ჭავჭავაძის ცენტრის განცხადება 20 ივნისთან დაკავშირებით

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული საზოგადოების პრაქტიკულად ყველა სეგმენტმა საბოლოოდ დაინახა ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების რეალური სახე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიმართ მაამებლური დამოკიდებულება მანამდეც არაერთ ფაქტში გამოვლენილა, გავრილოვის დახვედრა და მისთვის ქვეყნის მთავარი სავარძლის დათმობა პირადი გამოწვევა აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქისთვის.

ის, რაც მანამდე ზოგისთვის სადავო იყო, 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ ბანალურ ჭეშმარიტებად იქცა, მათ შორის, როგორც ბოლო ხანებში გამოჩნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალშიც. ეს დიაგნოზი ამასთანავე ისტორიული ვერდიქტია, რომელსაც ვეღარაფერი შეცვლის.

20 ივნისი პირველი შემთხვევა იყო 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როცა რუსთაველის გამზირზე რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილმა ხელისუფლებამ საქართველოს ღირსებისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი დემონსტრანტები დაარბია. ამ დღემ მსოფლიოს დაანახა, რომ ოკუპანტთან ვითომ პრაგმატული, სინამდვილეში კი გაუთავებელი ცალმხრივი დათმობების უღირსი და უთავმოყვარეო პოლიტიკა ის წითელი ხაზია, რომელსაც ქართული საზოგადოება არასდროს შეეგუება.