30. 11. 2023
არჩილ იაკობაშვილი

ვიქტორ ორბანი უკრაინის მიმართ მეგაფონის როლშია

ევროკავშირის გაფართოების დებულების მიხედვით, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულების დამატებით ოქმს წარმოადგენს და 2009 წელს შევიდა ძალაში, კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკებების გახსნა გულისხმობს ე.წ. „მოლაპარაკებების ფონდის“ შექმნას და ამით ფინანსური მხარდაჭერის ახალ ჯამში გადაყვანას.

„მოლაპარაკებების ფონდის“ ზომის განსაზღვრა დამოკიდებულია კანდიდატი ქვეყნის გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ პარამეტრებზე და მიზნად ისახავს ფინანსურ მხარდაჭერას რეფორმებისთვის, რომლის აუცილებლობასაც ევროკომისია მოლაპარაკების პროცესში (35 თავი) გამოავლენს და საჭიროდ ჩათვლის  კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად.

მაგალითად, უხეში დათვლებით, თავად ევროკავშირის 2023 წლის საბიუჯეტო მონაცემებით, უკრაინისთვის აღნიშნული ფონდის წლიური მოცულობა იქნებოდა 7-8 მილიარდი ევროს, ხოლო შედარებით მცირე ზომის საქართველოსთვის და/ან მოლდოვასთვის - 1,5 მილიარდამდე ევროს ფარგლებში.  

ჩემი აზრით, 15 დეკემბრის სამიტზე ევროკავშირი აღარ გადაავადებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმისგან დამოუკიდებლად, გაიხსნება თუ არა უკრაინასთან მოლაპარაკებები.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი, რომელიც  უკრაინასთან დაკავშირებით მეგაფონის როლს ასრულებს, არ არის ერთადერთი, ვინც უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის დაბლოკვით იმუქრება.

ევროკავშირში არის ამჟამად 3-4 ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი-სახელმწიფო, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ომში მყოფ უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნას, მაგრამ ორბანისგან განსხვავებით ჩუმად არიან და 15 დეკემბრამდე გერმანია-საფრანგეთის პოზიციის გარკვევას ელოდებიან.

დღემდე ცნობილი ინფორმაციის მიხედვით, გერმანია არის უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის მთავარი ინიციატორი, ხოლო სხვა დამფუძნებელი წევრი-სახელმწიფოების - საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის პოზიციები უცნობია.

სამწუხაროდ, არსებობს იმის საკმაოდ მაღალი ალბათობა, რომ 15 დეკემბერს ევროკავშირის საბჭომ ვერ მიაღწიოს ერთსულოვან შეთანხმებას და, ევროკომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, უკრაინასთან მინიმუმ ერთი წლით გადავადდეს მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლა.

თუ სამიტი ვერ შეთანხმდა უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნაზე, ძირითადი მიზეზი უპირველესად ფინანსური ხასიათისა იქნება, რადგან უკრაინა ომში ყოფნის გამო ობიექტურად ვერ ასრულებს მოლაპარაკებების გახსნისთვის განსაზღვრულ შვიდივე დათქმას, რომლის გარეშეც უკრაინისთვის ე.წ. „მოლაპარაკებების ფონდის“ შექმნა მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული.

წარსულის გამოცდილებით, არსებობს ე.წ. „ვარიანტი B“ , რომლის მიხედვით ევროკავშირის საბჭოს შეუძლია მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, მაგრამ თავი შეიკავოს კონკრეტული თავის შესახებ მოლაპარაკებების გახსნისგან. ეს ნიშნავს, რომ „მოლაპარაკებების ფონდის“ გახსნაც გადავადდება, რაც ომში მყოფი ქვეყნისთვის ნამდვილად არ იქნება ტრაგედია. 

უკრაინას დღეს უპირველესად ესაჭიროება სამხედრო-საომარი დანიშნულებით, აგრეთვე ევროკავშირში ლტოლვილად მყოფი 4 მილიონამდე უკრაინელის (ქალები, ბავშვები, მოხუცები) ფინანსური მხარდაჭერა.

ევროკავშირის გაფართოების დებულების მიხედვით  ე.წ. "მოლაპარაკებების ფონდიდან" დაფინანსების პრიორიტეტებია კანდიდატ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც უკრაინის შემთხვევაში მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ იქნებოდა გამართლებული.


ავტორი - არჩილ იაკობაშვილი, ეკონომიკის პროფესორი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრი.