ცენტრის შესახებ
ილია ჭავჭავაძის ცენტრი წარმოადგენს საქართველოში პირველ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია ევროპული პოლიტიკური ფონდების მოდელის თანახმად. ცენტრი დაფუძნებულია ყოფილი მაღალი რანგის დიპლომატებისა და წამყვანი საერთაშორისო იურისტების მიერ და ორიენტირებულია საქართველოს ტრანსფორმაციაზე განათლების, კრიტიკული აზროვნების გავრცელებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ღირებულებების გავრცელების გზით.
ცენტრი, რომელიც ატარებს ილია ჭავჭავაძის - საქართველოს ეროვნული აღორძინების უცვლელი სიმბოლოს - სახელს, მიზნად ისახავს აქტიური მოქალაქეობისა და სამოქალაქო ჩართულობის წახალისებას. ცენტრი ასევე ფოკუსირებულია პოლიტიკური პროცესების რაციონალიზაციაზე და უკეთესი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობაზე. ამის ერთერთ გზად ავირჩიეთ ,ყალბი ამბების და რუსული პროპაგანდის გამოცნობაში საზოგადოების წევრების დახმარება . ცენტრი მიზნად ისახავს დასავლური ღირებულებების გავრცელებеას და ცენტრისტული/ცენტრ-მემარჯვენე იდეებისა და დღის წესრიგის მხარდაჭერას საქართველოში პოლიტიკის ფორმირებასა და პოლიტიკურ დისკუსიაში.
ცენტრი მუშაობს საქართველოს მოსახლეობის ყველა ფენასთან, თუმცა მისი ძირითადი ფოკუსი მიმართულია ახალგაზრდებსა და იმ ქართველებზე, რომლებიც ამჟამად დასავლურ სამყაროსთან კომუნიკაციაში ნაკლებად არიან ჩართული.
2025 წლის მაისში ჭავჭავაძის ცენტრი გახდა პოლიტიკური ფონდების ევროპული ქსელის (ENoP) პირველი წევრი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების მიღმა.
ჩვენი სახელწოდების შესახებ
ილია ჭავჭავაძე მე-19 საუკუნის გამორჩეული საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც დღემდე რჩება ერთერთ ყველაზე ავტორიტეტულ ფიგურად ქართულ ცნობიერებაში. მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, გამომცემელი, ბანკირი, იურისტი, განმანათლებელი და ჩაგრულთა უფლებების დამცველი, ილია ჭავჭავაძე იქცა განმანათლებლობაზე დაფუძნებული დამოუკიდებლობის სიმბოლოდ. იგი იცავდა ღირებულებებს, რომლებსაც დღეს დასავლურ ღირებულებებს ვუწოდებთ და რომლებიც თანამედროვე საქართველოს განვითარების ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი კომპონენტია. ილია ჭავჭავაძე მოკლეს 1907 წელს, რუსეთის იმპერიის საიდუმლო სამსახურთან ასოცირებულმა რადიკალებმა.
ჩვენი ლოგო
ცენტრის ლოგო განასახიერებს ადამიანის მიერ ფიქრის პროცესში უნებლიეთ შექმნილ ჩანახატს, ხოლო ყვითელი ფერი ასახავს მზის სხივს, როგორც აზროვნებით მიღწეული ნათელი მომავლის სიმბოლოს.
ცენტრის მისია და მიზნები
ჭავჭავაძის ცენტრის მისიაა ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო პროცესების, ასევე უსაფრთხოების სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; ევრო-ატლანტიკური პრინციპებისა და ღირებულებების გავრცელება; ცენტრისტულ და მემარჯვენე ცენტრისტულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური მიდგომების მხარდაჭერა. ცენტრი მიზნად ისახავს ასეთი ღირებულებების მქონე აქტიური მოქალაქეების იდენტიფიცირებას და კონსოლიდირებას, ახალი თაობის ოფინიონ-მეიკერთათვის ერთიანი, მდგრადი პლატფორმის მინიჭებას, ინდივიდუალური სამოქალაქო პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას და კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობის, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის გამოვლენასა და რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას.
ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს კარგად ინფორმირებული, რაციონალური კლასის ჩამოყალიბებას, რომელიც აღჭურვილი იქნება იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც საჭიროა საზოგადოებრივ აზრზე და პოლიტიკის შემუშავებაზე ზეგავლენის მოსახდენად. ასეთი საზოგადოება ნაკლებად დაექვემდებარება პოლიტიკურ მანიპულაციებს, მტრულ პროპაგანდას და არ მიიღებს ირაციონალურ გადაწყვეტილებებს. ცენტრის მიზანია აღმოაჩინოს მოტივირებული, ამბიციური ახალგაზრდები და შესთავაზოს მათ ფართო ჩართულობის და თანამშრომლობის ეფექტური პლატფორმა, რათა შეიქმნას განათლებული, პასუხისმგებლობის მქონე ახალი თაობის აქტიურ მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც თავს მიუძღვნის დემოკრატიული საქართველოს მომავლის ჩამოყალიბებას და რომელთა მიღწევებიც იქნება მაქსიმალურად შეუქცევადი. ჩვენს მიზანს წარმოადგენს ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელსაც ექნება აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის სიღრმისეული შეგნება და უნარი, ჩაერთოს პოლიტიკურ დისკუსიებში.
ცენტრის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამ პროცესებში იმ ახალგაზრდების ჩართვას, რომლებიც პოლიტიკური და სამოქალაქო პროცესების მიღმა რჩებიან და ხშირად იმედგაცრუებას განიცდიან, რადგან არსებული სისტემა ვერ ახერხებს მათი აკადემიური თუ კარიერული მოთხოვნების დაკმაყოფილებას; ვისაც არ ეძლევა სოციალური თუ პროფესიული განვითარების, ადეკვატურად დასაქმების შესაძლებლობა საბაზისო პირობების არარსებობის გამო. ახალგაზრდებზე აქცენტს დამატებით განაპირობებს მათი პოტენციალი, გახდნენ მამოძრავებელი ძალა მდგრადი დემოკრატიული და ინსტიტუციონალური პროცესებისა. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ამბიციური, აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდების ქსელი და დავეხმაროთ მათ მიიღონ საჭირო ცოდნა და უნარები, რათა გახდნენ აქტიური მოქალაქეები, რომლებიც მზად იქნებიან ჩაერთონ საზოგადოებრივი აზრის და მათი საზოგადოების მომავლის ფორმირებაში.
ჭავჭავაძის ცენტრის შექმნის მოკლე ისტორია
2003 წლამდე, მსოფლიო მასშტაბით, საქართველო განიხილებოდა, როგორც არშემდგარი სახელმწიფო - კორუფციის და კრიმინალის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლებით მსოფლიოში. უკიდურესი სიღარიბე და ცვლილებების განხორციელების პოლიტიკური ნების არარსებობა ქმნიდა სასოწარკვეთის და უიმედობის განცდას. „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ, ქართულმა საზოგადოებამ გაიარა რადიკალური ტრანსფორმაცია, რამაც საფუძველი ჩაუყარა ფუნქციური სახელმწიფოს და ევრო-ატლანტიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული, მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ განხორციელებული ტრანსფორმაცია ფართოდ იქნა აღიარებული, როგორც „ფენომენალური“, მიღწევები მყიფე, ხოლო მათი შენარჩუნება რთული აღმოჩნდა. საქართველოს წარმატების რამდენიმე, ყველაზე ნათელი, მაგალითი ამჟამად უკუსვლას განიცდის. აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა მარტივი იყოს: რეფორმები ძირითადად დაიგეგმა და განხორციელდა ე.წ. „ზემოდან-ქვემოთ“ მოდელით, დემოკრატიული ინსტიტუციონალური მიღწევების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის კი, საჭიროა მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა. სისტემის გრძელვადიანი მდგრადობა დამოკიდებულია ძლიერ, აქტიურ მოქალაქეებზე და პოლიტიკური პროცესებისადმი ე.წ. „ქვემოდან-ზემოთ“ მიდგომაზე.
საქართველოს ამჟამინდელი გამოწვევები ადასტურებს ფართო საზოგადოების ჩართულობის დეფიციტს, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ინფორმაციისა და უნარ-ჩვევების ნაკლებობით, რაც ქართულ საზოგადოებას დაუცველს ხდის „ფეიქ-ნიუსებისა“ და რუსული პროპაგანდის მიმართ. ამომრჩეველთა მიერ ინფორმაციის გაფილტვრისა და ობიექტურად შეფასების უნარ-ჩვევების არარსებობა ქმნის პოპულიზმისა და პოლიტიკური, ხშირად არაკეთილსინდისიერი მანიპულაციისთვის ნოყიერ ნიადაგს. სწორედ ეს პროცესები გახდა თანამედროვე ქართული პოლიტიკის დიდწილად განმსაზღვრელი ფაქტორი. შესაბამისად, „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ საქართველოს მიღწევების შესანარჩუნებლად და განსავითარებლად, აუცილებელია სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება და საზოგადოების მოთხოვნის გაზრდა დემოკრატიული პრაქტიკისადმი, რითაც რეალურად შეეწყობა ხელი პროცესების „ქვემოდან-ზემოთ“ და არა „ზემოდან-ქვემოთ“ განვითარებას.
საქართველოს წინაშე არსებული ინსტიტუციონალიზაციის პროცესის ეფექტური წარმართვისთვის, აუცილებელია, პირველ რიგში, აქტიური სამოქალაქო ჩართულობა. ცენტრის დამფუძნებლებს აქვთ წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალ-პროფილური გამოცდილება თანამედროვე, დასავლური ტიპის სახელმწიფოს შენებაში და გააჩნიათ მრავალრიცხოვანი, მყარი დასავლური ღირებულებებისა და სანიმუშო ეთიკის მქონე პროფესიონალთა ქსელი, რომელიც მზად არის, წვლილი შეიტანოს პოლიტიკაში საღი აზრის სტიმულირებასა და კრიტიკული აზროვნების განმტკიცებაში. საბოლოო ჯამში, ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ჯანსაღი, დასავლური ტიპის საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლებს გავლენა იქონიოს ადგილობრივ და სახელმწიფო დონეზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
ვინ ვართ ჩვენ
ჭავჭავაძის ცენტრი დააფუძნეს ახალი თაობის პოლიტიკოსებმა, მაღალი რანგის ყოფილმა დიპლომატებმა, საჯარო მოხელეებმა, ასევე საკუთარ სფეროებში უდიდესი მიღწევების მქონე საერთაშორისო იურისტებმა. სხვადასხვა უფლებამოსილების ფარგლებში, ცენტრის დამფუძნებლები იყვნენ პოსტსაბჭოთა საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესის ლიდერებს შორის: ისინი იბრძოდნენ პოსტსაბჭოთა მმართველობის, სტერეოტიპებისა და მავნე ტრადიციების წინააღმდეგ, ხელს უწყობდნენ პროდასავლური ღირებულებების და პრაქტიკის დანერგვას სახელმწიფო უწყებებში, ასევე სოციალურ და კულტურულ ურთიერთობებში. მათ აერთიანებთ საქართველოს მომავლის ჯანსაღი ხედვა, სადაც თითოეულ მოქალაქეს ძალუძს და სურვილი აქვს მიიღოს აქტიური მონაწილეობა საკუთარი საზოგადოებისა და ქვეყნის მომავლის შენებაში. ცენტრის დამფუძნებლებმა თავიანთი კარიერა დაუთმეს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, კრიტიკული აზროვნების და აქტიური მოქალაქეობის თვითშეგნების გავრცელებას. მათი მიზანია, ცენტრი აქციონ ღირებულებებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პლატფორმად, რომელიც შეუქცევადად გარდაქმნის ქართულ საზოგადოებას პოსტ-საბჭოურიდან თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებად.
პროექტები
დასახული მიზნების მისაღწევად, „ჭავჭავაძის ცენტრმა“ უკვე შეიმუშავა და განავითარა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციული და საგანმანათლებლო პროექტები, რომლითაც ცენტრი ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეძლებს მოიცვას საქართველოში მცხოვრები მაქსიმალურად დიდი აუდიტორია.