„კაცია ადამიანი?!“ - ი. ჭავჭავაძე
„სინამდვილეში პირადი ბედნიერება (წონასწორობა, კმაყოფილება, ან კიდევ, როგორც უწოდებენ, პიროვნების ავტომატური მიზანი) თავისი თავითაა შემოსაზღვრული, როგორც ქვა - კედელში, ან წვეთი - მდინარეში, რომელიც მთელი მდინარის ძალისა და დაძაბულობის გამტარია. საკუთარი წონასწორობით არავინ ცხოვრობს; ყველა იმ ფენებს ეყრდნობა, რომლებიც მას მოიცავს და ამიტომ სიამოვნების პატარა, პირად ფაბრიკაზე მორალური კრედიტის მეტად რთული სისტემა მოქმედებს, რადგან კოლექტივის ფსიქოლოგიური ბალანსისთვის მისი მნიშვნელობა ინდივიდების ბალანსზე ნაკლები როდია".
- რობერტ მუზილი, „უთვისებო კაცი“
როცა ჩემს თინეიჯერ შვილებს ამ ფილმის ნახვა შევთავაზე, სასაცილოდ არ ეყოთ: 1957 წელსაა გადაღებული? შავ-თეთრია? ის აღარ მითქვამს, რომ ფილმში წამლად ერთი ქალიც არ გამოჩნდება და მოქმედება ერთ ოთახში ვითარდება. მხოლოდ ერთი თხოვნა მქონდა: მოდი, 10 წუთი ვუყუროთ და მერე გამოვრთავ, თუ არ დაგაინტერესებთ-მეთქი. 10 წუთში გამორთვაზე კრინტიც აღარ დაძრულა. როგორც იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით უყურეს და დღემდე ახსოვთ.
თითქოს უცნაურია, 21-ე საუკუნის ადამიანი ასეთი ინტერესით უყურებდეს ძველ ფილმს. თავის დროზეც არ ყოფილა მისი პოპულარობა მყისიერი. რეჟისორი სიდნი ლუმეტი მანამდე სატელევიზიო ფილმებს იღებდა და ეს ფილმი მისი დებიუტი იყო „დიდ კინემატოგრაფში“. ფილმი არც ვარსკვლავების ცვენით გამოირჩევა - თუ არ ჩავთვლით ჰენრი ფონდას (მთავარ გმირს), არც სასიყვარულო ისტორია გითრევს, არც ბრძოლის თავბრუდამხვევი სცენებია, მუსიკაც იშვიათად ერთვება - წამყვანი ფონი ხმებია. გარე სივრცე სულ ორჯერ ხვდება კადრში - ფილმის დაწყებისას და დასასრულს - ესაა სასამართლოს გრანდიოზული შენობა, სადაც 12 ნაფიცი მსაჯული შედის პროცესზე დასასწრებად.
ფილმის მომხიბვლელობის საიდუმლო იმ აღმოჩენებშია, რომლებსაც რეჟისორი თავბრუდამხვევი ოსტატობით გვაწვდის: მალევე ხვდები, რომ რაღაც უფრო მეტი უნდა გაიგო, ვიდრე ერთი განსასჯელის დანაშაულის ან უდანაშაულობის დამტკიცებაა. და ეს ცოდნა შენ, სრულიად სხვა სივრცულ და დროით განზომილებაში მყოფ ადამიანს, დაგაფიქრებს საკუთარ ქცევაზე, ხშირად გაკეთებულ არასწორ არჩევანზე, ნაჩქარევ და დაუფიქრებელ ნაბიჯებზე, საკუთარ საზოგადოებასა და საზოგადოებაში ღრმად გამჯდარ ჩვევებზე, დამოკიდებულებებზე, მანკიერებებზე, სისასტიკეზე და შეგძენს რწმენას, რომ ამის დაძლევა შესაძლებელია.
ფილმის მთავარი გმირი ნაფიცი მსაჯულია, რომელსაც არ სჯერა იმის, რაც ყველამ დაიჯერა, კითხვები უჩნდება იქ, სადაც ყველასთვის „ყველაფერი ცხადია“, არ ფიქრობს, რომ უმრავლესობის წინააღმდეგ წასვლა უაზრობაა, ან უშედეგო მცდელობა, არ აშინებს ის მოლოდინი, რომ ისინი „მაინც თავისას გაიტანენ“.
ფილმს მეორე მთავარი გმირიც ჰყავს. ესეც ნაფიცი მსაჯულია, რომელიც ბოლომდე არ თმობს თავის პოზიციებს. ის მამაა, შეურაცხყოფილი მამა, რომელმაც „კაცად გაზარდა“ შვილი (ჩვენი მამების უმეტესობასავით) და მერე ბუმერანგივით უკან დაბრუნებული მუშტი ვერ გადაუხარშავს. ის ბოლომდე იბრძვის სასოწარკვეთილი გაშმაგებით, რომ „მამის მკვლელზე“ შურისძიება აღასრულოს, მოკლას, გაანადგუროს ყველა შვილი, რომელიც მამაზე აწევს ხელს.
სწორედ ამ ორ მსაჯულს შუაა გამომწყვდეული განსასჯელი - 18 წლის ბიჭი, რომელსაც მამის მკვლელობაში ედება ბრალი. დანარჩენი მსაჯულები მერყევი მაყურებლები არიან, რომელთა გადაწყვეტილებას, დამნაშავედ ცნონ ყმაწვილი, სულ სხვადასხვა სარჩული უდევს: ზოგი პროკურორის სიტყვამ მოხიბლა, ზოგს მყარად სჯერა, რომ ქუჩაში გაზრდილი უპატრონოებისგან სხვა არაფერია მოსალოდნელი, ზოგი დაუღეჭავად ყლაპავს მოწოდებულ არგუმენტებს და ისინი წყალგაუვალი ჰგონია, ზოგი ფეხის ხმას მიჰყვება (სადაც ყველა, იქაც მე), ზოგს კი უბრალოდ ეჩქარება - ბეისბოლის მატჩს უნდა მიუსწროს.
განსასჯელს ბევრი „მინუსი“ აქვს:
ის თითქმის ბავშვია, მაგრამ ეს მისდამი სასტიკ მოპყრობას არათუ აფერხებს, არამედ ახალისებს კიდეც - ბავშვს ადვილად შეგიძლია მოერიო, როცა ზრდასრული მამრი ხარ (სწორედ ასე იქცეოდა მამამისი, როცა სასტიკად სცემდა). „ბავშვები ველურები გახდნენ, იქნებ ეს გაკვეთილი იყოს“. - ამბობს ერთი მსაჯული.
ის არაა არც „მაღალი“ და არც „საშუალო“ ფენის წარმომადგენელი. ის „ქუჩის ბიჭია“, რამდენჯერმე ნასამართლევი კიდეც.
ის უპატრონოა - დედა მოუკვდა, მამა ციხეში იყო, ბავშვთა სახლში იზრდებოდა. განა ეს საკმარისი არაა, რომ კრიმინალი გახდეს?
ის დაუცველია - „დაუცველთა დახმარების კვირეული გვაქვს“? - კითხულობს ერთი მსაჯული, როცა „წყალგაუვალ ფაქტებს“ წყალი შეუდგება.
ის „ჩამოთრეულია“ - ინგლისურადაც კი ვერ საუბრობს გამართულად“ - ასეთია ერთ-ერთი მსაჯულის არგუმენტი.
თითქოს ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მისთვის თავი არავინ შეიწუხოს და სუფთა სინდისით გაუშვას ელექტროსკამზე. ვის რაში დააინტერესებს ეს უინტერესო ადამიანი? ის „არავინაა“.
მსაჯულები სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, კლასის წარმომადგენლები არიან, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი თვისება - აშკარა ან შენიღბული ინდიფერენტულობა. ეს „ყველას“ თვისებაა. „ერთი“ მათ წინააღმდეგ გამოდის, რაც „ყველაში“ დისკომფორტს იწვევს („ოჰ, ღმერთო, ყოველთვის ეს ერთი!“ „ახლა რა ვქნათ?“).
გახსენდებათ ქართულ მწერლობაში ან კინოში „ერთი“, რომელიც „ყველას“ დაუპირისპირდა და გაიმარჯვა? ალუდა გააძევეს, ჯოყოლა მოკლეს, იგი უფსკრულში ჩაჩეხეს. იგიმ მხოლოდ ერთი ადამიანის გამოღვიძება შეძლო, რომელიც სავარაუდოდ, იმავე გზას გაუყვება ქარაფისაკენ და დიდი დაძინების ხახაში ჩაეშვება. „ერთის“ პროტესტსა თუ თავგანწირვას მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება მოჰყვეს: „რომ შენს შემდგომად მოძმესა შენსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს“. მაგრამ გზა ისევ ჩახერგილია და შემდგომი მოძმეც იმავე ხიდის როლს ეწირება. ესაა დაუსრულებელი ხიდი შეწირულთა გვამების უწყვეტი ჯაჭვით, რომელიც მეორე ნაპირს ვერ აღწევს.
საქართველოში ასეთ ფილმს ვერ გადაიღებდნენ, არათუ 1957 წელს (მაშინ საბჭოთა საქართველო ვიყავით), არამედ დღესაც. არ იქნება ბუნებრივი. არავინ დაიჯერებს, რომ შესაძლებელია 12-მა განსხვავებულმა მამაკაცმა ერთ სივრცეში ისე იკამათოს, რომ ბოლოს კბილების ან ნეკნების (ან ორივეს) ჩალეწვით არ დამთავრდეს. არც ის იქნება სარწმუნო, რომ ქართველი მსაჯულები ამდენ დროს დაკარგავენ მსჯელობაზე, არგუმენტებზე, საპირისპიროს დამტკიცებაზე. მით უმეტეს წარმოუდგენელია, რომ „დარწმუნებულმა“ პოზიცია შეიცვალოს.
ამგვარი დიალოგიც წარმოუდგენელია:
„- წარმოიდგინეთ, რომ მის ადგილზე თქვენ ხართ.
- არ შემიძლია ამის წარმოდგენა, მე უბრალო მუშა ვარ, ჩემ მაგივრად ჩემი უფროსი ფიქრობს. მაგრამ შევეცდები“.
რა გამოარჩევს ამერიკულ საზოგადოებას ქართული საზოგადოებისგან? – „მაგრამ შევეცდები“ აქ იშვიათი ხილია. ან ის ხომ არა, რომ აქ ასეთი „ერთი“ მხოლოდ ზვარაკად შეიძლება შეიწიროს, „ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს“, მაგრამ მას არ ძალუძს სხვების აყოლიება.
ვისშია პრობლემა? „ერთში“ თუ „ყველაში“? შეიძლება ქართველი „ერთისთვის“ ყველასგან ათვალწუნებულის მხარში ამოდგომა ბევრად უფრო ძნელია, ვიდრე ბრძოლაში სიკვდილი?
ან იქნებ „ყველაა“ პრობლემური? თუმცა ამერიკული „ყველაც“ პრობლემურია -სასტიკიც, გულგრილიც და სტერეოტიპებით გაჯერებულიც, მაგრამ მათი წინააღმდეგობა მაინც ტყდება, ეს სტერეოტიპები ნელ-ნელა ინგრევა, როცა კონკრეტული საპირისპირო მაგალითი ჩნდება.
რამდენად მიღწევადია ქართული „ყველას“ გადატეხა?
ფილმის მთავარი გმირი - „ერთი“ ორ იარაღს იყენებს: პირველი არის თანაგრძნობის გამოწვევა (ის 18 წლისაა, მამა გამუდმებით სცემდა, ის გარიყულია და ჩვენ ვალდებული ვართ, მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ხუთ წუთში არ გადავწყვიტოთ), მეორე - კითხვები და ლოგიკური არგუმენტები. მართალია, საწყისი ხერხი თითქოს არანაირ გავლენას არ ახდენს მსაჯულებზე, მაგრამ პირველი ძაფი სწორედ თანაგრძნობამ გამოარღვია: მეორე „შავი“ ერთსულოვან გადაწყვეტილებაში სწორედ იმიტომ გაჩნდა, რომ „ერთის“ თერთმეტის წინააღმდეგ წასვლამ თანაგრძნობა და პატივისცემა გამოიწვია. თანაგრძნობის ჟესტით მთავრდება ფინალური სცენაც - „ერთი“ პიჯაკს აცმევს დამარცხებულ „მეორეს“. ფინალს ისევ თანაგრძნობა კრავს.
ჩვენს „ყველას“ ორივე კომპონენტი აკლია: თანაგრძნობაც და ლოგიკურ არგუმენტებზე დაყოლის უნარიც. ლიტერატურასა და კინოში კი არა, დღევანდელ ქართულ სინამდვილეში ნაფიცი მსაჯულების შერჩევაც ძნელად ხერხდება, რადგან ძირეულ ღირებულებათა სისტემა ჩამოყალიბებული არაა. შესარჩევი მსაჯულები საბაზისო ჭეშმარიტებებზეც ვერ თანხმდებიან. ზოგს „ღვთის სამართალი“ ეიმედება, ზოგს ლინჩის წესზე ჩამოყალიბებული აზრი არ გააჩნია, ზოგს საერთოდ არ გააჩნია აზრი და ა. შ.
რით შეიძლება დაიწყოს ამ მოჯადოებული წრის გარღვევა? ჯერჯერობით „ყველა“ ზევიდან მოვლენილ წყალობას ელის. ეს ზევით მყოფი კი ან ღმერთია, ან „სანატრელი უბიწო ხელისუფლება“, ან ზღაპრული მზეჭაბუკი, რომელმაც „ყველაფერი იცის“. ის ან ისინი მოიტანენ სანუკვარ ცვლილებებს და „ყველა“ ამ ცვლილებებით ისარგებლებს, ხონჩით მორთმეულით.
ილიასი არ იყოს, ჩვენში „ერთს“ სძინავს. მაგრამ ძილი ჯერ არაა სიკვდილი. მან შეიძლება გაიღვიძოს და ამ ფილმის მთავარი გმირის მსგავსად გაარღვიოს „ყველას“ სოლიდარული ერთიანობა, რომელიც მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა მტკიცე და შეუვალი, თანმიმდევრული ზეწოლისას კი ადვილად დაიფშვნა.
წერილს ისევ რობერ მუზილის სიტყვებით დავასრულებ: "ყველა დროის რევოლუციის ღრმა მიზეზი არასასურველი ფაქტორების თავმოყრაში კი არა, იმ სოლიდარობის ცვეთაშია, რომელიც სულის ხელოვნურ კმაყოფილებას ეყრდნობოდა".