადრებით სრულება.  ფურტვნგლერი დირიჟორობს ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას, რომელსაც ნაცისტური რეჟიმის ლიდერები ესწრებიან. კონცერტის ბოლოს სცენაზე იოზეფ გებელსი ადის და დირიჟორს ხელს ართმევს. ფურტვენგლერი აუდიტორიის წინაშე ქედს იხრის, ოდნავ შეყოვნდება და ხელსახოცით გულმოდგინედ იწმენდს ხელს... და ეს ჟესტი გაცილებით ზუსტი და გასაგებია, ვიდრე ამერიკელი მაიორის გულწფელი ჭმუნვა „ნაცისტი დირიჟორის“ მიმართ. მაყურებელი კი, რომელსაც მანამდე ეჭვი ეპარებოდა დირიჟორის გულწფელობაში, იჯერებს, რომ მატერიალური სამყაროს მიღმა არსებობს დიდი და მარადიული მუსიკა; არსებობს ბრამსი და ბეთჰოვენი!