ცნობიერების ნაკადი „კაპერნაუმიდან“

მიყვარს სიმბოლოები. ხანდახან გადავამეტებ, ტექსტში იმაზე მეტს წავიკითხავ, ვიდრე ავტორს ჩაუფიქრებია, მაგრამ ამის გამო თავს ვერ დავიდანაშაულებ. ჰერმესის მიმდევრებმა ვიცით - ტექსტი რომ შეიკვრება, ავტორთან ბმას კარგავს. რა მნიშვნელობა აქვს, რა უნდოდა ავტორს? ტექსტი თვითმყოფადობას მოიპოვებს ხოლმე.

ცალკე ფენომენია ტექსტთან შეხვედრა. უცნობ ტექსტს მანამ ეზომები, სანამ ასო-ასო ჩაკითხვას დაიწყებ. წაკითხვა ხომ ძირითადად დასტურს ემსახურება - საკონტროლო გასროლასავითაა, ან შიგნეულის დაგემოვნებასავით, მას შემდეგ, რაც შორიდან უკვე მოკალი ნადირი...

„კაპერნაუმი“... ეს ძველად „ნუგეშის ქალაქს“ ნიშნავდა, დღეს კი ბევრ ენაში ქაოსს აღნიშნავს. ნეტავ, რაზეა ფილმი? ჩართავ და - „კასტა დივას“ არია გეგებება. ეს ფილმის ნაწილი არაა, კომპანია Gaumont-ის ტიხარია, მაგრამ სათაური რომ იცი, მაშინვე „ნორმას“ ლიბრეტო გახსენდება, ზნედაცემული ქურუმის თვალთმაქცობა და დათაფლული ჰანგები. კაპერნაუმიც ხომ დაეცა... შემდეგ უცნაური გრაფიკა იშლება: ქართაგან რხეული ყვავილები. შროშანნი ღელეთა? სტიქიის ძალთა წინაშე უმწეობისა და ამაოების სიმბოლოები, ჯოჯოხეთურ ქაოსშიც სიცოცხლის, სილამაზისა და ჰარმონიის არსებობას რომ მიგვანიშნებენ? მაგრამ არა - ეს ტურნელების საპროდიუსერო სტუდიის ტიხარია. ფილმი მხოლოდ ახლა იწყება, არადა, ღვიძლით გრძნობ, შემთხვევითი ნიშნები არ ტყუიან...

სამუშაო მიგრანტები - მონები. ძალადობისა და სიკვდილის კულტურა. ბავშვების გართობა: ხის ავტომატები, ხის ბაზუკები... დედის რძესავით შეთვისებული ძალადობა ღატაკ კვარტალში. ბავშვთა შრომა. ქურდობა. ნარკოტიკები. ციხე. დანაშაული. ძალადობა ოჯახში. ბავშვებით ვაჭრობა. არასრულწლოვანთა ქორწინება. ტყუილი. სიღარიბე. და ამ კაპერნაუმში - პატარა და-ძმის გულისამაჩუყებელი სიყვარული. ასე იხსნება ეს ფილმი.

„კაპერნაუმი“ პატარა ბიჭზეა - დაახლოებით 12-13 წლის ბიჭუნაზე. უფრო სწორად, ფილმი იმ ჯოჯოხეთზეა, სადაც ეს ბავშვი იბადება და იზრდება. ბიჭს ზეინი ჰქვია. ნეტავ, რას ნიშნავს „ზეინი“? არაბულ „მშვენიერს“ ჰგავს, მაგრამ წარმოთქმა ზუსტად არ ემთხვევა. იქნებ, ებრაულ „იყავ“-თან აქვს კავშირი? ზუსტად ასე კი წარმოითქმის. „ზეინ“. მოქმედება თუ ალეგორიულ კაპერნაუმში ხდება, მაშ, სწორედ ებრაული „ზეინი“ უნდა იყოს... იქნებ, ეს ბიჭი ერთადერთია ამ სამყაროში, ვისაც ყოფნა და გადარჩენა ებრძანა? ფილმის შინაარსი კვერს მიკრავს. ზეინი პროტაგონისტია, ფილმი - მის მიერ დანახული სამყარო, რომელიც არ არსებობს. არ უნდა არსებობდეს. ასეთი სამყაროს არსებობა დაუშვებელია, თითქმის შეუძლებელიც კი. ეს ნამდვილი ჯოჯოხეთია დედამიწაზე.

აჰ! ბეირუთია? გამოდის, ბეირუთი ყოფილა კაპერნაუმი... რატომაც არა? ერთ დროს აყვავებული, „ზეცამდე ასული“ ლიბანი, დღეს სექტარიანული ჯოჯოხეთის სამშობლო, სწორედაც კაპერნაუმია, სადაც ქრისტე ქადაგებდა და სასწაულებს მოუვლენდა ადამიანებს, მათ კი არ ირწმუნეს, არ მოინანიეს ცოდვები. ჰოდა, დაეცა და განადგურდა ერთ დროს დიდებული კაპერნაუმი. მისი ხალხის ცოდვებმა გაანადგურა იგი. ამიტომაა,  სახარებაში ასე რომ მიმართავს იესო: „ხოლო შენ, კაპერნაუმ, განა ზეცად ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები, ვინაიდან სოდომში რომ მომხდარიყო ის ძალნი, შენში რომ მოხდა, იგი ამ დღემდე იდგებოდა.“ ასეც მოხდა. კაპერნაუმი განადგურდა და ქვიანი უდაბნოს გარდა აღარაფერი დარჩა იქ, მოგვიანებით აშენებულ რამდენიმე სამლოცველოს თუ არ ჩავთვლით. დაეცა ლიბანიც. ერთ დროს რეგიონის ყველაზე განვითარებული ქვეყანა მართლაც ჯოჯოხეთამდე დაეშვა. ბევრი მიზეზის გამო მოხდა ასე, ოკუპაციით კი დაიწყო ყველაფერი. ყველაზე განვითარებულ ოკუპანტსაც კი არ მოუტანია სიკეთე ქვეყნისთვის. ომებმა, იძულებითმა გადასახლებებმა, ხელოვნურმა საზღვრებმა და დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების პოლიგონად ქცევამ ქვეყანა ჯოჯოხეთად აქცია, საზოგადოება - დაუნდობელ ბრბოდ. ახლა? ნუთუ, ადამიანები არიან, კაპერნაუმში ვისაც ვხედავთ? ერთმანეთში ადამიანს ვერ ხედავენ, ადამიანი თავისი ხორცის წონადაც არ ფასობს აქ, ერთმანეთს ყიდიან და ყიდულობენ, ლუკმა პურისთვის შვილებს ყიდიან და სასიკვდილოდ წირავენ. აი, აქ დაიბადა ზეინი, რომელსაც არსებობა ებრძანა.

ზეინის ასაკი უცნობია, არც მან, არც მისმა მშობლებმა, არც სახელმწიფომ იცის, როდის დაიბადა. აჯოჯოხეთში ადამიანი არ აინტერესებთ. ჯოჯოხეთი ადამიანის და სიცოცხლის არსობრივი უარყოფაა. ამიტომ, არავის არაფერი აინტერესებს ადამიანის შესახებ, გარდა იმისა, თუ რა შეიძლება წაგლიჯო, მოპარო, ან სხვაგვარად იხმარო და გამოიყენო. გარშემო დაავადებული სამყაროა, გახრწნილი, ბინძური, აყროლებული. სიკვდილს შერეული სიცოცხლეა ირგვლივ, ზღვარიც გადღაბნილა მათ შორის. არაფრად ფასობს ადამის მოდგმის ბედი და ბედნიერება. სიცოცხლის უფლება იყიდება, ყველგან მონობა და სიკვდილია ჩასაფრებული. აქ ვერავის მოხიბლავ ღიმილით და უმანკოებით. ადამიანი საკუთარი ხორცის წონად ფასობს მხოლოდ. აგერ, ზეინიც ამბობს: „ჯოჯოხეთში ვცხოვრობ, ისე ვიწვი, როგორც ხორცის ნაჭერი“. კი, ნამდვილად კაპერნაუმია!

რა უცნაური ბიჭია ზეინ. დიდი, ნათელი თვალებით ყველასგან განსხვავდება. მაგრამ სხვა თვისებები უფრო თვალშისაცემია. ეს ერთი ციდა ბიჭი ჯერ დაზე ზრუნავს, მერე - შემთხვევით გაცნობილ ბავშვზე. ჯოჯოხეთურ გაჭირვებაში გაზრდილი, არ იპარავს ფულს, თუმცა იპარავს საჭმელს ჩვილი ბავშვისთვის. თუმცა კლავს დისთვის. თუმცა განუდგება დედასა და მამას თვისსა და იწყებს ყარიბობას სიმართლისა და სიცოცხლის საძიებლად. ზეინი თითქოს იესოა, ქრისტე კაპერნაუმში, რომელიც ქადაგებს, ამხელს და სასწაულებს სჩადის, მაგრამ მას ვერავინ ხედავს.

უკვე ბევრჯერ და უსამართლოდ გაასამართლეს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სარჩელი მას ეკუთვნის: მშობლებს უჩივის. „იმისათვის, რომ მე გამაჩინეს“ - ესაა მისი საჩივრის შინაარსი. ეს რა, ყრმა სილენოსია? კაცმა რომ თქვას, არასოდეს ყოფილა სილენოსის სიბრძნე ისე გასაგები, როგორც კაპერნაუმში. გახსოვთ, ხომ? „შენთვის უმჯობესი იყო, არ დაბადებულიყავი. თუმცა, რადგან დაიბადე, ახლა სიკვდილი გერჩიოსო“. ჯოჯოხეთი სიახლე არ არის მიწაზე. სიკვდილი - აი ერთადერთი, რაც არის მაშინ, როცა სიცოცხლე არ არის. ვინ გაუსწორებს თვალს სიკვდილს? ვინ ჩახედავს მას თვალებში თრობის გარეშე? სილენოსმა ღვინოში ჩაახრჩო სიმართლე, ქრისტემ კი თვალებში ჩახედვა შეძლო. ზეინიც შეძლებს. ტანჯვამ მას მხილების ძალა მისცა. მან მოიპოვა სიცოცხლე, რომელიც სიკვდილზე ამაღლდა. ღმერთი ამ ბავშვს დაჰპირდა ცათა სასუფეველს.

იმავეს არ ვიტყვით ადამიანები ღმერთზე? იმავეს არ შევჩივლებთ მოსამართლეს? რატომ გაგვაჩინა? რატომ შეებრძოლა არარას? რატომ დაგვტოვა კაპერნაუმში სიკვდილთან, ქაოსთან, ჭაობთან საბრძოლველად? რატომ არ გვყოფნის ყველას ეს ძალა?

ძნელია მშობლებთან შებრძოლება. განა, ყველას შეუძლია, აღუდგეს ჩაკირულ წესებს? შეაქანოს საუკუნო გალავნები? მაგრამ, ვინც ბრძოლას გაურბის, სიკვდილის ნაწილი ხდება! ზეინის მშობლები.. სუსტი, უზნეო, გაუნათლებელი ადამიანები, არჩევანი არ გვაქვსო, რომ ტირიან - ზეინს ხომ ჰქონდა არჩევანი? ცხადია, მათაც ჰქონდათ. მაგრამ არ იყო მადლი მათზე, რადგან არც უცდიათ ბრძოლა.

ყველა სიკვდილის შვილები ვართ. და ყველა სიკვდილად მივიქცევით, ვინც ბრძოლას კომფორტს ვარჩევთ, ვინც გაბატონებულ წესებში მოვძებნით გამორჩენას.

დასრულდა ფილმი. ნუგეშის ქალაქში კი ნუგეში არ გამკრთალა. მხოლოდ ბოლოს, სულ ბოლოს გაიელვებს სინათლის სხივი,  როცა მისი არსებობის აღარავის სჯერა. და ნუგეშის ცრემლი მოაქვს. ის ტანჯვამ და ბრძოლამ მოიტანა. გაიღიმე, ეს არ არის ნეკროლოგი. ეს პასპორტის ფოტოა! ზეინი სიცოცხლის მხარეს დარჩა! დიდება ბრძოლას. გაუმარჯოს სიცოცხლეს!

ასე დაიძრა გემრიელი საჭმელებით დატვირთული ლამაზი გემი. იმ მდინარეს გაცურავს, ზეინმა რომ საბუთები დაკარგა. მდინარე საბუთებს დაუბრუნებს. გემი კი გაცურავს და გადავა „შვედეთში“, სამშვიდობოს, სადაც ბავშვები არ იღუპებიან, სადაც ზეინს საკუთარი ოთახი ექნება და მხოლოდ იმათ შეუშვებს, ვინც მოუნდება. ჯოჯოხეთის აჩრდილები აქ ვერ მოხვდებიან.

აქ ზეინს იბრაჰიმი - „მრავალთა მამა“ ერქმევა. გამრავლდება ზეინი სამოთხეში, სიცოცხლის ზეიმსა და მუდმივ ქორწილში იცხოვრებს მისი შთამომავლობა, როგორც თავიდანვე უანდერძა უფალმა. კაპერნაუმია ესეც, ოღონდ არა ქაოსის, არამედ - ნუგეშის ქალაქი. ზეინი სიცოცხლის გზაა ორ კაპერნაუმს შორის.