"ვკითხულობთ ერთად" - მეცხრამეტე შეხვედრა

რევაზ ინანიშვილი ისეთი მწერალია, რომლის მოთხრობებს წინ "კარგის" წამძღვარება არ სჭირდებათ. ყველა მისი მოთხრობა ძალიან, ძალიან კარგია. ჰოდა ერთ-ერთი წავიკითხეთ, ყოჩაღ და გულიან სოფლელ ბიჭებზე დაწერილი, იმ ბიჭებზე, რომლებსაც კეთილად გაჯავრებული ბებოები ხან "შარახვეტიებად" და ხან "უკუღმა დაჭედილებად" მოიხსენიებენ.
 
თუ იკითხავათ, "შარახვეტია" რას ნიშნავს, ან "უკუღმა დაჭედილიო", ჩემი პატარა მსმენელები გეტყვიან, პირველი - გარე-გარე ხეტიალის, წანწალის მოყვარულს ნიშნავს, ხოლო მეორე კი - უცნაურს, თავისი ქცევით სხვებისგან გამორჩეულსო.
 
მათ ისიც იციან, რატომ უმაგრებენ ცხენებს ფლოქვებზე ნალებს, ანუ რატომ ჭედავენ მათ და კიდევ ისიც რომ ოდესღაც, ადამიანებიც აჭედებდნენ ფეხსაცმელების ქუსლებზე ნალებს, რათა დიდხანს არ გასცვეთოდათ ისინი.