29. 10. 2021
ლევან ცუცქირიძე

რატომ გვჭირდება დემოკრატიული პარტიები?

COVID-19-ის დაუსრულებელი ტრაგედია საქართველოში ნაკლებ სივრცეს ტოვებს სხვა საკითხებზე სასაუბროდ. თუმცა, ალბათ, მაინც საჭიროა იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში უკეთესი პოლიტიკა გვქონდეს, არჩევნები სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად არ წარმოჩინდებოდეს და უკეთ შევძლოთ პანდემიასთან თუ სხვა მომავალ კრიზისებთან გამკლავება.

ამ საქმეში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი პოლიტიკური პარტიების შიდა დემოკრატიაა იმის მიუხედავად, რომ თავად ისინი ასე სულაც არ ფიქრობენ. მართლაც, რატომ უნდა აინტერესებდეს ეს ვინმეს, გარდა პარტიების საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ადამიანთა მცირე ჯგუფისა? ან რა მნიშვნელობა აქვს, როგორია ამა თუ იმ პარტიის შიდა მოწყობა, ეს ხომ მისი წევრების საქმე თუ თავსატეხია? სინამდვილეში იმას, თუ რამდენად დემოკრატიულია პოლიტიკური პარტია, დიდი გავლენა აქვს ქვეყანაში პოლიტიკის მართვაზე, ხოლო პოლიტიკა კი ყველას გვეხება.

დავიწყოთ იმით, რაზეც ბევრს საუბრობენ - რომ პოლიტიკა „პოლარიზებული“, ხოლო პარტიები ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებულნი არიან. ამ რადიკალურ, უკომპრომისო პოლიტიკურ პოზიცირებას თავისი ისტორიული და კულტურული საფუძველები აქვს - ქართული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური კულტურა სენდვიჩივით არის მოქცეული ორ, ურთიერთდაპირისპირებულ პოლიტიკურ ტრადიციას შორის, რის გამოც ჩვენთან შეთანხმება, კომპრომისი თუ ასე პოპულარული „კოჰაბიტაცია“ მიუღებელ სისუსტედ მიიჩნევა და არა პირიქით.

პირველი, ეს არის საბჭოთა კულტურის გავლენა და პოსტ-საბჭოთა პოლიტიკური კულტურა, რომელიც ბოლშევიზმიდან მოგვყვება. ეს არის პრინციპი, რომ მოწინააღმდეგე კონკურენტი კი არა, მტერია, რომელიც უნდა გაანადგურო, მათ შორის, ფიზიკურადაც; რომ ნამდვილი გამარჯვება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც „მტერი“ ციხეში ან გადასახლებაშია. ეს ტოტალიტარული კულტურა საერთო ნორმებშია დალექილი - ჩვენც ხომ ხშირად აღფრთოვანებულები ვუკრავთ ხოლმე ტაშს, როდესაც ეს თუ ის ლიდერი მის მეტოქე პარტიას „ხალხის მტერს“ უწოდებს და მას განადგურებითა ან გაქრობით ემუქრება, ხშირად ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით.

პარადოქსულად ამ „პოლიტიკური სენდვიჩის“ მეორე მხარეს საბჭოთა ტოტალიტარიზმთან შეურიგებლად მებრძოლი, არაფორმალური, წინააღმდეგობის მოძრაობებიდან წამოსული პოლიტიკური ტრადიციაა. აქაც „შეურიგებლობა“ და „უკომპრომისობა“, გასაგები მიზეზების გამო, პოლიტიკური ბრძოლის მთავარი საფუძველი იყო. ჩვენი პოლიტიკური პარტიები ამ ორ ტრადიციაზე ამოიზარდნენ, რაც შეუმჩნევლად, მაგრამ მყარად დამკვირდა ჩვენს პოლიტიკურ აზროვნებაში. შედეგად, გვაქვს პოლიტიკური პარტიების სისტემა, სადაც ყველა ფიქრობს, რომ აუცილებელია წარმოჩინდეს, როგორც „მტრულ“ ძალებთან გაბედული მებრძოლი, ის არასოდეს გაურიგდება მტერს და ბოლომდე იბრძოლებს მის გასანადგურებლად.

არ მეგულება საქართველოში ადამიანი, რომელსაც არ სურდეს ამ ვითარებიდან გამოსვლა და იმის მიღწევა, რომ ქვეყანა და მისი პოლიტიკოსები შეპყრობილნი არიან არა ერთმანეთზე „გამარჯვების“ ჟინით, არამედ საქმის კეთების სურვილით. სწორედ აქ თამაშობს მნიშვნელოვან როლს შიდაპარტიული დემოკრატიის საკითხი: ლიდერები ერთმანეთის პოლიტიკური და ზოგჯერ პირადი მტრებიც იმის გამო არიან, რომ პოლიტიკური პარტიები დიდწილად თანამოქალაქეთა ნამდვილი გაერთიანებებს კი არა, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მსურველთა მცირე და გავლენიან ჯგუფებს წარმოადგენენ. მართალია, ამ ჯგუფებს გარკვეულწილად საზოგადოების მხარდაჭერაც აქვთ, მაგრამ თავად ამ მოქალაქეებს ნაკლები გავლენა აქვთ პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე. ამ მხრივ, ჩვენი პოლიტიკური პარტიები პატრონაჟის სისტემაზე აწყობილი ორგანიზაციებია, რომელთაც ძალაუფლებისკენ ლიდერები მიუძღვიან. შემდეგ კი ნამცეცებს თავის მხარდამჭერებსაც უზიარებენ: იქნება ეს საჯარო სამსახურში დასაქმება თუ კონტრაქტები სახელმწიფო შესყიდვებზე. მათი წევრებიც ხშირად ამით უფრო არიან მოტივირებულნი, ვიდრე რამე სხვა იდეითა თუ მიზნით. ღარიბ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლა კიდევ უფრო სასტიკი ხდება, რადგანაც იგი დიდწილად დაცლილია პოლიტიკური იდეებისაგან და სიმდიდრის წყაროსთან სიახლოვისთვის ბრძოლას წარმოადგენს. შედეგად, ჩვენი პოლიტიკური პარტიები ამა თუ იმ ჯგუფისთვის საარჩევნო ინსტრუმენტებს წარმოადგენენ და არა ისეთ ორგანიზაციებს, რომელთა მიზანიც საზოგადოების ინტერესების შეკრება, მათი პოლიტიკურ პროგრამად ჩამოყალიბება და მოქალაქეების პოლიტიკური ორგანიზებაა.

ამას ჩვენი ორგანიზაციის (აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის - EECMD) მიერ შექმნილი საქართველოს პოლიტიკური პარტიების შიდა დემოკრატიის რანგირებაც ადასტურებს. ჩვენ შევამოწმეთ, თუ რამდენად გამჭვირვალე და დემოკრატიულია ჩვენში მოქმედი პოლიტიკური პარტიების სამი მნიშვნელოვანი - საარჩევნო, ორგანიზაციული და უფლებების დაცვის მექანიზმები. საერთო სურათი საკმაოდ დამთრგუნველია, რადგანაც ჩვენს მიერ გამოკვლეული 13 პარტიიდან შეფასებისას გამოყენებული ქულების შუალედური მაჩვენებელიც კი ვერცერთმა გადალახა. ყველაზე კრიტიკული სურათი პარტიების წევრთა უფლებების დაცვისა და გარანტიის საკითხებშია, სადაც პარტიები მინიმალურ მაჩვენებელსაც კი ვერ სცდებიან. რამდენად შესაძლებელია, რომ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც საკუთარი წევრების უფლებათა დაცვის და უზრუნველყოფის მექანიზმებიც კი არ გააჩნია, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სხვისი და ყველას უფლებების დაცვაზე იზრუნოს? ამაზე პასუხი ჩვენს დღევანდელობასა და უახლოეს წარსულში ადვილად მოიპოვება.

კრიტიკული მდგომარეობაა საარჩევნო და ორგანიზაციული ინსტიტუტების მხრივაც: ჩვენს პოლიტიკურ პარტიებში თითქმის არავინ იცის (ყოველ შემთხვევაში, დაწერილი წესისა და ნორმის მიხედვით), თუ რა დამსახურების მიხედვით შეიძლება ესა თუ ის ადამიანი გახდეს პარლამენტისა თუ საკრებულოს ან მერობის კანდიდატი. უაღრესად გაუმჭვირვალეა პარტიული ფინანსები, განსაკუთრებით კი მათი შიდა განაწილება, ხოლო პარტიული სტრუქტურები ზედმეტად ცენტრალიზებული და ავტონომიის გარეშეა. მაგალითისთვის, ბევრ პოლიტიკურ პარტიას შექმნილი აქვს ახალგაზრდული თუ ქალთა ორგანიზაციები, მაგრამ არცერთი მათგანი ამ სტრუქტურებს წინასწარ განსაზღვრულ დაფინანსებას, რამე ცხადი პრინციპის მიხედვით არ აძლევს - მთავარ გადაწყვეტილებებს სიტუაციურად იღებენ და არა ინსტიტუციონალიზებული, დაწერილი წესების მიხედვით. პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს ძირითადად ცალკეული, ხშირად მოწვეული ექსპერტები, ზოგჯერ კომუნიკაციის სპეციალისტები ქმნიან. ისინი უფრო საჩვენებელი და არა პარტიის წევრების ინტერესების ამსახველი, დემოკრატიულად შექმნილი დოკუმენტებია.

ამიტომ არის, რომ შიდაპარტიული დემოკრატიის მაჩვენებლების მიხედვით, თავიდანვე შეგვიძლია იმის განჭვრეტა, თუ სინამდვილეში როგორ მოიქცევა ესა თუ ის პარტია ქვეყნის მმართველობისას. პარტია, რომელიც საკუთარ წევრებსაც კი ვერ ანდობს საკუთარი ბიუჯეტის მართვას ანდა ამა თუ იმ რეგიონსა თუ ქალაქში პარტიული საქმიანობის ავტონომიურად წარმართვას, არასოდეს არ დაუშვებს რეალურ თვითმმართველობას ან ფისკალურ დეცენტრალიზაციას. პარტიები, რომლებიც წინასაარჩევნო პროგრამას არა წევრთა ინტერესების გამომხატველ გეგმად, არამედ ფორმალურ ზედმეტობად მიიჩნევენ ვერ შეძლებენ მწყობრი პოლიტიკის შექმნასა და ქვეყნის დონეზე გატარებას. ის პარტიები, რომლებიც არაფორმალურად, გაუმჭვირვალედ და ერთპიროვნულად იმართებიან, ქვეყნის მართვასაც ასევე გააგრძელებენ. სწორედ ამიტომ, ქვეყნის მმართველობისა და მისი დემოკრატიულობის ხარისხის გამოსწორება პოლიტიკური პარტიების გაუმჯობესებიდანაც იწყება.

თანამედროვე ტექნოლოგიების მზარდი შეღწევადობის, ცოდნისა და ინფორმაციის დემოკრატიზაციასთან ერთად, პოლიტიკური პარტიები საკმაოდ მნიშვნელოვანი რისკების წინაშე დგებიან: მათ აღარ აქვთ უწინდებური მონოპოლია პოლიტიკურ ორგანიზებაზე. სოციალური მედია, არაფორმალური ჯგუფები, ცალკეული აქტივისტები ხშირად მათზე მეტს ახერხებენ და აღწევენ. ზოგიერთი პარტია, მათ შორის საქართველშიც, ხვდება, რომ ერთ-ერთი გზა გავლენისა და პოზიციის შესანარჩუნებლად, შიდა დემოკრატიის განვითარებაზეც გადის - ადამიანებისათვის პოლიტიკური მონაწილეობის მეტი შესაძლებლობის მიცემა პარტიისადმი ინტერესის გაღვივების და ახალი ლიდერების (თუკი მათი არ გეშინია) აღმოჩენის შესძლებლობაა. ჩვენი ბოლო რეიტინგის მიხედვითაც, შედარებით ახლად შექმნილი და/ან შედარებით სუსტი საარჩევნო შედეგების პარტიები დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევიან: „ახალი პოლიტიკურ ცენტრი გირჩი“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ჩვენი რეიტინგის სათავეში არიან, ხოლო სიის ბოლოში „პატრიოტთა ალიანსია“. ასეთი რანგირება პარტიების საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის გავლენასაც შეგვიძლია დავუკავშიროთ: დასავლეთთან კავშირზე ფოკუსირებული ორგანიზაციები მეტად დემოკრატიულნი არიან, ხოლო ავტორიტარულ ქვეყნებთან დაახლოების მსურველები, მაგალითად „პატრიოტთა ალიანსი“, ყველაზე ნაკლები დემოკრატიულობით ხასიათდება. სამწუხაროა, რომ შიდაპარტიული დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლები საქართველოს ყველაზე რეიტინგულ ორ პარტიას: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ აქვთ - ისინი ჩვენი რანგირების აუტსაიდერები უფრო არიან, ვიდრე ლიდერები.

ამ ბოლო დღეებში საქართველო კოვიდ 19-ის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მონაცემებით მსოფლიო ლიდერია, რაც პოლიტიკური უუნარობის მთავარი მაჩვენებელი და მმართველობის აბსოლუტური მარცხის ნიშანია. დიდწილად ეს იმის გამოც არის, რომ პოლიტიკური პარტიები მოქალაქეთა გაერთიანებები კი არა, ლიდერთა კლანები უფროა, სადაც ბელადებს ერთმანეთთან ბრძოლა ყველზე მეტად იტაცებთ. ისინი ვეღარ ხედავენ ადამიანებს, მათ შორის ვერც საკუთარი პარტიის წევრებს. თუკი ხედავენ, ისინი მათთვის პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით გახარჯვადი რესურსია, რომელსაც ისევე მარტივად მოიშორებ თავიდან, როგორც პოლიტიკური ბანქოს უმნიშვნელო ქაღალდს.

https://www.radiotavisupleba.ge/a/31528512.html