ნაშრომის - "ლიბერალიზმი და საქართველო" - პრეზენტაცია კავკასიის უნივერსიტეტში

"ლიბერალიზმი და საქართველო"- ასე ჰქვია ილია ჭავჭავაძის ცენტრის მიერ მომზადებულ ნაშრომს, რომლის პრეზენტაცია კავკასიის უნივერსიტეტში 8 ივნისს გაიმართა. პუბლიკაცია მომზადდა ილია ჭავჭავაძის ცენტრისა და აკადემიური წრეების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. მისი ავტორები არიან თეიმურაზ ხუციშვილი, ნინო კალანდაძე, გია ჯაფარიძე, გიორგი ჯოხაძე და გიორგი ხარებავა. 

ნაშრომი მიმოიხილავს ლიბერალური იდეოლოგიის შემოსვლა-დამკვიდრების ისტორიას საქართველოში, ლიბერალიზმის წარმოშობის ისტორიას და ილიასეულ ლიბერალიზმს, როგორც ლიბერალური დემოკრატიის საფუძველს. ასევე, თანამედროვე საქართველოში ლიბერალიზმის ილიასეული გაგებით დამკვიდრების გამოწვევებს, მისი არასწორი გაგების წინაპირობებს და მიზეზებს. 

„ნაშრომით „ლიბერალიზმი და საქართველო“ ვეცადეთ, შეგვევსო საზოგადოებაში ლიბერალიზთან მიმართებით არსებული ინფორმაციული დეფიციტი. ჩვენი მოკრძალებული სურვილი ასევე იყო გვეჩვენებინა, რომ კლასიკური, ილიასეული ლიბერალიზმი არა უკიდურესობების, ნაძალადევი პოლიტკორექტულობისა და კლიშეების მანქანა, არამედ იმ ფასეულობათა ერთობლიობაა, რომლებიც საფუძვლად დაედო დასავლურ ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნასა და კონსოლიდაციას, ასევე, თავისუფალი, ეკონომიკურად მდიდარი საზოგადოებებისა და სუვერენული სახელმწიფოების განვითარებას, როგორც მათი წარმატების განმსაზღრელი ინდივიდუალური რწმენა“ - აღნიშნავს ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი ნინო კალანდაძე ნაშრომის წინასიტყვაობაში.

ღონისძიება გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ. სტუმრებს მიესალმა ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი და ნაშრომის მთავარი რედაქტორი ზაზა ბიბილაშვილი. სიტყვით გამოვიდნენ პუბლიკაციის ავტორები თეიმურაზ ხუციშვილი და გია ჯაფარიძე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური და სამოქალაქო წრეების წარმომადგენლები. 

ნაშრომი მომზადდა და გამოიცა კონრად ადენაუერის ფონდის  სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით. ნაშრომი ითარგმნა ინგლისურ ენაზე და ხელმისაწვდომია ონლაინ: https://bit.ly/3pCzlLa

 

https://www.cu.edu.ge/en/news-page/liberalism-and-georgia-book-presentation-at-the-cu-campus