ილია ჭავჭავაძის ცენტრი საგანგებო განცხადებით ეხმაურება თბილისში „მართლმადიდებლურ სახელმწიფოთა საპარლამენტო ასამბლეის სესიის” გამართვას

მიგვაჩნია, რომ ეს ფორმატი იმთავითვე რუსული რბილი ძალის პროექტი და „რუსკი მირის“ ნაწილია, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფო იყენებს საკუთარი აგრესიული მიზნებისა და ინტერესების გასატარებლად. უკიდურესად საგანგაშოა, რომ ამ პროექტის განხორციელებაში პირდაპირ და უშუალოდ ჩართულია საქართველოს ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის უხეში დარღვევით უკვე მერამდენედ უშვებს ქვეყანაში მტრულად განწყობილ რუს დეპუტატებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ოკუპაციის ფაქტს. მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს ამჯერად ასეთი დეპუტატების შეშვება საქართველოს პარლამენტში, სადაც ისინი რუსული დროშის თანხლებით, რუსულ ენაზე უძღვებიან რუსული ფორმატის სხდომას. 

დიპლომატიური ურთიერთობების არქონისა და მიმდინარე ოკუპაციის პირობებში, ხელისუფლების ამგვარი ქმედება არ წარმოადგენს პოლიტიკური მსჯელობის საგანს, ცალსახად მიუღებელია და დასაგმობია. 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, რომელიც ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. 

მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს სათანადოდ შეაფასონ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ოკუპანტის მორიგ აგრესიაზე, რომელიც მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.