10 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბმა უმასპინძლა დისკუსიას თემაზე "დიპლომატიური საუბრები - ქალთა როლი და გამოწვევები დიპლომატიასა და პოლიტიკაში." ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილეობდა ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე (2008-2012), განიხილეს გენდერული თანასწორობის, პოლიტიკური ძალაუფლებისა და ავტორიტარიზმის გაძლიერების ურთიერთკავშირი.
პრეზენტაციაში, ნინო კალანდაძემ ისაუბრა მის პირად გამოცდილებაზე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გენდერულ დეზინფორმაციას, რაც ჰიბრიდული ომის ეპოქაში განსაკუთრებით ძლიერი იარაღია დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლაში. მან ხაზი გაუსვა დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე არსებლ მზარდ საფრთხეებს მსოფლიოს მასშტაბით. როგორც მან აღნიშნა, სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა არაპროპორციულად აისახება ქალებზე პოლიტიკასა და დიპლომატიაში. მისი თქმით, ავტორიტარული რეჟიმები ხშირად ზღუდავენ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას, რადგან გენდერული თანასწორობას ცენტრალიზებული კონტროლისთვის წინაღობად მიიჩნევენ. ნინო კალანდაძის აზრით, ამ ტენდენციის საპირისპიროდ, აუცილებელია ძლიერი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დაცვა. როგორც მან აღნიშნა, ისტორიულად, პატრიოტული სამოქალაქო მოძრაობები საქართველოში წარმოადგენდნენ იმ ინკლუზიურ სივრცეებს, სადაც ქალები საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ.