„ჭკუა რომ გვქონოდა…“ ვერნერ ჰერცოგის „აგირე, ღვთის რისხვა“ (1972)

„მე ღვთის რისხვა ვარ“ - ასე უწოდებდა საკუთარ თავს მითიური ქალაქის, ელდორადოს, მაძიებელი ექსპედიციის უკანასკნელი ხელმძღვანელი, ლოპე დე აგირე, განთქმული სისასტიკით, ვერაგობითა და სისხლიანი თავგადასავლებით. ისტორიამ მისი სხვა მეტსახელებიც შემოინახა - „შეშლილი“, „ტირანი“, „ბილწი“... ხომ უნდა ამას მოხერხება, ასე გამოიჩინო თავი კონკისტადორთა შორის!

ლოპე დე აგირეს ლეგენდად ქცეული ისტორია მომდევნო საუკუნეებში კულტურის ინტერპრეტატორთა საყვარელ თემად იქცა. ვერნერ ჰერცოგმა, კარლოს საურამ, რობერტ ბარნეტმა, ჟაუმე კოლეტ-სერამ - მოკლედ, სრულიად მსოფლიო კინემატოგრაფმა თავისი მიაგო უკანასკნელ კონკისტადორს, ფრენსის ფორდ კოპოლამ კი აიღიარა, რომ „ჩვენი დროის აპოკალიფსისი“ შთაგონებულია ვერნერ ჰერცოგის გამორჩეული ნამუშევრით - „აგირე, ღვთის რისხვა“.

არც ლიტერატურა დარჩენილა გულგრილი ამ შეშლილი იდეალისტის მიმართ. არაერთი წიგნი დაიწერა მასზე. ის განსაკუთრებით პოპულარული პერსონაჟი იყო მეოცე საუკუნის რომანებისა, თუმცა ვერნერ ჰერცოგის დარი ხელოვნების ნიმუშის შექმნა მაინც ვერავინ მოახერხა, რადგან ისტორიული ნარატივიდან დისტანცირება მხოლოდ მან შეძლო და ფილმს ანთროპოლოგიური, კულტურული და სოციალური დისკურსი შესძინა, თუმცა თავად ამბობდა, რომ მის ფილმებში იმდენივე ანთროპოლოგიაა, რამდენიც კარლო ჯეზუალდოს მუსიკაში ან კასპარ დავიდ ფრიდრიხის ნახატებში.

მართლაც, ჰერცოგის მიზანი არ ყოფილა ამაზონის თვალისმომჭრელი სანაპიროების გადაღება, ამ ანტურაჟს ის მხოლოდ ესთეტიკური კონტრასტისთვის იყენებს იმ კულტურულ სივრცესთან, რომელიც ცდილობს ველური გარემოს ოკუპაციას და მასზე გამარჯვებას.

საინტერესოა, რა შეცვალა და რა დატოვა ჰერცოგმა ისტორიიდან, რომელიც თვისთავად საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.

საოცრად კინემატოგრაფიულია თავად ლეგენდა შეშლილ იდეალისტზე, სავსე ეპატაჟითა და მიმზიდველი ლანდშაფტით, ცივილიზაციათა კონტრასტითა და ლიბერალური მორალით, იგავური თემებითა და მისტიკური მეტაფორებით. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ 28 წლის გერმანელი რეჟისორი, რომელსაც მანამდე მხოლოდ მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღების გამოცდილება ჰქონდა, ხელს ჰკიდებს მის გაცოცხლებას, მართალია, ფაქტობრივი მასალისადმი თავისუფალი მიდგომით, მაგრამ თავად აგირეს პიროვნული არსის სრული სიზუსტის დაცვით, რაღა თქმა უნდა, კლაუს კინსკისა (რომელიც აგირეს როლს ასრულებს) და უბადლოდ შერჩეული დასის მეშვეობით.

მოქმედება მე-16 საუკუნის შუახანებში ამაზონის ჯუნგლებში ხდება. ეს გეოგრაფიული აღმოჩენების, მეცნიერული მიგნებებისა და რელიგიური ომების ეპოქაა. ერა, როდესაც მაკიაველის პრაგმატიზმი და სერვანტესის იდეალიზმი ერთ მთლიანობად იქცა. ეს ის დროა, როდესაც დასავლური ცივილიზაციის პირმშონი ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ თავიანთ „ყრმობასთან“ განშორებას და სრულყოფილად ვერ აღიქვამენ იმ ახალ სამყაროს, რომელიც თავადვე შექმნეს. იზრდება მასშტაბები და, შესაბამისად, ადამიანური სურვილებიც - სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვებისა. ამიტომაც იქცევა ვერნერ ჰერცოგის ექსპედიცია ნამდვილ მეტაფორად - ევროპული ცივილიზაცია, ქრისტიანული სახელმწიფოებრიობა, რომელმაც ყველაფერს მიაღწია, ეკონომიკურად განვითარდა და თავისი სასახლეები და ეკლესიები სიმდიდრითა და შედევრებით გაავსო, სინამდვილეში სისხლისმღვრელი ომების შედეგად აღმოცენდა, ერთი მხრივ, კოლონიების დაპყრობა და ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდი, მეორე მხრივ კი,  ინდიელების შექმნილი მითიური ელდორადოს ძიებაში გაუვალ ჯუნგლებში შეტყუებული და იქიდან ვეღარასდროს დაბრუნებული ადამიანების სიცოცხლე.

ეს კარგად ჩანს ფილმის პირველივე კადრებიდან, როდესაც უღელტეხილს მიუყვებიან ქვემეხებითა და ცოდნით შეიარაღებული დასავლელი მისიონრები ხალხში ღვთის სიტყვის გასავრცელებლად. მათ მოჰყვებიან ინდიელი მონებიც, რომლებსაც შესანიშნავად ესმით ექსპედიციის ეგზისტენციალური საფუძველი - ძალაუფლებისკენ, სიმდიდრისა და დამორჩილებისკენ სწრაფვა. ეს კარგად ჩანს ადგილობრივი ინდიელის სიტყვებში, როდესაც ის აგირეს ქალიშვილს უხსნის, რა უქნეს მათ ესპანელებმა, რომ ისინი ვერასდროს დაბრუნდებიან სახლში ცოცხლები.

უსაზღვროა დამპყრობლის სიხარბე, ნება და ფანტაზია. საკუთარი მიზნის მისაღწევად ის მყისიერად ივიწყებს ყველა სამართლებრივ თუ მორალურ პირობითობას, დადებულ აღთქმას და ტრანსცენდენტურ აკრძალვას.

ამ ფარული ჭეშმარიტების მეტაფორაა აგირე, ავტოკრატი და სასტიკი ლიდერი, შეშლილი და დაუნდობელი. თუმცა ლიდერი არ არსებობს ხალხის გარეშე, ამიტომაც რეჟისორი საგანგებოდ არჩევს ექსპედიციის წევრების სოციალურ იდენტობას, რათა წარმოადგინოს თავად საზოგადოება, როგორც მოქმედი სოციალური ორგანიზმი თავისი მეინსტრიმით, სასარგებლო იდიოტებითა და სასუფევლის კლიტეთმპყრობლებით. ბოლო კადრებშიც ტივზე სამი ადამიანი რჩება - ხელისუფალი, მღვდელი და მონა, სამივე ერთნაირად დამნაშავე, განწირული და უმწეო.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ისტორიის მთავარი ფიგურანტი ფილმში ახლო კადრით სულ რამდენჯერმე ჩნდება, თუმცა ყველა ქმედებაში მისი მონაწილეობა ყოველთვის იგრძნობა. ის მართლაც ღვთის რისხვასავით თავს ატყდება იმ ადამიანებს, რომლებმაც თავად შექმნეს აგირე, საკუთარი ძალისხმევით. ვინ არიან ისინი? ერთი მხრივ, ილუზიებით, დაპირებებით, გამდიდრებისა და თვისუფლების მოპოვების იმედით ნაკვები წარუმატებელი, შეუმდგარი ავაზაკები და, მეორე მხრივ, მღვდელი, ამ ეპოპეის ნარატორი და იდეოლოგი, რომელიც დეკლარირებს, რომ ეკლესია ყოველთვის ძლიერთა მხარესაა, და რომ ეს ექსპედიცია ველურებში ღვთის სიტყვის საქადაგებლად ჩამოვიდა.  აი, ვინ არის „ღვთის რისხვის“ მთავარი მოკავშირე.

ფაქტობრივად, ფილმის უმეტესი ნაწილიც სწორედ ძალაუფლების ქვეშ მოქცეული საზოგადოების გენეზისის საკითხს ეთმობა.  რეჟისორი მეტაფორულად წარმოგვიდგენს მისი მოდერაციის ყველა ფაზას - როგორ ჩამოაგდებენ ტახტიდან უფლებამოსილ ხელისუფალს, როგორ გამოუცხადებენ ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას, იშორებენ კონკურენტებს ვერაგულად და მოტყუებით, როგორ ასამართლებენ მათ და სიკვდილს უსჯიან ცრუ მოწმეებისა და ბრალდებების ძალით, როგორ ოსტატურად სპეკულირებენ, საზოგადოებრივი ილუზიებითა და შიშით, რათა საბოლოოდ იმედისა და ოცნების საფარქვეშ გაანადგურონ იგი. და ამ ყველაფერს აკეთებს ერთი ადამიანი - ლოპე დე აგირე, უპიროვნო, დაშინებული და მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანების ხელით.

ზოგადად, საინტერესოა, როგორ იქმნება ჯგუფი მისი პიროვნების გარშემო, რომელიც მთელი ფილმის განმავლობაში მხოლოდ ეპიზოდურად გამოჩნდება ხოლმე, მაგრამ შეგვახსენებს, რომ ის მთავარია და ყოველივე იმის შემოქმედი, რაც ხდება. ჯგუფს სჭირდება ლიდერი, ძლიერი პიროვნება და ის, რაც იზიდავს მასებს ასეთ ლიდერში,მეტაფიზიკური საიდუმლოა, რომლის ილუზიასაც სწორედ ეს ფარული, უხმაურო, ფლიდი და უკიდურესად ვერაგული არსებობის წესი განაპირობებს. ასეთ მმართველებს ღვთის ცხებულად მიიჩნევენ ხოლმე და ამბობდნენ, რომ მისი ძალა ღვთიურია.  რაოდენ გასაკვირი დამთხვევაც არ უნდა იყოს, ამავე შინაარსის ფრაზა არაერთმა ჩვენმა თანამედროვემაც წარმოთქვა, თანაც  კინემატოგრაფთან დაკავშირებულმა.

ვერნერ ჰერცოგისთვის ობიექტური რეალობა არ არსებობს, ადამიანი ცხოვრობს სუბიექტურ სამყაროში, რომელიც სავსეა ილუზიებით, მითებით, ოცნებებით, მოგონილი პრინციპებით, ფარული სისატიკითა და სიხარბით. რაც მთავარია, ის არ ცდილობს სამყაროს შეცვლას, გადასინჯვას, არ უდგება მას კრიტიკულად და ეგზისტენციალურ საფრთხესაც გარედან მოელის და არა სუბიექტური ყოფიდან. ამიტომაც აცხადებს ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი, მშიერი და იმედგაცრუებული: ჩვენ ვხედავთ იმას, რისიც გვეშინია. სამწუხაროდ, ეს რაღაც - ფილმში ინდიელთა ისრებია და არა ის სისასტიკე, რომელმაც ადამიანის ბუნებაში დაისადგურა. სუბიექტური ყოფის კრიზისი კი მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც მდგომარეობა ფაქტობრივად გამოუვალია. სწორედ მაშინ ჩნდება პროტესტიც. იწყება მღელვარება, გეგმების დაწყობა ამ კრიზისის დასაძლევად, სინანული, მაგრამ ამ დროს პროცესი უკვე შეუქცევადია. აგირეს თანამგზავრები ერთი მეორის მიყოლებით მხოლოდ მაშინ აცნობიერებენ, ვის ნავში ჩასხდნენ, როდესაც ურსუას ჩამოხრჩობას და ინდიელთა სოფლის გადაწვას უყურებენ. ექსპედიციის ერთი წევრი მეორეს ეუბნება: „აგირეს სულ არ აწუხებს ჩვენი ბედი, ეს თვითმკვლელობაა, ჭკუა რომ გვქონოდა, დიდი ხანია პისაროსთან უნდა დავბრუნებულიყავით. მირჩევნია, ინდიელებს შევუერთდე, ვიდრე ამ გიჟს გავყვე, გეგმაც მოფიქრებული მაქვს.“ - სიტყვა არ აქვს დამთავრებული, რომ მას თავს წააძრობენ. აგირე კი იმუქრება: „მე აგირე ვარ, ღვთის რისხვა, ჩემს ფერხთით მიწაც კი შიშით კრთის, ვინც ჩემთან დარჩება, იქნება ძალიან მდიდარი“.

ჰერცოგი გვიჩვენებს, თუ რამდენად შეიძლება დაუბინდოს ადამიანს გონება სიმდიდრისა და ძალაუფლების წყურვილმა.  სამნი დგანან ტივზე. მეფე, მსახური და მღვდელი. ელდორადოზე მეოცნებე მეფე ეუბნება მსახურს: „დავხოცავთ მტრებს ოქროს ტყვიებით, შენ კი საჭმელს ოქროს თასით მომიტან.“ - ეს არის მათი ოცნება, აი, რისთვის უნდათ ოქრო და სიმდიდრე, არა იმისთვის, რომ უკეთესად იცხოვრონ ან წარმატებას მიაღწიონ, არამედ აკეთონ იგივე, ოღონდ ოქროს ტყვიებით.

აგირე მოქმედებს სხვა თანამგზავრების დახმარებით, იოლად მანიპულირებს მათით. სემანტიკა კი ასეთია - ჩვეულებრივი კამპანია სასტიკ, ამორფულ ძალად იქცევა, რომელიც იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან ამაზონის ჯუნგლებში და რომელსაც ფრთების გაშლის ფართო ასპარეზი ეძლევა. არ არსებობს მისი კონტროლის არც სახელმწიფოებრივი და არც საზოგადოებრივი მექანიზმი, არც მორალური და არც სოციალური იმპერატივი. ექსპედიციის წევრები მზად არიან, დაღვარონ სისხლი არა უკეთესი ცხოვრებისთვის, არამედ ვიღაცის აკვიატებული იდეის გამო. ამას ჯგუფის წევრებიდან მხოლოდ აგირე აცნობიერებს. განუზომელია მისი ძალაუფლების მოპოვების წადილი, ამიტომაც მიზნად ისახავს, გახდეს ახალი ესპანეთის კაიზერი. შემთხვევითი არ არის, რომ ის მუდმივად საუბრობს მექსიკის დაპყრობაზე კორტესის მიერ, რომელიც არ დაემორჩილა მეთაურების ბრძანებას. ეს არის მისი მოტივატორი და ყველაზე ძლიერი არგუმენტი, როდესაც თანმხლებთა დარწმუნებას ცდილობს.

უხილავი მტერი, ინდიელები, რომლებიც სათითაოდ ხოცავენ აგირეს თანამგზავრებს, ერთგვარად მისი თანამოაზრეები ხდებიან, თითქოს ხელს უწყობენ ამ შეშლილს ველური ზრახვების განხორციელებაში. ფილმში ინდიელები ისევე ფარულად მოქმედებენ, როგორც აგირე, იმ განსხვავებით, რომ ჯუნგლების ბინადარნი დამპყრობლებს უსწორდებიან ასე სასტიკად, აგირე კი - საკუთარ გუნდს. ინდიელთა მიერ დახოცილი თანამგზავრების ხილვა აგირეს ერთგვარ კმაყოფილებასაც კი ჰგვრის, მაგრამ მან არ იცის, რომ ბოლო ისარი მისი ქალიშვილისთვისაა განკუთვნილი. რაღაც მომენტში მისი აკვიატება გადადის მანიაკალურ მეგალომანიაში. აგირე შეშლია და ახლა უკვე ბუნებასთან შერკინებას აპირებს, ამასვე მოუწოდებს ზომბებად ქცეულ თანამოაზრეებს.

რეჟისორი მთელი ფილმის განმავლობში მიგვანიშნებს, რომ მთავარი გმირი მნიშვნელობას იძენს არა როგორც თავისთავადი მოვლენა, არამედ როგორც საზოგადოებრივი კომფორმიზმისა და უპრინციპობის პროდუქტი. იგრძნობა ანალოგები ფაშისტურ და ტოტალიტარულ რეჟიმებთან. თუმცა ჰერცოგი ამას უარყოფდა და გარკვეულწილად მართალიც იყო. ის ეფუძნება ბერი გასპარ დე კარვახალის დღიურებს და წარმოაჩენს ადამიანის მარადიულ სვლას შეუცნობლისკენ, რომელიც არც ძალაუფლებითა და არც სისასტიკით არ მიიღწევა. ასე რომ, აგირეს ისტორია წარმატებით მიესადაგება როგორც მესამე რაიხის ამბებს, ისე დიქტატურის, ძალაუფლებისა და სიმდიდრის სურვილით გაუმაძღარ თანამედროვე სამყაროს ნაწილსაც, რომლის ფარგლებშიც, რუსეთის იმპერიის გარდა, სამწუხაროდ, ახლა უკვე ჩვენი ქვეყანაც მოიაზრება.

ჰერცოგი მიგვანიშნებს, რომ ტოტალიტარული რეჟიმის დამფუძნებელი დიქტატორი კი არა, თავად ხალხია, რომელსაც ამოძრავებს  უმნიშვნელო მიზნები - გამდიდრება და კეთილდღეობა. დიქტატორს კი მეტი სურს - ამიტომაც აგირე ცვლის კონკისტადორთა ფიქრებს, აიძულებს,  ბრმად გაჰყვნენ მითოლოგიურ ქვეყანაში, გზადაგზა კი უმტკიცებს, რომ ახლა ეს მიწები მათ ეკუთვნით. ისინი სხედან ტივზე და შეშლილ დესპოტთან ერთად მიცურავენ იქ, საიდანაც ვეღარავინ ბრუნდება.  

ფინალურ სცენაში ადამიანებს  პატარა მაიმუნები ანაცვლებენ, რომლებსაც აგირე გაანდობს თავის დიად მიზანს: „როცა ზღვას მივაღწევთ, ავაშენებთ გემს, შემდეგ გავცურავთ ჩრდილოეთისკენ და ტრინიდატს ჩამოვართმევთ ესპანეთის მეფეს. იქიდან უფრო შორს გავცურავთ და კორტესს წავართმევთ მექსიკას. ეს იქნება დიდი ღალატი!“

დიახ, აგირე საკუთარ თავს სიამაყით უწოდებს „დიად მოღალატეს“ და ეს არ არის შემთხვევითი. ის, იუდასავით, ელდორადოს სიმდიდრისა და დიდი ძალაუფლების მოსაპოვებლად  ჯერ ესპანეთის მეფეს ღალატობს, შემდეგ ყურმოჭრილ თანამოაზრეებს, ბოლოს კი ყველა ადამიანურ ფასეულობას. თუმცა, იუდასგან განსხვავებით, მას არ გააჩნია თვითრეფლექსიის უნარი, რადგან წარმოუდგენლად სძულს ის ზეციური არსება, რომელმაც  ზნეობრივი შეგონებებით დაიმონა ყველა ყეყეჩი ფანატიკოსი, ამიტომაც მოხუცი ქარონივით ტივზე მიცვალებულებთან ერთად მარტო დარჩენილი აგრძელებს ჰადესისკენ მიმავალ გზას.

ფილმის კინემატოგრაფიული გადაწყვეტა, ერთი მხრივ, ეფუძნება დოკუმენტური კინოს პრინციპებს - ბევრი კადრი ხელის კამერითაა გადაღებული, არ არის ერთი მთლიანი სურათი, ყველა მსახიობი რეალურად ცხოვრობს ჯუნგლებში, ფილმში არ არის გამოყენებული სპეცეფექტები - ყველაფერი სრულიად ბუნებრივია, მათ შორის ამაზონის ჩქარი დინება, ცხენის წყალში გადაგდების სცენა, გაუვალ ჭაობში გადაადგილება. მეორე მხრივ, ამ ნატურალიზმს ხან მირაჟი ფარავს, ხან ღამის წყვდიადში მოციმციმე ჩირაღდნები, ხან მისტიკური მუსიკა, ხანაც ადგილობრივი ინდიელების პირველყოფილი სახეები. ეს არის ზღვარი რეალობასა და წარმოსახვას შორის, დიალექტიკური თავსებადობა რეალობისა და ილუზიისა - ერთის მეორედ გადაქცევა. დაახლოებით ისეთი, ბრეიგელის ნახატებში რომ გვხვდება.

ვერნერ ჰერცოგი ახალი გერმანული კინოს დამაარსებელია, თუმცა არასდროს იზიარებდა ფასბინდერისა და ვენდერსის იდეალებს. მისი კინემატოგრაფიული ნამუშევრებიდან „აგირე, ღვთის რისხვა“ გამორჩეულ ფილმად რჩება, რომელიც 50 წლის შემდეგაც ისეთივე ახალგაზრდა და მიმზიდველია, როგორიც გამოშვების დღეს.