"ქართული ოცნების" რუსული ტერორი

ჭავჭავაძის ცენტრის განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე

გგასულ ღამეს, თბილისში, საკუთარ სახლთან, ხელისუფლების მიერ ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება ფიზიკურად გაუსწორდა ჭავჭავაძის ცენტრის გამგეობის წევრს, გია ჯაფარიძეს. ამჟამად ის ჰოსპიტალიზებულია თავდასხმის შედეგად მიღებული ტვინის შერყევით, ნაკერებითა და თავის არეში მიყენებული დაზიანებებით.

ამავე დროს, თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს დიმიტრი ჩიქოვანსა და „სკუტერების აქციის“ ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიაშვილს.

ამასთანავე, მთავრობის მიერ მიგზავნილმა ზონდერ ჯგუფმა სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე ზიბზიბაძის სახლის წინ განათავსა ბანერები წარწერით: “გრანტებით გაზრდილი აგენტურა”, აგრეთვე, გააკეთა წარწერები: “გრანტიჭამია აგენტი”. ზონდერების მეორე ჯგუფი შეჭრას ცდილობდა ენმ-ს წევრის, გიორგი ონიანის სახლში. 

სახელისუფლებო ძალადობის ეს კამპანია მიმდინარეობს “სატელეფონო ტერორის” ფონზე, რომლითაც უამრავი აქტივისტი და მათი ოჯახის წევრები, ხშირად ბავშვები და არასრულწლოვნები, უცხოეთში რეგისტრირებული ნომრებიდან იღებენ მუქარის შემცველ ზარებს.

გუშინვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს შეადგინოს და გამოაქვეყნოს საქართველოს იმ მოქალაქეთა სია და პერსონალური მონაცემები, რომლებიც ხელისუფლების ვერსიით ჩართული არიან ძალადობასა და არაკანონიერ საქმიანობაში, ან ვინც „გამოხატავს მხარდაჭერას“ ამგვარ ქმედებებზე სოციალურ მედიაში. 

ძალადობრივი კამპანია პროდასავლური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მასმედიისა და ახალგაზრდული მოძრაობების წინააღმდეგ გაძლიერდა მას შემდეგ, როდესაც 4 აპრილს მოხდა რუსული კანონის რეინიცირება და განსაკუთრებით კი 29 აპრილს “ქართული ოცნების” ლიდერისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის შოკისმომგვრელი გამოსვლის შემდეგ. მან რუსეთის მიერ უკრაინასა და საქართველოში  შეჭრაში დაადანაშაულა “გლობალური ომის პარტია”, რომელიც თავისი “აგენტებით” აკონტროლებს ევროკავშირს. მან, აგრეთვე, პირობა დადო, რომ აკრძალავს „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას”, განაცხადა, რომ არ არის იანუკოვიჩივით სუსტი და არ აპირებს ძალაუფლების დათმობას ოქტომბრის არჩევნებზე.

საქართველოს დასავლური მომავალი ეგზისტენციური საფრთხის ქვეშ დგას. ქვეყნის დემოკრატიული ძალები აცნობიერებენ, რომ ხელისუფლებამ უღალატა ქართველ ხალხს და აირჩია კრემლის მხარე დასავლეთის წინააღმდეგ ომში. მხოლოდ საპროტესტო აქციების გაგრძელება და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ილუზიით ახლა უმოქმედობა, უკეთეს შემთხვევაში მიამიტობაა. ქართველ ხალხს ახლა სჭირდება ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისგან აქტიური, კონკრეტული და გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა, რადგან საქართველოსთვის დრო იწურება!