იყავი მამაცი და ის გააკეთე, რასაც გული გიკარნახებს - მელ გიბსონის „მამაცი გული“

ნებისმიერი ფილმი არის ამბავი წარსულიდან, თუმცა ის არ ასახავს მომხდარ მოვლენებს, არამედ მის აღქმას იმ ეპოქის მიერ, როდესაც ეს ფილმი შეიქმნა. ხშირად ამიტომაც ფილმს ადარებებენ პალიმფსესტებს, რომლებიც გადაეწერა მომხდარ ამბავს. დიახ, ამ ფილმის მიღმა უნდა წავიკითხოთ ის რეალობა, რაც იყო. ისე, საკითხავიც ესაა, არის კი ფილმი რეალობის ასახვა? პასუხია - „არა“.  ფილმი იმ კონკრეტული ეპოქის ნარატივია, რომელშიც შეიქმნა.  თუმცა  ამაშიც არ მგონია, იყოს რაიმე განსაკუთრებით დამაბრკოლებელი, რადგანაც ის ამბავიც, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ პირველწყაროში, თავისთავად ვერ იქნება სრული სინამდვილე, რადგან  უკვე ვიცით, რომ ნებისმიერი მოვლენა არის დროის ინტერპრეტაცია. ამდენად, გვაქვს დრო, როდესაც ამბავი მოხდა და დრო, როდესაც ეს ამბავი აღიქვეს. რომ დავაკვირდეთ, წარსულის მთხრობელები სხვადასხვა გვარისა გვყავს. ის გზები და საშუალებებიც მნიშვნელოვანია, რომლითაც მთხრობელი მოიპოვებს ამბავს, ანუ როგორ და საიდან იღებს ამბავს მთხრობელი; განწყობა, ანუ მთხრობელის მიერ გამოყენებული დისკურსის ტიპი. ასე რომ, თავისთავად ნარატივი არის ორმაგი დროის შედეგი. აქ არის დრო იმ საგნისა, რომელზეც არის მოთხრობა და თვით მთხრობელის დრო. დრო აღნიშნულისა და დრო აღმნიშვნელისა. 

ეს ვრცელი შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ფილმი წარმოგიდგინოთ, რომელიც ნომინირებული იყო ათ ოსკარზე და აქედან ხუთი ოსკარი მიიღო. ეს არის მელ გიბსონის „მამაცი გული“. მელ გიბსონისა, როცა ვამბობ, ასეც უნდა იყოს, რადგანაც ამ ფილმმა თავად მასზე ბევრი მითი და ლეგენდა შექმნა, ის არის ფილმის რეჟისორიც და მთავარი გმირის, შოტლანდიის თავისუფლებისათვის მებრძოლი რაინდის, უილიამ უოლესის, როლის შემსრულებელიც.

ფილმი მეცამტე საუკუნის შოტლანდიის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას შეეხება და, როგორც აღვნიშნეთ, ისტორიული ხასიათისაა. ფილმის მთავარი იდეა არის ბრძოლა თავისუფლებისათვის, უფრო დაზუსტებით, ბრძოლა სიყვარულის უფლებისათვის, რომელიც მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია. 

მაინც, ეს არის  ისტორიის თემაზე გაკეთებული ფილმი, მაგრამ არა ისტორიული ფილმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ მიჰყვება იმ ნარატივს, რომელიც პირველწყაროშია, თუმცა  თეორიულად სცენარის ავტორსაც აქვს უფლება, წარმოადგინოს წარსული ისე, როგორც თვითონ აღიქვამს და ისედაც დღეს უკვე ისტორიის თეორეტიკოსები წერენ თავისუფლად, არა მხოლოდ წარსულის რეინტერპრეტაციაზე, დროის შესაბამისად, არამედ ისტორიული ფაქტის შექმნაზეც ისტორიკოსის მიერ და სულაც ცნობილი ისტორიკოსის, ნორმან ფ. კანტორის, წიგნს ასედაც ჰქვია: შუა საუკუნეების გამოგონება. ასე რომ, თეორიულად ფილმის ავტორსაც შეუძლია, შექმნას წარსული თავისი წარმოსახვით, მით უფრო, ფილმი საუკეთესო პროექტია მეხსიერებისთვის და წარსულის შესახებ ჩვენი წარმოდგენების ჩამოყალიბებაში არანაკლებ მნიშნელოვან როლს ასრულებს, ვიდრე ისტორიული ქრონიკები. თავისთავად უნდა შევთანხმდეთ, რომ ფილმი ასახავს არა იმას, რაც მოხდა, არამედ იმას, თუ როგორ აღიქვამს ავტორი ამ ფაქტს ახლა, ამ დროს, იმ კულტურული მეხსიერების ფონზე, რომელიც მასშია, ანუ ჩვენ გვაქვს მეცამეტე საუკუნის დამდეგის შოტლანდიის ისტორის აღქმა მეოცე საუკუნის ბოლო ეტაპის  კინემატოგრაფების მიერ. ამავე დროს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ   მაყურებელიც თავისთავად თავისი მენტალობით თუ კულტურული მეხსირებით ეგებება ფილმს, ისევე როგორც ნებისმიერ მხატვრულ ნაწარმოებს  და კითხულობს თავისებურად.  ასე რომ, ეს ფილმი, რომელიც გამოვიდა მეოცე საუკუნის მიწურულს, როდესაც ჩემი გონება საბჭოთა იმპერიისაგან გათავისუფლების იდეით იყო  მთლიანად შეპყრობილი,  პირველი ტიტრების დანახვისთანავე  მივიღე ისე, როგორც მე  მინდოდა დამენახა -  შოტლანდიის განთავისუფლებისათვის ბრძოლა; ბალიოლებისა და ბრიუსების საგვარეულო იბრძვის ინგლისისაგან გასათავისუფლებლად. თუმცა პარალელური ტექსტი, რომელიც აუცილებლად მოდის  წინ - დიდი სიყვარულის ისტორიაა. ნათლად ჩანს, რომ უილიამ უოლესის ბრძოლა შთაგონებულია არა სამშობლოთი, არამედ მარიონით, მისი  სატრფოთი. მხოლოდ მარიონი და არა დიადი და თავისუფალი შოტლანდია არის მისი შთაგონება.

ნებისმიერი ფილმი, გარკვეული თვალსაზრისით, სოციალური პროექტია და  ამ ფილმშიც წინაა წამოწეული სოციალური თემატიკა. ფილმის მთავარი გმირი, უოლესი, სცენარის ავტორმა  დიდგვაროვანთა  ფენას ჩამოაშორა. ის  ჩვეულებრივი მებრძოლის, ფერმერის ვაჟია, რომელსაც მოგვიანებით აკურთხებენ რაინდად.  ფილმი თამამად აწვდის მაყურებელს  ეპოქის სურათებს და შუა საუკუნეების ადამიანების გასაოცარ სახეებს აღბეჭდავს ჩვენს გონებაში, რასაც ვერაფრით შეძლებს მემატიანე. მატიანე თუ სხვადასხვა სახის ქრონიკა, გნებავთ ნებისმიერი მხატვრული ტექსტი, ვერაფრით გახდის მკითხველისთვის ისე შთამბეჭდავს ეპოქის ყოველდღიურობას, როგორც ეს შეუძლია ფილმს. სკოტების სოფლის პეიზაჟი, მისი ციხესიმაგრეები და ყოფა მიგაქანებს ავტორის მიერ შექმნილი სინამდვილესკენ, თუმცა აშკარაა, რომ ჩვენ ვხედავთ  მეოცე საუკუნის ადამიანის დანახულ ეპოქას და არა იმას, როგორიც ის იყო მაშინ. შოტლანდიის ისტორია და შოტლანდიელი წარმოუდგენელია კილტების გარეშე და ამიტომაც კოსტუმიერმა მებრძოლებს ჩააცვა ისეთი შესამოსელი, რომელიც იმდროინდელ შოტლანდიაში არ არსებობდა. ასეთი კილტები, ანუ ქამრიანი პლედები, მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნეში შემოდის. თვითონ სცენარის ავტორმაც რამდენჯერმე განაცხადა, რომ ეს ფილმი არ არის ისტორიული და ამაოდ ნუ გაირჯებიან მის საკრიტიკოდ, რადგანაც ფილმში ბევრია გამოგონილი ადგილი, თუნდაც უილიამ უოლესისა და ინგლისის დედოფლის სიყვარულის თემა. 

როდესაც ფილმს ვუყურებთ, წინ მოდის ის თემები, რომლებიც შუა საუკუნეების სახეს წარმოადგენს.  ეს ფილმი ქმნის შთამბეჭდავ ისტორიას სკოტების ბრძოლისა და უილიამ უოლესი შუა საუკუენეების ისეთი პოპულარული ფიგურების გვერდით წარმოგვიდგება, როგორებიცაა ესპანელი ელ სიდი ან ფრანგი ჟანა დ’არკი.  ფილმი, ისევე როგორც შუა საუკუნეების  ნარატიული ტექსტის ავტორები, ძერწავს ულამაზეს ისტორიას შოტლანდიელთა თავისუფლებისათვის ბრძოლისა. სრულიად შეუმჩნევლად, ავტორი - ისევე, როგორც მეცხრამეტე საუკუნიდან ამას აკეთებენ ისტორიკოსები -  ქმნის  შოტლანდიის ნაციონალურ ისტორიას. შთამბეჭდავია ფილმში შექმნილი  შოტლანდიელი ხალხის  ნაციონალური თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორია. 

თუ უფრო ღრმად ჩავხედავთ იმ ეპოქის ამბებს, თანამედროვენი ნაკლებად იცნობენ ნაციას და ნაციონალურ ისტორიას. შუა საუკუნეებში, განსხვავებით ანტიკური ეპოქისა და ახალი პერიოდისაგან,  რომელშიც მთავარი არის სამშობლოსათვის ბრძოლა (pro patria pugnans), მთავარი მოტივია სარწმუნეობისა და მეფისათვის ბრძოლა. 

ფილმში იგრძნობა პროტორენესანსული იდეებიც, ხშირად ისმის „ხალხი სიმამაცეს უფრო გაჰყვება, ვიდრე ტიტულს“, თუ „ჩვენ, ადამინები, ძალის კი არა გონების გამო გვქვია“, „ჯერ გონების ხმარება ისწავლე და მერე ხმლის“, თუმცა ის მაინც შუა საუკუნეებითაა შეპყრობილი. უოლესი შუა საუკუნეებრის რაინდული კოდექსის შესაბამისად იბრძვის ქალისთვის და იბრძვის მეფისათვის, ამიტომაც  მიმართავს შოტლანდიის სამეფოს საგვარეულოს მემკვიდრეს,  რობერტ ბრიუსს: „თუ შენ გაუძღვები ხალხს  თავისუფლებისაკენ, ყველა გამოგყვება“.  ეს ღიად აჩვენებს,  რომ მოქმედება შუა საუკუნეებში ხდება.  დიდი საქმეები წარჩინებულთა, დიდგვაროვანთა  გარეშე წარმოუდგენელია.  სცენარის ერთ-ერთი მთავარი სოციალური უთანასწორობის საკითხი - პირველი ღამის უფლებაა, რაც ავტორს სჭირდება შუა საუკუნეების იმ მუქ ფერებში წარმოსადგენად, როგორც ის იყო და არის ჩვენი თანამედროვე ადამიანის გონებაში („ბნელი შუა საუკუნეები“). 

ფილმი დიადი მოგზაურობაა უცხო მხარეში, სადაც, რაც უფრო ფართოდ გავახელთ თვალებს და მეტი კითხვა დაგვებადება, დღევანდელი დღე ხდება უფრო ნათელი.  მაინც ეს ფილმი არის… სიყვარულის ისტორია ახალგაზრდა ჭაბუკისა, რომელიც ისევე, როგორც შუა საუკუნეების რაინდი, იბრძვის ქალისათვის და განუყრელად თან დააქვს მისი სახსოვარი - იქნება ეს თავშალი, რაიმე სამკაული თუ ნაქარგი ნივთი. ფილმში, ისევე როგორც  შუა საუკუნეების კანსონებში, სატრფიალო სიმღებეში მთავარი მოტივი რაინდის სიკვდილისა არის „სიკვდილი სიყვარულისთვის“. ფილმის სიუჟეტს აშკარად ეტყობა გავლენა შუა საუკუნეების ინგლისური ეპოსის და ის ძალიან ჰგავს შუა საუკუნის სხვა ცნობილი ევროპელი  ტრუბადურების სიმღერებს; მაგალითად,  ჰარტმან ფონ აუე თუ უცნობი ავტორის სიმღერა „იერუსალიმო, შენ მოგაქვს ჩემთვის უბედურება“. ფილმშიც,  ჯვაროსანი რაინდების სიმღერის მსგავსად, მთავრი თემა არა ასკეტური მოტივებია, არამედ ქალი და მასთან განშორება,  „გაპობილი გული“. ეშაფოტზე ჩამოსახრჩობად აყვანილ უილიამს  მისი გულის სწორი, მარონი, გამოეცხადება და თვითონაც ხელშიც მისი ნაქარგი ტილო  უჭირავს. მარონის სიყვარულისთვის თავგანწირვა, რომ მთავარი მოტივია უილიამის ბრძოლისა, ჩანს იქიდანაც, რომ მას თანამებრძოლები საყვედურობენ -  შენ  მარონისათვის იბრძვი. და ეს არ არის ბრძოლა სიმართლისათვის, არამედ მრისხანებაა. 

როგორც არ უნდა შევეცადოთ ამ ფილმის, როგორც სიყვარულის იდეის დანახვას, ჩვენი მეხსიერება მაინც მიგვაქანებს თავისუფლების იდეისაკენ. ეს არის შოტლანდიელების განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომლის მთავარი შემოქმედნი, მისი ჩვეულებრივი ადამიანები არიან,  დიდებულები მხოლოდ პირადი კეთილდღეობისათვის იბრძვიან.  უბრალო შოტლანდიელმა მებრძოლმა იცის, რომ „დიდგვაროვნები თავიანთ მიწებს არ შეელევიან. ისინი ინგლისელებს არ შეებრძოლებიან, ორივე მხრიდან შემოგვიტევს მტერი“. და ასეც არის, დიდგვაროვანთა ღალატი ხდება უოლესის დაღუპვის მიზეზი. 

ასე რომ, ეს ისტორია დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა, ღირსების დასაცავად, ისევე, როგორც დღეს და უფრო ადრეც, ვიდრე უოლესი მოევლინებოდა ქვყანას, არის ისტორია შურისა და ღალატისა. დიდგავროვანთა ღალატის შედგად გაცემულ უოლესს ლონდონში ასამართლებენ ინგლისის მეფის ღალატისთვის. თუმცა უოლესი ამბობს, რომ ის არასოდეს ცნობდა და არ ცნობს ედუარდს თავის მეფედ. ამისთვის სასამართლო მას „ტკივილით განწმენდას“ მიუსჯის. 

ეს ისტორია, რომელშიც მამაცი გული, თავისუფლებისათვის ბრძოლის მთავარი გმირი ღალატით ჩაუვარდა მტერს, მაგალითია არა მხოლოდ შუა საუკუნეებრივი გაუტანლობისა, არამედ ამართლებს დევიზს, რომ თავისუფლება  მხოლოდ ბრძოლით მოიპოვება და ასეც იყო ისტორიაში - ბრიუსები ამ ბრძოლის შედგად მოიპოვებენ დამოუკიდებელი შოტლანდიის მეფის გვირგვინს.  გარკვეული პერიოდის შემდეგ რობერტ ბრიუსი შოტლანდიის არმიის ნარჩენებთან ერთად ხვდება ინგლისელ ჯარებს, რათა მიიღოს თანხმობა კორონაციაზე. თუმცა, როდესაც უოლესის ხელში დაინახავს მარონის სახსოვარ ნაქარგ ტილოს, ბრიუსი ყველაფერს თავიდან იწყებს და  უოლესის სახელის ყვირილით ბრიუსი და შოტლანდიელი ჯარისკაცები თავს ესხმიან ინგლისელებს. 

უოლესი, რომელიც უარს ამბობს მტრისგან შეწყალებაზე, და როდესაც მისი ფიქრები მარონთან შეხვედრას დასტრიალებს, მაინც ყვირის სიტყვას „თავისუფლება“.

მსურს დავასრულო ვაჟა-ფშაველას სიტყვებით თავისუფლების შესახებ, რისი მოპოვება მხოლოდ მამაცი ადამინებისთვის არის შესაძლებელი - „თავისუფლება გამოიხატება ადამიანის ნდომა-მისწრაფებაში; თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთიერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში, რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა, უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.“ 

ასე რომ, ფილმი „მამაცი გული“ თუ ისტორიული ფილმი არ არის, მაინც ახლობელია ჩვენთვის და უილიამ უოლესიც ჩვენი  ისტორიის გმირებთან ერთად დაიმკვიდრებს თავს ჩვენს გულებში და დაგვეხმარება მომავალშიც, როგორც ამას გვეუბნება ილია ჭავჭავაძე:  „დიდ-ბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის, და დიდებულნი საქმენი კიდევ გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, აქეზებენ, ამხნევებენ, თუ ნამეტნავად ის მაგალითები ერის საკუთარის ისტორიისანი არიან. ერი თავის გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა ჰსურს და აგრეც არის, საცა ერი ერობს. აბა, შეხედეთ სხვა ქვეყნებს, ერთი იმისთანა სახელოვანი კაცი არა ჰყოლიათ, რომ მის სახსოვრად ძეგლი არა ჰქონდეთ აღმართული. რისთვის? სულ იმისთვის, რომ დიდმა და პატარამ დაიხსომოს თავისი სახელოვანი კაცი, სულ მუდამ თვალწინ იყოლიოს და მის მიბაძვას ეცადოს.“ 

როგორც არ უნდა შევხედოთ „ჭეშმარიტი ისტორიის“ მაძიებლებმა, ფილმი საუკეთესო თანამგზავრია დიად მოგზაურობაში ჩვენს წარსულში. ის  აღძრავს გარკვეულ ინსტინქტურ ცნობისმოყვარეობას, რაც ისტორიით ჩვენს დაინტერესებას იწვევს. ამასთანავე, ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლის მეშვეობით ჩვენ შევიმეცნებთ წარსულს და ვარკვევთ, რა გვაკავშირებს მასთან.