ნინო კალანდაძის ინტერვიუ ფრონტნიუსთან

ევროპარლამენტმა, 425 ხმით 30-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ხუთი საპარლამენტო ჯგუფის მიერ წარდგენილ ერთობლივ რეზოლუციას „საქართველოში „უცხოელი აგენტების კანონის“ ხელახალი შემოღების მცდელობებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“. კერძოდ კი ევროპარლამენტი სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითხოვს.

აღნიშნულ საკითხზე FirstNews.ge -ს "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი ნინო კალანდაძე ესაუბრა:

- როგორ შეაფასებდით ევროპარლამენტის რეზოლუციას?

- ეს, ალბათ, ერთ-ერთი, ყველაზე მკაცრი რეზოლუციაა, რაც საქართველოსთან მიმართებით ოდესმე მიუღია ევროპარლამენტს. მკაცრია იმით, რომ, ამ ჯერზე, ძალიან სერიოზულ რეკომენდაციებს მოიცავს ევროპული საბჭოსადმი, რომელთა გათვალისწინება არსებითად შეცვლის საქართველოს მდგომარეობას. ჩვენ თუ აქამდე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ხან მეტი და ხან ნაკლები პროგრესი გვქონდა, არსებითად მოვიაზრებოდით, როგორც გაწევრიანების გზაზე და გაწევრიანებასთან ახლო მდგომი ქვეყანა. განსაკუთრებით უკრაინაზე რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, რამაც გეოპოლიტიკური მოცემულობა პრინციპულად შეცვალა, საქართველო კანდიდატ ქვეყნად კვალიფიცირდა და მას გაწევრიანების რეალური პერსპექტივა შეექმნა, ანუ, პირველად დაკონკრეტდა, რომ საქართველო შესაძლოა 2030 წლისთვის ევროპის კავშირის წევრი ქვეყანა იყოს.

ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციამ კი გვითხრა, რომ ეს პერსპექტივა საქართველოსთვის აღარ გაიხსნება, თუ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა შენარჩუნდება. კერძოდ, თუ მმართველი გუნდი მიიღებს ე.წ. აგენტების კანონს, ევროკავშირი საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს აღარ დაიწყებს. ეს კი არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიული მარცხი, ვინაიდან, გაწევრიანებისკენ სწრაფვა არის ქართველი ხალხის ყველაზე მკაფიოდ გამოხატული დაკვეთა და ხელისუფლების კონსტიტუციური და ეროვნული ვალდებულება.

- რა დაბრკოლებებს შეუქმნის გამჭვირვალობის კანონი საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე?

- დავიწყოთ იმით, რომ ეს არანაირი გამჭვირვალობის კანონი არ არის. ეს არის კანონი ცენზურისა და შეზღუდვის შესახებ და მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს თავისუფალი სიტყვის კონტროლი - ცენზურის დაწესება თავისუფალ სიტყვაზე, კერძოდ სამოქალაქო სექტორისა და იმ მედიაორგანიზაციებზე, რომლებსაც ვერ აკონტროლებს მთავრობა და ივანიშვილი და რომლებიც მათ დისკომფორტს უქმნის, როცა ააშკარავებს მათ კორუფციულ სქემებსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს. ეს კანონი თავისი არსით, ბუნებითა და მიზნებით შეუთავსებელია დემოკრატიასთან და შესაბამისად ევროპულ ღირებულებებთან. არც ერთი წევრი სახელმწიფო არ მოინდომებს ევროპის კავშირში იხილოს ქვეყანა, სადაც მოქმედებს ავტორიტარული წესები და რუსული კანონები. ასეთი ქვეყნების ადგილი არ არის ევროპის კავშირში. უკვე არსებულ წევრ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა უნგრეთი, პრობლემები აქვთ მსგავსი კანონმდებლობის მიღების მცდელობის გამო. ევროკავშირი არის ქვეყნების გაერთიანება, რომელიც გარკვეულ წესრიგზე და თანაცხოვრების წესებზე დგას, რომელსაც დემოკრატიული პრინციპები განაპირობებს. დიქტატორული, ავტოკრატიული და ოლიგარქიულ - კრიმინალური მმართველობა უბრალოდ წინააღმდეგობაშია ამ წესებთან და შეთანხმებულ წესრიგთან. ამიტომ, საქართველო თუ შეუქცევადად დაადგა ავტორიტარულ გზას, რაც მოხდება რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, მაშინ ევროპისკენ მიმავალი გზაც აღარ იარსებებს საქართველოსთვის.

- მმართველი გუნდის წარმომადგენლები აღნიშნულ რეზოლუციას "თაღლითობას და შანტაჟს" უწოდებენ. როგორ გავლენას მოახდენს ევროკომისიაში მსგავსი განცხადებები?

- მმართველი გუნდის, ანუ ივანიშვილის წარმომადგენლები არიან დამოუკიდებელი აზრის არ მქონე სუბიექტები, რომლებიც თუთიყუშებივით იმეორებენ რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს, ვინაიდან ისე ყელამდე არიან კორუფციაში ამოგანგლული, რომ მათ სხვა გზაც კი არ დაიტოვეს თავისთვის, გარდა იმისა, რომ ჩაყვნენ ივანიშვილს საერთაშორისო იზოლაციამდე. დასავლეთში მათი აზრი არავისთვის ყურადსაღები აღარაა და ეს ნათლად გამოჩნდა გუშინდელი რეზოლუციით.