თეატრი, რომელშიც ვცხოვრობთ

შექმენი პრობლემა და შემდეგ თავადვე ჩაიწერე ქულები მისი მოგვარებისთვის - აპრობირებული რუსული მეთოდია. პრინციპში, არა მხოლოდ რუსული, მაგრამ ბოლო ათწლეულებში სწორედ რუსული პოლიტიკის მაგალითზე ვხედავთ ამ მეთოდის მოქმედების მექანიზმს, მის სტრუქტურას. მეთოდისა, რომლის წარმატებაც მთლიანად ჩვენს მიამიტობაზეა დაფუძნებული.

მეთოდი იმდენად მოძველებულია, მოსაწყენიც კი უნდა იყოს მასზე საუბარი, მაგრამ დემოკრატიის მთავარი ნაკლი ხომ სწორედ ისაა, რომ სანამ ადამიანთა ერთი ნაწილი საკუთარ მწარე გამოცდილებაზე დაყრდნობით დაინახავს და დაიჯერებს ელემენტარულ, აშკარა ჭეშმარიტებებს, სცენაზე მიამიტ იდეალისტთა ახალი პლეადა გამოდის და ყველაფრის თავიდან მტკიცება ხდება საჭირო...

მაგალითად იმისა, რომ რუსეთთან ურთიერთობას რიტორიკის შეცვლით ვერ დაალაგებ - ეკონომიკურად ძლიერი, თავმოყვარე სახელმწიფო უნდა იყო. ან იმის, რომ მტრის ზრახვებს „ჭუკლი-პუკლის“ პოლიტიკით ვერ გააკეთილშობილებ - როგორც ამას თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას ერთგვარი კუმირი და ქოციანობის ეპოქის ერთ-ერთი სახე, ბატონი კორკოტა ქადაგებდა. აქაც პრაგმატული და თავმოყვარე პოლიტიკაა გამოსავალი.

ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ჩვენს თვალწინ დადგმულ და მიმდინარე მასკარადზე  მინდა გესაუბროთ. დიახ - ბიძინა ივანიშვილზე, კარგად ორგანიზებულ ბნელებზე და კინოთეატრებთან მობილიზებულ პოლიციაზე მოგახსენებთ. შეიძლება ოდნავი დაგვიანებით, მაგრამ ამბოხებული მაჟორიტარების სერიამ მხოლოდ დაადასტურა ის, რაც წინა სერიაზე მინდოდა მეთქვა.

მოდით, გამოვუტყდეთ ერთმანეთს:

როგორც პოლიტიკური ძალა, ცალკე აღებული, ბნელები უბრალოდ არ არსებობენ (ისევე, როგორც მაჟორიტარები, რაზეც, საბედნიეროდ, კონსენსუსია). ვასაძეები და ფალავანდიშვილები, ინაშვილები და კვიციანები - ეს ყველა „ოცნების“ ფერთა პალიტრაა, ხელისუფლების ძირითადი საყრდენი და ყველაზე საიმედო მოკავშირე ყველა საკვანძო მომენტში. რომ არა ხელისუფლების მიერ ანტი-დასავლური მედიის სტაბილური დაფინანსება, რომ არა ხელისუფლების იდეოლოგიური მხარდაჭერა და სრული თანხვედრა ყველა გეოპოლიტიკურ საკითხში, ეს ჯგუფები კანონით შებოჭილი ბუზღუნა კომედიანტები იქნებოდნენ.

არ დაიჯეროთ, რომ სახელმწიფო მათ ებრძვის.

ჯერ იყო და, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, მოძალადეებსა და ექსტრემისტებს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭეს და ასე - ჩაგრულის შარავანდედით - გამოუშვეს საპატიმროებიდან.  შემდეგ ამ ჯგუფებს მართავდნენ და ყოველთვის, როცა პოლიტიკური მიზნით სჭირდებოდათ, გამოიძახებდნენ ხოლმე სცენაზე კინტაურის დასავლელად.

ნურც ახლა მოგვატყუებს კინოთეატრებთან პოლიციის კორდონები: ივანიშვილს რომ ნდომებოდა, ბნელეთის მოციქულებს ერთი სატელეფონო ზარით გაიხმობდა უკან, ყაზარმებში. რეალურად, ერთი ხელით ის ჯვარ-კომბლიანებს მართავს, მეორე ხელით კი ხელისუფლებას ფორმალურად ასრულებინებს თავის როლს.

შეიძლება რომელიმე მოძალადე მართლა დააკავონ, რომ თქვენი შექება (ან მადლობაც კი) დაიმსახურონ, მაგრამ მას აუცილებლად მალევე გაათავისუფლებენ - ალბათ, სიმბოლური გირაოთი (როგორც ფარცხალაძეს ან 20 ივნისის მოძალადეებს). ჩვენ კი გვეტყვიან, გამოძიებას დაელოდეთო.

რად უნდა ეს ივანიშვილს?

მარტივია - იმისთვის, რომ საკუთარი საქმე სხვისი ხელით გააკეთოს, თავად კი მშრალი გამოვიდეს წყლიდან.

როგორც რუსეთს სურს საქართველოსთან კონფლიქტის მხარედ ოკუპირებული რეგიონები წარმოაჩინოს, თავად კი შუამავალი დაირქვას, ასევე ცდილობს უბირი ოლიგარქი ისეთი სურათი დახატოს, თითქოს ერთ მხარეს მარგინალი ბნელები, მეორე მხარეს კი - ასეთივე მარგინალი ლიბერალები არიან. რომ თითქოს ეს ორი თანაზომადი ჯგუფია, თავად კი შუაშია - ხალხთან და თან ცოტა ზემოთ, როგორც მისივე დანიშნული პრეზიდენტი იტყოდა.

რამხელა რესურსი იხარჯება ამ ყალბი რეალობის შესაქმნელად, მაშინ, როცა ამ სპექტაკლის დასრულება, ამ ჯგუფების ერთი დასტვენით გახმობა, მთლიანად - ვიმეორებ, მთლიანად - ხელისუფლების ხელშია.

...ვიცი, მოსაწყენია ყველა დიდი პრობლემის უკან ივანიშვილის დანახვა. იმდენად, რომ ოლიგარქის ხსენებისას, დიდი რისკია, ადამიანთა ყურადღება დავკარგოთ. თანაც, ხშირად სწორედ გამოცდილი, ძირძველი პოლიტიკოსები გვიბნევენ თავგზას, თავიანთი ვითომ პრაგმატული განცხადებებით, რომლითაც ისინი კონკრეტულ დაჯგუფებებს უპირისპირდებიან და მათ უკან მდგომ რეალურ ძალას არ იმჩნევენ.

ამას თითქოს იმიტომ აკეთებენ, რომ ივანიშვილის ყოვლისშემძლეობის მითი არ გაამყარონ.

ცხადია, ივანიშვილი ყოვლისშემძლე არაა. პრინციპში, ის საერთოდ არაფერია, რომ არა მის უკან ფულით, სპეცსამსახურებითა და მძლავრი პროპაგანდისტული მანქანით მდგომი რუსეთი.

სულ რამდენიმე თვის წინ ეს ჯერ კიდევ სადავო პოსტულატი იქნებოდა, მაგრამ 20 ივნისს ყველა კეთილსინდისიერმა მოქალაქემ საბოლოოდ დასვა დიაგნოზი, რომ ხელისუფლება არც უნიათოა და არც - არაკომპეტენტური.

ხელისუფლება რუსულია.

ცხადია, მასში არიან „ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე“ ლეღვის ფოთლები, რომლებიც უცხოელებს ელაპარაკებიან, ბლოგებს წერენ და ხანდახან სოციალურ მედიაში არსებულ თავისუფლებასაც კი გვამადლიან, მაგრამ ისინიც ისევე მალე და უკვალოდ ჩამოცვივა ივანიშვილს, როგორც ოცნების პირველი თაობის პროდასავლური ნიღბები.

 ...შექმენი პრობლემა და შემდეგ თავადვე ჩაიწერე ქულები მისი მოგვარებისთვის. აპრობირებული რუსული მეთოდია.

არ მიყვარს პროგნოზების კეთება, მაგრამ ამჯერად გავრისკავ:

არაა გამორიცხული, ივანიშვილმა საბოლოოდ მაინც ჩაატაროს პროპორციული არჩევნები 2020 წელს. ოღონდ ისე, რომ შეეცდება, მისივე შექმნილი არარსებული პრობლემის გადაჭრა საკუთარ აქტივში ჩაიწეროს.

მჯერა, ეს აღარ გამოუვა.