ქართულ-ამერიკულ სკოლას ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სტუმრობდა.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან შეხვედრისას სტუმარმა 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციაზე, სტალინის რეპრესიებზე, საბჭოთა ტირანიაზე, რუსულ პროპაგანდასა და ჰიბრიდულ ომზე ისაუბრა. ზაზა ბიბილაშვილმა იმის მაგალითებიც მოიყვანა დღეს როგორ მუშაობს კრემლი ერთმორწმუნეობის საფარქვეშ ჩვენი ისტორიის დამახინჯებისა და კულტურული მემკვიდრეობის წაშლის მცდელობებით ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
სპიკერმა მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების გამორჩეული პრეზიდენტის რონალდ რეიგანის ციტატა მოიყვანა, რომ თავისუფლებას გაქრობისგან მხოლოდ ერთი თაობა აშორებს, და მოსწავლებს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მოპოვებული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოფრთხილებისა და დაცვის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ესუბრა.
ღონისძიება საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა. შეხვედრის ბოლოს ზაზა ბიბილაშვილმა მოსწავლეებს შესაბამისი ლიტერატურის ჩამონათვალიც მისცა და ურჩია რომ დიმიტრი სილაქაძის “რუსეთ საქართველოს ომი (100 ამბავი)”, ჯორჯ ორუელის “1984” და მისივე “ცხოველთა ფერმა” წაკითხონ.
ქართულ-ამერიკულ სკოლას რეგულარულად სტუმრობენ სხვადასხვა დარგის ცნობილი და გამორჩეული სპეციალისტები, რომლებიც მოსწავლეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.