17 დეკემბერს გაიმართა ჭავჭავაძის ცენტრის კვლევის პრეზენტაცია „შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები საქართველოში“.
აღნიშნული პუბლიკაცია წარმოადგენს სამეტაპიანი კვლევის მეორე ნაწილს. პირველ ეტაპზე შესწავლილ იქნა ქართულ პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატიის ხარისხი და დადგინდა შიდაპარტიული დემოკრატიის მწვავე დეფიციტი. კვლევის მეორე ეტაპი შეეხო შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეულ ანალიზს. მესამე ეტაპი, რომელსაც საზოგადოება ასევე მალე გაეცნობა, არის კვლევა შიდაპარტიული დემოკრატიის დეფიციტის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ შედეგებზე. პრეზენტაციის თემატიკა და კვლევის შედეგები აქტუალურია როგორც სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის, ისე პოლიტიკით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის და აქტიური მოქალაქეებისთვის.
ნაშრომი წარადგინეს ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენლებმა და კვლევის ავტორებმა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობდნენ პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ფონდებისა და აკადემიის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული მკვლევარები და სტუდენტები.
კვლევა განხორციელდა ჭავჭავაძის ცენტრის მიერ პროექტის ფარგლებში „შიდაპარტიული დემოკრატია საქართველოში“. პროექტის მხარდამჭერია კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო და საქართველოს უნივერსიტეტი.