უკანასკნელ პერიოდში კვლავ გააქტიურდა კამპანია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინააღმდეგ. მოვლენათა ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს კონკრეტული ძალების მხრიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოში მოქმედი ამერიკული ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ ორგანიზებულ ძალისხმევასთან, რომლის მიზანი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირის დისკრედიტაცია, არამედ საქართველოს მოქალაქეებში ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ნიჰილიზმის დათესვაა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, IRI და NDI ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას, კანონის უზენაესობასას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას, ახალი ლიდერებისა და ინიციატივების მხარდაჭერას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის. მიგვაჩნია, რომ IRI-ზე და NDI-ზე შეტევა მხოლოდ იმ ძალების ინტერესებს ემსახურება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თავისუფალი, სუვერენული და დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფოს არსებობას.
ჭავჭავაძის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს IRI-ს და NDI-ს და გმობს მათ წინააღმდეგ მიმართულ ორკესტრირებულ კამპანიას. ყოველთვის მზად ვართ, ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად დავიცვათ თავისუფლებისა და ლიბერალური დემოკრატიის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები.