ანჯეი ვაიდას „კატინი“

ფილმის პრელუდია

გულწრფელი რომ ვიყო, როდესაც ფილმის საყურებლად ვემზადებოდი, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. სენსიტიურ და ეროვნული იდენტობის თემებზე გადაღებული ფილმები ვერ ასცდებიან ხოლმე პროპაგანდისტულ კომპონენტებს, რაც ისტორიკოსის თვალისთვის მიუღებელი ხდება.

ოპტიმიზმის საფუძველს არც ის მაძლევდა, რომ ფილმის ბიუჯეტი მხოლოდ ოთხი მილიონი ევრო გახლდათ, რაც საგრძნობლად ჩამორჩებოდა ჰოლივუდურ ბესტსელერებს. შეუძლიათ კი პოლონელებს საკუთარ თავსა და ისტორიაზე პირუთვნელი ფილმის მაღალ მხატვრულ დონეზე გადაღება? მასობრივი სცენები და კოსტუმები დაგვაბრუნებენ 1940-იან წლებში?

ყველაფერი ზემოთქმულის მიუხედავად, როგორც ისტორიკოსი, ვალდებული ვიყავი ფილმი მენახა. ვნახე და ლამის შემრცხვა, რადგან მივხვდი, რომ ჩემი კითხვები სტერეოტიპებმა წარმოშვა. სტერეოტიპებმა, რომლებიც ხშირად ხელს გვიშლის ახლის მიღებაში და გვაბრკოლებს თვალსაწიერის გაფართოებაში. რომ არა „ისტორიკოსის ვალდებულება“, ალბათ, ფილმს არასდროს ვნახავდი და ბევრსაც დავკარგავდი.

კატინის ხოცვა-ჟლეტა

მოკლე ისტორიული ექსკურსის სახით, გავიხსენოთ, რომ 1918 წელს პოლონეთი გათავისუფლდა რუსეთის იმპერიისგან, 1920 წელს ომში დაამარცხა ბოლშევიკური რუსეთი და გაიმყარა დამოუკიდებლობა. სტალინი საკუთარ ისტორიულ მისიად თვლიდა იმპერიის საზღვრების აღდგენას. საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ 1939 წლის 23 აგვისტოს დადებული „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით“ გაიყვეს აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის, პოლონეთის ტერიტორიები და იმავე წლის სექტემბერში ორი მხრიდან თავს დაესხნენ პოლონეთს.

ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.

სტალინი ფიქრობდა, რომ პოლონური ნაციონალიზმის მოთავე იყო სამხედრო, პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა. მათი ფიზიკური განადგურების შედეგად ის მიიღებდა „დაწყნარებულ“ და საბჭოთა ხელისუფლებისადმი ლოიალურ პოლონეთს. სწორედ ამიტომ, 1940 წლის აპრილ-მაისში, დაპყრობილ პოლონეთში, სსრკ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (შინსახკომმა) დაახლოებით 22 ათასი პოლონელი დახვრიტა კატინის ტყეში. მათ შორის იყვნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის საჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ პოლონეთში წასული ქართველი სამხედრო ოფიცრებიც, რომლებიც პოლონურ ჯარში მსახურობდნენ.

1941 წელს პოლონეთი გერმანიამ დაიკავა და მათ 1943 წელს კატინის ტყეში აღმოაჩინეს მასობრივი სამარხები. ნაცისტებმა, რომლებიც არანაკლებ დაუნდობლად ექცეოდნენ პოლონეთის მოსახლეობას, ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის გამოიყენეს კატინის ხოცვა-ჟლეტა.

1945 წლიდან, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა საბჭოთა კავშირმა ისტორია გადაწერა, ეს უდიდესი დანაშაული 1941 წლის ნოემბრით დაათარიღა და ნაცისტებს დააბრალა.

ასე გრძელდებოდა 1990 წლამდე, ვიდრე ბორის ელცინმა პოლონეთის ანტიკომუნისტ პრეზიდენტ ლეხ ვალესას საბჭოთა დანაშაულის დამადასტურებელი საარქივო დოკუმენტები არ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ კატინის დანაშაულების შესახებ ისტორიული კონსენსუსი დაარღვია პუტინმა, რომელმაც ისევ დააბრუნა მრავალგზის გაკოტრებული საბჭოთა ნარატივი, რომ კატინის ხოცვა გერმანელი ნაცისტების მოწყობილი იყო.

ასეა თუ ისე, კატინის ტრავმა (რომელსაც ათწლეულების შემდეგ, იმავე ადგილას, პოლონური სამხედრო და პოლიტიკური ელიტის მეორე ტრაგიკული განადგურება დაემატა, როდესაც დღემდე გაურკვეველ გარემოებებში კატასტროფა განიცადა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა), პოლონელთა ეროვნული მეხსიერების მაკონსოლიდირებელი ფაქტორი და თანამედროვე პოლონეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტია.

ფილმი

საქართველოს ისტორიაში სულ ორჯერ იყო, რომ ქვეყანა ინტელექტუალური ელიტისგან დაიცალა: 1724 წელს, როდესაც მეფე ვახტან მეექვსემ დაახლოებით 1200 ფეოდალი რუსეთში წაიყვანა და 1920-30-იან წლებში, როდესაც საბჭოთა რეჟიმმა წმენდები განახორციელა. ეს ტრაგიკული მოვლენები ორივეჯერ რუსეთთან იყო დაკავშირებული და მთლიანად პოლიტიკის ნაწილად განიხილება.

რეჟისორმა ანჯეი ვაიდამ მოახერხა და საკუთარ ფილმში „კატინი“ ადამიანური ტრაგედიები დაგვანახა, დიდ მოვლენებზე „ქვემოდან“ შეგვახედა. ფილმი არ არის გმირის და ანტიგმირის - „ქრისტეს და იუდას“ ბანალურ ფაბულაზე აგებული. მას არ ჰყავს ეპოსებიდან ნასესხები გმირები. უფრო სწორად, მისი გმირები ისეთივე ადამიანურ გრძნობებს განიცდიან, როგორსაც ადამიანები უნდა განიცდიდნენ ასეთი ყოვლისმომცველი ტრაგედიების დროს. ჩემთვის მოსალოდნელი ერთიანად შეკრული პოლონელი ერის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ გაბედულ ადამიანებსაც, კოლაბორაციონისტებსაც, კონფორმისტებსაც და ისეთებსაც, ვინც უბრალოდ მომავლისა და არსებობის გადარჩენისთვის იბრძოდნენ.

ფილმს არც პერსონიფიცირებული ანტიგმირები ჰყავს. ასე განსაჯეთ, სტალინი, ბერია და ჰიტლერი ერთხელაც არ არიან ნახსენები. შინსახკომის და გერმანული SS-ის სისტემა მუშაობს კონვეიერის პრინციპით, როგორც მოცემულობა.

პირადად ჩემთვის, ყველაზე შთამბეჭდავი პოლონელი ოფიცრის დის, აგნიეშკას ისტორიაა. მან იცის, რომ ძმა კომუნისტებმა მოუკლეს და იბრძვის, რომ მას სიმბოლური საფლავის ქვა დაუდგას, სადაც გარდაცვალების წლად 1940 წელი იქნება აღნიშნული. იქ არც მკვლელის ვინაობა და არც სიკვდილის მიზეზი წერია. ეს არ არის აგნიეშკას პოლიტიკური ბრძოლა, არამედ თავგანწირვაა სიმართლისთვის, ძმის ხსოვნისთვის. კომუნისტური რეჟიმი მას აიძულებს 1941 წელი მიუთითოს (რითიც მის მკვლელობაზე ბრალი გერმანელებზე გადავა). შესაბამისად, პოლონელი ოფიცერი სიმბოლური ხსოვნის გარეშე რჩება.

ფილმის ცენტრში დგანან ადამიანები, რომელთა გარშემო ტრიალებს ძალადობა და უსამართლობა. მიუხედავად უდიდესი ტრაგედიისა, რომელიც ეკრანზე ვითარდება, არ გტოვებს რწმენა, ვერც ერთი რეჟიმი ვერ გამართლდება, რომელიც ადამიანისა და სიმართლის წინააღმდეგ არის მიმართული.

გირჩევთ ანჯეი ვაიდას „კატინის“ სანახავად თქვენი ცხოვრების ორი საათი გამოყოთ. წინ დამაფიქრებელი და გამამდიდრებელი სანახაობა გელით, მიუხედავად თქვენი პროფესიისა თუ ცხოვრებისეული პრიორიტეტებისა. მთავარია, გიყვარდეთ ადამიანები, აზროვნება და თავისუფლება.