"ვკითხულობთ ერთად" - მეშვიდე შეხვედრა
დღეს განმარტებით ლექსიკონში მხოლოდ ერთი სიტყვა ჩავწერეთ - "ჩარაზვა", რაც "ჩაკეტვას" ნიშნავს, თუმცა, ისეთი დიდი და ცნობილი ადამიანების ვინაობა დავადგინეთ, როგორებიც უილიამ შექსპირი და ქრისტეფორე კოლუმბი არიან. ერთი - წასაკითხადაც და სანახავადაც საუკეთესო პიესების ავტორი, მეორე - მამაცი ზღვაოსანი, რომელმაც ამერიკა აღმოაჩინა.
ჯანი როდარის მივუბრუნდით, კვლავ რომის სიახლოვეს, ტრულოში ამოვყავით თავი და მგონი დავადგინეთ რომ დასახლების თავზე დაკიდებული უცხო სხეული მარსელების ხომალდი ან მფრინავი თეფში კი არა, ტორტია, უზარმაზარი ტორტი.
ინგლისში მომხდარ ამბებს რაც შეეხება, მატილდა კვლავ განაგრძობს მისტერ ვორმვუდისთვის ჭკუის სწავლებას და ამჯერად ისეთ ხრიკს იგონებს რომ სააბაზანოში თავის მოსაწესრიგებლად შესული შავგვრემანი კაცი ვერცხლისფრად შეღებილი თმით გამოეცხადება ოჯახის წევრებს და დააფრთხობს რომელია, ლამის თავზარს დასცემს მათ.