ესეების კონკურსი - ბედნიერი ერი - Quo Vadis?

ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევების და სამოქალაქო განათლების ცენტრი აცხადებს ესეების კონკურსს სახელწოდებით: ბედნიერი ერი - Quo Vadis?

1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომ არაერთი განსაცდელი გამოიარა: რამდენიმე ომი რუსეთთან (აფხაზეთში, შიდა ქართლში, 2008 წელს), ეთნიკური წმენდა, ოკუპაცია, ორგანიზებული კრიმინალი, სისტემური კორუფცია... მიუხედავად ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღწეული გარდატეხისა ბევრი მიმართულებით, უკანასკნელ წლებში აშკარაა რუსული გავლენის ზრდა, ინსტიტუტების დასუსტება, დემოკრატიული უკუსვლა, ეკონიმიკური ზრდის ტემპის შემცირება, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, დამძიმებული სოციალური ფონი, ნიჰილიზმი და ქვეყნიდან მოქალაქეთა გადინება.

ესეების კონკურსის მიზანია დამოუკიდებელი საქართველოს მიერ 1991 წლიდან დღემდე განვლილი გზის კრიტიკული ანალიზი, დღევანდელობის მთავარი გამოწვევების იდენტიფიცირება ისტორიულ-გეოპოლიტიკურ ჭრილში და პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული ხედვებისა და რეცეპტების შეთავაზება ქართული საზოგადოებისთვის. ამ კონტექსტში, სასურველია მონაწილეთა მიერ ისტორიული პარალელების პოვნა, უცხო ქვეყნის ინტერესებსა თუ მათთან დაკავშირებული ადგილობრივი ძალების როლების იდენტიფიცირება, განმეორებადი გამოწვევების გამოვლენა და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება, რომელიც შესაძლოა საზოგადოებირივი განხილვისა და, შემდგომში, პოლიტიკის ფორმირების საფუძველი გახდეს.

დავალება: კონკურსანტებს შესაძლებლობა აქვთ ზემოთ ჩამოთლილ თემებზე რეფლექსიის გზით, გამოკვეთონ კონკრეტული პრობლემები და საზოგადოებას წარუდგინონ პრობლემების გადაჭრის პრაქტიკული ხედვები. საკონკურსო ნამუშევარი უნდა ასახავდეს ავტორის არა მხოლოდ კრიტიკულ ანალიზსა და არგუმენტებს, არამედ ორიენტირებული უნდა იყოს პრობლემის გადაჭრის გზებზე და ასახავდეს საკითხის განვითარების სამომავლო ხედვას.

თემები:
• საგარეო ურთიერთობები და უსაფრთხოება
• ეკონომიკური ხედვა და პოლიტიკა
• მართლმსაჯულება
• მედია
• კულტურის, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკა
• განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკა
• დასავლური ღირებულებები და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი

საკონკურსო პირობები:
• პროექტში ჩართვა შეუძლია ყველას: 30 წლამდე ახალგაზრდების ნაშრომები განიხილება საკონკურსოდ, ხოლო 30 წელს ზემოთ მონაწილეების ესეები გამოქვეყნდება ჩვენს პორტალზე.
• მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: chavchavadzecenter@gmail.com
• წერილის თემის ველში მიუთითეთ: ესეების კონკურსი.
• ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს ავტორის მოკლე ბიოგრაფია (1 აბზაცად) და საკონტაქტო ინფორმაცია.
• ტექსტის მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 1 000 (ათასი) სიტყვისა.
• პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება.

ესეები მიიღება მიმდინარე წლის 15 აპრილის ჩათვლით. ყველა ესე გამოქვეყნდება ჭავჭავაძის ცენტრის ბლოგების პორტალზე.

კონკურსის სამი გამარჯვებული გამოვლინდება ჭავჭავაძის ცენტრის ჟიურის მიერ არაუგვიანეს 5 მაისისა. საუკეთესო ესეების ავტორები მიწვეულ იქნებიან ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, 22-23 მაისს, სადაც მათ გადაეცემათ ილია ჭავჭავაძის ცენტრის სპეციალური ჯილდო.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.

გისურვებთ წარმატებას!

#მომავალიშენია