დიდი მდინარის პირას, უღრანში - ვერნერ ჰერცოგის „ფიცკარალდო“

დიდხანს ვიფიქრე, როგორ უნდა ითარგმნოს Publikumsbeschimpfung. ალბათ, პუბლიკის შეგინება - საქმე ხომ მხოლოდ დარბაზში შეკრებილ მაყურებელს არ ეხება. ასე თუ ისე, 1966 წელს, მაინის ფრანკფურტში, წარმოდგენა გაიმართა, Publikumsbeschimpfung, და საზოგადოებამ, თუ მაყურებელმა, თუ პუბლიკამ - არჩევანი თქვენთვის მომინდია - ნახა და მოისმინა პეტერ ჰანდკეს ერთაქტიანი პიესა.

თქვენ არ ნახავთ წარმოდგენას,

თქვენი ცქერის ვნება არ დაკმაყოფილდება.

თქვენ არ ნახავთ თამაშს,

აქ არ ითამაშებენ.

შესანიშნავია.

დიდი სიამოვნებით აღმოვჩნდებოდი 1966 წელს მაინის ფრანკფურტში და სიამოვნებით ვნახავდი ამ არაკად ქცეულ დადგმას.

არანაკლებ დიდი სიამოვნებით ვიჯდებოდი დარბაზში, რომელშიც კლაუს კინსკიმ მართლა აგინა პუბლიკას, და დღეს, XXI საუკუნეში, საქართველოში, საკუთარ სახლში, რამეზე ან ვინმეზე გაჯავრებული სიხარულით ვუცქერ ხოლმე ამ ძალიან მოკლე ჩანაწერს და ვფიქრობ: აი, მესმის! ბრავო, მაესტრო!

ფილმი, რომლის შესახებ საუბარსაც ვაპირებ, დღეს, ცოტა არ იყოს, პუბლიკის შეგინებაა.

რასაკვირველია, კინო სიმფონიური ორკესტრივითაა, ან უნივერსიტეტივით, ან ბიბლიოთეკასავით - ძალიან ბევრი რამ უნდა იყოს თანაბრად შესანიშნავი, რომ დიდ, ყოვლისმომცველ მოწონებას იმსახურებდეს, და უნამუსობაა, რომ ამ ფილმის გახსენების დროს მხოლოდ ორი კაცი მიდგება თვალწინ: ვერნერ ჰერცოგი და კლაუს კინსკი. უბრალოდ, ჰერცოგის ფილმი ვნახე, „ჩემი უსაყვარლესი მტერი“, რომელიც მან დიდ კლაუს კინსკის უძღვნა, და იქ ერთი ამბავია, ყველაზე მშვიდობიანი ხალხი როგორ სთავაზობდა ერთ კაცს, შენ თუ ინებებ, ამ შენს მტერს მოვკლავთო. ცოდვა გამხელილი სჯობს: მე თუ მკითხავთ, მართლა მოსაკლავი იყო, იმიტომ რომ ისტერიკაში ჩავარდნილი კაცის ატანა შეუძლებელია, კინსკი კი სულ ისტერიკაში იყო, და მოვკლავდი, მე მოვკვდე, ვეცდებოდი მაინც, მაგრამ ამიტომ იყვნენ ისინი ჰერცოგი და კინსკი, რომ ეს არ მოხდა, და სკანდალური და გაუგონარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციის ნაცვლად, 1982 წელს კინომაყურებელმა იხილა ვერნერ ჰერცოგის ფილმი „ფიცკარალდო“. მთავარი როლების შემსრულებლები არიან - ამას ვარსკვლავთცვენა ჰქვია: კლაუს კინსკი და კლაუდია კარდინალე.

ამაზონის უღრანი, „მიწა, სადაც ღმერთს შექმნა არ დაუმთავრებია“. მდინარე, რომლის შემყურეც კარგად ხვდება, რატომაა, რომ კაცობრიობა გაუთავებლად ადარებს წყლის ნაკადს ყველაფერს, რაც დიდებული და ამოუცნობია - სიცოცხლეს, დროს, ფიქრს, მარადისობას. სულისშემკვრელი სანახაობა: უამრავი, ასობით ადამიანი უსიერ ტყეში ხომალდს მიათრევს - არა, იულიან განდგომილის შესახებ არ ვყვები, ეს ერთი ექსცენტრული კაცის ახირების ამბავია, და ამ სიზმარივით ამბავს მიჰყვება ხმა და ჟღერს მუსიკა, და თან როგორი!

მძიმე კაცი, ჩვეულებრივი ფსიქოპატი, ჩემი თვალით - ყველაზე კარგი შესახედავი, ზნით - აუტანელი, სრულიად გაუსაძლისი, კაცი გვარად ფიცჯერალდი, რომელსაც პერუელები ფიცკარალდოს ეძახიან, თავისი ქალის, საროსკიპოს მფლობელი მზეთუნახავის დანაზოგებით ოცნების ახდენას განიზრახავს. მას უნდა, რომ ამაზონის ჯუნგლებში ოპერის თეატრი ააშენოს, და იქ, იმ დიდებულ ოპერის შენობაში - აი, ასე გადაწყვიტა ამ კაცმა, - იმღერებს ენრიკო კარუზო. კარუზო! და არემარეს მისი ღვთაებრივი ხმა მოეფინება - ტყუილად ხომ არ არსებობს თქმულება, რომ ღმერთი აქ დაბრუნდება და თავის დაწყებულ ქმნილებას სრულყოფილს გახდის, და აი, ინებეთ!

გიჟური ამბავია.

მე ვოცნებობ, მე მინდა, და აი, ნახავთ: მთებსაც გადავდგამ.

დანარჩენი ცხოვრება უნდა შეჩერდეს - რა საჭიროა.

სამართალი, კანონი, ზნეობა და რწმენა სრულიად უმნიშვნელოა, სანამ ფიცკარალდოს ოპერა არ აშენდება.

ფიცკარალდო სამრეკლოზე დგას და ღრიალებს, რომ ეკლესია დაკეტილი უნდა იყოს, სანამ მისი ოპერა არ აშენდება.

ღმერთი წასულია, ის არ არის, და არავინ მოისაკლისებს, სანამ ფიცკარალდოს ოპერა არ აშენდება.

დღეს, როცა ყველა უაღრესად კორექტული და რომის პაპაზე უფრო კათოლიკე გახდა, ასე ვიტყოდი: „ფიცკარალდო“ არის ფილმი ნებასა და ძალადობაზე, ამბიციებზე და უსულგულობაზე, ჩაგვრასა და უსასრულო ძალაუფლებაზე.

წესი და რიგი რომ დამევიწყებინა და ჩემი სიმართლე რომ მეთქვა, ასე ვიტყოდი: ეს არის ფილმი შეპყრობილობის შესახებ და ეს შეპყრობილობა აღტაცებას იწვევს.

გასაოცარია, მაგრამ დავიჯერე, რომ სამყარომ ის უნდა ისურვოს, რაც მე მნებავს.  განსაკუთრებით, თუ ვიღაც - რა მნიშვნელობა აქვს, რა ჰქვია - იმას მღერის, რაც ოდესღაც, დიდი ხნის წინათ, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, ოცდაცამეტი წლის ლამაზმა ბიჭმა, ვინჩენცო სალვადორე კარმელო ფრანჩესკო ბელინიმ, დაწერა: „...შენ გამატარე სიხარულის და აღტაცების ზღვარზე.“ და მდინარეს ეფინება სიმღერა: „A te, o cara…“ - შენთვის, ძვირფასო!

მერე რა, რომ ამ ფილმს ორი წელი იღებდნენ. მერე რა, რომ მიკ ჯაგერის როლი საერთოდ ამოჭრეს - ძალიან კი გამიხარდებოდა მისი ხილვა, მაგრამ რაღაცები შეიცვალა და ამოჭრეს, მაგრამ მერე, რა. მერე რა, რომ გადაღებებს ადამიანების ჯანმრთელობა და საღი ფსიქიკა შეეწირა - რა აუცილებელია, რომ კულუარული ჭორები ვიცოდე. მთავარია, რომ ფილმი გადაიღეს, და მის მნახველს ელის მშვენიერებით ტკბობა, გაოცება, აღტაცება და მრავალწლიანი საგონებელი ბოროტისა და კეთილის გარჩევის გამო.

„ფიცკარალდო“ ყველა დროის საუკეთესო გერმანული ქმნილებების ნებისმიერ ჩამონათვალში შეგხვდებათ. თავად გადაღების ისტორიაც შთამბეჭდავია, ცოტა დაუჯერებელიც კი. არამარტო ჰერცოგისა და კინსკის ლეგენდარული შეტაკებების, დიდი ფინანსური რისკების და მუშაობის უმძიმესი პირობების გამო. ვერნერ ჰერცოგმა ჰოლივუდის ნაკარნახევი ყველა წესი დაარღვია და თითქმის ყველაფერი უფრო დიდ კანონმდებელს - ბუნებას მიანდო, თავის პროტაგონისტივით მოიქცა - შეუპოვრად. მანაც მთაზე გადაათრია გემი.

ვერნერ ჰერცოგი, „ფიცკარალდო“. სიმღერა რომ შემეძლოს, ნამდვილი სიმღერა, პერუში, ფიცკარალდოს ოპერის სცენაზე თუ ვერა, საკუთარი ფანჯრიდან მაინც გადავდგებოდი და ვიმღერებდი: A te, o cara…

სამწუხაროდ, ვერ ვმღერი, და თავს შევიკავებ - ჩემი სიმღერა პუბლიკის შეგინების ტოლფასი იქნება.

p.s. ამაზონის ნაპირას, ქალაქ მანაუსში, მართლა დგას ოპერის შენობა. და იქ მართლა მღეროდა კარუზო.