ეპიზოდი პირველი:
სადღაც, გალაქტიკაში. 25 წლის წინ. ლონდონის სასტუმროს თანამშრომელი ჩემს პასპორტს ფურცლავს ეჭვის თვალით, შემდეგ კოლეგებს უხმობს და ეუბნება, რომ რაღაც ახალი ქვეყნის პასპორტია და არ იცის, როგორ მოიქცეს. იცინიან, ხელში ატრიალებენ შინდისფერ წიგნაკს, ცოტაც და ალბათ კბილითაც მოსინჯავენ. შემდეგ ერთ-ერთი მათგანი, ბრიტანეთის პოსტკოლონიური სინანულის აშკარა ბენეფიციარი, მეკითხება: რა ქვეყანაა ეს Georgia? სად არის? მრავალსაათიანი ფრენით ღამენათევი ვიწყებ ისტორიით შეზავებული გეოგრაფიის გაკვეთილს. ah Russia ? - ვიღებ პასუხად და ყველაფერი გარკვეულია, დილის 8 საათზე სასტუმროს დახლთან მდგარს დღის 3 საათზე, როგორც იქნა, შემიშვებენ ნომერში, რადგან გაარკვიეს, რომ თურმე რუსეთიდან ვყოფილვარ ...
ეპიზოდი მეორე:
23 წლის წინ. ფრანკფურტში საღამოს ისეთ წვეულებაზე ვარ, სადაც სმოკინგიანი მამაკაცები და ბრილიანტის ყელსაბამიანი ქალბატონები შამპანურსა და ხამანწკებს მიირთმევენ. ჩემში ადაპტაციის ქართული გენი იღვიძებს და ისე დავაბიჯებ მდიდრულ დარბაზში და ისე მოხდენილად მაქვს ხამანწკა მომარჯვებული, თითქოს ბაბუაჩემის მამა სულ ხამანწკებს მიირთმევდა სოფელ ბახვში. ჩემი მასპინძელი ვიღაცას მაცნობს, სნობი ქალბატონი აშკარა ამრეზით მიყურებს და უეცრად მეკითხება: Georgien? აქ ავტომანქანის საყიდლად ჩამოხვედით? მოგვიანებით ჩემი მასპინძელი ბოდიშს მიხდის ამ ქალბატონის უტაქტობისთვის, მე კი მახსენდება ქართული ანდაზა: ენით დაკოდილს ხანჯლით დაკოდილი სჯობიაო...
ეპიზოდი მესამე:
2003 წლის დეკემბერი. დიდ ევროპულ კონფერენციას მრავალი ქვეყნის დელეგატი ესწრება. სპიკერებიდან ერთი, ბრიტანელი, განსაკუთრებით გამორჩეულია. დიდი პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტია, თავისი საქმის კორიფე, დაწერილი აქვს მრავალი ნაშრომი და ზოგადად - დარგის ისტორია! მასთან ერთად ერთ დარბაზში ყოფნაც კი ჩემთვის დიდი პატივია. შორიდან ფოტოებს ვუღებ ფარულად. შესვენებაა, ყავას მივირთმევ მარტოსულად კუთხის მაგიდასთან და ჰოი საოცრებავ, ვხედავ, ეს კაცი ჩემკენ მოდის! მომიახლოვდა და მეუბნება: მე ვნახე პროგრამაში, რომ თქვენ საქართველოდან ხართ. მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო ქართველი ხალხის მიმართ, ის, რაც თქვენ ნოემბერში გააკეთეთ, წარმოუდგენლად დიდი ამბავია, გილოცავთ ვარდების რევოლუციის გამარჯვებას! ამ დღის შემდეგ გავა მრავალი წელი და ეს კაცი თბილისის ერთ-ერთ ღვინის სარდაფში, ქვევრის რქაწითელით შეზარხოშებული, მეტყვის, რომ საცხოვრებლად საქართველოში სიამოვნებით გადმოვიდოდა, ცოტა ახალგაზრდა რომ იყოს.
ეპიზოდი მეოთხე:
2004 წლის მაისი. კოპენჰაგენის სასტუმროსთან ტაქსიში ვჯდები. არ მიყვარს ტაქსის მძღოლებთან საუბარი, ამიტომ მომწონს ტაქსები ჩინეთში, სადაც მძღოლსა და მგზავრს შორის ბარიერია და ბარიერი რომც არ იყოს, მაინც ვერ გაესაუბრები მხოლოდ ჩინურად მოლაპარაკე მძღოლს. მაგრამ ეს ჩინეთი არაა, დანიაა. ხანში შესული მძღოლი ემიგრანტს არ ჰგავს, ძირფესვიანად დანიელია. ადრე ტაქსის მძღოლებს ფორმები რომ ეცვათ და სპეციალური ქუდები ეხურათ, აი, იმ მძღოლების შთამომავალი. საქართველოდან ზარი შემომდის და ვპასუხობ. ცოტა ხანში ჩემი მძღოლი მეკითხება: რაღაც სრულიად უცხო ენაზე საუბრობდით, საიდან ხართ? მოვიმარჯვე გონებაში სტანდარტული ტექსტი და დავიწყე ახსნა, რომ ეს ამერიკის Georgia არაა და რომ...
- არა, არა, ვიცი, ვიცი Georgia. როგორ მოგწონთ სააკაშვილი? ეხლა პრეზიდენტად აირჩიეთ არა?
გაოცებას ვმალავ და ვპასუხობ, რომ ახალგაზრდა რეფორმატორები მოვიდნენ ხელისუფლებაში და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ცოტა ხანში მეკითხება: მისი მეუღლე, სანდრა, როგორაა? ის ჰოლანდიელია, არა?
კვლავ არ ვიმჩნევ გაოცებას, რა პრობლემაა პრინციპში? განა ვიღაც კოპენჰაგენელმა ტაქსისტმა არ უნდა იცოდეს ჩემი ქვეყნის პირველი ლედის სახელი? რა არის ამაში უცნაური?
ეს კაცი კი არ ჩერდება! უნდა, რომ გამაგიჟოს და ახლა მეკითხება: ის ყოფილი პრეზიდენტი როგორაა, ედუარდი, შევარდნაძე?
აქ კი ვეღარ ვიკავებ თავს და ვეკითხები: ქართველი ხარ, ბიჭო?
- არა, დანიელი ვარ, უბრალოდ ნიუსებს ვადევნებ თვალყურს - მპასუხობს ტაქსისტი, რომელმაც ალბათ ისიც იცოდა, რომ შაჰ-აბასის ბებია ქართველი იყო.
ეპიზოდი მეხუთე:
2023 წელი. ნეაპოლის აეროპორტი. უსაფრთხოების ოფიცერი მეკითხება, ხელბარგში ხომ არ მაქვს ლეპტოპი, სითხე და ა.შ. ქამარი ხომ მოვიხსენი? ჯიბეები ხომ ცარიელი მაქვს? შემდეგ დეტექტორისკენ მითითებს და ამ დროს ჩემს პასპორტს იღებს ხელში... Georgia! აღფრთოვანებით ყვირის : კვარაცხელია! კონვეიერიდან ჩემს ნივთებს და ჩანთას იღებს, ხელში მაძლევს და მეუბნება, რომ დეტექტორის გვერდის ავლით გავიარო. მეორე მხარეს მდგომ გაკვირვებულ ოფიცერს კი აქედან გასძახა: კვარაცხელია, კვარაცხელია! Georgiani! წითელი ხალიჩის გაფენა ვერ მოასწრეს, თორემ ასეთი პატივით ჯერ არ გამივლია არსად.
ეპიზოდი მეექვსე:
2024 წლის 30 ივნისი. კიოლნი. ათიათასობით ქართული დროშა და არანაირი შეკითხვა - საიდან ხართ და ვინ ხართ თქვენ?! ეს დროშა ყველამ იცის უკვე, ამ პასპორტს ყველა პატივით ეპყრობა, ჩვენს სიმღერებს ყველა მღერის და მეც ამ საღამოს ტელევიზორს მივუჯდები ამაყი და გამარჯვებული. არ ვიცი, როგორ დასრულდება მატჩი, მაგრამ ის კი ვიცი ზუსტად, რომ არასდროს აღარავინ არ შემომხედავს ამრეზით და არ მკითხავს:
- Georgia? ეს რა ქვეყანაა?