"ვკითხულობთ ერთად" - ოცდამესამე შეხვედრა

ვის აღარ შეხვდა, ვინ აღარ გაიცნო ჯელსომინომ ცრუთა ქვეყანაში, მაგრამ ახლადშეძენილ მეგობრებს შორის ყველაზე კეთილი და ყველაზე საბრალო ბენვენუტო მუხლჩაუხრელია; ადამიანი, რომელიც სულ რაღაც ათი წლის წინ მოევლინა ქვეყანას, მაგრამ სამოცდაათ წელს გადაცილებული ბერიკაცივით გამოიყურება.
 
საქმე ის გახლავთ რომ მისთვის წამოწოლა კი არა, ჩამოჯდომაც არ შეიძლება მცირე ხნით, ამ დროს მას ასაკი ემატება. მან იცის ეს, მაგრამ იმისათვის რომ გასაჭირში მყოფ ახლობლებსა და სრულიად უცნობ ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდოს, ამ უცნაურ, საშინელ სნეულებას არად დაგიდევთ...
 
ხან რა მიზეზით უწევს მუხლის მოხრა და ხან რა მიზეზით, ჰოდა, ემატება და ემატება ასაკი, თმაც თეთრი აქვს, ულვაშიც და წვერიც, ხელჯოხსაც ეყრდნობა გადაადგილებისას...