27. 04. 2024
ზაზა ბიბილაშვილი

რუსეთის უკანასკნელი ომი და ახალი „რკინის ფარდა“ ევროპის კონტინენტზე

We are ignoring the views of the people who’ve been comprehensively and systematically vindicated in their analysis and listening to the views of people who’ve been comprehensively and systematically wrong.” – Edward lucas

„ივანიშვილი პუტინის ყველაზე წარმატებული პროექტია“ - არ მახსოვს, ვინ მითხრა ეს სიტყვები პირველად. შეიძლება, არც არავის უთქვამს და ძილის წინ, სასთუმალზე მეზმანა, მოხეტიალე ფიქრების შემოტევისას, როცა იმ კონკრეტული დღის, შორეული ბავშვობისა თუ ამასობაში უკვე ნახევარსაუკუნოვანი ცხოვრების დაგროვილი ემოციები ერთიანად ამოდის ხოლმე ზედაპირზე, რათა ნანატრი ძილი დაგიფრთხოს. ასეა თუ ისე, რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ივანიშვილი მართლაც პუტინის ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელმაც ფილიგრანული ლავირებითა და KGB-ს სახელმძღვანელოებიდან ამოღებული ვირეშმაკური სვლებით 12 წელი თავის ჭკუაზე ატარა ევროპული და ამერიკული პოლიტიკის კორიფეები.

2018 წელს, როცა ჭავჭავაძის ცენტრმა გამოსცა ორენოვანი ბროშურა სახელწოდებით „ქართული თუ რუსული ოცნება? - მხოლოდ ფაქტები“, ივანიშვილისთვის პრორუსულობის „დაბრალების“ გამო ბევრი გვამუნათებდა. გავიდა რამდენიმე წელი და დღეს ეს ლამის აქსიომად ქცეული თეზაა თავისუფალ სამყაროში. „ქართული ოცნება“ რომ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“, დღეს უკვე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონისგან ვისმენთ. როგორ არ უნდა გაგახსენდეს ედვარდ ლუკასის ზემოთ ციტირებული ფრაზა?!

შუასაუკუნეობრივი მენტალიტეტიდან აღმოცენებული  სასტიკი ომი, რომელსაც ბოროტების იმპერიის არანაკლებ ბოროტი მემკვიდრე მესამე წელია ევროპაში აწარმოებს, ბევრად უფრო დიდი გეოპოლიტიკური ომის საკვანძო, მაგრამ არა ერთადერთი ნაწილია. ეს ომი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. საუბედუროდ, ცალმხრივად. „საუბედუროდ“, რადგან კოლექტიურ დასავლეთს რომ დროზე დაენახა ყველა აშკარა ნიშანი და კონტრ-ზომები მიეღო, ერთი ლენინგრადელი კაგებეს აგენტი დღეს მსოფლიოს თავსატეხი არ იქნებოდა. კოლექტიური დასავლეთი წლების განმავლობაში არ იმჩნევდა რუსეთის ბარბაროსულ ქმედებებს - კორპუსების აფეთქებას (რომელიც მეორე ჩეჩნური ომის დასაწყებად იქნა გამოყენებული), კურსკს, ბესლანს, ნორდ ოსტს, ლიტვინენკოს, იანდარბიევს, 2008 წლის ომს, 2014 წლის ყირიმის ანშლუსს... და ყოველთვის პოულოუბდა რუსეთთან რუტინულ რეჟიმში დაბრუნების მორიგ საბაბს: ხან კლიმატის ცვლილების კონტექსტში რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობას, ხან - საერთაშორისო ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის საჭიროებას, ხანაც - ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ფაქტორებს, რომელთა მძევალიც საკუთარი ნებით გამხდარიყო.

უკრაინაზე თავდასხმამ ვითარება შეცვალა. თუმცა, მეტი სიზუსტისთვის, ვითარება არა თავდასხმამ, არამედ მასზე უკრაინელთა მოულოდნელად წარმატებულმა რეაგირებამ შეცვალა, თორემ კოლექტიური დასავლეთი კვლავაც მზად იყო რუსული ბლიც-კრიგის შედეგები ახალ მოცემულობად მიეღო.

დღეს, უკრაინაში ომის წყალობით, აქსიომატურ ჭეშმარიტებადაა მიჩნეული ის, რასაც სულ რამდენიმე წლის წინ ეჭვის თვალით უყურებდნენ ბევრ დასავლურ დედაქალაქში. კერძოდ, რომ რუსეთი არა სტრატეგიული პარტნიორი, არამედ მტერია, ამ სიტყვის ყველაზე პროზაული გაგებით. მტერი, რომელიც ჰიბრიდული ომის მეშვეობით საბჭოთა იმპერიის საზღვრებისა და გლობალური გავლენების აღდგენას ცდილობს. სწორედ ამ ომის საკვანძო, კრიტიკული ეტაპია „რუსული კანონი“, რომელსაც რუსეთის ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება ძალით ახვევს თავს საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა თითქმის 90%-ს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია სურს.

მანიაკალურ ავანტიურაში, რომელიც ერთი გაბოროტებული დიქტატორის სნეულ ტვინში იშვა, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. საქართველო ხომ კავკასიისა და, გარკვეულწილად, შუა აზიის გეოპოლიტიკური გასაღებია. დაიმონე საქართველო და, ბონუსად, ძირშივე აღკვეთ სომხეთში გაღვიძებულ მძლავრ პროდასავლურ იმპულსს... გარდა ამისა, 2012 წლამდე, წარმატებული საქართველო შთაგონება იყო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის და მაგალითი იმისა, რომ ამ ქვეყნებს რუსეთის გარეშეც შეეძლოთ განვითარება. 2008 წლის ომი მათ შორის ამ წარმატებული მაგალითის დასასჯელად წამოიწყო რუსეთმა. ომმა მრავალი წლით შეაჩერა საქართველოს სვლა ნატოსკენ, მაგრამ ვერ მიაღწია საქართველოში „რეჟიმ ჩეინჯს“, რასაც რუსეთი პირდაპირი ტექსტით ითხოვდა დასავლელი აქტორებისგან. სწორედ მაშინ თქვა პუტინმა, რაც ვერ გააკეთეს რუსულმა ტანკებმა, იმას გააკეთებს ქართველი ხალხიო. მერე, 2012-ში, ჩვეული ცინიზმით მოიკითხა, აბა, როდის არის თქვენთან არჩევნებიო... გავა წლები და ალექსანდრე დუგინი ეთერში იტყვის, ომის დროს თბილისში ტანკებიც რომ შეგვეყვანა, ამაზე უკეთეს მთავრობას ვერ დავსვამდით, ვიდრე დღეს გვყავს „ქართული ოცნების“ სახითო. როგორც ზემოთ ვახსენეთ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც კი 12 აპრილს დაადასტურა ის, რასაც თქვენი მონა-მორჩილი წლების წინ წერდა: რომ „ქართული ოცნება“ სინამდვილეში „რუსული ოცნებაა“. რუსული კანონის მეორედ შემოტანამ „ოცნების“ პროდასავლურობის ბოლო ილუზიებიც დაასამარა.

უღირთ კი ეს კანონი ამად? - კითხულობს ბევრი. „ოცნება“ რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა იყოს, მაშინ პასუხი ცხადი იქნებოდა - რა თქმა უნდა, არ უღირთ! მაგრამ „ოცნება“ დამოუკიდებელი ძალა არ გახლავთ. გაიხსნეთ მისი ანტიდასავლური რიტორიკისა და პროპაგანდისტული მესიჯების სრული დროითი და შინაარსობრივი სინქრონიზაცია რუსეთთან. და თუ ეს არ კმარა, მაშინ ისევ ედვარდ ლუკასის სიტყვები მოიხმეთ.

ამჟამად რუსეთი ემზადება უკრაინაში დამარცხების შემდგომი სცენარისთვის. ამ სცენარში, რუსული კანონის მიღება საქართველოდან კოლექტიური დასავლეთის გაძევებისა და საქართველოში დემოკრატიის განადგურების გარანტირებული გზაა. ამ რეპრესიული კანონის მიღებით (რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და კრიტიკულ მედიას „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ - ახალი დროის „ხალხის მტრებად“ - შერაცხავს და მათ სისტემურ სტიგმატიზებას გამოიწვევს), რუსეთი საქართველოდან გააძევებს ან გაანეიტრალებს ყველას, ვინც ქვეყნის დემოკრატიზაციას, ევროინტეგრაციასა და კანონის უზენაესობას ემსახურება. ამ კანონით რუსეთი ახალ გამყოფ ხაზს ავლებს ევროპის კონტინენტზე და საქართველოს ამ ხაზის რუსულ მხარეს ტოვებს.

რატომ აკეთებს ამას „ოცნება“? ლოგიკური კითხვაა ადამიანისთვის, რომელმაც, შესაძლოა, არ იცოდეს კორუფციისა და გაუმჭვირვალობის ის არნახული მასშტაბი, რომელშიც ივანიშვილმა გახვია ქვეყანა და მისი ნება-სურვილის უსიტყვოდ აღმსრულებელი მინისტრ-დეპუტატები. ჩვენ გვყავს ასობით ოჯახი - რომლებმაც ყოველგვარი ცოდნისა და შრომის გარეშე, ოდენ უსიტყვო ერთგულების ფასად, ზღაპრული ქონება დააგროვეს. არიან პირები, რომლებიც 12 წლის წინ სოციალურად დაუცველთა სიაში იყვნენ და დღეს მილიონების თვლას ვერ აუდიან. რუსული კანონის მიღებით, ისინი ოლიგარქის კურთხევით ხელში ჩაგდებულ დიდძალ ქონებას იცავენ.

როდესაც  ვსაუბრობთ „ოცნების“ დეპუტატებზე, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი კლასიკური გაგებით „პოლიტიკოსები“ არ არიან. პრაქტიკულად არც ერთ მათგანს არ გააჩნია პოლიტიკური ბიოგრაფია. ისინი „არსაიდან“ მოიყვანა ერთმა ოლიგარქმა და, როცა მოისურვებს, გააქრობს (გაუქრია კიდეც. გახსოვთ კვირიკაშვილი? ბახტაძე?)... ერთი პერიოდი ქვეყნის პრემიერი ოლიგაქრის ყოფილი პირადი თანაშემწე იყო, ეკონომიკის მინისტრი - მისი ბანკის ერთ-ერთი მენეჯერი, ჯანდაცვის მინისტრი - მისი ცოლის დენტისტი, შს მინისტრი - მისი პირადი დაცვის უფროსი და ა.შ.. „ოცნების“ დეპუტატებსა და მინისტრებს არ გააჩნიათ ამომრჩევლის მიმართ ანგარიშვალდებულების განცდა. ვერც ექნებათ, რადგან მათი კეთილდღეობის წყარო სხვაგანაა.

ჰანა არენდტს დავესესხები და ვიტყვი, რომ ღალატი არასდროს ყოფილა ასე ბანალური. განწყობა, რომ „ოცნებამ“ ქვეყანას უღალატა, თანაბრად არის გამჯდარი ქალებსა და კაცებში, ყველა სოციალურ, ასაკობრივ თუ ეთნიკურ ჯგუფში, ყველა რელიგიურ თემში, ურბანულ და სოფლის მოსახლეობაში. ეს ეგზისტენციური ბრძოლაა. „ოცნება“ იცავს უზურპირებულ ძალაუფლებასა და კორუფციულ ქონებას, ხოლო სანაცვლოდ კლავს საქართველოს ევროპულ, დემოკრატიულ მომავალს. ხალხი კი იცავს დემოკრატიას, ევროპულ მომავალს და თავისუფლებას. ბევრისთვის ეს ბრძოლა 1921 წლის თებერვლის ანალოგიაა, ოღონდ დღეს ბოლშევიკური რუსეთის მე-11 არმიის როლში „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და დეპუტატები არიან (თუ ამ შედარებამ ყური მოგჭრათ, ისევ ედვარდ ლუკასი გაიხსენეთ).

თუ ივანიშვილი ძალით გაიტანს ამ კანონს - და თუ მას ეს შერჩება - ეს იქნება საქართველოს ბელარუსიზაციის დაჩქარებული გზა: ზოგს განდევნიან. ზოგს დაიჭერენ. ზოგი „გაურკვეველ ვითარებაში“ მოკვდება (როგორც მაგნიტსკი, ნემცოვი ან ნავალნი). ვინც მოასწრებს, გაიქცევა. ოფშორებიდან ქონების გადმოტანის ახალი კანონით ძალით, ქვეყანა შავი ფულის სამოთხედ იქცევა, სადაც „რუსული მშვიდობა“ და რუსული „სულიერება“ დაისადგურებს.

არ მინდა შეგაშინოთ, მაგრამ საქართველოს გადასარჩენად მხოლოდ დღეები დაგვრჩა. შეიძლება კვირები. თვეები ნამდვილად არა. სწორედ ესაა სასწორზე, რაც კარგად ესმის ორივე მხარეს. სწორედ ამიტომ, ამ კანონის წინააღმდეგია ჩვენი უკლებლივ ყველა ევროპელი და ამერიკელი მეგობარი, ხოლო მომხრეები მხოლოდ მოსკოვში არიან.

რამდენიმე თვის წინ, დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ომს არ მოიგებს, ის დაიშლება. იმპერიების აღზევებისა და დაცემის ისტორიულ მაგალითებს თუ გადავხედავთ, ის არ ცდება და ჩვენ იმპერიის საბოლოო რღვევის მომსწრენი ვართ, რასაც შედეგად რუსეთის ტოტალური მარცხი, საზოგადოებრივი კათარზისი და იმპერიის ერ-სახელმწიფოდ ქცევა უნდა მოყვეს. მაგრამ ეს დროის საკითხია.

საქართველოსთვის კი დრო იწურება.