სადისკუსიო კლუბი AGORA თბილისიდან დაიწყება

ჭავჭავაძის ცენტრი იწყებს ახალ, ინოვაციურ პროექტს „აგორა“, რომლის მიზანია ცოცხალი, ინტელექტუალური სადისკუსიო სივრცის შექმნა იდეათა გენერირების, ტესტირებისა და გაზიარების მიზნით. აგორა მიზნად ისახავს აქტიური მოქალაქეების, ახალი აზრის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას.

სადისკუსიო კლუბის მონაწილეები, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებლებთან და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავენ შეხვედრებს აგორას ფორმატში. შეხვედრები მოიცავს თემატურ სესიებს, ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოფებს. მონაწილეები შეიძენენ პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს, რომელიც დაეხმარება მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში, იქნება ეს კერძო სექტორი თუ სამოქალაქო აქტივიზმი და საჯარო პოლიტიკა.

ჰიბრიდული გამოწვევები, პოლიტიკური და ეკონომიკური იდეოლოგიები, არჩევნები და შიდაპარტიული დემოკრატია, THINKATHON-ი და იმიტირებული დებატები, მოკლე სატელევიზიო კომენტარის ხელოვნება და მედიასთან ურთიერთობა, საკუთრება და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, როგორც სრულფასოვანი მოქალაქეობის ფუნდამენტური კომპონენტები - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც მონაწილეები იმსჯელებენ ღია, ინტერაქტიულ ფორმატში.

განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს ე.წ. Thinkathon-ი, ანუ სწრაფად ფიქრისა და გონებრივი მარათონის ნაწილი, რომლის დროსაც აგორას მონაწილეებმა შეზღუდულ დროში უნდა შეიმუშაონ და წარმოადგინონ შემოთავაზებულ საკითხებზე პრობლემის გადაჭრის გზები, საჯარო კომენტარები და საჯარო გამოსვლები.

AGORA კლუბის შეხვედრები გაიმართება შემდეგ ქალაქებში:
• თბილისი - 7 მარტი
• ბორჯომი - 13 მარტი
• წყალტუბო- 4 აპრილი
• თბილისი - 30 მაისი
• ქობულეთი - 13 ივნისი

თუ გსურს ცოდნის გაღრმავება, პრაქტიკული უნარების შეძენა და სასარგებლო გამოცდილების დაგროვება, დარეგისტრირდი და გახდი ჭავჭავაძის ცენტრის სადისკუსიო კლუბ „აგორას“ მონაწილე!

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოქალაქეებს 18 წლის ასაკიდან, რომლებიც შეირჩევიან ონლაინ აპლიკაციის და გასაუბრების შედეგად.

მონაწილეობა უფასოა, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2ur0ubR