გია ჯაფარიძის განცხადება

წლების განმავლობაში მქონდა პრივილეგია, ვყოფილიყავი ჭავჭავაძის ცენტრის ბორდის წევრი. ჭავჭავაძის ცენტრის არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, როგორც ბორდის წევრსა და უფროს მკვლევარს მქონდა შესაძლებლობა, ჩართული ვყოფილიყავი პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტების - სამოქალაქო მეხსიერების, შიდაპარტიული დემოკრატიის, კრიტიკული აზროვნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას.  მეამაყება, რომ უამრავი გამოწვევის მიუხედავად, ჭავჭავაძის ცენტრის მიერ ამ მხრივ მიღწეულ შედეგებს ვხედავ - მაგალითისთვის მხოლოდ ჩვენი პროექტების მონაწილე ახალგაზრდების ცოდნა და შემართებაც შეიძლება საკმარისი იყოს.

ჭავჭავაძის ცენტრის მიზანს ნამდვილად წარმოადგენს ისეთი საზოგადოების შექმნა, რომელსაც სიღრმისეულად ექნება გააზრებული აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის აუცილებლობა. ამიტომ, ახლა როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება უკიდურეს ზღვარზეა და სრული ავტორიტარიზმის ჩამოყალიბებას აღარაფერი გვაშორებს, მე ვიგრძენი  ჩემი პირადი პასუხისმგებლობა, რომ უფრო აქტიურად ჩავრთულიყავი პოლიტიკაში და პრაქტიკაში მეცადა იმ ფასეულობების განხორციელება, რომლის ერთგულიც იყო და არის ჭავჭავაძის ცენტრი და რომელთა გავრცელებით უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბებას ჩვენ ერთად ვცდილობდით.

ჭავჭავაძის ცენტრი არაპარტიული ორგანიზაციაა. ამიტომ, აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობის შესახებ ჩემი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მე ვტოვებ ჭავჭავაძის ცენტრის ბორდის წევრის პოზიციას, თუმცა, რა თქმა უნდა, ვრჩები ცენტრის ყველაზე დიდ გულშემატკივრად და,  ჩემი ახალი პოზიციიდან, უკვე პარტნიორად!

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ჭავჭავაძის ცენტრის თითოეულ წევრს თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის და ჩემი გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს ყველა პარტნიორ ორგანიზაციას თანამშრომლობისთვის, რომელთა მხარდაჭერასაც გადამწყვეტი როლი აქვს ცენტრის მიზნებისა და ამოცანების მიღწევისთვის. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მე და ჭავჭავაძის ცენტრი, ახლა უკვე სხვადასხვა პლატფორმიდან, მაგრამ ერთმანეთთან თანამშრომლობით, აუცილებლად შევძლებთ ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნებას და ქვეყნის დასავლური კურსის განვითარებას.