ვერიკო უბირია ჭავჭავაძის ცენტრის პროექტებზე

დღევანდელი შეხვედრა ძალზე ემოციური და საინტერესო იყო, დიდი ინტერესით და გულისტკივილით ვუყურებდი თითოეულ მომენტს, იმდენად გვაგრძნობინა და დაგვანახა ამ ფილმებმა იმდროინდელი სიტუაცია, რომ საუბარიც კი რთული აღმოჩნდა ჩემთვის ამ თემაზე. ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ და ვიგრძნობთ იმ ტკივილსა და მწუხარებას, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვინც იმ დროს შეესწრო ამ ყველაფერს და თვალწინ ედგა ის ხალხი, ის საზოგადობა, რომელიც ხოცავდა, აუპატიურებდა და ხვრეტდა ადამიანებს. ჩვენ ვერასდროს ვერ ვიგრძნობთ მათ ტკივილს ბოლომდე და ასეც უნდა იყოს, მაგრამ თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა ნახოს, უნდა იცოდეს იმ დროს მომხდარი ამბები, უნდა შეიგრძნოს და განიცადოს ის, გააანალიზოს ისტორია. მადლობას გიხდით, რომ ასე კარგად, დეტალურად დაგვანახეთ ყველაფერი და ასევე მადლობა იმ ხალხსვინც ეს ყველაფერი გაგვიზიარა, იმ ადამიანის ცრემლები და „არაფრის ფასად არ დათმოთ სამშობლო“ არასდროს არცერთ ახალგაზრდას ვინც ვესწრებოდით, არ დაგვავიწყდება. ზღვაში წვეთი ყოფილა, რაც მანამდე გვქონდა გაგონილი. რამდენად მნიშვნელოვანია დოკუმენტურმა ფილმებმა შემოგვინახონ ისტორია - ესეც დავინახეთ და ამ ისტორიას ღირსეულად გააგრძელებს ჩემი თაობა, სწორ დასკვნებს გააკეთებს და სწორი გზით ივლის.