"ვკითხულობთ ერთად" - მეოცე შეხვედრა

ისეთი წიგნის კითხვა დავიწყეთ, ხელში რომ აიღებ, რომ გადაშლი და ვეღარ მოწყდები. წიგნის სახელი "მსოფლიოს მოკლე ისტორიაა მოზარდებისთვის", ხოლო მისი ავტორი ძალიან ჭკვიანი და მრავალმხრივ განსწავლული კაცი - ერნსტ გომბრიხი.
 
პირველი თავები წავიკითხეთ, ქვისა და გამოქვაბულის ხანის ადამიანების შესახებ და შევიტყვეთ რომ ისინი, თურმე იმიტომ ხატავდნენ, ქვაბულებისა და მღვიმეების კედლებზე მამონტებს, რომ ეგონათ ამ ნახატებით მოიზიდავდნენ, ახლოს მოიყვანდნენ მათ და შორს წასვლა აღარ დასჭირდებოდათ სანადიროდ.
 
უფრო გვიანდელი ეპოქის ამბებიც გავიგეთ, კერძოდ, რა ხდებოდა "ნილოსის ქვეყანაში" - ეგვიპტეში, როცა მას ფარაონები მართავდნენ, რომელთა სადიდებლად ასიათასობით მონა ოცდაათი წლის განმავლობაში ხელით ეზიდებოდა უზარმაზარ ლოდებს პირამიდის ასაგებად.