ზაზა ბიბილაშვილის ინტერვიუ FirstNews.ge-თან

ლექსო ლაშქარავას სასტიკი მკვლელობა ისეთი მასშტაბის მოვლენაა, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის. მათ შორის ვერც ისინი, ვინც წლების მანძილზე პირდაპირ და უშუალოდ მონაწილეობდა იმ ორგანიზებული სიბნელის პიარში, რომელიც 5 ივლისს რუსული დავალების მთავარ შემსრულებლად მოგვევლინა, „ოცნების“ ხელისუფლებასთან ერთად, - ამის შესახებ FirstNews.ge- თან საუბარში "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევანი არ იყო - პროტესტის არდაფიქსირება ძნელია, თუ ელემენტარულ ადამიანობაზე გაქვს პრეტენზია (თუმცა, იმედი და პოსტივი აქაც ახერხებენ თავის გამოჩენას, რაც აღარავის უკვირს).

"მიუხედავად ამისა, ამ პროტესტის მიღმა დიდი პოლიტიკური და ღირებულებითი სიჭრელეა. ბევრ იქ მდგომს ალბათ ძალიან უნდა ღარიბაშვილის განტევების ვაცად ქცევა, ოღონდაც ივანიშვილის რეჟიმი გადარჩეს და შენარჩუნდეს. ბევრს შეიძლება მართლაც უნდა ივანიშვილის დასრულება, მაგრამ თავისდაუნებურად, ოპოზიციური იდეის მოარული ანტირეკლამაა. პროტესტის ლიდერი ფიგურანტებიდან აშკარად დიდ სიმპატიას იმსახურებს ვახო სანაია, რომელიც ახალგაზრდა, გულწრფელი და ალალი პატრიოტია, სულით-ხორცამდე ანტირუსი ანუ ანტიოკუპანტი. 

რაც შეეხება ულტიმატუმებს, სანამ ულტიმატუმს წამოაყენებ, კარგად უნდა გქონდეს გათვლილი, რას აპირებ მისი არშესრულების შემთხვევაში. სამწუხაროდ, ბოლო წლებში წამოყენებული ულტიმატუმი ბევრი გვახსოვს (ჯოჯოხეთს მოგიწყობთ და ა.შ.), მაგრამ შემდგომი მოქმედება - არანაირი. ვნახოთ, ამჯერად რაიმე განსხვავებული თუ მოხდა,"-აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

როგორც ის ჩვენთან საუბარში განმარტავს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის გზავნილია ამერიკის, ნატოსა და ევროკავშირის მიმართ, რომ საქართველო მისი გავლენის სფეროა და აქ ამერიკელების გავლენის ზრდას არ დაუშვებს.

"თუ რასთან გვაქვს საქმე? როგორც რუსეთი იყენებდა აფხაზ და ოს სეპარატისტებს საქართველოს წინააღმდეგ და თავად შუამავლად მოჰქონდა თავი, ზუსტად ისე იყენებს „ოცნება“ მის მიერვე ორგანიზებულ და მართულ ბრბოს და გვარწმუნებს, რომ თავად არაფერ შუაშია. სინამდვილეში, ივანიშვილის ხელისუფლებაა თავშიც, შუაშიც და ბოლოშიც. ცხადია, ლეღვის ფოთლებზე არ ვსაუბრობ, არამედ იმათზე, ვისაც რეალურად უპყრია ხელთ ძალაუფლება. 

ეს არის რუსეთის გზავნილი ამერიკას, ნატოს და ევროკავშირს, რომ საქართველო მისი გავლენის სფეროა და აქ ამერიკელების გავლენის ზრდას არ დაუშვებს. ამასთანავე, 5 ივლისს რუსეთმა, ხელისუფლებისა და საპატრიარქოს ხელით დასავლეთს უჩვენა, რომ საქართველო ველურების ქვეყანაა და ისედაც (რუსეთის ვეტოსგან დამოუკიდებლად) არ იმსახურებს დასავლური, ცივილიზებული ოჯახის სრულფასოვან წევრობას. აშკარაა, რომ საქმე ძალიან ჭკვიან, ვერაგ და დაუნდობელ მტერთან გვაქვს. ჩვენ კი, მოქალაქეობრივ თავმოყვარეობასთან ერთად, პირველ რიგში, გონიერება გვმართებს,"- აღნიშნავს ზაზა ბიბილაშვილი ჩვენთან საუბარში.

http://firstnews.ge/index.php/politica/item/12576-2021-07-12-19-00-16?fbclid=IwAR3FMlYeqEp85uJJgyxT8zwuy5PyvaZRruX0UWc3ONdJmSiqYye1v5xTFIc