აკირა კუროსავას „რაშომონი“ (1950)

„რაშომონზე“ წერა რთულ-ტკბილი საქმეა. ის იაპონური კინოს შედევრი და მსოფლიო კინემატოგრაფის ერთ-ერთი მწვერვალია, სადაც რეჟისორი აკირა კუროსავა, ერთი მხრივ, იაპონელი ავტორია, მეორე მხრივ, ზოგადსაკაცობრიო კითხვებზე მოფიქრალი კოსმოპოლიტი ფილოსოფოსი ხელოვანი, რომელიც ურთულეს თემებზე ფილმს გენიალური სიმარტივით ქმნის.

ფილმი გადაღებულია 1950 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და იაპონიის ახალი კონსტიტუციის მიღების (1947) შემდეგ, როცა საფუძველი ეყრებოდა ახალი იაპონური სახელმწიფოს მშენებლობას. ეს ის პერიოდია, როდესაც იაპონური საზოგადოება მეორე მსოფლიო ომში მარცხის მწარე გამოცდილებას და დამცირებას, ატომური შეტევის შედეგებს, საკუთარ შეცდომებს თუ დანაშაულს და ომამდელი იაპონიის ანაქრონისტული ყოფა-ცხოვრების და ცნობიერების მსხვრევის თუ ცვლილების გააზრების ტკივილიან პროცესს გადის; როცა იაპონია ვესტერნიზაციის ახალ ეტაპზე ერთმანეთს უთავსებს თავის ტრადიციას, ადათებს, მსოფლაღქმას და ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც ერთდროულად მიმდინარეობდა პოლიტიკური ინსტიტუტების მოწყობის და მენტალური ტრანსფორმაციის სახით. ესაა პერიოდი, როცა იაპონია თავის ახალ ადგილს ეძებს მსოფლიოს პოლიტიკურ და კულტურის რუკაზე.

„რაშომონი“ არის ერთდროულად კუროსავას და მთელი იაპონელი ხალხის აღსარება, რომელსაც ისინი ერთდროულად ერთმანეთს და მთელ კაცობრიობას აბარებენ - აღიარებიან  წარსულში ჩადენილ შეცდომებსა და სირცხვილს. იმავდროულად, ფილმი სცდება კონკრეტულ პიროვნებას, კონკრეტულ ხალხს და იქცევა კაცობრიობის უნივერსალურ აღსარებად სამყაროს წინაშე - ყველა იმ დანაშაულის, ცოდვისა და დაცემის აღიარებად, რომლებიც ჩაუდენიათ და რომლებსაც სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიის მიხედვით პირველი ადამიანიდან მოყოლებული დაატარებს კაცობრიობა.

ფილმი გვიყვება კონკრეტული პერსონაჟების კათარზისზე, გაწმენდის გზაზე, რომელსაც ზნეობრივი დაცემისა და სასოწარკვეთილების მდგომარეობიდან გამოჰყავს ფილმის გმირები. სიმბოლურად ესაა უნივერსალური ადამიანის კათარზისი, მეტიც, ესაა კაცობრიობის განწმენდის პროცესი, არისტოტელეს მიერ აღწერილი კათარზისი, რასაც ფილმის გმირებთან ერთად თანაგანცდის, თანავნების, თანალმობის საშუალებით გაივლის მაყურებელიც. „რაშომონი“ სავსეა ძველი ბერძენი ფილოსოფოსების და დრამატურგების ნააზრევზე მინიშნებებით, ეს იქნება ეთიკისა და ხელოვნების არისტოტელესეული გააზრება თუ  კუროსოვას შეხმიანება სოფოკლესთან, როცა ხანდახან სინათლე თვალს ისე ჭრის, რომ ჭეშმარიტების დანახვაში გვიშლის ხელს და ოიდიპოსივით მხოლოდ თვალისჩინის დაკარგვის შემდეგ შეუძლია ადამიანს ცხოვრების საიდუმლოს ამოცნობა.

ზოგადად   „რაშომონ“ არის დასავლური და იაპონური კულტურების შეხვედრის ადგილი, დასავლურ და იაპონურ კულტურათა და ღირებულებათა სისტემის სინთეზი, სადაც ბერძნული და იაპონური დრამის ტრადიციები ხვდება ერთმანეთს, სადაც ქრისტიანობა და იაპონური რელიგიური წარმოდგენები ერწყმის ერთურთს. კუროსავა გვარწმუნებს, რომ გადარჩენის, განწმენდის ქრისტიანული კონცეფცია უნივერსალურია, „წმინდა ჩვილი“ იაპონიაშიც ისევეა სიმდაბლეზე, მორალურ გახრწნაზე, ბოროტებაზე, უიმედობაზე გამარჯვების სიმბოლო, როგორც ქრისტიანულ სამყაროში თუ პრექრისტიანულ ეპოქასა და არაქრისტიანულ სივრცეში.

კუროსავამ ფილმის სიუჟეტად სხვა დიდი იაპონელი ავტორის, აკუტაგავას, ორი მოთხრობა - „უსიერ ტყეში“ და „რაშომონი“ გამოიყენა. ფილმი უფრო მოთხრობის „უსიერ ტყეში“ შინაარსს მიჰყვება, თუ არ ჩავთვლით სათაურს და, ალბათ, ფინალურ მონაკვეთს, კერძოდ, ბავშვის ძარცვის ეპიზოდს პერსონაჟებს შორის დიალოგითურთ, რომელიც მოთხრობა „რაშომონის“ იმ ნაწილს გვახსენებს, სადაც ქურდი მიცვალებულთა თმების მომპარავ ქალს ძარცვავს.

ფილმის სიუჟეტი, ერთი შეხედვით, ბანალურია, ჩადენილია დანაშაული, რომელსაც ყველა მონაწილე და თვითმხილველი სხვადასხვანაირად ჰყვება. ერთი ამბის რამდენიმე ვერსია შეუძლებელს ხდის სიმართლის გარკვევას, ხოლო მონაყოლ ვერსიებში ჯალათი ხშირად მსხვერპლად იქცევა და პირიქით, გმირი ანტიგმირად წარმოდგება. თითქოს არ არსებობს ობიექტური რეალობა და რეალობის ობიექტური აღქმა, ყველაფერი მხოლოდ მთხრობელის პერსპექტივით დანახული და მოყოლილი ამბავია, რომელიც იცვლება ნარატორის ცვლილებასთან ერთად. ერთდროულად რამდენიმე სიმართლე არსებობს, ან ყველა იტყუება და ყველაფერი ერთი ტყუილია. 

ბუდისტი ბერი, ტყისმჩეხავი, გამვლელი მოქალაქე, რომლებიც განასახიერებენ ზოგადად ადამიანთა ერთობას, კარგავენ იმედს - თუ ყველა ადამიანი იტყუება, მაშინ ვის უნდა ენდონ, თუ ყველა იტყუება, ადამიანებს შორის ნდობა ვერ იქნება. საუბრისას აღმოჩნდება, რომ ყაჩაღი, სავარაუდო მსხვერპლი ქალი და თვით მიცვალებულიც კი ცრუობენ. მკვდარიც კი იტყუება, - გაოგნებული ამბობს ბერი. როგორ უნდა ვენდოთ ადამიანებს, კითხულობს ფილმის პერსონაჟი და მის სახეზე აღიბეჭდება ადამიანის აბსოლუტური დაცემით გამოწვეული ჯოჯოხეთური განცდა.

საყოველთაო უნდობლობით გამოწვეული უიმედობა, ადამიანში რწმენის დაკარგვა - ის ჯოჯოხეთია, რომელმაც ალბათ, ერთი მხრივ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში დაისადგურა, მეორე მხრივ, კი რეჟისორი მას ზოგადსაკაცობრიო ჭრილში ხედავს. მილიონობით მსხვერპლი იაპონიასა და მსოფლიოში, დაქცეული მისი ქვეყანა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოები, დანგრეული ეკონომიკა და დარღვეული სოციალური ქსოვილი, განადგურებული საზოგადოებრივი კაპიტალი და მორალური ღირებულებები, მარტო ღმერთმა კი არ დატოვა ადამიანი, ადამიანმა დატოვა საკუთარი თავი. ტოტალურ უნდობლობაში, როცა ფილმის გმირები ეგზისტენციალურ ჩიხში შედიან, საიდანაც თითქოს არ არსებობს გამოსავალი და ერთმანეთთან მისასვლელი გზები, მომავალს და იმედს აჩენს ჩვილი, რომელიც სუფთაა წინა თაობის ადამიანთა ბიწიერებისგან და ის უბრუნებს ადამიანებს ერთმანეთის და სიცოცხლის იმედს.

ფილმი სავსეა სიმბოლოებით, რაშომონი იაპონიის ძველი დედაქალაქის - კიოტოს - კარიბჭე, ჩამონგრეული და გაპარტახებული, წარმოადგენს იაპონიის ჩამოქცევის, დაკნინების, დრომოჭმული ადათებისა და დროში გაჩერებული ცივილიზაციის კრიზისის სიმბოლოს. ის არის თეატრალური სცენა, სადაც სამი მსახიობის თხრობა-ქმედებით თამაშდება ერთი ქვეყნის (ლოკალური) და კაცობრიობის (გლობალური) დრამა. შეუჩერებელი წვიმა, რომელიც წარღვნის მოლოდინს ქმნის ქალაქის დანგრეულ კარიბჭესთან, თითქოს ზეციდან ადამიანების, იაპონიისა და ზოგადად კაცობრიობის დანაშაულებისგან გასარეცხად დაუშვა ბუნებამ თუ ღმერთმა. წვიმა ჩერდება და მზე გამოანათებს მხოლოდ ფილმის ბოლოს, „წმინდა ჩვილის“ გამოჩენისა და ადამიანობადაკარგული პერსონაჟების ადამიანად, ანუ „სახედ ღვთისად“ ტრანსფორმაციის, მათი ცნობიერი კათარზისის შემდეგ.

კუროსავა მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით და უნატიფესი ესთეტიზმით ჩვენ თვალწინ აცოცხლებს ანტიკურ ათენს და მეოცე საუკუნეში გადმოაქვს თეატრალური ფესტივალების სული, რეჟისორი არამხოლოდ გვახსენებს ძველი ბერძნული ტრაგედიის მნიშვნელობის არისტოტელეულ გაგებას, არამედ შესრულებითაც მიჰყვება ძველი ბერძნული დრამის სტრუქტურას. „რაშომონში“ აღმოვაჩენთ ბერძნული ტრაგედიისა და კომედიის ელემენტებს - ფილმი იწყება პროლოგით (πρόλογος), მსახიობი მიმართავს მაყურებელს, მოკლე მონათხრობით ვიგებთ მომხდარ ამბავს; მსახიობებისა და ქოროს ქმედებათა მონაცვლეობის ეფექტს ფილმში თხრობისა და მუსიკის მონაცვლეობა ქმნის; მუსიკა ისევე მუხტავს მაყურებელს, მეტიც, ზოგიერთ ეპიზოდში უმაღლესი ხარისხის „სასფენს“-ის ჟანრის განცდასაც წარმოშობს, რომ ის მოსალოდნელი ტრაგიკული ამბის წინასწარი შეგრძნებით განიმსჭვალება, რასაც ძველ ბერძნულ ტრაგედიაში ქოროს ნამღერი აკეთებდა; სხვადასხვა პერსონაჟთა მონათხრობი ვერსიები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ძველი ბერძნული ტრაგედიის ეპისოდიონები (επισόδιον), ხოლო ფილმის ბოლო კადრები, როგორც ექსოდოსი (έξοδος) - მსახიობთა გასვლა სცენიდან.

როგორც ძველ ბერძნულ ტრაგედიაში, „რაშომონში“ არ ჩანს მოკვდინების სცენა, ეკრანზე მაყურებელი ვერ ხედავს სისხლს, პერსონაჟები ბერძნული დრამის მაცნეებივით ჰყვებიან მომხდარ უბედურებასა და სიკვდილზე; ეკრანზე ერთდროულად არ ჩანს სამ მსახიობზე მეტი (ცნობილია, რომ ბერძნულ ტრაგედიაში სცენაზე მეორე მსახიობი ესქილემ, ხოლო მესამე მსახიობი - სოფოკლემ შემოიყვანა), ერთადერთი გამონაკლისი სასამართლოს სცენაა, სადაც კუროსავა ერთგვარ „ონავრობას“ მიმართავს, ეთამაშება მაყურებელს და ალბათ ძველ ბერძენ ტრაგიკოსებს, როცა სასამართლოს სცენის დროს ორი პერსონაჟი თვითონ გამოდის მაყურებლის როლში (ეპიზოდი, როცა დაკავებული ავაზაკი სასამართლოს წინაშე წარდგება), ეკრანზე, როგორც სცენაზე, ფილმის მაყურებელი ოთხ მსახიობს ხედავს - ბუდისტი ბერი და ტყისმჩეხავი სასამართლო სცენას ადევნებენ თვალს, სადაც სავარაუდო დამნაშავე და მისი დამაპატიმრებელი სხედან. როგორც ძველ ბერძნულ ტრაგედიაში, როცა დაძაბულობა აღწევს უმაღლეს წერტილს და მოქმედება შედის ისეთ ლაბირინთში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, სცენაზე ეშვება Deus ex Machina - „ღმერთი მანქანიდან“ და ღმერთის მოულოდნელი გამოჩენა განმუხტავს მდგომარეობას, არსთა გამრიგე განსაზღვრავს პერსონაჟთა შემდგომ ბედს, ასე „რაშომონშიც“ ჩიხიდან გამოსავალი ბავშვის - ყრმა ღმერთის, წმინდა ჩვილის სახით ჩნდება და ის აჩენს მომავალს და სასოებას პერსონაჟებისთვის და ფილმის მაყურებლისთვისაც.

ამ ფილმში კუროსავას უყვარს სოფოკლესთან და ევრიპიდესთან თუ მეოცე საუკუნის ინტელექტუალურ მიმდინარეობებთან შეთამაშება, აკუტაგავას დასმული კითხვები ფილმში სოფოკლეს სტილში გადმოაქვს - ჭეშმარიტების დადგენას ფიზიკური სინათლე ხელს უშლის, თვალებდათხრილი მეფე სიბრძნეს მაშინ შეიძენს, როცა ვერ ხედავს, ხილული რეალობა, რომელსაც ბუდისტი ბერი, ავაზაკი თუ ტყისმჭრელი ყვებიან, სულაც არაა ნამდვილი, კუროსავა დიდი ბერძენი პოეტივით ჩაგვაფიქრებს სამყაროს შეცნობაზე, ან პოსტმოდერნისტული რელატივიზმით უარყოფს ობიექტური რეალობის არსებობას, ხოლო მაშინ, როცა კუროსავას ემოციების სიმძაფრე, გამოხატვის ინტენსიურობა სჭირდება ეკრანზე, ის ქალს ალაპარაკებს, როგორც ევრიპიდე, რომელისთვისაც ქალის ბუნება საუკეთესო და უფრო სანდო იარაღია პოეზიაში გრძნობების გამოსახატავად.  

„რაშომონის“ სიუჟეტი მაყურებლისთვის, რომელსაც აკუტაგავას ტექსტები წაუკითხვას, ნაცნობია. როგორც ათენის თეატრალურ ფესტივალებზე მიმავალი მოქალაქე, რომლისთვისაც ბერძენი პოეტების მიერ წარმოდგენელი „ამბავი“ ნაცნობი იყო, მაგრამ მაინც მიდიოდა ერთისა და იმავე ამბის საყურებლად, ასეა კუროსავას „რაშომონის“ მაყურებელიც, ფილმის მნახველი მასში „ნაცნობ ამბავს“ არ ეძებს,  სიამოვნებას არც მხოლოდ რეჟისორის კინემატოგრაფიული დიდოსტატობით იღებს.

„რაშომონი“ ფილოსოფიური კინოა. ესაა ფილმი ადამიანთა ცხოვრებაზე, სიკვდილსა და იმედზე, ადამიანის მიერ სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის მარადიულ პროცესზე, ჭეშმარიტების არსსა და ბუნებაზე, ობიექტური რეალობის სუბიექტურობაზე...

კუროსავას ჩახლართულ ლაბირინთში შეჰყავს პერსონაჟები და მაყურებელი, ის არ ენდობა სხვების ხილულ რეალობას, კითხვების დასმას ითხოვს და, სიმართლის დასადგენად, ჭეშმარიტებამდე მისასვლელად სოკრატესეულ «γνώθι σαυτόν» -ს (შეიცან თავი) გვთავაზობს.