"ჭავჭავაძის ცენტრს" ისტორიული არტეფაქტი გადეცა

2022 წლის 17 მარტს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 101 წლის თავის აღსანიშნავად, გია ჯაფარიძემ „ჭავჭავაძის ცენტრს“ საჩუქრად გადასცა ისტორიული არტეფაქტი ყოფილი დისიდენტის, ვანო ყვავილაშვილის ოჯახიდან. ეს გახლავთ კარების ჩარჩო, რომელზედაც საბჭოთა ოკუპაციის ბოლო ათწლეულებში სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ ედიშერ გიორგაძე, ნუგზარ შატაიძე, ნიკო გამცემლიძე, გოგი ხოშტარია, ერლომ ახვლედიანი, სერგეი კოვალიოვი, ოლეგ გოლიაძე, ლეონიდ მარგოლისი, თენგიზ ბერიშვილი, მერაბ თოფურია, თემურ ღლონტი და სხვები, წერდენ ბოროტების იმპერიის დანგრევის სავარაუდო თარიღს. ჭავჭავაძის ცენტრის სურვილია, მომავალში აღნიშნული არტეფაქტი გადაეცეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმს. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ჭავჭავაძის ცენტრს ეწვია ვანო ყვავილაშვილის მეუღლე, ქალბატონი ნანა ნიბლაძე. სიმბოლურია, რომ აღნიშნული ღონისძიება ემთხვევა გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეს. ამ დღეს, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ვანო ყვავილაშვილი მეგობრებთან ადიოდა მთაწმინდის პანთეონში და საკუთარი ხელით გადაწერილი რვეულიდან კითხულობდა გალაკტიონის ლექსებს, რომელიც დღეს ასევე წარედგინა საზოგადოებას.