ჭავჭავაძის ცენტრის განცხადება

ჭავჭავაძის ცენტრი ეხმაურება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მორიგ დავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას:

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი“ 2 ქართულ მედიასივრცეში იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, რომელსაც აქვს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

მაუწყებლის გარშემო ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენები იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლება, მისი სამივე შტოს გამოყენებით, სისტემურად და ორკესტრირებულად ცდილობს დაუქვემდებაროს არხის სარედაქციო პოლიტიკა საკუთარ კონტროლს. ამას მოწმობს არაერთი საერთაშორისო დამკვირვებლისა თუ ორგანიზაციის განცხადება, ისევე როგორც, პირველ რიგში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიული უკუსვლის პროცესშია და სადაც მთავარ გამოწვევად რჩება არაფორმალური მმართველობა, სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და ძალაუფლების სრული კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, ქვეყნისა და საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიის დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების შენარჩუნება. აუცილებელია, შეუფერხებლად ისმოდეს კრიტიკული და ალტერნატიული აზრი, ვეთანხმებით ასეთ აზრს თუ არა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მკაცრად დაიცვას მედიის დამოუკიდებლობის პრინციპი. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, განსაკუთრებული ყურადღებით ადევნონ თვალი მიმდინარე პროცესს და არ დაუშვან ტელეკომპანიის სარედაქცო პოლიტიკაში ხელისუფლების პირდაპირი თუ ირიბი ჩარევა.