11. 04. 2023
ზაალ სამადაშვილი

ანტუან დუანელს დღიური რომ ეწერა - ფრანსუა ტრიუფოს „400 დარტყმა”

დიდი ხნის წინათ, ბავშვობაში, რომელიმე ფილმი ძალიან რომ მომეწონებოდა, თავს ვალდებულად ვთვლიდი, ჩემი აღტაცება სხვებისთვისაც გადამედო და, ამისათვის, ამ ფილმს თავიდან ბოლომდე ვუყვებოდი ხოლმე მათ, თანატოლებსაც და უფროსებსაც, ცხადია, მსუბუქად გაჯერებულს პირადი შთაბეჭდილებებით.

ახლაც იგივეს ვცდილობ, ფრანსუა ტრიუფოს „400 დარტყმას” ვიხსენებ, მის მთავარ გმირს.

*****

დღე უიღბლოდ დაიწყო. ხუთი თუ ექვსი თანაკლასელის ხელში გამოვლილმა ნახევრადშიშველი ლამაზმანის სურათმა ჩემამდე რომ მოაღწია, სწორედ მაშინ იყვირა ფრანგულის მასწავლებელმა - ახლავე აქ მომიტანეო. მხოლოდ ულვაშების მიხატვა მოვასწარი, მივუტანე, დახედა და კუთხეში გამამწესა - პირით კედლისკენ.

ეს ის მასწავლებელია, ლამის ყველაფერზე რომ გვიბრაზდება და გვიყვირის - ასეთი საშინელი კლასი არასოდეს მყოლია, რა ეშველება საფრანგეთს ამათ ხელში, რა ელის მას მომავალშიო!.. ცარცს რომ გვესვრის დამიზნებით.

შესვენებაზე გარეთ რომ არ გამიშვა, ავზუზუნდი - იტანჯება საწყალი ანტუან დუანელი, დაუმსახურებლად ისჯება ლამაზმანის სურათისთვის, რომელიც ციდან ჩამოვარდა-მეთქი, თან ეს სიტყვები კედელზეც აღვბეჭდე. შესვენებიდან მობრძანებულმა მაბეზღარა მორისემ თვალი ჰკიდა თუ არა წარწერებით აჭრელებულ კედელს, ეგრევე დამასმინა. მასწავლებელი კვლავ გაცხარდა, ნაწერის წაშლა მიბრძანა და მშობლების გამოძახებით დამემუქრა.

გაკვეთილების შემდეგ, მე და ჩემმა განუყოფელმა მეგობარმა რენემ, თითქოს იმის გაგება გვაინტერესებდა დაძვრება თუ არა სხვის ჯიბეებში, მორისე შევაყენეთ და ცხვირ-პირის დანაყვით დავემუქრეთ მაბეზღარობისთვის.

შინ მოსულს არავინ დამხვდა, ციოდა. ნახშირის ქურა დავანთე, გამურული ხელები ფარდაზე შევიწმინდე, კარადიდან თეფშები და დანა-ჩანგალი გამოვაწყვე, მაგიდაზე დავალაგე და ერთი პირობა საშინაო დავალების შესრულება დავაპირე... მაგრამ ამასობაში დედა მოვიდა, საყიდლების სია რომ მოგეცი, რა უყავიო, მკითხა და რომ ვუპასუხე, დავკარგე-მეთქი, დამტუქსა და ფქვილის საყიდლად ჩამგზავნა მაღაზიაში. რიგში მომიწია დგომა, ჩემს წინ მყოფი ხნიერი ქალები ბავშვის ამქვეყნად მოვლინების სირთულეებზე ლაპარაკობდნენ. სულაც არ იყო სასიამოვნო მოსასმენი.

*****

მომდევნო დღეს სკოლაში არ წავსულვარ, რენეს შევხვდი, ჩანთები სადარბაზოში დავმალეთ და კინოში შევედით. ფილმის ნახვის შემდეგ სათამაშო ავტომატებს მივაშურეთ და მექანიკური ბილიარდი ვაჩხაკუნეთ კაი ხანი. მერე უცნაურ კარუსელზე დავდექი – მრგვალი, უსახურავო ოთახი ისეთი ძალით ტრიალებდა, რომ ჩართვიდან ცოტა ხანში ბუზივით ვეწებებოდი კედელს. ქუჩაში გამოსული რენეს რომ ვუზიარებდი შთაბეჭდილებას, დედაჩემს მოვკარი თვალი, ვიღაც კაცს ეხვეოდა. იმანაც დამინახა. შევშფოთდი, აუცილებლად მომხვდება, ეხლა ხომ სკოლაში უნდა ვიყო-მეთქი. რენემ მკითხა, ის კაცი მამაშენიაო? და უარის ნიშნად თავი რომ გავაქნიე, დამამშვიდა, არაფერს გეტყვისო.

დედა საერთოდ არ მინახავს იმ საღამოს. გვიან მოვიდა, დასაძინებლად რომ დავწექი, მერე. მთელი საღამო მამასთან ერთად გავატარე, ის თან ვახშამს ამზადებდა – კვერცხებს ახლიდა ტაფაზე, თან მელაპარაკებოდა, მიმეორებდა, როგორ ვუყვარვარ, როგორ ძალიან ვუყვარვარ დედას და მეკითხებოდა, მიშლენის კატალოგი ხომ არ გინახავს, ვერ ვპოულობო...

რომ მეტყვიან ხოლმე, გადი, დაიძინეო, გავდვარ და ვწვები მოცუცქნულ წინკარში, მაგრამ მაშინვე ვერ ვიძინებ. მინდა-არ მინდა, მესმის მშობლების ლაპარაკი. ჩემზე სულ იმას ეუბნებიან ერთმანეთს, გაუთავებლად იტყუებაო, ინტერნატში ხომ არ გავუშვათ სასწავლებლადო…

*****

დილით, შინიდან გასული რომ დავუგულებივარ, მაბეზღარა მორისე დადგომია ჩემ მშობლებს და ჩავუშვივარ, გუშინ სკოლაში არ ყოფილაო.

მე და რენე ერთმანეთს კი შევხვდით, მაგრამ სკოლაში ცალ-ცალკე მივედით. შევთანხმდით, რომ რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა მეთქვა გუშინდელი გაცდენის გასამართლებლად.

მასწავლებელმა ეზოში მომიხელთა და მკითხა, რატომ არ იყავი სკოლაშიო. დედაჩემის გამო-მეთქი, ვუპასუხე და რომ ჩამეძია, ეგ რანაირადო, წამოვროშე, გარდამეცვალა-მეთქი. შეწუხდა ვიცი, ისე შეწუხდა, რომ მოგვიანებით, საკლასო ოთახში, გამოკითხვის დროს, გაკვეთილი არ მომაყოლა.

რა შეიძლებოდა დამტყდომოდა თავს, კი უნდა მეფიქრა, ვიფიქრე კიდეც, მაგრამ ასე სწრაფად თუ მოხდებოდა ეს, ასე სწრაფად თუ დავისჯებოდი, რას წარმოვიდგენდი. შუა გაკვეთილზე მასწავლბელმა ვიღაცას მოჰკრა თვალი შემინულ კარს მიღმა, გაოცება აღებეჭდა სახეზე, ადგა და გავიდა. ჩემი მშობლები მოსულიყვნენ. მამაჩემმა თითით მომიხმო. წამოვიზლაზნე და კარისკენ დავიძარი. გარეთ გასვლა არ დამცალდა, მამა კლასში შემოვიდა და სილა გამაწნა. უკან გავბრუნდი და ჩემ ადგილზე დავეშვი – თავზარდაცემული და შეურაცხყოფილი.

სკოლიდან რომ წამოვედით, რენეს ვუთხარი, ამ ამბის მერე შინ ვეღარ მივალ, წერილს მივწერ მშობლებს, რომ როცა გავიზრდები მაშინ დაგიბრუნდებით-მეთქი. ღამე სად უნდა გამეთია, არ ვიცოდი, რენემ – მოვიფიქრებ რამესო და ერთ საათში პიგალის მოედანზე, შადრევანთან, დამითქვა შეხვედრა.

დათქმულ დროს მოვიდა და სადღაც წამიყვანა. რომელიღაც შენობის სარდაფში რომ ჩავედით, მითხრა, ადრე აქ ტიპოგრაფია ჰქონდა ბიძაჩემსო, ლოგინი მომიწყო სავსე ტომრებით და ზევიდან გადასაცმელი თბილი ნაქსოვიც მომცა, შინიდან წამოღებული…

*****

რიჟრაჟამდე ჯერ ადრე იყო, ხმაურმა რომ გამომაღვიძა. ვიღაც კაცები ფუსფუსებდნენ მოშორებით. ქუჩაში გავედი. თეთრპალტოიანი ქალი შემეფეთა, დახმარება მთხოვა, ძაღლი გამექცაო. რომ ავედევნე, საიდანღაც ახალგაზრდა კაცი გაჩნდა და აქედან დაიკარგე, მე უნდა დავეხმაროო, შემომიღრინა. მომშივდა, მერძევის მიერ დატოვებულ სავსე ბოთლებს დავადგი თვალი რომელიღაც პატარა მაღაზიასთან. ავუარე, ჩავუარე და ერთი ავწაპნე. მოფარებულში მივდექი და ბოლომდე გამოვცალე. ამასობაში ირიჟრაჟა, ისევ პიგალის მოედანს მივაშურე, შადრევანში ჩაყინული წყალი ამოვტეხე, ხელები დავისველე და სახეზე მივისვ-მოვისვი.

რენე სკოლასთან ახლოს მელოდებოდა. შევეცადეთ, შეუმჩნევლად გაგვევლო ეზო, მაგრამ არ გამოგვივიდა. გუშინდელი საღამო კარგად გაატარეო? - მკითხა მასწავლებელმა, რომლის გაკვეთილზეც დავისაჯე მთელი კლასის თვალწინ. თავს ძალა დავატანე და რაც შემეძლო, მშვიდად ვუთხარი, არც ისე ცუდად-მეთქი. გაჯავრდა და ჩაიბურტყუნა, ოჰ, ეს უპასუხისმგებლო მშობლებიო.

დირექტორის კაბინეტში ინგლისურის გაკვეთილიდან გამიყვანეს. იქ დედა მელოდებოდა. დამინახა თუ არა, გულში ჩამიკრა, ღამე სად გაათიეო, მკითხა. ტიპოგრაფიაში-მეთქი. კაბინეტიდან პირდაპირ სახლში წამიყვანა, მაბანავა, ლოგინში ჩამაწვინა და დიდხანს მელაპარაკა – თავისი ბავშვობა გაიხსენა, დედას უსიტყვოდ ვენდობოდიო, მითხრა. მთხოვა, რომ შეიძლება ჩვენც გვქონდეს ჩვენი საიდუმლოო და მკითხა, გუშინ რომ მოიწერე, რომ დავბრუნდები ყველაფერზე ვილაპარაკებ, რა იგულისხმეო. ჩემი სწავლა და ცუდი ქცევა-მეთქი, მივუგე და გავაგრძელე, არ მინდა სწავლა, თავი მინდა დავანებო და ვიმუშაო-მეთქი. დედამ მისაყვედურა, მაგას როგორ ამბობ, ყველაფერი არა, მაგრამ წერა მაინც ხომ უნდა ისწავლოო. შემპირდა, თუ კარგად დაწერ თხზულებას, რომელსაც მასწავლებელი დაგავალებს, ათას ფრანკს მოგცემო და გამაფრთხილა, ოღონდ ეგ ჩვენი საიდუმლო იყოს, მამას არ გავაგებინოთო.

ჭკუაში დამიჯდა დედას შემოთავაზება და გამოვიძინე თუ არა, წიგნი ავიღე ხელში, კითხვა დავიწყე. ბალზაკის სტრიქონები მომეწონა – მოხუცი კაცი ძალის მოკრებას და სარეცელიდან წამოწევას რომ ახერხებს სიკვდილის წინ და არქიმედეს ცნობილ ფრაზას რომ წარმოთქვამს – ევრიკას. მწერლის სურათი წინკარში რომ პატარა თარო ეკიდა, იმის უკანა კედელზე გავაკარი.

*****

მეორე დღეს, თხზულების დასაწერად ასეთი თემა გვიკარნახა მასწავლებელმა – „სერიოზული შემთხვევა, რომლის შემსწრენიც იყავით და თქვენს პიროვნებას ეხებოდა.” ფურცელზე ჯერ სათაური დავაწერე – „ბაბუას სიკვდილი” და მერე ბალზაკის წინა დღეს წაკითხული სიტყვები ჩამოვაწიკწიკე. ისეთი კმაყოფილება დამეუფლა, რომ მივედი თუ არა შინ, ბალზაკის სურათს სანთელი დავუნთე. ვვახშმობდით, დამწვრის სუნი რომ გვეცა. წინკარში გავცვივდით და რა ვნახეთ, პატარა გობელენს, თაროზე რომ იყო ჩამოფარებული – ცეცხლი ეკიდა. აბობოქრდა, მაგრამ როგორ აბობოქრდა. მამა, აქ სანთელი რამ აგანთებინაო, როგორ იქცევიო, სანამ ჩვენ გაჭმევთ, ის უნდა გააკეთო, რასაც გეტყვითო. შევეცადე ამეხსნა, სუფთა წერისთვის მადლიერება გამოვუხატე ბალზაკს-მეთქი. არაფრის გაგონება არ უნდოდა. დედამ იყოჩაღა, უთხრა, რაღაცას დამპირდა და მალე სასიამოვნოდ გაგაკვირვებსო. ოდნავ რომ ჩააცხრო, განუცხადა, მოდი, ახლა კინოში წავიდეთ სამივეო…

ფილმის სანახავად მამას მანქანით წავედით და სეანსის დასრულების შემდეგ ძალიან გახალისებულები გამოვედით კინოთეატრიდან. მთელი გზა ვლაპარაკობდით და ვიცინოდით. ჩვენ პატარა ბინაში ფეხის შედგმამდე არ შეგვიწყვეტია მხიარულება. სადარბაზოს კიბეზე რომ ავდიოდით, მამა იძახდა – გენერალი მოვიდა თავის ჯარითო. სანამ დასაძინებლად გავიდოდი, დედას არ დავიწყნია ეთქვა ის, რასაც ყოველ საღამოს მეუბნებოდა – ნაგვის ჩატანა არ დაიზაროო.

*****

მორისე ლექსს ამბობდა ფრანგულის გაკვეთილზე, როცა მთელმა კლასმა დავსაჯეთ – მოტოციკლისტის სათვალე, რომლითაც თავი მოჰქონდა, მერხის უჯრიდან ავაცალეთ და მაგრად დავუჩეჩქვეთ. ყველამ მივიღეთ ამ საქმეში მონაწილეობა. ვინ დამაცალა მაბეზღარას მჟავე სიფათით ტკბობა, მასწავლებელმა ჩემი თხზულების განხილვით დაიწყო ნიშნების გამოცხადება და გარდა იმისა, რომ ახლობლების სასიკვდილოდ გაწირვაში დამდო ბრალი, პლაგიატორიც მიწოდა. შევეწინააღმდეგე, ვუთხარი, არ გადამიწერია-მეთქი, მაგრამ ვინ მომისმინა, სემესტრის ბოლომდე დამითხოვა გაკვეთილებიდან. რენეც უკან მომაყოლა გამოსარჩლების გამო. რას ველოდებოდი და რა მივიღე, ასეთი სასჯელით დამძიმებული ნაღდად ვეღარ მივდგამდი ფეხს შინ. თან მამაჩემის ბოლო მუქარაც გამახსენდა, სამხედრო სასწავლებელში გიკრავ თავს, იქ მოგხედავენო. საზღვაოს კიდევ არა უშავს, ზღვას მაინც ვნახავდი-მეთქი, ვუთხარი რენეს, რომელმაც მხარზე ხელი გადამხვია, ჩემთან წამოდი და რამდენ ხანსაც გინდა, დარჩიო. მას ნანახი ჰქონდა ზღვა – ხმელთაშუა და ლამანშის სრუტის…

შენი მშობლები რას იტყვიან-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა, ვერ გნახავენ, დედა სვამს, მამა კიდევ მივლინებაშიაო. უცნაური ოჯახი იყო, უზარმაზარი ბინა ჰქონდათ და ოთახში, სადაც რენეს ეძინა, ცხენის ნატურალური ზომის ფიტული ედგათ. მივედით თუ არა, რენემ ეგრევე ფული მოიპარა ძველებური ზარდახშიდან. ეს ფული ერთხანს გვეყო კინოსთვის, ქუჩებში ხეტიალისთვის, რენეს უმცროსი დაიკოს თოჯინების თეატრში წაყვანისთვის. სახლშიც მაგრად ვერთობოდით – გრძელი მილაკებით ქაღალდის დაგორგლილ ბურთულებს ვესროდით მანქანებს მანსარდიდან, ღვინოს ვწრუპავდით, სიგარას ვაბოლებდით, კამათლებს ვაჭახუნებდით. თოჯინების თეატრში, რომ ვიყავით და „წითელქუდას” ვუყურებდით აჟრიამულებულ პატარებთან ერთად, მაშინ გადავწყვიტე საბეჭდი მანქანის მოპარვა მამაჩემის სამსახურიდან. რენემ მითხრა, ლომბარდში ჩავაბაროთ, დედაჩემი სულ იქ აბარებს თავის ნივთებს, ფული რომ შემოაკლდებაო. „საქმეზე” ერთად წავედით, ოღონდ შენობაში მარტო მე შევედი. მეორე სართულზე ავედი, კორიდორი წელში მოხრილმა გავიარე, ფეხაკრეფით შევიპარე ვრცელ ოთახში, სადაც ბევრი მაგიდა იდგა და ერთ-ერთიდან საბეჭდი მანქანა დავითრიე. არც ჩემი შემოსვლა დაუნახავს ვინმეს და არც გასვლა. მანქანა მძიმე იყო და ლომბარდისკენ მიმავალ გრძელ გზაზე ერთმანეთს ვენაცვლებოდით მის ტარებაში.

ხმაურიანი, ხალხმრავალი ადგილებიდან მყუდრო ქუჩაზე რომ გადავუხვიეთ, რენე ვიღაც დაბალ, კეპიან კაცს გამოელაპარაკა და დახმარება თხოვა. ჩვენგან ნივთს არ ჩაიბარებდნენ ლომბარდში, რადგან არასრულწლოვნები ვიყავით. გარკვეული საფასური მოგვთხოვა, დავეთანხმეთ, მანქანა გადავეცით და სანამ ის ლომბარდში იმყოფებოდა, მოპირდაპირე მხარეს მდებარე ბისტროში გავმაგრდით.

ცოტა ხანში დავინახეთ, რომ ის კაცი, ჩვენი ნივთით ხელში, ლომბარდიდან გამოვიდა და არც ვუძებნივართ, ისე გაუყვა ქუჩას. გამოვეკიდეთ, დავეწიეთ და თავის მართლება რო დაიწყო, რატომ არ დაიტოვეს მანქანა, მივხვდით რომ გადაგდებას გვიპირებდა. ცოტა კი იწუწუნა, სამასი ფრანკი მაინც მომეცით, დრო ხომ დაგახარჯეთო, მაგრამ საკინძეში რომ ვწვდით და მუშტები მივუტანეთ ცხვირთან, ამ დროს პოლიციელიც რომ გაილანდა შორიახლოს, მანქანა მოგვაჩეჩა და სასწრაფოდ გაგვშორდა.

მაგრად გაგვიფუჭდა ხასიათი, მოპარული მანქანა ზედმეტ ბარგად გვექცა. რამდენ ხანს უნდა გვეთრია უსარგებლო ნივთი. რომ ვთქვი, უკან უნდა მივიტანოთ, უნდა დავაბრუნოთ-მეთქი, რენე დამეთანხმა, ოღონდ შენ უნდა გააკეთო ეს, რადგან შენი იდეა იყოო. გავბრაზდი, შევეკამათე, არამზადაც კი ვუწოდე. ასე იყო თუ ისე, კვლავ შევიპარე მამაჩემის სამსახურში, შევაღწიე იმ ოთახში, საიდანაც მანქანა წამოვიღე და ის იყო, მოპარული ნივთი, რომლის თრევითაც ხელები ჩამოწყვეტაზე მქონდა, მაგიდაზე უნდა დამედო, რომ დარაჯი დამადგა თავზე. ხელები ჩამჭიდა და რაღაცნაირი ბოროტი ნიშნისმოგებით მითხრა, ახლა გაიგებს ყველა, როგორ ვასრულებ ჩემ მოვალეობასო… მამაჩემს დაურეკა, ახლავე მოდით, არასასიამოვნო სიურპრიზი უნდა დაგახვედროთო. ისიც მოვიდა, ქეჩოში წამავლო ხელი და თრევა-თრევით გამომიყვანა ქუჩაში. რენეს რომ გავუსწორდით, გარეთ რომ მელოდებოდა, ჩამძახა, კარგად შეხედე, დიდხანს ვეღარ ნახავ შენ მეგობარსო. მთელი გზა არ გაჩერებულა, ხან რას მეუბნებოდა, ხან რას – შენ ასაკში ასეთი რამ რომ გამეკეთებინა, მამა მომკლავდაო, ბოლოს და ბოლოს ამოვისუნთქავთ, დავისვენებთ მე და დედაშენი შენგანო, გამოეთხოვე კარგ ცხოვრებასო. პოლიციაში მიმიყვანა და კომისართან ითხოვა შეხვედრა. იმასაც ბევრი ელაპარაკა, სულ იტყუებაო, არ გვიჯერებსო, ყველაფერი ვცადეთ ძალმომრეობის გარდა, მაგრამ არ გაჭრაო, ახლა კიდევ საბეჭდი მანქანა მოიპარაო. კომისარმა თავის ხელქვეითს მოუხმო და ჩემზე უთხრა, წაიყვანე და ბრალდება – მაწანწალობა და ქურდობა გაუფორმეო.

ბრალდება რომ გაეფორმებინათ, მე დანაშაული უნდა მეღიარებინა. ჰოდა, ჩავაწერინე იმ კაცს, რაც მიკარნახა – ვაღიარებ, რომ შენობაში შევიჭერი და საბეჭდი მანქანა მოვიპარე-მეთქი. ამის მერე სამორიგეოში გადამიყვანეს და მოზრდილი ოთახისგან რკინის ბადით გამოყოფილ გალიასავით სივრცეში მომათავსეს. იქ ერთი კაცი იჯდა, რომელმაც მკითხა, რა დააშავეო და ვუპასუხე, სახლიდან გამოვიქეცი-მეთქი. კითხვა რომ შევუბრუნე, მეო, თქვა და აღარ თუ ვეღარ გააგრძელა. ცოტა ხანში ვიღაც მედიდურად ცხვირაბეკილი ქალები შემოიყვანეს და მე უფრო პატარა გალიაში გადამიყვანეს. შემცივდა, ქურთუკი მუხლებზე გადავიფარე და ცხვირი სვიტრის საყელოში ჩავრგე. უკვე თვლემამორეული, პოლიციელის შეძახილმა გამომაღვიძა, თქვენი ლიმუზინი მოვიდაო. ყველანი, ის კაციც, ქალებიც, მეც გარეთ გაგვიყვანეს და ყუთივით საბარგულიან მანქანაში ჩაგვსხეს. საბარგულს ერთადერთი, შეუმინავი, გისოსებიანი ფანჯარა ჰქონდა უკანა მხარეს. რაკი ყველაზე ბოლოს ამიყვანეს, ფანჯარასთან ჯდომა მე მომიწია. ჩავჭიდე გისოსებს ხელები და დავიწყე ყურება გარეთ. მანქანა მიდიოდა და უკან რჩებოდა წვიმისგან დასველებული ქუჩები, სარეკლამო აბრებით განათებული სახლები, კინოთეატრების და კაფეების შესასვლელებთან ჯგუფ-ჯგუფად მდგარი ადამიანები, ტროტუარების გასწვრივ ჩამწკრივებული ტაქსები, ნაცნობი ადგილები, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დაუბრკოლებლად გადავაადგილდებოდი... რაღაცა მომაწვა ყელში, უხმოდ ავტირდი, ცრემლებით გამოვეთხოვე წართმეულ თავისუფლებას.

*****

სანამ საკანში მიკრავდნენ თავს, პოლიციელებმა რომელიღაც პირქუში, სქელკედლებიანი შენობის კორიდორებში მატარეს და ჰოლის კიბის თავში, საწერ მაგიდასთან მჯდარ, მელოტ, ფორმიან კაცს მიმგვარეს. ქამარი, ფეხსაცმლის თასმები შეიხსენი, ჯიბეებიდან ყველაფერი ამოალაგეთ, მიბრძანა იმ კაცმა და ყველაფერი რომ შევასრულე, რაღაც ფურცელი გამომიწოდა, ხელი მოაწერეო. კიდევ კარგი, პლედი დამხვდა საკნის საწოლზე, თორემ ქურთუკის ამარა გავიყინებოდი. დავწექი, გადავიფარე და ჭერს მივაშტერდი. კაკუნმა გამომარკვია, კარი შემომიღეს და თუნუქის ჭიქით რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის სითხე შემომაწოდეს. მოვსვი და ეგრევე გადავასხი. ქურთუკის ჯიბეები მოვიქექე, ორიოდ მწიკვი კიდეებში ჩარჩენილი თამბაქო მოვიძიე და საკნის იატაკზე დაგდებულ გაზეთის ნაგლეჯს დავწვდი. დაჭმუჭნული იყო, მუხლზე დავიდე, ხელით გავასწორე, თამბაქოს ნაფხვენები სიგრძეზე გადავანაწილე და გავახვიე. ასანთის ასევე ნაპოვნი ღერი ფეხსაცმლის ძირზე გავიკარი, ავანთე, მოვუკიდე და გემრიელად გავაბოლე. როდის-როდის საკნიდან გამიყვანეს, თითის ანაბეჭდები ამიღეს, ხელში ნომრიანი ფირფიტა დამაჭერინეს და ფოტოები გადამიღეს ჯერ ანფასში, მერე პროფილში.

*****

არასრულწლოვან დამნაშავეთა მეთვალყურეობის ცენტრში ყველა დილა ზარის გაბმული რეკვით იწყება. გამოვიშლებით თუ არა გარეთ, ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც აქ, ამ უზარმაზარი, ჩაკეტილი მამულის ტერიტორიაზე ოჯახებით ცხოვრობენ, უმალ გვარიდებენ თავიანთ შვილებს. ბავშვები რკინის ღობეების ღრიჭოებიდან გვიყურებენ ხოლმე ერთნაირად ჩაცმულ ბიჭებს, რომლებზეც, ვინ იცის, რა საშინელებები აქვთ გაგონილი მშობლებისგან. აქ მოხვედრილი ბიჭებიც ვუყვებით ერთმანეთს ჩვენ-ჩვენ თავგადასავლებს, რომლებშიც ჩვენზე უარესად უფროსები გამოიყურებიან. სკოლის მასწავლებლებს აქაური „აღმზრდელები” ჯობნიან უსამართლო, სასტიკ მოპყრობაში. იმ დღეს, ერთ-ერთმა მათგანმა, მწყობრში რომ ჩაგვაყენა და ერთი-ორი, ერთი-ორის ძახილით სასადილოსკენ გაგვიძღვა, შენობაში შესვლისთანავე გაწყობილ მაგიდებთან დაგვაყენა და ყველამ თქვენ-თქვენი პურები მაჩვენეთო, გვიბრძანა. შიმშილისგან სული მიმდიოდა, მეგონა, ვერ მხედავდა და ცოტაოდენი მოვციცქნე, მოვიდა, გვერდზე გამიყვანა ჩემი პურიან-თეფშიანა, წინ დამიდგა, ხელები გამომიწოდა და მკითხა, რომელს აირჩევ, მარჯვენას თუ მარცხენასო. მარცხენას-მეთქი, ვუპასუხე. საათი ეკეთა მარცხენა მაჯაზე, მოიხსნა, დადო და ისეთი სილა მლეწა – დამაბარბაცა…

საიმედოდ კია ჩაგმანული აქაურობა და ზედამხედველობაც მკაცრი, მაგრამ გაქცევა მაინც შესაძლებელია. ამაში იმ მაღალმა ბიჭმა დამარწმუნა, ორმა ფორმიანმა მკლავებამოტრიალებული რომ შემოიყვანა ჭიშკარში. ახლახანს შეპყრობილი და მკაცრი სასჯელის მომლოდინე ადამიანის კვალობაზე, თავი ყოჩარად ეჭირა, შიშის და სინანულის არაფერი ეტყობოდა ალაგ-ალაგ გამურულ სახეზე. საღამოხანს, მეც რომ აღმოვჩნდი იმ სარკმლის ქვეშ, რომლიდანაც ბიჭებმა საკვები მიაწოდეს უკვე დამწყვდეულს და დასჯილს, კარგად გავიგონე, რა თქვა მან – მერე რა, რომ დამიჭირეს, სამაგიეროდ, ხუთი დღე კარგად გავერთე, როგორც კი შანსი მომეცემა, კიდევ გავიქცევიო.

*****

ჩემამდე მოყვანილი ბიჭების მსგავსად, მეც უნდა გამოვეკითხე ფსიქოლოგს. მასთან მოხვერამდე, უკვე გამოკითხულთაგან ერთ-ერთმა მითხრა, აქ ჩვენ შესახებ ყველაფერი იციან და პასუხების გაცემის დროს გაითვალისწინეო. ვკითხე, მუნჯად ხომ არ მოვაჩვენო თავი-მეთქი, რაზეც მიპასუხა, მაგას ნუ იზამ, თუ მიგიხვდნენ, გამოსასწორებელ კოლონიაში გაგიშვებენო. ცუდად მოხვდა ყურს „გამოსასწორებელი კოლონია”.

რაღას გავაწყობდი, ვილაპარაკე, ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. ფსიქოლოგმა, ქალი იყო, ჯერ მითხრა, შენი მშობლები ამბობენ, სულ იტყუებაო. შევეცადე ამეხსნა, რომ მთლად ასე არ იყო საქმე, რომ ხანდახან კი ვიტყუებოდი, მაგრამ როცა მართალს ვამბობდი, არ მიჯერებდნენ, ამიტომ ისევ ტყუილის თქმას ვამჯობინებდი. მერე მკითხა, საბეჭდი მანქანა რატომ დააბრუნეო? ვერ გავყიდე, თან შემეშინდა, არ ვიცი რატომ-მეთქი. ის როგორ იყო, ბებიას ათი ათასი ფრანკი რომ მოპარეო. როგორ და ვიცოდი, სად ინახავდა ფულს და მხოლოდ ნაწილი ავიღე. ვფიქრობდი, რომ მოხუცია, ბევრს არაფერს ჭამს, ფული არაფერში ჭირდება-მეთქი. ისიც ვუთხარი, დედაჩემსაც რომ სჩვეოდა, სხვის ჯიბეებში ძრომიალი და მოპარული ფული მან რომ ამომაცალა ღამით, როცა მეძინა. არც ის დამიმალავს, ბებიამ წიგნი რომ მაჩუქა იმ დღეს, დედამ რომ წამართვა და გამიყიდა. დედა რატომ არ გიყვარსო, მკითხა. რა უნდა მეთქვა, მოვუყევი რომ მან გამაშვილა და როცა ჩემს აღმზრდელებს ფული გაუთავდათ, ბებიასთან გადავედი. მერე, ბებია რომ დაბერდა და ვეღარ მივლიდა, მშობლებთან დავბრუნდი, ვუთხარი, ალბათ დედასაც არ ვუყვარვარ, ხშირად უმიზეზოდ მიყვირის, სულ მეჩხუბება-მეთქი. ისიც მოვუყევი, რომ დედას გათხოვებამდე გავუჩნდი, რომ ერთხელ ბებიაჩემს ეჩხუბებოდა და გავიგე, რომ აბორტის გაკეთება უნდოდა თურმე, რომ ქვეყანას ბებიას წყალობით მოვევლინე, რომ ეს მისი დამსახურებაა. ბოლო შეკითხვამ ცოტათი დამაბნია და გამაუხერხულა, გოგოსთან თუ გიალერსიათო? არა, მე არა, ზოგიერთ ჩემმეგობარს კი-მეთქი. მათგან ვიცოდი, ბოზები სად დგანან, მივედი და ვცდილობდი, რომელიმე მათგანი „ამეყვანა”, მაგრამ დამიყვრეს, შემეშინდა და გამოვიქეცი-მეთქი. მოვყევი, კიდევ რამდენჯერმე რომ დავბრუნდი იქ და ერთ აფრიკელ კაცს რომ გადავეყარე, რომელმაც მითხრა, ერთ ქალს ვიცნობ, შენხელა ბიჭები რომ მოსწონსო, რომ მივაკითხეთ სასტუმროში, ველოდეთ და არ გამოჩნდა.

*****

ზედამხედველებმა თუ აღმზრდელებმა, თუ ორივემ ერთად, წინასწარ გამოგვიცხადეს, ამა და ამ დღეს, ამა და ამ საათზე, მშობლებს შემოვუშვებთ თქვენს სანახავადო. დათქმული დრო რომ მოახლოვდა, ავეკარით შემინულ კარს და დავიწყეთ ყურება ეზოსკენ, სადაც, ხეივნის გავლით მნახველები უნდა გამოჩენილიყვნენ.

და ვინ აღმოჩნდა პირველი, ვინც გარეთ, კართან ახლოს, საგანგებოდ დადგმულ მაგიდასთან მჯდარ კაცს მიესალმა და რაღაცის ახსნა დაუწყო? რენე, ჩემი გულითადი მეგობარი, რენე. ხელების ქნევა ავტეხე, დავუძახე კიდეც, იმანაც დამინახა, გამომხედა, მაგრამ კიბის ამოვლა და კარის შემოღება ვერ შეძლო, არ შემოუშვეს. მაგრად, ძალიან მაგრად ჩამწყდა გული, როცა მან დანანების ნიშნად ხელები გაშალა, თავი გადააქნია და წავიდა.

დედაჩემი შეუფერხებლად შემოვიდა, ნელთბილად მომესალმა და განვმარტოვდით თუ არა, საქმეზე გადავიდა. მოხდენილად ეცვა, თავდაჯერებულად ლაპარაკობდა, გაკიცხვით დაიწყო, წერილი რატომ მიწერე მამას, გული რატომ ატკინე, გეგონა, არ მაჩვენებდაო? კი, გვქონდა ცხორებაში მძიმე პერიოდები, მაგრამ მისთვის ამის შეხსენება რა საჭირო იყო, ბოლოს და ბოლოს გვარი ხომ მან მოგცაო. მერე მითხრა, მზად ვიყავით, აქედან წაგვეყვანე, მაგრამ მეზობლების ჭორაობას მოვერიდეთ, როგორც ჩანს, ბევრს არ მოსწონდიო. მხრები ავიჩეჩე, მე ხომ მათთვის არაფერი დამიშავებია-მეთქი. მიპასუხა, მივეჩვიე, რომ მთელი ცხოვრება ვიღაც იდიოტები მაკრიტიკებდნენო და ხმა გაიმკაცრა, არ ეცადო, მამას რამე შესჩივლო, მან მთხოვა გადმომეცა, რომ მისთვის სულერთია, რაც მოგივა, გამოსასწორებელ კოლონიაში გაგგზავნიან, ხომ გინდოდა მუშაობა და ვნახოთ ერთი, როგორ მოგეწონება, რას იტყვიო…

*****

დედასთან შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ჩემი ბედი გადაწყვეტილი იყო და ის, რასაც ყველაზე ძალიან ვუფრთხოდი, არ ამცდებოდა.

ფეხბურთის სათამაშოდ წაგვიყვანეს, რა თქმა უნდა, სამწყობრო ნაბიჯით. მოედანი „ჩვენი მამულის” გარეთ, სოფლის განაპირას იყო. მივედით თუ არა, ორად გავიყავით და ბურთის გორება დავიწყეთ. აუტის მოწოდება მომიწია, მოვისროლე ბურთი მოედნისკენ და აღარ შევყევი. გავტრიალდი და ღობისკენ გავიქეცი, იმ ადგილისკენ, სადაც მავთულის ბადესა და მიწის ზედაპირს შორის მცირეოდენი ღიობი იყო დარჩენილი. გავძვერი იმ ღიობში და გავქუსლე. სასტვენიანმა ზედამხედველმა მსაჯობა მიატოვა და გამომეკიდა. კარგა ხანს მდია და ხერხი რომ არ მეხმარა, დამეწეოდა, ჩემზე ჯანიანიც იყო და კარგად ნაკვებიც. გზიდან, ძველისძველ თაღოვან ხიდზე რომ გადიოდა, გადავუხვიე, დაღმართი ჩავირბინე და ამ ხიდის ქვეშ შევიყუჟე. ნაბიჯების ხმა რომ მიწყდა, სამალავიდან გამოვედი და ისევ გავიქეცი. აღარავინ მომდევდა, ბევრი ვირბინე, ნაბიჯი არ შემინელებია მანამდე, სანამ ერთ-ერთი ფერდობიდან ზღვა არ გადამეშალა თვალწინ - უკიდეგანო, მორუხო-მოცისფრო, ქვიშიანი ნაპირისკენ დაბალი, თეთრად აქაფებული ტალღებით წამოსული და უკუქცეული, წამოსული და უკუქცეული და ასე – სასრულოდ…

*****

იმ დღეს, არასრულწლოვან დამნაშავეთა მეთვალყურეობის ცენტრიდან” გამოვიქეცი, ზღვის წყალში კოჭებამდე მდგარ ცამეტი წლის ბიჭისთვის, ანუ ჩემთვის, ფოტო რომ გადაეღო ვინმეს და მერე ფოტო, რომელზეც ყველაზე უკეთ მზერა იქნებოდა „დაჭერილი”, ეჩუქებინა ჩემთვისვე, უკანა მხარეს ასეთ რამეს წავაწერდი:

არ მინდ სულ მწყობრში ვიდგე, არ მინდა, ხმამაღალი გათვლა და სასტვენში ჩაბერვის ინტერვალი განსაზღვრავდეს ჩემი გადაადგილების რიტმს, არ მინდა, იმაზე უფრო მკაცრად მსჯიდნენ, ვიდრე ვიმსახურებ, მინდა, რომ ხანდახან მისმენდნენ, მინდა, რომ ფილმების ყურებით ვიღლიდე თვალებს, მინდა, რომ ტყვეობიდან თავის დაღწევა არ მჭირდებოდეს ზღვის სანახავად. თუ არ გამოვა და მუდამ მეთვალყურეობისა და ზედამხედველობის მარწუხებში უნდა ვიყო მოქცეული, გაქცევას ყოველთვის მოვახერხებ და იმ ბიჭისა არ იყოს, ჩემამდე რომ შეძლო ეს და დაიჭირეს, რამდენიმე დღეს მაინც გავატარებ ისე, როგორც მენდომება – რენესთან ერთად ვიწანწალებ და ღობე-ყორეს მოვედები ქალაქში, რომელსაც აცრემლებული გამოვეთხოვე და რომელსაც ვერასოდეს მომწყვეტენ.”