მოგვეცით მართალი სკოლა, ქართველის სულისა და გულის ამამაღლებელი, გონების გამხსნელი!

2018 წლის ხუთ მაისს, კონფერენციაზე, სახელწოდებით, „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“, გამოქვეყნდა 2016 წელს ჩატარებული კვლევის შედეგები. შედეგების თანახმად, საქართველოში 9-10 წლის მოსწავლეთა 14%-ს წაკითხულის გააზრების მინიმალური უნარები არ გააჩნია. ეს არ არის ერთადერთი კვლევა, რომელშიც საქართველოს განათლების სისტემამ ცუდი შედეგი აჩვენა. მაინც რა იწვევს მსგავს პრობლემებს? როგორია საერთაშორისო გამოცდილება? სად უნდა ვეძებოთ პრობლემის გადაჭრის გზები?

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში განათლების სისტემაში დამკვიდრდა ტრადიცია ყველაფრის (განსაკუთრებით პოემების) დაზეპირების, რადგან აზროვნება და განვითარება მაშინდელ სისტემას არ აწყობდა. სწორედ აქედან დაიწყო განათლების სისტემის პრობლემები, რომლებსაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვაწყდებით. ამიტომ განათლების სისტემის პრობლემები მხოლოდ საქართველოსთვის არ არის ნაცნობი. განათლების სისტემის მთავარი პრობლემა მისი არაეფექტიანობაა ის ჯეროვნად ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. „მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22% და მერვეკლასელთა 28% მინიმალურ ცოდნას არ ფლობს მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში, –  ამბობს ფართომასშტაბიანი კვლევა TIMSS საქართველოში მოსწავლეთა განათლების დონეზე.

სად არის პრობლემის სათავე? ჩემთვის, როგორც მოსწავლისთვის, განათლების სისტემის არაეფექტიანობა მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით განპირობებულ უარყოფით ეფექტად არ აღიქმება, ეს მიზეზთა დიდი ჯაჭვია, რომელიც საბოლოოდ თავს განათლების სისტემაში იჩენს. 2019 წლის მონაცემებით, სამინისტროთა შორის ყველაზე დაბალი ბიუჯეტი განათლების სამინისტროს აქვს. ვფიქრობ, როდესაც საქმე მომავალი თაობის აღზრდას ეხება, ყველაზე დაბალი ბიუჯეტი განათლების სამინისტროს არ უნდა ერგოს.

მასწავლებლობა რომ საქართველოში პრესტიჟული სამსახური არ არის, ცხადია. მასწავლებლებს დაბალი ხელფასი აქვთ და, შესაბამისად, დაბალი მოტივაცია. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო თვეში საშუალოდ 400 ლარს შეადგენს. ამასთანავე, დაბალია კონკურენციის დონე.  უკვე პენსიაზე გასულ მასწავლებლებს ახალგაზრდები არ ენაცვლებიან. კიდევ ერთი საბჭოთა დანატოვარი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის არარსებობაა. მოსწავლეები ერთეულ შემთხვევაში საუბრობენ გულღიად მასწავლებელთან. მასწავლებლის, როგორც ფსიქოლოგის, როლი მოსწავლის აღზრდის საქმეში მინიმალურია. დამკვიდრებული, მოძველებული სტერეოტიპით მასწავლებელსა და მოსწავლეს  შორის თითქოს უფრო პატრონყმური დამოკიდებულება სუფევს, ვიდრე მეგობრული, თანამშრომლობითი.

მასწავლებელთა კვალიფიკაცია კიდევ ერთი პრობლემაა. მაგალითისთვის ავიღოთ 2013 წლის მასწავლებელთა სასერთიფიკატო გამოცდები, რომელმაც მასწავლებელთა მომზადების კუთხით, არასახარბიელო შედეგები გამოავლინა, კერძოდ,სავალდებულო 60- პროცენტიანი ბარიერი მათემატიკაში პედაგოგთა 86-მა პროცენტმა ვერ გადალახა, ქიმიაში – 91-მა პროცენტმა, ფიზიკაში – 96-მა პროცენტმა, ბიოლოგიაში – 77-მა პროცენტმა, სამოქალაქო განათლებაში – 83-მა პროცენტმა, სახვით ხელოვნებაში – 74-მა პროცენტმა. არ ხდება მასწავლებელთა გადამზადება და მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მასწავლებლებს არ ანაცვლებენ ახალი კადრებით. ღვაწლმოსილი პედაგოგები არ იღებენ ღირსეულ პენსიას, მასწავლებელთა ხელფასი კი ძალიან დაბალია. საქართველოს განათლების სისტემა ვალდებულია, ცვლილებებს ფეხი აუწყოს, სკოლები „გააციფრულოს“. მასწავლებლებს, განსაკუთრებით ასაკოვნებს, ამ ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა უჭირთ. არ ტარდება გადამზადების პროგრამები, თუ ტარდება, ფასიანია. დაბალი ხელფასების გამო მასწავლებლები ძირითადად ე.წ. „კრედიტ-ქულების“ შეგროვებაზე უფრო არიან ორენტირებულები, ვიდრე ცოდნის განახლებაზე. „გაციფრულების“ პროცესში არსებულ კედელს საქართველოს განათლების სისტემა კორონავირუსის პრევენციის მიზნით სკოლების დახურვისას შეასკდა. მთელი ერთი თვე დასჭირდა საქართველოს მასშტაბით მოსწავლეთა და მასწავლებელთა Microsoft teams- ში რეგისტრაციას და მათ ინფორმირებას (რომელიც ჯერ კიდევ არ მოგვარებულა ბოლომდე), როდესაც, მაგალითად, საქართველოში არსებულმა კერძო სკოლებმა ეს ერთ კვირაში ძალიან ორგანიზებულად მოაგვარეს (აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამის ერთ-ერთ მიზეზად ინტერნეტთან წვდომის პრობლემაც სახელდება, რაც ამძიმებს ისედაც რთულ ვითარებას).

კიდევ ერთი და ძირითადი პრობლემა საქართველოში მატერიალური მდგომარეობაა. 2017 წლის მაჩვენებლებით, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი 6.8% შეადგენს, ეს დაახლოებით 49 ათასი ბავშვია. იმ მდგომარეობაში, როდესაც ბავშვები ელემენტარულად ნორმალური საკვებით არ არიან უზრუნველყოფილნი, სასკოლო ნივთებსა და სწავლის მოტივაციაზე საუბარი ზედმეტია.

ამ საკითხში პოსტსაბჭოთა ქვეყნის განვითარების ყველაზე კარგი მაგალითი მაინც ესტონეთის განათლების სისტემაა. მსოფლიო მოსახლეობის განათლებულობის რეიტინგში, 2020 წლის სტატისტიკით, ესტონეთი მეცამეტე ადგილზეა და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: გერმანია და საფრანგეთი. მაინც რატომ არის ეს მოდელი ასეთი კარგი? ბავშვის მატერიალური მდგომარეობა ამ ქვეყანაში ყველაზე ნაკლებადაა დამოკიდებული სწავლის ხარისხზე. მოსწავლეებს ჩვეულებრივად ეძლევათ საშინაო დავალება, მაგრამ ესტონური განათლების „მაგნუმ ოპუსი“ მაინც ციფრული სისტემაა. სისტემაში, სახელწოდებით  – e-Kool, ჩართულია მთელი ქვეყანა. ბავშვები იყენებენ ჩვეულებრივ სასკოლო რესურსებს – წიგნებსა და რვეულებს, მაგრამ გაკვეთილები მაინც ციფრულად ტარდება. მოსწავლეს დავალების შესასრულებლად შეუძლია მოუსმინოს მასალებს და ვიდეოებს. ესტონელი ბავშვები პირველივე კლასიდან ეუფლებიან ინტერნეტისა და, ზოგადად, ციფრული ტექნოლოგიების საჭიროებისამებრ გამოყენებას. ამასთანავე, მასწავლებლებიც და მშობლებიც თანაბრად არიან ბავშვის აღზრდაში ჩართულები.

ესტონეთსა და საქართველოს ბოლო წლების ისტორია თითქმის ერთნაირი აქვთ. ქვეყანამ ტრადიციულ საგაკვეთილო ელემენტებს, დიდი დანახარჯების გარეშე, ძალიან მარტივად, ახალი დანიშნულება შესძინა, რითიც მოახდინა განათლების სისტემის სრული მოდერნიზაცია. საქართველომ სწორედ ამ მაგალითით უნდა იხელმძღვანელოს. ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს განათლების სისტემას, რადგან ეს მომავალი თაობის აღზრდის საკითხია.

ამრიგად, საქართველოს განათლების სისტემა დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ბოლო წლებია, მის არაეფექტიანობას არაერთი კვლევა ადასტურებს. არაეფექტიანობას, როგორც უკვე განვიხილეთ, ბევრი მიზეზი აქვს. გამოსწორებისთვის აუცილებელია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ჩვენ პოსტსაბჭოთა სივრცეში უკვე გვაქვს პრეცედენტი, როგორ შეიძლება მოკლე დროში განათლების სისტემის სრული მოდერნიზება.


ავტორის შესახებ

“მე, თამარ აქუბარდია, დავიბადე 2004 წლის 25 დეკემბერს, თბილისში. ამჟამად ვცხოვრობ წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეში და ვსწავლობ ამავე სოფლის #1 საჯარო სკოლის მეათე კლასში. ესესთვის თემა ,,განათლების, კულტურის და სპორტის პოლიტიკა”  ავარჩიე, მაგრამ მხოლოდ განათლებას და სისტემაში არსებულ პრობლემებს შევეხე. მე მოსწავლე ვარ, ამიტომ გადავწყვიტე,  რომ კარგი იქნებოდა ეს საკითხი მოსწავლის რაკურსით გამეშუქებინა.მომავალი პროფესია არჩეული მაქვს, ძალიან დიდი ხანია. სავარაუდოდ, არქიტექტურას ავირჩევ, რადგან ეს პროფესია ბევრ საკითხს აერთიანებს. რაც შეეხება კონკურსს, სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებას გავეცანი და სურვილი გამიჩნდა,  რომ მონაწილეობა მიმეღო”.